გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1757-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე - ბ----–--------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ჟ--–---------------ე
მოპასუხე - ბ------------ა
მოპასუხის წარმომადგენლები- მ------------ა, ე-------------–---–--ე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ბ------------ას თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2013 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–---------ას (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან- 2018 წლის 13 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე;
სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1998 წლის 21 მარტიდან, თუმცა 2018 წლის 13 ივნისიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი- 2013 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–---------ა.
ბ----–--------–---–ის განმარტებით, მოპასუხე არ აქცევს შვილს ყურადღებას და არ ეხმარება მას მატერიალურად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ----–--------–---–ი ითხოვს, რომ მოპასუხე ბ------------ას თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2013 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–---------ას (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან- 2018 წლის 13 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ბ------------ას წარმომადგენელმა 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, რის გამოც იგი თანახმაა თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები 1998 წლის 21 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, თუმცა 2018 წლის 13 ივნისიდან ერთად აღარ ცხოვრობენ.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 14)
3.1.2. ბ----–--------–---–ს და ბ------------ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი- 2013 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–---------ა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, დაბადების მოწმობა (ს.ფ. 13)
3.1.3. ბ------------ა არ ზრუნავს შვილზე და არ ეხმარება მას მატერიალურად.
მტკიცებულება: მხარის ახსნა- განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანდებამდე;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე 1202-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია
მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან - ბ----–--------–---–თან, რაც შეეხება მოპასუხეს მისი სამსახური არასტაბილურია, მოპასუხე მხარე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს და თანხმობას აცხადებს შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი თვეში 200 ლარის ოდენობით. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი 300 ლარის ოდენობით, არაგონივრული თანხაა და მის სრულად დაკისრებასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2013 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–---------ას (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან- 2018 წლის 13 ივნისიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
აღნიშნულის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო 200 ლარის ნაწილში, სასამართლო არ დააკისრებს მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბ----–--------–---–ის სარჩელი მოპასუხე ბ------------ას მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ბ------------ას თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2013 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–---------ას (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან- 2018 წლის 13 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი