გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.06.2018
საქმის ნომერი
030310117002162204
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310117002162204

№ 3/141-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

29 ივნისი, 2018 წელი ქ.ფოთი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

 

მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი თ----- ფ--------ე

 

მოპასუხეები: ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------“ (პ/ნ 6----------)

წარმომადგენელი ზ------ ხ----------

მ---- ჯ--–-------- (პ/ნ 6----------)

წარმომადგენელი ბ------ ჯ--–--------

 

დავის საგანი ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად: ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------“ (პ/ნ 6----------) და ი.მ. ,,მ---- ჯ--–--------“ (პ/ნ 6----------).

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

2017 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 226330 ლარს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით, ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------ს“ ქონებაზე 2014 წლის 26 სექტემბრის N022 – 4642 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2014 წლის 30 სექტემბერს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2014 წლის 24 ნოემბერს ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N022-340 ბრძანება, რომელიც ელექტრონულად ჩაბარდა 2014 წლის 04 დეკემბერს. ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი ქონების ნუსხა, რაზედაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი N A-------. ასევე მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით ქონება არ გააჩნია. ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------ს” მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2014 წლის 22 სექტემბრის N40550 აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანების საფუძველზე. ხოლო მანამდე 2014 წლის 22 აგვისტოს გამოიცა შეტყობინება შემოწმების შესახებ, რომელიც ჩაბარდა 2014 წლის 25 აგვისტოს. 2014 წლის 01 სექტემბერს კი ჩუქების ხელშეკრულებით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ფ------ ე-–----ს ქ.N---ში გადასცა ძმის ნ-------- ჯ--–--------ს მეუღლეს მ---- ჯ--–--------ს. ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2007 წლის 21 მაისიდან, პირის ფაქტობრივი მისამართია ქ.ფ------ ე-–----ს ქ.N--, მისი საქმიანობის სახე იყო ფქვილისა და შაქრის საბითუმო რეალიზაცია. გ---–----- ჯ--–--------ს 2014 წლის 22 სექტემბრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრამდე ბიუჯეტში გადახდილი აქვს მხოლოდ 2.39 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი.მ. გ---–----- ჯ--–--------ს საქმიანობა, ხოლო შემდგომ ამისა, საქმიანობის შეჩერება, აუდიტორული შემოწმების დაწყების შემდეგ პერიოდში უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემა ძმის ნ-------- ჯ--–--------ს მეუღლეზე მ---- ჯ--–--------ზე მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებიდან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეთა წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს და განმარტეს, რომ არ არსებობს ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------ს“ (პ/ნ 6----------) და ი.მ. ,,მ---- ჯ--–--------ს“ (პ/ნ 6----------) ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 29 აპრილის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის შესაბამისად, გ---–----- ჯ--–-------- ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 2007 წლის 21 მაისს.

 

3.1.2. 2014 წლის 20 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ.ფოთში, ე-–----ს ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის გ---–----- ჯ--–--------.

 

3.1.3. 2017 წლის 03 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ.ფოთში, ე-–----ს ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის მ---- ჯ--–--------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2014 წლის 27 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულება.

 

3.1.4. აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 სექტემბრის N40550 ბრძანების თანახმად, დაინიშნა ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------ს“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, თანდართული პროგრამის მიხედვით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 01 აგვისტომდე, საშემოსავლოს და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდეს 2008, 2009, 2010, 2011, 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდი.

 

3.1.5. გადამხდელის ფაილიდან ამონაწერის თანახმად, გ---–----- ჯ--–-------- შემოწმების შესახებ ინფორმაციას შემოწმების შესახებ გაეცნო 2014 წლის 25 აგვისტოს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2014 წლის 24 ნოემბრის N022-340 ბრძანებით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ყადაღა დაედო გ---–----- ჯ--–--------ს ქონებას.

 

3.2.2. 2017 წლის 13 ოქტომბრამდე მდგომარეობის შედარების აქტით გ---–----- ჯ--–--------ს მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 226329.32 ლარს.

 

3.2.3. 2016 წლის 15 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, გ---–----- ჯ--–--------ს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის 70-ე მუხლის მოთხოვნა, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარმოუდგენლობა, კერძოდ N022-340 ბრძანებაზე არ იქნა წარდგენილი პასუხი მითითებულ ვადებში, რაც სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იწვევს პირის დაჯარიმებას.

 

3.2.4. 2014 წლის 27 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, გ---–----- ჯ--–--------მ მ---- ჯ--–--------ს აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ.ფ------ ე-–----ს ქ.N--.

 

3.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის N458625 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით გ---–----- ჯ--–--------ს საკუთრების უფლება ინფორმაციის მომზადების მომენტისთვის რეგისტრირებული არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

- სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

- ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------“ (პ/ნ 6----------) და მ---- ჯ--–-------- (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).

 

გადასახადის გადახდის კონსტიტუციური ვალდებულება აისახა საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

გადასახადის გადამხდელის მხრიდან კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპის ჯეროვნად აღსრულების მიზნით, საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს ბოჭავს კონკრეტული სამართლებრივი ნორმებით, რათა ბიუჯეტის წინაშე ანგარიშგება განხორციელდეს პირის ძირითადი უფლებების დარღვევის გარეშე.

 

საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის ,,ა“, ,,ბ“, ,,რ“ ქვეპუნქტები ადგენენ, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცესში გადასახადის გადამხდელები, ისევე როგორც, საგადასახადო ორგანოები იმყოფებიან სამართლებრივი ბოჭვის პირობებში. აღნიშნული მიზნით მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შესაბამის კანონმდებლობასთან. კანონი კი თავის მხრივ უნდა იყოს ნათელი, არაორაზროვანი და განჭვრეტადი, ვინაიდან მოცემულ ურთიერთობაში მონაწილე ყოველი პირისათვის ნათელი იყოს განხორციელებული ოპერაციის სამართლებრივი შედეგები. ,,განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

გადასახადის გადამხდელთა მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულების - საგადასახადო დავალიანების შესრულების ეტაპზე შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული სახის დაბრკოლებები, რამაც შეაფერხოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გადამხდელთა მიერ შეგნებულად, მიზანმიმართულად იქნეს არიდებული კუთვნილი ვალდებულებების შესრულება. ასეთ შემთხვევათა პრევენციის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთა ქონების მეშვეობით საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფა. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 35-ე თავში. მოცემული ნორმატიული აქტის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ვალდებულების უზრუნველყოფა განახორციელოს გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ქონებით, ამა თუ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მეშვეობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსით ზემოაღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება გათვალისწინებულია როგორც გადასახადის გადამხდელთა ქონების მიმართ, ასევე, მესამე პირთა მიმართ, რომელთაც გააჩნიათ გადასახადის გადამხდელთა ვადამოსული დავალიანება (240-ე მუხლი). გარდა აღნიშნულისა საგადასახადო კოდექსი წინასწარ დადგენილ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიებები სხვა მესამე პირთა მიმართაც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, მიიჩნევა, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამდენად, მოცემული ნორმა პირთა ცრუმაგიერად ცნობის კომპეტენციას მიაკუთვნებს სასამართლოს. სასამართლოს მიერ პირთა ცრუმაგიერად ცნობის შემთხვევაში, კი საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უზრუნველყოფის ღონისძიება ამ პირთა მიმართ.

 

მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ითხოვს ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------ს“ (პ/ნ 6----------) და ი.მ. ,,მ---- ჯ--–--------ს“ (პ/ნ 6----------) ცრუმაგიერ პირებად ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს და უტყუარად დადგინდეს მოპასუხეთა მითითებული ქმედება, იყო თუ არა წინააღმდეგობაში კანონით დაწესებულ რეგულაციებთან, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს პირის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან თუკი 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით. ამდენად, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნას ცნობილი, რომ ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------“ (პ/ნ 6----------) და ი.მ. ,,მ---- ჯ--–--------“ (პ/ნ 6----------) წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.

 

დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------“ (პ/ნ 6----------) და ი.მ. ,,მ---- ჯ--–--------“ (პ/ნ 6----------) არიან ნათესავები, კერძოდ მ---- ჯ--–-------- არის გ---–----- ჯ--–--------ს რძალი, რაც სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, ასევე დადგენილია რომ უძრავი ქონების გაჩუქება გ---–----- ჯ--–--------ს მიერ მოხდა ორი დღის შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა საგადასახადო შემოწმების თაობაზე. სახეზეა, რომ მ---- ჯ--–--------ზე ჩუქების ხელშეკრულებით გ---–----- ჯ--–--------ს უძრავი ქონების გადაფორმება მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 სექტემბრის N40550 ბრძანების თანახმად, დაინიშნა ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------ს“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, თანდართული პროგრამის მიხედვით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 01 აგვისტომდე, საშემოსავლოს და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდეს 2008, 2009, 2010, 2011, 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდი.

 

გადამხდელის ფაილიდან ამონაწერის თანახმად, გ---–----- ჯ--–-------- შემოწმების შესახებ ინფორმაციას გაეცნო 2014 წლის 25 აგვისტოს.

 

2014 წლის 27 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, გ---–----- ჯ--–--------მ მ---- ჯ--–--------ს აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ.ფ------ ე-–----ს ქ.N--.

 

მოცემულ შემთხვევაში გ---–----- ჯ--–--------სათვის ცნობილი გახდა გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების შესრულების კონტროლის ღონისძიებების დაწყების შესახებ და გადასახადის გადამხდელს გააჩნდა მოლოდინი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების დაკისრების თაობაზე, რის შემდეგაც ეტაპობრივად განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული აქტივების განკარგვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით. წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მნიშვნელოვანია, ასევე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტი, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცსო სამართლებრივი არამედ, მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარედეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელის გ---–----- ჯ--–--------ს მხრიდან გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მ---- ჯ--–--------სთან ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთიმეორისაგან განსხვავება, რამდენადაც მათ შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რომელიც საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევის თავიდან არიდებას ემსახურება, მოპასუხეთა ცრუმაგიერობაზე მიუთითებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელის - გ---–----- ჯ--–--------ს მხრიდან გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მ---- ჯ--–--------სთან ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთიმეორისაგან განსხვავება, რაც მათ ცრუმაგიერობაზე მიუთითებს.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა სოლიდარულად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, ’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ი.მ. ,,გ---–----- ჯ--–--------“ (პ/ნ 6----------) და მ---- ჯ--–-------- (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე