გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.09.2018
საქმის ნომერი
330210018002489759
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17342-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე - შ--------------------------–--ი"

წარმომადგენელი - ა-----------–---–----------------------

მოპასუხე - ლ----------–-----------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლარისა ოლიფირენკოს შ-------------------------–----- სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის - 368.13 ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ლ----------–----------- წარმოადგენს შ-------------------------–----- (შემდგომში კომპანია) აბონენტს (ა-----------------).

 

2015 წლის 07 ივლისს, ქ. თბილისში, თ----- დასახლება, 1 კვარტალი, კორპუსი N3, ბინა N22 კომპანიის უფლებამოსილმა პირმა ლ----------–-----------ს მიმართ შეადგინა სამართალდარღვევის აქტი და ოქმი (აქტი/ოქმი №-------, 2015 წლის 04 ივლისი) ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ. კერძოდ, მისამართზე დაფიქსირდა ბ/აირის უკანონო მომხმარება. ლ----------–----------- ბუნებრივ აირს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით.

 

ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, კომპანიის წარმომადგენელმა ლ----------–----------- სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. კერძოდ, 2015 წლის 24 ივლისის №------ დადგენილებით, აბონენტის მისამართზე ბ/აირის მრიცხველის გვერდის ავლით მოხმარებისათვის, დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. ამასთან, აბონენტს კომპანიისადმი ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაერიცხა თანხა მის სარგებლობაში არსებული დანადგარების მიხედვით.

 

დღეის მდგომარეობით აბონენტის „მიმდინარე ბალანსი“ შეადგენს 325.18 ლარს, საიდანაც ბ/აირის ქსელთან „მიერთების გადასახადია“ – 42.95 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა ბუნებრივი აირის მოხმარების გადასახადი. ჯამში კომპანიის მიმართ აბონენტის დავალიანება შეადგენს 368.13 ლარს. აღნიშნული დავალიანების ანაზღაურება დღემდე არ განხორციელებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ-------------------------–----- მიერ ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარებისათვის დაკისრებული თანხა არის ძალიან მაღალი და შეუსაბამო. გაუგებარია საიდან და როგორც მოხდა მისი დაანგარიშება. ასევე სასამართლოს სხდომებზე განმარტა, რომ არის სოციალურად დაუცველი, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და ვერ გადაიხდის აღნიშნულ თანხას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შ-------------------------–----- სააბონენტო ნომერზე №------(მისამართი: თბილისი, თ----- დასახლება, 1 კვარტალი, კორპუსი N3, ბინა N22) აბონენტად რეგისტრირებულია ლ----------–-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ. 18-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2015 წლის 07 ივლისს შ-------------------------–----- წარმომადგენლის მიერ ლ----------–-----------ს მიმართ შედგენილ იქნა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №----------ქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი №-------- (იხ. ს.ფ. 20);

- ოქმი №-------- (იხ. ს.ფ. 21);

- ფოტოსურათები (იხ. ს.ფ. 25);

 

3.1.3. გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2015 წლის 24 ივლისის №------ დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბუნებრივი აირის დატაცებისათვის, ლ----------–----------- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება (იხ. ს.ფ. 22-23);

 

3.1.4. ლ----------–-----------ს (ა-----------------) ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისათვის, შ-------------------------–----- მიერ, შესაბამისი გაანგარიშების საფუძველზე, დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური - 325.18 ლარის ოდენობით, ასევე ბუნებრივი აირის ქსელთან "მიერთების გადასახადი“ 42.95 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაანგარიშების ფურცელი (იხ. ს.ფ. 24);

- აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ. 18-19);

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- დადგენილებით, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 24.07.15წ N------ დადგენილების, სამართალდარღვევის საქმის განხილვის 24.07.15წ სხდომის ოქმისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 11.09.1-–------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ლ----------–-----------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1-------წ დადგენილება (იხ. ს.ფ. 26-30);

 

3.1.7. ლ----------–-----------ს შ-------------------------–----- მიმართ ერიცხება მოხმარებული ბუნებრივი აირის დავალიანება - 368.13 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ. 18-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 12.06.18წ. სხდომის ოქმები);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ არაარგუმენტირებულად მიიჩნია ლ----------–-----------ს განმარტება, რომ მისი მხრიდან გაზის უკანონო მოხმარების ფაქტს ადგილი არ ქონია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად ვერ დასტურდება, ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ქონია ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარებას. კერძოდ, მოწმეთა თანმხვედრი ჩვენებებით დადასტურებული გარემოება, რომ წლების მანძილზე ლ----------–-----------ს არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი და სარგებლობდა მეზობელთა დახმარებით, არ გამორიცხავს მოპასუხის მიერ გაზის უკანონო დაერთების ფაქტს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გააამახვილებს მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცებულების სახით სარჩელზე თანდართულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- დადგენილებაზე და განმარტავს, რომ მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. შესაბამისად, მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 1------- დადგენილება, წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის დანაწესიც განამტკიცებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ლ----------–-----------ს საჩივარი, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 24.07.15წ N------ დადგენილების, სამართალდარღვევის საქმის განხილვის 24.07.15წ სხდომის ოქმისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 11.09.1-–------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე; სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება რომ მან "ნამდვილად დააერთა გაზქურა, აინტერესებდა მუშაობდა თუ არა ის" და დადგენილად მიიჩნია, რომ ლ----------–-----------ს მხრიდან ადგილი ქონდა გაზქურის უნებართვოდ დაერთების ფაქტს, ხოლო ის გარემოება, რომ მხოლოდ დაერთება განხორციელდა ბუნებრივი აირის მოხმარების გარეშე, სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია.

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შ-------------------------–----- სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 992-ე, მუხლებით;

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12-ე დადგენილების 1-ლი, მე-9, მე-10 მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესი. დასახელებული დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების მოცულობის დაუდგენლობის შემთხვევაში აბონენტის მიმართ დასარიცხი თანხის გამოთვლის წესს, კერძოდ:

 

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

ამავე დადგენილების 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება.

 

საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 07 ივლისს შ-------------------------–----- უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილ იქნა ოქმი №--------, რომლის თანახმად ლ----------–-----------ს სააბონენტო მისამართზე, ქ. თ----- დასახლება, 1-ლი კვარტალი, კორპუსი 3, ბინა N22 დაფიქსირდა ბ/აირის უმრიცხველო მოხმარება. კერძოდ ბ/აირი მრიცხველის გვერდის ავლით მიეწოდებოდა სახლში არსებულ დანადგარებს. აღნიშნულის საფუძველზე, 2015 წლის 07 ივლისს ლ----------–-----------ს მიმართ შედგენილ იქნა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ №----------ქტი. შპს" „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 24.07.15წ N------ დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ბუნებრივი აირის დატაცებისათვის ლ----------–----------- (ა-----------------), ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

შესაბამისად, დადასტურდა რა სამართალდარღვევის ფაქტი, მოპასუხე ლ----------–-----------ს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისათვის შ-------------------------–----- მიერ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილების შესაბამისი გაანგარიშების საფუძველზე (№-------- აქტის თანახმად, მომხმარებელი მოიხმარდა დანადგარებს: კერძოდ - გაზქურას), დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური - 325.18 ლარის ოდენობით, ასევე ბუნებრივი აირის ქსელთან „მიერთების გადასახადი“ - 42.95 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო - ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 1-------წ დადგენილებას სასამართლო შეაფასებს, როგორც შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად დადასტურებუეად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მოიხმარა რა ბუნებრივი აირი, ვალდებულია აანაზღაუროს დელიქტის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი _ 325.18 ლარი და ასევე ბუნებრივი აირის ქსელთან მიერთების გადასახადი _ 42.95 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-------------------------–----- სარჩელი მოპასუხე ლ----------–-----------ს მიმართ, ჯამში 368.18 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ლ----------–-----------ს მოსარჩელე შ-------------------------–----- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ--------------------------–--ის’’ სარჩელი ლ----------–-----------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე ლ----------–-----------ს შ--------------------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 368.13 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ლ----------–-----------ს შ--------------------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი