განაჩენი

სისხლის სამართლის 03.08.2018
საქმის ნომერი
330100116001495885
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

3 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა შკუბულიანი

სხდომის მდივანი - ნინო დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ----- კ------–---–ი, მ------ ა------ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მ-----------–---–ი

 

ბრალდებული - ტ----- ლ-–-----–---–ი, დაბადებული - 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------–-------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ძარცვა, ესე იგი ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით).

 

ბრალდებული - ზ----- ს-------–--ე, დაბადებული - 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ-------–--------–--------------------------------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–-------------------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ძარცვა, ესე იგი ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“, ზ----- ს-------–--ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „ფ------------“ კუთვნილ ერთ ცალ შოკოლადს.

 

1.2. 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“, ტ----- ლ-–-----–---–ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „ფ------------“ კუთვნილ ერთ ქილა ენერგეტიკულ სასმელს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. ძარცვა, ესე იგი ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

2.1.1. მოწმე დ----- ნ------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“ კ-------–------ის პოზიციაზე. მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში მ------ ჯ---------ესთან და მ------ დ------–იასთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სუპერმარკეტში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი პირი. მოწმის თქმით, ერთმა მათგანმა აიღო თევზის კონსერვი და დამალა ტანსაცმელში ისე, რომ არ აპირებდა მის გადახდას. მისი და მისი თანამშრომლების შეკითხვამ, აპირებდნენ თუ არა თევზის საფასურის გადახდას, გამოიწვია აღნიშნული პირების გაღიზიანება, რასაც მოჰყვა მათი მხრიდან ერთჯერადი გინება (საბოლოოდ თევზი დააბრუნეს). ამის შემდეგ, ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა საფასურის გადახდის გარეშე დალია ენერგეტიკული სასმელი, ხოლო მეორემ - დაკბეჩილი შოკოლადი და სენდვიჩი დააგდო სალაროსთან. მოწმემ აღნიშნა თუ როგორ ეუბნებოდა ეს უკანასკნელი: „ეს სნიკერსი, რომ ავიღო და ჩავკბიჩო მერე რა?“, რითაც გამოხატავდნენ ერთგვარ დაუმორჩილებლობას. ამის შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა ხურდა ფული დაყარეს სალაროსთან, რომლის ოდენობაც შეადგენდა ბრალდებულების მიერ ნაყიდი სიგარეტის ზუსტ ღირებულებას. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში მონაწილეობა.

 

2.1.2. მოწმე მ------ დ------–იას ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“ მ---–-----კ-------–------ის პოზიციაზე. მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ------ ჯ---------ესთან და დ----- ნ------–-–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ორი პირი შევიდა მათ სუპერმარკეტში. ერთმა მათგანმა აიღო სენდვიჩი, შემდეგ ისე, რომ ფული არ გადაუხდია, მოკბეჩილ მდგომარეობაში დადო სალაროსთან. მანვე, დახლიდან აიღო შოკოლადი, რომელსაც ანალოგიურად უკბიჩა და ფული არ გადაიხადა. მსგავსად აღნიშნული პირისა, მეორე პირმაც საფასურის გადახდის გარეშე დალია ენერგეტიკული სასმელი. ამის შემდეგ, მათგან ერთ-ერთმა აიღო თევზი, რომლის დამალვასაც შეეცადა, თუმცა კ-------–------ის მითითების შემდეგ, აღნიშნული თევზი დააბრუნა. მოწმის თქმით, ხსენებული პირები ქმედების ჩადენის მომენტში იყვნენ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რა დროსაც გამოხატავდნენ აგრესიას. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სუპერმარკეტის დატოვებამდე აღნიშნულმა პირებმა გადაიხადეს მხოლოდ სიგარეტის საფასური - 3 ლარი და 50 თეთრი (მართალია ბრალდებულებს არ უთქვამთ, რომ აღნიშნული თანხა უშუალოდ სიგარეტისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ვინაიდან შეადგენდა მის ზუსტ ღირებულებას, ივარაუდეს, რომ იყო მისთვის განკუთვნილი). ამის შემდეგ, ისე, რომ არ გადაიხადეს მათ მიერ დაუფლებული ნივთების საფასური, დატოვეს სუპერმარკეტის ტერიტორია. მოწმემ დაზუსტებით განმარტა, რომ წასვლის მომენტში არც ერთ ბრალდებულს უთქვამს, რომ დაბრუნდებოდნენ თანხის გადასახდელად. დაცვის მხარის კითხვაზე, მოწმემ განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში ამოსაცნობად მისულს დახვდნენ ზ----- ს-------–--ე და ტ----- ლ-–-----–---–ი.

 

2.1.3. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჯ---------ემ. ერთადერთი სხვაობა, რაც გამოიკვეთა მათ ჩვენებებში იყო მოწმის დაზუსტებული პასუხი, რომ პოლიციაში გამთენიისას მისულს ამოცნობამდე ზ----- ს-------–--ე და ტ----- ლ-–-----–---–ი არ უნახავს.

 

2.1.4. დაზარალებულ ნ----------ას (სს „ფ------------“ წ---------------–ი) ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“ მ---------- თანამდებობაზე. მის მოვალეობებში შედის ვიდეოკამერების გადამოწმება და კადრების კონტროლი. ბრალდებულთათვის ბრალად წარდგენილ ფაქტთან დაკავშირებით, მოწმემ სასამართლოს მიაწოდა მის მიერ ვიდეომასალაში ნანახი ინფორმაცია, კერძოდ განმარტა, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, ღამის საათებში, ორი პირი შევიდა სუპერმარკეტ „ი---––-“, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა აიღო თევზი და ჩაიდო უბეში, ხოლო მეორე მათგანმა - ენერგეტიკული სასმელი და შოკოლადი. მოწმის თქმით, აღნიშნულმა პირებმა დალიეს ენერგეტიკული სასმელი და ნაწილობრივ შეჭამეს შოკოლადი (თევზი დატოვეს), მაგრამ არცერთი ნივთის საფასური არ გადაუხდიათ. მოწმემ დაადასტურა, რომ ზიანის ოდენობამ საერთო ჯამში შეადგინა 4 ლარი და 10 თეთრი.

 

2.1.5. სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკამერის ჩანაწერით დასტურდება, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, ღამის საათებში, ორი პირი შედის სუპერმარკეტ „ი---––-“, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი იღებს თევზს და იდებს მკლავის ქვეშ. მართალია ვიდეოჩანაწერში არ ისმის ხმა, თუმცა ჩანს, თუ როგორ გამოხატავენ აღნიშნული პირები აგრესიას სუპერმარკეტის თანამშრომელთა მიმართ, კერძოდ, ერთ-ერთმა მათგანმა ისროლა ლუდი. ამის შემდეგ აიღო სენდვიჩი და შოკოლადი, რაც ნახევრად შეჭმულ მდგომარეობაში, ღირებულების გადახდის გარეშე, დადო სალაროსთან, ხოლო მეორემ ასევე საფასურის გადახდის გარეშე, დალია ენერგეტიკული სასმელი.

 

2.1.6. სს „ფ------------“ შეტყობინებით №---- დგინდება, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სს „ფ------------“ ძარცვის ფაქტზე, სს „ფ------------თვის“ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4 ლარი და 10 თეთრი.

 

2.1.7. პირის ამოცნობის ოქმით (----------- ირკვევა, რომ მ------ დ------–იამ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან მეორე და მარჯვნიდან მეორე ადგილზე მდგომი პირი - ტ----- ლ-–-----–---–ი, რომელმაც 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-----“ მის თანხმლებ პირთან ერთად გაიტაცა მარკეტის კუთვნილი პროდუქცია.

 

2.1.8. პირის ამოცნობის ოქმით (----------- ირკვევა, რომ მ------ ჯ---------ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან მესამე ადგილზე მდგომი პირი - ტ----- ლ-–-----–---–ი, რომელიც 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-----“ მის თანხმლებ პირთან ერთად დაეუფლა მარკეტის კუთვნილი პროდუქციას.

 

2.1.9. პირის ამოცნობის ოქმით (----------- ირკვევა, რომ დ----- ნ------–-–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან მეორე და მარჯვნიდან მეორე ადგილზე მდგომი პირი - ტ----- ლ-–-----–---–ი, რომელიც 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-----“ მის თანხმლებ პირთან ერთად დაეუფლა მარკეტის კუთვნილი პროდუქციას.

 

2.1.10. პირის ამოცნობის ოქმით (----------- ირკვევა, რომ მ------ დ------–იამ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან მესამე ადგილზე მდგომი პირი - ზ----- ს-------–--ე, რომელიც 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-----“ მის თანხმლებ პირთან ერთად აშკარად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მარკეტის კუთვნილი პროდუქციას.

 

2.1.11. პირის ამოცნობის ოქმით (----------- ირკვევა, რომ მ------ ჯ---------ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან მეორე და მარჯვნიდან მეორე ადგილზე მდგომი პირი - ზ----- ს-------–--ე, რომელიც 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-----“ მის თანხმლებ პირთან ერთად დაეუფლა მარკეტის კუთვნილი პროდუქციას.

 

2.1.12. პირის ამოცნობის ოქმით (----------- ირკვევა, რომ დ----- ნ------–-–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან მესამე და მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგომი პირი - ზ----- ს-------–--ე, რომელიც 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-----“ მის თანხმლებ პირთან ერთად დაეუფლა მარკეტის კუთვნილი პროდუქციას.

 

2.1.13. პირის ამოცნობის ოქმების სისწორე დაადასტურეს, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა - გ------- ბ---ამ და ს-------- ჩ------ამ.

 

2.1.14. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (----------- დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე (ქ. თბილისი, კ---------------------–- მდებარე სუპერმარკეტი „ი---–-“), არსებულ სალაროს დახლზე აწყვია სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, მათ შორის, გაუხსნელი ლუდი და თევზი, ასევე ერთი სენდვიჩი და შოკოლადი ნაწილობრივ შეჭმულ მდგომარეობაში. მარკეტში შესასვლელი კარიდან გარეთ, დაახლოებით 4-5 მეტრში, კარიდან ხელმარცხნივ ასფალტის ზედაპირზე გდია მოლურჯო თუნუქის ქილა წარწერით “XL”. მარკეტის შესასვლელ კართან და მარკეტის დარბაზის ტერიტორიაზე განთავსებულია სამეთვალყურეო ვიდეოკამერები.

 

2.1.15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა - გ------- ბ---ამ.

 

2.1.16. მოწმე გ------- მ---------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თბილისის ვ---------------–-------------------–---–- უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მან 2016 წლის 6 აგვისტოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“ ჩადენილი იყო ძარცვის ფაქტი, რაც თავის მხრივ აცნობა ხელმძღვანელობას, შემდგომი რეაგირების მიზნით. მოგვიანებით კი დაიკითხა გამომძიებლის მიერ. მოწმის თქმით სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

2.1.17. ბრალდებულ ზ----- ს-------–--ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, თავის მეგობართან ტ----- ლ-–-----–---–თან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. მას შემდეგ, რაც შემოელიათ სასმელი, წავიდნენ ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“. მოწმის გადმოცემით, სუპერმარკეტში მან და მისმა მეგობარმა დაიწყეს უხეში ხუმრობა, რაც გამოიხატა მათი მხრიდან ლუდის სროლაში, აგრეთვე სენდვიჩების და შოკოლადების გახსნილ მდგომარეობაში დატოვებაში. მიუხედავად აღნიშნულისა მოწმემ განმარტა, რომ მას ნივთის მისაკუთრების მიზანი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, მას სურდა თანხის მოგვიანებით დაბრუნება, თუმცა ამაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ, იმ მიზნით, რომ ფული დაებრუნებინა სუპერმარკეტის თანამშრომლებისთვის წავიდა იქვე არსებულ ლომბარდში მომუშავე მეგობართან, რომელსაც გამოართვა 100 ლარი, თუმცა ლომბარდიდან გამოსვლის მომენტში, იგი პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა მას დანაშაულად არ აფასებს. რაც შეეხება სუპერმარკეტისთვის მიყენებულ ზიანის, მოწმის განმარტებით, ანაზღაურებულია ტ----- ლ-–-----–---–ის მიერ.

 

2.1.18. ბრალდებულ ტ----- ლ-–-----–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, თავის მეგობართან ტ----- ლ-–-----–---–თან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. მას შემდეგ, რაც შემოელიათ სასმელი, წავიდნენ ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“. მოწმის გადმოცემით, სუპერმარკეტში მან და მისმა მეგობარმა დაიწყეს უხეში ხუმრობა, რაც მათი მხრიდან გამოიხატა პროდუქტების აღებასა და გახსნილ მდგომარეობაში დატოვებაში. მოწმის თქმით, მან და ზ----- ს-------–--ემ სრულად გადაიხადეს სიგარეტის, ენერგეტიკული სასმელის, შოკოლადისა და სენდვიჩის ფული. კითხვაზე, თუ რატომ აცხადებს საპირისპიროს სუპერმარკეტის თანამშრომლები, მოწმეს პასუხი არ აქვს. მოწმის განმარტებით, სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ, ისინი ფულის სასესხებლად წავიდნენ იქვე მდებარე ლომბარდში მომუშავე მეგობართან, რათა მისგან აღებული ფულით ეყიდათ პროდუქტები და გადაეხადათ ვალი, თუმცა ვერ შეძლეს თავიანთი სურვილის განხორციელება, ვინაიდან გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

2.2. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). ეროვნული სახელმწიფო ორგანოების, კერძოდ კი სასამართლოების გადასაწყვეტია ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაციის პრობლემების გადაჭრა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Rohlena v. The Czech Republic, №59552/08, §51). აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.

 

2.3. შიდასახელმწიფოებრივ დონეზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე - საქართველოს კონსტიტუციის, რომლის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

2.4. სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიაჩნია, რომ ტ----- ლ-–-----–---–მა და ზ----- ს-------–--ემ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.5. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის უშუალო შემსწრე პირთა - დ----- ნ------–-–---–ის, მ------ დ------–იას და მ------ ჯ---------ის ჩვენებებზე, რომლებიც თავის მხრივ, არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ამასთან, სრულ თანხვედრაში ისეთ თვალსაჩინო მტკიცებულებებთან, როგორიც არის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულებები, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს სარწმუნოობის აშკარად მაღალი ხარისხი. მათი ჩვენებების სანდოობის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, ისინი დანაშაულის ჩადენიდან უმალვე დაიკითხნენ, რა დროსაც დეტალურად აღწერეს მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტი. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს დ----- ნ------–-–---–ის, მ------ ჯ---------ის და მ------ დ------–იას მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის ჩატარებას, სადაც სამივე პირმა ამოიცნო, როგორც ზ----- ს-------–--ე, ისე ტ----- ლ-–-----–---–ი. სასამართლოს შეფასებით, ამოცნობა ჩატარდა დამოუკიდებლად, ყოველგვარი მინიშნების გარეშე, ვინაიდან ამოცნობის ოქმებზე რაიმე სახის შენიშვნა, რაც დაადასტურებდა საპირისპიროს, არ ფიქსირდება.

 

2.6. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების ტ----- ლ-–-----–---–ის და ზ----- ს-------–--ის ჩვენებებზეც, რომლებიც ერთგვარად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. აღნიშნული ფაქტი მათ ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას უკარგავს სანდოობას, რის გამოც სასამართლო განაჩენის დადგენისას ვერ დაეყრდნობა მათ. სასამართლოს შეფასებით ბრალდებულთა ჩვენებაში წინააღმდეგობა გამოიხატა შემდეგში: ჩვენების მიცემისას ზ----- ს-------–--ემ განმარტა, რომ სუპერმარკეტში გარკვეულ პროდუქტებზე დააკლდათ ფული, რის გამოც ის და ტ----- ლ-–-----–---–ი წავიდნენ მეგობართან ფულის სასესხებლად (რათა შემდგომში გადაეხადათ ვალი). ზ----- ს-------–--ისგან განსხვავებით, ტ----- ლ-–-----–---–ი ადასტურებს, რომ სუპერმარკეტში ყოფნისას მათ გადაიხადეს როგორც სიგარეტის, ისე ენერგეტიკული სასმელის და შოკოლადის ღირებულება. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელის ჩვენება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ზ----- ს-------–--ის ჩვენებას, არამედ საკუთარი ჩვენების იმ ნაწილსაც, როდესაც ამბობს, რომ სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ, ის და ზ----- ს-------–--ე წავიდნენ ფულის სასესხებლად, რათა ეყიდათ რაღაცები და გადაეხადათ ვალი. საკითხავია, თუკი მან სრულად გადაიხადა იმ პროდუქტების ღირებულება, რაც თავად აღნიშნა ჩვენების პირველ ნაწილში, რატომ ახსენებს ვალის გადახდას? სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ცალსახად მიუთითებს ბრალდებულის არაგულწრფელობასა და მათ ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობაზე, რაც მათ უკარგავს სანდოობას.

 

2.7. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61); მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავიანთი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; 29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

2.8. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე ძირითადად აპელირებდა შემდეგ საკითხებზე: 1) ბრალდებულებს ტ----- ლ-–-----–---–ს და ზ----- ს-------–--ეს არ ჰქონდათ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი; 2) ბრალდებულთა ამოცნობის ოქმები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ამომცნობმა (მ------ დ------–იამ) ამოსაცნობი პირები (ბრალდებულები ტ----- ლ-–-----–---–ი და ზ----- ს-------–--ე) ნახა პოლიციის განყოფილებაში ამოცნობის ჩატარებამდე; 3) ტ----- ლ-–-----–---–ის და ზ----- ს-------–--ის ქმედებას მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

2.8.1. ბრალდებულებს ტ----- ლ-–-----–---–ს და ზ----- ს-------–--ეს არ ჰქონდათ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი - სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის ჩადენისათვის. დანაშაულის ერთ-ერთი ელემენტი კი ბრალია, რომელიც სხვა არაფერია თუ არა უმართლობის ჩამდენის პერსონალური გაკიცხვა მისი შერაცხაობის გათვალისწინებით. ამგვარი გაკიცხვა მარტოოდენ მოსამართლის სუბიექტური თვალსაზრისს კი არ გულისხმობს, არამედ გაკიცხვა კომპლექსური ცნებაა, რომელიც ობიექტური და სუბიექტური ნიშნების, აგრეთვე ადამიანის სუბიექტური თვისებებისა და შესაძლებლობების შეფასებას გულისხმობს (მაგალითად ისეთი გარემოებების არაარსებობა, რომლებიც გამორიცხავენ სხვაგვარად ქცევის შესაძლებლობას). ლოგიკურია თუ ვიტყვით, რომ ბრალეულ მოქმედებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ადამიანს თავისუფალი ქცევის შესაძლებლობა აქვს. ასეთი ქცევა კი მხოლოდ ნებელობითი მოქმედების დროსაა შესაძლებელი. ვინაიდან დანაშაული ნებელობითი მოქმედებაა, არ უნდა იყოს შემთხვევითი ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენისას მოტივისა და მიზნის დადგენა ქმედების დანაშაულად სწორი კვალიფიკაციის აუცილებელი წინაპირობაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მათი წასვლა მეგობართან ფულის გამოსართმევად, გამიზნული იყო სუპერმარკეტში აშკარად დაუფლებული პროდუქტის ღირებულების გადასახდელად, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე სუპერმარკეტ „ი---–-ს“ სამივე თანამშრომელმა ცალსახად დადასტურებულად განაცხადა, რომ ბრალდებულებს ტ----- ლ-–-----–---–ს და ზ----- ს-------–--ეს სუპერმარკეტიდან გასვლის დროს აღნიშნული ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლების ჩვენებაზე, რომლებმაც შეაჩერეს ბრალდებულები სუპერმარკეტის სიახლოვეს (ბრალდებულთა განმარტებით, ისინი პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც ლომბარდში მომუშავე მეგობარს გამოართვეს ფული და აპირებდნენ ვალის გადახდას) და განმარტავს, რომ არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია ბრალდებულთა მხრიდან, მათ მიერ დაუფლებული პროდუქტის ანაზღაურების მცდელობა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი ცალსახად მიუთითებს ტ----- ლ-–-----–---–ის და ზ----- ს-------–--ის მხრიდან სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობაზე.

 

2.8.2. ბრალდებულთა ამოცნობის ოქმები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ამომცნობმა (მ------ დ------–იამ) ამოსაცნობი პირები (ბრალდებულები ტ----- ლ-–-----–---–ი და ზ----- ს-------–--ე) ნახა პოლიციის განყოფილებაში ამოცნობის ჩატარებამდე - დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტის განხილვამდე სასამართლო მიმოიხილავს საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის შინაარსს, რომელიც განსაზღვრავს ამოცნობის სახეებსა და მათი ჩატარების წესს, ამასთან, ადგენს ამოცნობის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძვლებს. სასამართლო განმარტავს, რომ ამოცნობის მიზანია სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის, საქმისთვის მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ობიექტის იდენტიფიცირება. საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. დაცვის მხარე სწორედ ამ უკანასკნელ გარემოებაზე დაყრდნობით ასაბუთებს თავის არგუმენტს. თუმცა ჭეშმარიტების დადგენამდე, სასამართლო მიმოიხილავს ზოგადად მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციიდან რამდენად იკვეთება, ამომცნობისთვის ამოსაცნობ ობიექტზე მინიშნების ფაქტი ან მისი მინიშნების მცდელობა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დ----- ნ------–-–---–მა და მ------ ჯ---------ემ დაადასტურეს მათი მხრიდან ტ----- ლ-–-----–---–ის და ზ----- ს-------–--ის ამოცნობაში მონაწილეობა, როგორც ამოსაცნობმა პირებმა. ამასთან, მათ ადვოკატის დამაზუსტებელ შეკითხვაზე დაადასტურეს, რომ აღნიშნული პირები ამოცნობის დაწყებამდე არ ჰყავდათ ნანახი. რაც შეეხება მ------ დ------–იას, ადვოკატის შეკითხვაზე ამოსაცნობად მისულმა ნახა თუ არა ბრალდებულები პოლიციის განყოფილებაში, მოწმემ დადებითად უპასუხა. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა ის გარემოება, რომ არცერთ მხარეს დაუსვამს დამაზუსტებელი შეკითხვა, რომელიც ნათელს მოჰფენდა თუ კონკრეტულად როდის ნახა მოწმემ ბრალდებულები - ამოსაცნობად წარდგენამდე თუ ამოსაცნობად წარდგენის პერიოდში. ამასთან, იმ შემთხვევაშიც თუკი მოწმე ტ----- ლ-–-----–---–ს და ზ----- ს-------–--ეს ნახავდა ამოსაცნობად წარდგენამდე, საკითხავია აღნიშნული რამდენად მიანიშნებს ამოსაცნობ ობიექტზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ ამოსაცნობად წარდგენილი სხვა პირებიც, რომლებიც მსგავსად ბრალდებულებისა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდებოდნენ პოლიციის განყოფილების შენობაში. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო გაიზიარებდა დაცვის მხარის განმარტებას ამ ნაწილში, ეს შედეგობრივად არაფერს შეცვლიდა, რადგან სახეზე გვაქვს სუპერმარკეტ „ი---–-ს“ ორი სხვა თანამშრომლის მონაწილეობით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ამოცნობის ოქმები.

 

2.8.3. ტ----- ლ-–-----–---–ის და ზ----- ს-------–--ის ქმედებას მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას - დაცვის მხარის ამ არგუმენტის განხილვისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებზე, ისე აღნიშნული მოთხოვნების ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობაზე. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. სასამართლო საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ტერმინის - „ზიანის“ მნიშვნელობაში მოიაზრებს როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ზიანს. საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილში მითითებულ დანაშაულთა ნაწილი სწორედ მატერიალურ ზიანს უკავშირდება, თუმცა არის დანაშაულთა წრე, სადაც ამგვარი ზიანი არამატერიალურად გამოიხატება. ამდენად, სადავო ნორმაში აღნიშნული ტერმინის - „ზიანის“ მხოლოდ მატერიალური განმარტება უსაფუძვლოდ შეზღუდავდა ამ ნორმით სარგებლობის საშუალებას და, რაც მთავარია, ბრალდებულთა საუარესოდ. თუმცა, ქმედებით გამოწვეული მცირე მნიშვნელობის შეფასება მარტოოდენ ზემოაღნიშნული ორი კრიტერიუმით არ უნდა შეიზღუდოს, რადგან სადავო საკითხის შეფასების სამართლებრივი განსაზღვრულობის ფარგლები ბევრად უფრო მეტია. აღნიშნული მსჯელობის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ცნებაში არ იგულისხმება მხოლოდ მატერიალური ზიანი და იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით, ხოლო იმისათვის, რომ დადგინდეს ქმედების მცირე მნიშვნელობა, საკმარისი არ არის აპელირება მარტოოდენ მატერიალური ზიანის ოდენობაზე. მითითებულის დასადგენად აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ერთობლივად - ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის №556აპ-16 გადაწყვეტილება). სასამართლოსთვის აგრეთვე ყურადსაღებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, „შესაძლებელია, უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი 1 თეთრს არ აჭარბებდეს, თუმცა იგი მაინც არ ჩაითვალოს მცირე მნიშვნელობის ზიანად. ამ თვალსაზრისით ყურადღება სწორედ ქმედების ხასიათსა და მასში გამოხატულ მართლსაწინააღმდეგო ნებას უნდა მიექცეს და არა მხოლოდ ზიანის მათემატიკურ გამოსახულებას“ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილება). ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაც ამ საკითხთან დაკავშირებით: „საკითხის გადაწყვეტისას, დანაშაულებრივი ქმედება არის თუ არა მცირე მნიშვნელობის, მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს საკითხი, არის თუ არა დანაშაულისთვის გათვალისწინებული პატიმრობა... დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც კანონი ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს, არ შეიძლება ჩაითვალოს „მცირე მნიშვნელობად“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Zaicevs v. Latvia, №65022/01; 31/07/2007; §55).

 

2.8.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ბრალდებულებმა ტ----- ლ-–-----–---–მა და ზ----- ს-------–--ემ ქმედება, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლების ხელშეუვალობას, ჩაიდინეს ხალხმრავალ ადგილას - სუპერმარკეტში. აღნიშნულ ქმედებაში მათი მხრიდან გამოიხატა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ქცევის ნორმების უგულვებელყოფა. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ტ----- ლ-–-----–---–ის და ზ----- ს-------–--ის დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მტკიცე სურვილს (მათ სუპერმარკეტის თანამშრომლების მოწოდების მიუხედავად, არ შეწყვიტეს კანონსაწინააღმდეგო ქცევა, უფრო მეტიც, ისინი ამ დროს განიმსჭვალნენ აგრესიით). აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულთა ქმედებების დანაშაულად შეფასებისას, სასამართლოსთვის მარტოოდენ ზიანის ოდენობა არ არის განმსაზღვრელი. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო მათ ქმედებას შეაფასებს მცირე მნიშვნელობად, ამით მოხდება კრიმინალის ერთგვარი წახალისება, რაც ყოვლად მიუღებელია. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ყველა წევრს უნდა გააჩნდეს მართლშეგნება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე წევრი თავისი მართლსაწინააღმდეგო ქცევით განზრახ უგულვებელყოფს მას, პასუხი უნდა აგოს კანონით დადგენილი წესით. სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს ბრალდებულთა მოსაზრებას საკუთარი ქცევის „ანგლობად“ (თავხედობად) შეფასების თაობაზე და განმარტავს, რომ როდესაც ზრდასრული ადამიანი საკუთარ ქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული, აფასებს უხეშ ხუმრობად, აღნიშნული სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გამახვილებას მოითხოვს, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. სასამართლო განმარტავს, რომ ტ----- ლ-–-----–---–ის და ზ----- ს-------–--ის ქმედების მცირე მნიშვნელობად შეფასება არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არის გამართლებული, ვინაიდან მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ტ----- ლ-–-----–---–ის და ზ----- ს-------–--ის გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოე-----

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ძარცვისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შეიძლება ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ძარცვის შემადგენლობის დროს აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს, რომ ნივთის დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც მესაკუთრისათვის/მფლობელისათვის/ მოსარგებლისათვის, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც. ამასთან, აუცილებელია, რომ დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ სხვა პირებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრიობა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი (ტ----- ლ-–-----–---–ი და ზ----- ს-------–--ე აშკარად, სუპერმარკეტის თანამშრომელთა ნების საწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ერთ ცალ შოკოლადსა და ერთ ცალ ენერგეტიკულ სასმელს). ძარცვა მატერიალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, როდესაც დამნაშავეს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა განკარგოს დაუფლებული ქონება. ძარცვის შემადგენლობისთვის აუცილბელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ ძარცვა განზრახი დანაშაულია და შესაძლებელია ჩადენილი იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

 

4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).

4.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ტ----- ლ-–-----–---–მა და ზ----- ს-------–--ემ 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------–- მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განზრახვით, დაეუფლნენ სს „ფ------------“ კუთვნილ ერთ ცალ შოკოლადს და ერთ ცალ ენერგეტიკულ სასმელს, რის გამოც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულების ტ----- ლ-–-----–---–ის და ზ----- ს-------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ტ----- ლ-–-----–---–ისა და ზ----- ს-------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს დისკრეციაა, თუ რომელ სასჯელის სახესა და ზომას შეარჩევს თითოეული დანაშაულისთვის.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობასაც და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა აანაზღაურეს ზიანი და შეურიგდნენ დაზარალებულს, რაც მიიჩნევა ერთგვარ შემამსუბუქებელ გარემოებად, რის გათვალისწინებითაც, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოს მართებულად მიაჩნია თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

 

6.5. მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებული სასჯელებიდან შინაპატიმრობა წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთის ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივას, სასამართლო სასჯელის სახის შერჩევისას უპირატესობას ანიჭებს ჯარიმის დანიშვნას, რადგან მოცემულ შემთხვევაში ის წარმოადგენს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება. მოცემულ საქმეში წინასასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცებად იქნა ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ენერგეტიკული სასმელის 1 (ერთი) ცალი ცარიელი ქილა, 1 (ერთი) ცალი ნახევრად შეჭმული შოკოლადი და 1 (ერთი) ცალი ნახევრად შეჭმული სენდვიჩი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პროდუქტებს დაკარგული აქვთ პირველადი სახე, რაც თავის თავში გულისხმობს მათი ფუნქციის სრულად დაკარგვას (პროდუქტის ნაირსახეობიდან გამომდინარე), უნდა მოხდეს მათი განადგურება; რაც შეეხება 1 (ერთი) ცალ CD-R დისკს, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ტ----- ლ-–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზ----- ს-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულების ტ----- ლ-–-----–---–ის და ზ----- ს-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ენერგეტიკული სასმელის 1 (ერთი) ცალი ცარიელი ქილა, 1 (ერთი) ცალი შოკოლადი და 1 (ერთი) ცალი სენდვიჩი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

· 1 (ერთი) ცალი CD-R დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი