განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი დარახველიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ხელაძე,სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ------------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ--------------
ბრალდებული - კ--------------------–ი, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: კასპის რაიონი, ს------–-----------------, მცხოვრები: ქ.თბილისი, ი-–-------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, ი-–------ ქუჩა 17, ბინა N26-ში, კ--------------------–მა არასრულწლოვანი შვილების: 15 წლის ს--------, 6 წლის ე-–------- და 4 წლის ან----------–-------–---–---ს თანდასწრებით, მეუღლეს მ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახეში გაარტყა ხელი, წააქცია და წაქცეულს ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, კ--------------------–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-----------–---–მა, მოწმეებმა ს-------- კელ-------–---–მა და ე-–------- კელ-------–---–მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლა----------------–---–მა განაცხადა, რომ დაზარალებული მ-----------–---–ი არის მისი შვილი, ხოლო ბრალდებული კ--------------------–ი არის მისი სიძე. 2018 წლის 2 თებერვალს, ტელეფონით მას დაუკავშირდა მისი შვილი - მ-----------–---–ი, რომელმაც თხოვა მასთან სახლში მისვლა, ტელეფონზე ისმოდა ტირილის ხმა. როდესაც იგი მივიდა, მას კ--------------------–ი დახვდა ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ სახლში დახვდა სიმშვიდე და არავითარი კონფლიქტური სიტუაცია არ იყო. ვინაიდან კ--------------------–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, მას მ-----------–---–ი ვერ აჩერებდა, იგი იწევდა გარეთ და უნდოდა წასვლა, რაც იყო მიზეზი მისი შვილის მხრიდან მასთან დაკავშირების. მან გამოძიების ეტაპზე გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება არ დაადასტურა და განმარტა, რომ გამოძიების ჩვენებაში ბევრი უზუსტობაა. ჩვენება გამომძიებელმა დააწერინა, როდესაც წაუკითხა თითქმის ვერაფერი გაიგო, რადგან აქვს როგორც სმენის, ასევე ხედვის პრობლემა.
მოწმე ლე-----------–---–მა განმარტა, 2018 წლის 2 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ ქ.თბილისში, ი-–------ ქუჩაზე მდებარე ბინაში, მ-----------–---–ს მისი მეუღლე აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი თავის მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ბინის კარი იყო ღია და საიდანაც გამოდიდოდა ხმაურის ხმა. ბინაში შესვლისას დახვდა მ-----------–---–ი, რომელიც იყო აცრემლებული, ის აცხადებდა, რომ მისმა მეუღლემ კ--------------------–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წელის და მუცლის არეში ფეხი და ხელი დაარტყა. კ--------------------–ს ეტყობოდა, რომ იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ. კ--------------------–ი იგინებოდა და იყო აგრესიული მ-----------–---–ის მიმართ. სახლის მეორე ოთახში იმყოფებოდნენ ბავშვები. მან და მისმა მეწყვილემ ბრალდებულის სახით დააკავეს კ--------------------–ი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გი--------------–---–მა.
მოწმე ლე------------–---–ის ჩვენებით დგინდება, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა მეწყვილესთან ერთად, მისვლისას მათ დახვდათ დაზარალებული მ-----------–---–ი, რომელიც აცხადებდა, რომ მისი მეუღლე კ--------------------–ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გ-–-----------–------------–-–-------- განყოფილების თანამშრომლები. კ--------------------–ი მიუხედავად სამართალდამცველების იქ ყოფნისა, მ-----------–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ვინაიდან მათ შემთხვევის ადგილზე დახვდათ პოლიციის თანამშრომლები მოახდინეს მხოლოდ რეაგირება და ოქმის შედგენა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოება დასტურდება ვა-–------------–--ის გამოკითხვით, რომელიც დაცვის მხარემ საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ მიიჩნია.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა კ--------------------–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მისი მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. კონფლიქტის დროს მან მ-----------–---–ს მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ი-----------------------------–--
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მ-----------–---–ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარა მიდამოებში/ აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–-ა,საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
ლე-----------–---–ი, გი--------------–---–ი, ლე------------–---–ი და ვა-–------------–--ე არიან პოლიციის თანამშრომლები (ასევე საპატრულო სამსახურის თანამშრომლები), ისინი შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი ჩვენებებიდან დგინდება შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობა, მიუთითებენ თუ რა მოქმედებები განახორციელეს მათ და რა დაზიანებები აღენიშნებოდა დაზარალებულს, რა ვითარებაში მოახდინეს ბრალდებულის სახით კ--------------------–ის დაკავება, თუმცა არცერთი მათგანი (ლე-----------–---–ი, გი--------------–---–ი, ლე------------–---–ი და ვა-–------------–--ე) არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე პირი (თვითმხილველი). შესაბამისად, მათ მიერ მიცემული ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ იმ პირის ვინაობა, რომელმაც დაზარალებულის მიმართ განახორციელა ძალადობა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციელები მხოლოდ დაზარალებულ მ-----------–---–ისგან ფლობენ ინფორმაციას, რომელმაც თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე აღნიშნული არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ისევე როგორც ს-------- და ე-–------- კელ-------–---–ებმა). საყურადღებოა, რომ საქმეში, არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას კ--------------------–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. ამასთან, სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ კიდევ ერთ მტკიცებულებაზე - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მ-----------–---–ს აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა აღნიშნული დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მას (მ-----------–---–ი) აღნიშნული დაზიანება, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანება დაზარალებულს მიაყენა კ--------------------–მა, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას გაკეთებულ განმარტებაზე, რომ თითქოსდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაზარალებულის განცხადება ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველა მტკიცებულებას, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თავისი მტკიცებითი ბუნებიდან გამომდინარე სხვადასხვა შინაარსის შემცველი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შეუძლია. ისევე როგორც ზემოთ აღინიშნა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერება ზოგადად ტარდება დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარების და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით. არ შეიძლება მათი ერთმანეთში აღრევა და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებით ისეთი გარემოების მტკიცება, რაც მისი ბუნებიდან და შინაარსიდან არ გამომდინარეობს (საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც პირი ფლობს უნდა აისახოს გამოკითხვის ოქმში ან საგამოძიებო ექსპერიმენტში). შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია (დაზარალებულის განცხადება), სასამართლოს უფრო საგამოძიებო ექსპერიმენტს (მიღებული ინფორმაციის შემოწმება) აგონებს, ვიდრე შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. მაგრამ, თუნდაც მიღებული იქნეს მითითებული დოკუმენტი, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტი - სასამართლო აღნიშნავს და კიდევ ერთხელ განმეორდება, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას რა განაცხადა პირმა სასამართლო სხდომაზე და თუ მან (მოწმე, დაზარალებული) გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, ვერცერთი მტკიცებულება (იქნება ეს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის ინფორმაცია) ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის დასადასტურებლად, მით უფრო ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება.
ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს №561აპ-15, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილებების შინაარსობრივ მხარეს, კერძოდ:
1.საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა სახეზეა, მაშინ, როდესაც მაგალითად, პირი ჩვენებაში უთითებდა ისეთ გარემოებებზე, რომლის განხორციელებასაც რეალურად ერთად რამდენიმე პირის ძალისხმევა დასჭირდებოდა, ხოლო ის აცხადებდა ჩვენებაში, რომ მარტო განახორციელა აღნიშნული. ამ შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა საგამოძიებო ექსპერიმენტისას და შემოწმება იმის, თუ რამდენად მოახერხებს პირი იმის განხორციელებას, რაც ჩვენებაში მიუთითა (ვითარების აღდგენა). ხოლო მოცემულ საქმეზე სახეზეა არსებითად განსხვავებული შემთხვევა, როდესაც დაზარალებული იგივე ფაქტობრივ გარემოებას უთითებს გამოკითხვის ოქმში, რასაც უთითებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში დაზარალებული გამომძიებლის კაბინეტში იმყოფებოდა (გამოკითხვა), ხოლო მეორე შემთხვევაში - შემთხვევის ადგილზე.
2.საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ მიუთითა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით, რაც ნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილების გარეშე მოქმედი ზოგადი წესით ირიბი ჩვენების გამოყენება ყველა შემთხვევაში დაუშვებელია.
3.სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლების განმარტებები ირიბი ჩვენებისათვის დამახასიათებელ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებენ, რადგან არც წყარო ადასტურებს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს და არც სხვა ისეთი მტკიცებულებით დასტურდება მათ (პოლიციის თანამშრომლები) მიერ მითითებული გარემოებები, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილში არსებული ჩანაწერი ირიბი ჩვენების მიმცემი პირის მიერ ინფორმაციის წყაროს მითითებაზე, ნიშნავს იმას, რომ სწორედ ინფორმაციის წყარომ უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ ირიბი ჩვენების მიმცემი მისგან ფლობს ინფორმაციას.
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
ხოლო რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონკრეტულ საქმეს - ,,ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“, რომელზედაც ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას (Opuz v. Turkey, განაცხადი no. 33401/02, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება). აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება განმცხადებელი ქალბატონისა და მისი დედისთვის განმცხადებლის მეუღლის ძალადობრივი ქმედებისგან საკმარის დაცვას არ ითვალისწინებდა, რის გამოც, განმცხადებელს და მის დედას დაერღვათ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლება და მე-3 მუხლით გათვალისწინებული წამების აკრძალვა.
გარდა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთში ადგილი ჰქონდა ზოგად და დისკრიმინაციულ სასამართლო პასიურობას, რომელიც ძირითადად მიმართული იყო ქალების წინააღმდეგ. ოჯახში ძალადობის ძირითადი მსხვერპლნი – ქალები დაუცველები იყვნენ, ვინაიდან მართლმსაჯულების ორგანოების მხრიდან ზოგადი და დისკრიმინაციული პასიურობა ოჯახში ძალადობის ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა (გადაწყვეტილების პუნქტები 198 და 199). ოჯახში ძალადობა, რასაც განმცხადებელი და მისი დედა დაექვემდებარნენ, იყო გენდერზე დაფუძნებული ძალადობა, რომელიც ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან რეაგირების არარსებობა და მოძალადეების დაუსჯელობა, როგორც ეს მოხდა ოპუზის საქმეშიც, მეტყველებდა იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ ებრძოდა ოჯახში ძალადობას (გადაწყვეტილების პუნქტი 200).
თუმცა, მიუხედავად ოპუზის საქმის უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კ--------------------–ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ--------------------–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
კ--------------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
კ--------------------–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
ფოტოსურათები ერთ დისკად - დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე