გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.08.2018
საქმის ნომერი
330310016001600982
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8121-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო);

წარმომადგენელი - მარე-----------ე;

 

მოპასუხე - ნ-----–----------–---–ი;

წარმომადგენელი - პა-----------ე;

 

დავის საგანი - თანხის დაბრუნება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს - ნ-----–----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საგრანტო თანხის 25 260.00 ლარის უკან დაბრუნება.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) და ნ-----–----------–---–ს შორის 2011 წლის 28 ივნისს დაიდო გრანტის შესახებ N3------------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის 2011-2012 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხის ხარჯების მონიტორინგი. 3.7. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის გამცემს წარუდგინოს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა. გრანტის გამცემი იტოვებს გაცემული საგრანტო თანხის ამოღების უფლებას. მოსარჩელე მხარის 2014 წლის 11 ივლისის N4----- წერილით მოპასუხეს ეთხოვა წარმოედგინა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მოპასუხეს დღემდე არანაირი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ნ-----–----------–---–ი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს მისთვის გადარიცხული გრანტის თანხა სრულად - 25 260 ლარის ოდენობით.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ნ-----–----------–---–ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობით პასუხში განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. საქმე ეხება 2011-2012 სასწავლო წლისთვის გათვალისწინებულ თანხას, რომლის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი წარმოდგენილია 2016 წლის 10 ნოემბერს, რითაც დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს. (ს.ფ. 101)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ-----–----------–---–მა 2011 წლის 02 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და განმარტა, რომ 2010 წლის 17 დეკემბერს იგი მიღებულ იქნა University of Chicago’s Executive MBA program in London-EXP-18 class. აღნიშნული კურსი მოიცავს 2011-2013 სასწავლო წლებს. აღნიშნული კურსის საერთო ღირებულება შეადგენდა 80 000 ფუნტ სტერლინგს. განცხადებით ნ-----–----------–---–მა მოითხოვა ნაწილობრივ დაფინანსება 15 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ-----–----------–---–ის 2011 წლის 02 ივნისის განცხადება (ს.ფ. 78);

 

3.1.2. 2011 წლის 28 ივნისს, ერთი მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) (შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და ნ-----–----------–---–ს (შემდგომში ,,გრანტის მიმღები’’) შორის დაიდო N3------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, პროგრამა ,,ცოდნის კარის’’ ფარგლებში, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის 2011-2012 წლის განმავლობაში სწავლისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. 2.2 პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“, ,,გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 15, 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში. 3.2. პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი. „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღების“ მიერ 3.6. პუნქტით დაკისრებული ვალდებულებების დაღვევის შემთხვევაში, იტოვებს გაცემული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას. 3.4. პუნქტის თანახმად, ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა ,,გრანტის გამცემის’’ ანგარიშზე. 3.7. პუნქტის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 28 ივნისის N3------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’ (ს.ფ. 15-19);

 

3.1.3. 2011 წლის 29 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) ნ-----–----------–---–მა წარადგინა განცხადება და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) და მას შორის 2011 წლის 28 ივნისს დადებული გრანტის ხელშეკრულების თანახმად სწავლის საფასურის 15 000 აშშ დოლარის გადარიცხვა ჩიკაგოს უნივერისტეტის ანგარიშზე.

 

2011 წლის 15 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) მიერ გადახდილ იქნა სწავლის საფასური 15000 აშშ დოლარის (ექვივალენტი 25.260.00 ლარი) ოდენობით, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 29 ივნისის განცხადება (ს.ფ. 20)

- საგადახდო მოთხოვნა N1-- (ს.ფ. 21)

- საგადახდო მოთხოვნა N1---- (ს.ფ. 22)

 

3.1.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) 2014 წლის 27 ივნისის N MES 3------------ მიმართვით მას ეთხოვა უმოკლეს ვადაში წარედგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის სასწავლო პროგრამის დასრულების დამდასტურებელი დოკუმენტი.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) 2014 წლის 11 ივლისის № MES 0------------ მიმართვით ნ-----–----------–---–ს ეთხოვა 2011 წლის 28 ივნისის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) და მას შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ერთი კვირის ვადაში სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) 2014 წლის 27 ივნისის N MES3------------ მიმართვა (ს.ფ. 77);

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) 2014 წლის 11 ივლისის № MES 0------------ მიმართვა (ს.ფ. 23-24);

 

3.1.5. ნ-----–----------–---–ის მიერ ა------------თვის გაგზავნილი 2014 წლის 07 ივლისის ელექტრონული წერილის თანახმად, 2010 წელს ნ-----–----------–---–ი მიიღეს Chicago booth school of business-ის მაგისტრატურაში. სწავლის პირველი სემესტრის დაფინანსება თავის დროზე აიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ხოლო დანარჩენი სწავლის საფასური უნდა გადაეხადა იმ კომპანიის ხელმძღვანელობას სადაც ნ-----–----ი მუშაობდა. პირველი სემესტრის დამთავრების დროისთვის აღნიშნულმა კომპანიამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო მისი შემდგომი დაფინანსება. მიუხედავად მისი მცდელობებისა მან ვერ შეძლო რომ შეეგროვებინა დაფინანსებისთვის საჭირო თანხა, რის გამოც იძულებული გახდა აეღო აკადემიური წელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნ-----–----------–---–მა ვერ შეძლო სასწავლო კურსის დახურვა და დღემდე აქვს აღებული აკადემიური შესვენება. 2014 წლის აგვისტოში იგი მიემგზავრება კოლეჯის ხელმძღვანელობასთან და რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთან შესახვედრად, რათა შეძლოს სწავლის გაგრძელება და დამთავრება. ვიზიტის შედეგებს იგი მათ აცნობებს სექტემბრის თვეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ-----–----------–---–ის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი (ს.ფ. 89-90);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობს სარჩელში მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი - მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) მიერ აღძრული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) და ნ-----–----------–---–ს შორის 2011 წლის 28 ივნის გაფორმებული „გრანტის შესახებ“ N3------------- ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, დასახელებული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.

 

,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა არსებითი პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, პროგრამა ,,ცოდნის კარის’’ ფარგლებში, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის 2011-2012 წლის განმავლობაში სწავლისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. 2.2 პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“, ,,გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 15, 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში. 3.2. პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი. „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღების“ მიერ 3.6. პუნქტით დაკისრებული ვალდებულებების დაღვევის შემთხვევაში, იტოვებს გაცემული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას. 3.4. პუნქტის თანახმად, ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა ,,გრანტის გამცემის’’ ანგარიშზე. 3.7. პუნქტის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ნ-----–----------–---–ს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე, კერძოდ:

 

- ნ-----–----------–---–ის 2011 წლის 29 ივნისის განცხადებაზე და საქმეში წარმოდგენილ N1-- და N1---- საგადახდო მოთხოვნებზე, რომელთა მიხედვითაც დასტურდება ჩიკაგოს უნივერსიტეტისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) მიერ ნ-----–----------–---–ის სწავლის საფასურის გადარიცხვის ფაქტი.

 

- ნ-----–----------–---–ის მიერ ა------------თვის გაგზავნილ 2014 წლის 07 ივლისის ელექტრონულ წერილზე, რომლის თანახმად, 2010 წელს ნ-----–----------–---–ი მიიღეს Chicago booth school of business-ის მაგისტრატურაში. სწავლის პირველი სემესტრის დაფინანსება თავის დროზე აიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ხოლო დანარჩენი სწავლის საფასური უნდა გადაეხადა იმ კომპანიის ხელმძღვანელობას სადაც ნ-----–----ი მუშაობდა. პირველი სემესტრის დამთავრების დროისთვის აღნიშნულმა კომპანიამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო მისი შემდგომი დაფინანსება. მიუხედავად მისი მცდელობებისა მან ვერ შეძლო რომ შეეგროვებინა დაფინანსებისთვის საჭირო თანხა, რის გამოც იძულებული გახდა აეღო აკადემიური წელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნ-----–----------–---–მა ვერ შეძლო სასწავლო კურსის დახურვა და დღემდე აქვს აღებული აკადემიური შესვენება. 2014 წლის აგვისტოში იგი მიემგზავრება კოლეჯის ხელმძღვანელობასთან და რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთან შესახვედრად, რათა შეძლოს სწავლის გაგრძელება და დამთავრება. ვიზიტის შედეგებს იგი მათ აცნობებს სექტემბრის თვეში.

 

სასამართლო მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ნ-----–----------–---–მა არ წარადგინა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გრანტის მიმღებმა დაარღვია ხელშეკრულების 3.7. პუნქტი, - სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე გაზიარებული ვერ იქნება, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამავე დროს სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი, თუ მოთხოვნის წარმოშობისა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრაშია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2011 წლის 28 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) და ნ-----–----------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 25 260.00 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ ხანდაზმულია. გრანტის შესახებ N3------------- ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის 2011-2012 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. ხოლო 3.7. პუნქტის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ნ-----–----------–---–ს სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინა 2011-2012 სასწავლო წელს, სწავლის დასრულების შემდგომ. სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2011-2012 სასწავლო წლების პერიოდს, რა დროშიც უნდა მომხდარიყო სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენა ამ შემთხვევაში დაიწყო 2012 სასწავლო წლის დასრულების შემდგომ. განსახილველ შემთხვევაში, კი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 10 ნოემბერს. ამდენად, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) სარჩელი ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის” შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) სარჩელი, მოპასუხე ნ-----–----------–---–ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მოსარჩელე გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი