განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/345-18 (N041030118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
01.09.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ქ------- უ-----ე, დ------- ვ------------,დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ-------–- ბ--------ე
მამის სახელი: გ----
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, გ---------ს ქ. N15/2/19
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ნ--–-----ის მე-4 პლატო 9გ/16
ადვოკატები: თ---------- ბ--–-------ე, რ--------- ხ----–--–---, ი---- ა------------ე, ი-----–- შ-----–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გ-------–- ბ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 3 იანავარს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქუთაისში ალ.ხ-----–---–ის ქ.N7-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ-------–- ბ--------ემ ყოფილ მეუღლეს - მ------–--- გ--–------–---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის - ს------ ბ--------ისა და მ------–--- გ--–------–---ის არასრულწლოვანი დის ე-–------- გ--–------–---ის თანდასწრებით. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მ------–--- გ--–------–---ი მიენარცხა კედელს და წაიქცა. გ-------– ბ--------ემ განაგრძო მ------–--- გ--–------–---ის ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯამრთელობის მოუშლელად.
- 2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქუთაიში ალ.ხ-----–---–ის ქ.N7-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ-------– ბ--------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ-------- გ--–------–---ს. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც დ-------- გ--–------–---ი წაიქცა. ცემისა და ძალადობის შედეგად დ-------- გ--–------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
დაზარალებულ მ------–--- გ--–------–---ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად იგი იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში გ-------– ბ--------ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ 2015 წლის 01 აგვისტოდან 2017 წლის 25 ივნისამდე. დაზარალებული დ-------- გ--–------–---ი არის მისი მამა. ჯვრისწერიდან რამდენიმე დღეში უკვე მოუვიდათ უთანხმოება, რაც არაერთხელ განმეორებულა, ხოლო დაშორებამდე ბოლო თვეებში უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღო ამ დაძაბულმა ურთიერთობამ. პირველ ძალადობას ადგილი ჰქონდა ჯვრისწერიდან მესამე დღეს, როდესაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას ნივთების გადატანასთან დაკავშირებით ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა, რის გამოც ბრალდებულმა მას მოუჭირა ხელი მაჯებზე, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ რამდენიმე თვე ფიზიკურ ძალადობას აღარ ჰქონია ადგილი, თუმცა, აფექტური ქცევები მეორდებოდა მისი მხრიდან პერიოდულად. იანვრის თვეში 7 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც გ-------–-ს სოფელ ლაილაშში იმყოფებოდნენ, ის თავის დედას ეკამათა და წავიდა სოფლიდან გაბრაზებული, ხოლო მოგვიანებით, როდესაც მისი ყოფილი დედამთილი დაიცვა, გ-------–მა ხელი ჰკრა და წაიქცა საწოლზე. ამის გამო ცუდად გახდა. სასწრაფო თავად გ-------–მა გამოიძახა, თუმცა როდესაც შეხედა, რომ იგი ცოტა გამოკეთდა, თავადვე გააუქმა გამოძახება. შემდეგი შემთხვევა იყო ზაფხულში, როდესაც გ-------–მა სახლში მიიყვანა მისი უკრაინელი მეგობარი, რომლის გამოც მან იეჭვიანა და აღნიშნულ თემაზე კამათისას კვლავ იძალადა მასზე. რაც შეეხება შემთხვევის დღეს - 2018 წლის 03 იანვარს, იმ დღეს ისინი შეთანხმდნენ, რომ ბავშვს წაიყვანდა გ-------–- თავისთან, თუმცა, მიმოწერისას მას მიაყენა შეურაცხყოფა - უწოდა „კეკელა თხა“ და ამასთანავე უთხრა, რომ სიურპრიზს უმზადებდა, რამაც იგი შეაშინა და გ-------–ს აუკრძალა სახლში მისვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილა, რომ გამოიძახებდა პოლიციას. იგი უკვე აპირებდა მისი მცირეწლოვანი შვილი ს------ და 9 წლის და ე-–-------ი გაეყვანა სახლიდან, მაგრამ ამ მზადების პროცესში მოვიდა გ-------–-. კარები მიხურული იყო, თუმცა, ჩაკეტილი არ ჰქონდა. იგი შეეცადა კარები დაეკეტა და არ შემოეშვა გ-------–-, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოახერხა ეს, რის შემდეგაც სახლში შესულმა გ-------–მა მას დაარტყა. იგი წაბორძიკდა, თავის შვილსაც გაკრა სხეულის ნაწილი და ორივენი ძირს დაეცნენ, ამ დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ტკივილი, ამასთანავე, იგი დაეტაკა ტელეფონის მაგიდას და ჩამოტეხა მაგიდის ერთი მხარე. გ-------–- კვლავ აგრძელებდა მის ცემას, რა დროსაც მოვარდა მამამისი და ხელი ჰკრა, რაზეც გ-------–მა შეაგინა და ხელიც დაარტყა სახის არეში, ძირს წააქცია და აგრძელებდა მის ცემას. თავად შეეცადა მამას მიშველებოდა და გ-------–ს ქურთუკის საყელოში ექაჩებოდა და ამ დროს შესაძლოა ფრჩხილით დაზიანებაც მიაყენა, ამასთან, ბოლო ხმაზე ყვიროდა. ამ დროს დაინახა, რომ კარებში შემოვიდა მისი ბავშვობის მეგობრის - თ------- კ-------ის მეუღლე ი-----–- კ------ე, რომელმაც მოახერხა გ---ს სახლიდან გაყვანა, ხოლო მან მაშინვე კარები გადაკეტა, 112-ში დარეკა და პოლიცია და სასწრაფო გამოიძახა. მამამისს სახეზე სისხლი სდიოდა. ამ ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მათი 1 წლის და 9 თვის ბავშვი ს------ და მისი 9 წლის და ე-–------- გ--–------–---ი, რომლებიც მომხდარით აღელვებული იყვნენ, ხოლო მისი შვილი ტიროდა კიდეც. გ--- მიუხედავად კარების ჩაკეტვისა, მაინც აგრძელებდა კარებზე ბრახუნს და მუქარა-გინებას. აღნიშნული გრძელდებოდა პოლიციის მოსვლის შემდეგაც, რომლებმაც გ-------–- დააკავეს, რაც მას პირადად არ უნახავს. ხოლო ის და მამა წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად. დაკითხვის შემდეგ ისინი შეამოწმა ექსპერტმა. მამამისს გ-------–-ს მხრიდან ძალადობის შემდეგ სახე ჰქონდა დასისხლიანებული, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. ასევე, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ცხვირიც გატეხილი ჰქონდა. თავად მას გ-------–-ს დარტყმების შედეგად თვალი გაუსივდა და ყინულიც კი დაიდო თვალზე, ასევე, ხელიც ტკიოდა. დედამისი ამ დროს იმყოფებოდა სამსახურში და ფაქტებს არ შესწრებია. როგორც დაზარალებული, ითხოვს ბრალდებულის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იგი ბრალდებულთან თანაცხოვრების პერიოდში რამოდენიმეჯერ იყო საზღვარგარეთ გ---სთან ერთად სამოგზაუროდ. გ--- მეგობრებთან ურთიერთობას უკრძალავდა და უგინებდა მათ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას იგი არ დასწრებია. გ---სთან ჰყავს ერთი შვილი, ს------ ბ--------ე. მანამდე ერთხელ იყო ფეხმძიმედ, თუმცა ნაყოფს აღმოაჩნდა ანევრიზმა, რაც მის ჯანმრთელობასაც უქმნიდა საფრთხეს და ამიტომ ნაყოფი მოიცილა. ამ პერიოდში იგი გ---სთან დროებით არ ცხოვრობდა. რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევის წინარე პერიოდში ი-----–- კ------ესთან მიმოწერის ე.წ. ,,სკრინებს“ რომელსაც გ---ს უგზავნიდა და სადაც გ--- უარყოფით კონტექსტში იყო მოხსენიებული, ემსახურებოდა მხოლოდ გ---ს მიერ განხორციელებულ შეურაცხყოფასა(უწოდა „კეკელა თხა“) და წარსულში განხორციელებულ ძალადობაზე პასუხის გაცემას და არანაირად არ ისახავდა მიზნად გ---ს პროვოცირებას(სასამართლოს სხდომის ოქმი).
დაზარალებულ დ-------- გ--–------–---ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ხ-----–---–ის ქ. N7-ში. გ-------– ბ--------ე იყო მისი სიძე - ქალიშვილის ქმარი. 2018 წლის 03 იანვარს, როდესაც სახლში მოვიდა, სახლში ასევე იმყოფებოდნენ მისი ქალიშვილები მ------–--- და ე-–------- გ--–------–---ები და შვილიშვილი ს------ ბ--------ე. მან იცოდა, რომ იმ დღეს უნდა მოსულიყო გ-------– ბ--------ე და წაეყვანა ბავშვი. როდესაც სახლში მივიდა, მ------–--- აცმევდა ბავშვს და ემზადებოდა წასასვლელად, ამასთან, აფორიაქებული იყო. თუმცა, მას არ გაუმხილა ამ აფორიაქების მიზეზი და უთხრა, რომ მის დაქალთან უნდა წაეყვანა ბავშვი და იქ მოაკითხავდა გ-------–-. ამ დროს იგი გავიდა ოთახში, სადაც კვახს ასუფთავებდა და დაინახა თუ როგორ აწვებოდა კარებს მ------–---, ხოლო შემდეგ - როგორ შემოვიდა ძალით გ-------–-, მის შვილს მიმართა სიტყვებით - “რას მწერ შენო“ და ხელი დაარტყა სახის არეში, თან ხელი ჰკრა, მ------–--- წაბორძიკდა და დაეტაკა ტელეფონის მაგიდას, რომელსაც ნაწილი ჩამოტყდა. ის მაშინვე გაიქცა მისაშველებლად და ხელი ჰკრა გ-------–ს, ამ დროს შეაგინა კიდეც. გ-------–მაც შეაგინა და დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც წაიქცა, თუმცა, გ-------–მა წაქცეულსაც დაარტყა, ერთხელ - ცხვირის არეში, საიდანაც სისხლი სდიოდა. ამასობაში კარები გაიღო, ვიღაც შემოვიდა და გ-------–- გაიყვანა, რომელიც როგორც შემდეგ გაიგო იყო მ------–---ს თანაკლასელის ქმარი ი-----–- კ------ე. მას ცხვირიდან სისხლის მოსდიოდა და სხვა დაზიანებებიც ჰქონდა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ცოტა ხანში მოვიდნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიციის მუშაკები.
მისი არასრულწლოვანი შვილი და შვილიშვილი ამ ძალადობის ფაქტების განხორციელებას უშუალოდ შეესწრნენ და იმყოფებოდნენ გასასვლელთან ახლოს. მოსული პოლიციელებიდან იცის მხოლოდ გელა ჭელიძე. ზუსტად არ იცის სულ რამდენი პოლიციელი იყო მოსული, ახსოვს მხოლოდ ის, რომ გარეთ იდგა ერთი პატრულის და ორი პოლიციის მანქანა. იგი იმყოფებოდა შოკში და ყველა დეტალი ზუსტად არ ახსოვს. პირველად იგი გაუშვეს სამხარაულის ექსპერტიზაზე შესამოწმებლად, ხოლო შემდეგ ვინაიდან ცხვირი ჰქონდა დეფორმირებული და ძგიდე გატეხილი, თავად მივიდა ექიმთან, რის შემდეგაც ჩაუტარდა ცხვირის ოპერაცია. იგი ითხოვს რომ ჩადენილის გამო პასუხი აგოს გ-------– ბ--------ემ კანონის შესაბამისად (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ე-–-------ი გ--–------–---ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის 9 წლის და სწავლობს მე-5 კლასში, იგი არის მ------–--- (დ--) გ--–------–---ის და. გ-------– (გ---) ბ--------ეს იცნობს, რადგან იგი იყო მ------–---ს (დ--ს) ქმარი. იმ დღეს როდესაც პოლიციელები მოვიდნენ, მათ მოსვლამდე დ--მ ხელში აიყვანა ბავშვი და დააწყნარა. მამას ცხვირ-პირი დასისხლიანებული ქონდა, მან მოწმინდა სისხლი. დასისხლიანებული იმიტომ იყო, რომ გ---მ ცხვირში ჩაარტყა ხელი...გალახა. მამას ცხვირი სტკიოდა და ოპერაცია გაუკეთეს. დ--ს შრამი ჰქონდა თვალზე, რადგან გ---მ დაარტყა ამ დროს. დარტყმის მომენტში იგი შემოსასვლელში იყო, სადაც ფეხსაცმელები უდევთ, ხოლო ს------ დ--ს უკან იყო სარკესთან ახლოს. თავად ინერვიულა ამ ყველაფრის დანახვაზე, ხოლო ს------ ტიროდა. გ--- სახლიდან გაიყვანა დ--ს კლასელის ქმარმა ი-----–-მ. შემთხვევის დღეს გ--- მარტო შემოვიდა სახლში და პირველი დ--ს დაარტყა, ხოლო შემდეგ მამას. ი-----–- ჩხუბის შემდეგ მოვიდა. დარტყმის მომენტში დ-- დაეჯახა ტელეფონის მაგიდას და დაიმტვრა ნახევრად. ამ დროს დ--ც დაეცა და ს------ც, რომელმაც ტირილი დაიწყო. პოლიციელები ზოგი სახლში შემოვიდა და ზოგი გარეთ იდგა. ერთ პოლიციელს ეჭირა გ--- ხელით( სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ი-----–- კ------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების მიხედვით მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა, როგორც დ--სთან, ასევე გ-------–თან. 2018 წლის 03 იანვარს გ-------–მა მას სთხოვა შეხვედრა, ვინაიდან დ--სთან დაკავშირებით ჰქონდა შეკითხვები. ისინი რკინიგზის საავადმყოფოსთან შეხვდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ ერთად მივიდნენ დ--ს სახლში, რადგან გ---ს ბავშვი უნდა წამოეყვანა. დ--ს მისამართი ზუსტად არ იცის, ე.წ. ,,ლომებიან სახლთან“ ახლოს ცხოვრობს. როდესაც მივიდნენ, გ--- შევიდა სახლში, ხოლო თავად დარჩა გარეთ მანქანაში. რამდენიმე წუთში შემოესმა ყვირილის ხმა, რის შემდეგაც შევიდა სახლში და კართან, ორ ნაბიჯში მყოფ გ---ს მოჰკიდა ხელი და გამოიყვანა სახლიდან გარეთ. სახლში ვინ და სად იმყოფებოდა, არ დაკვირვებია და არ ახსოვს. მხოლოდ დაინახა დ--ს მამა, რომელზეც გ---ს ხელი ჰქონდა მოხვეული და ამ დროს იგი იყო გადახრილ მდგომარეობაში. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი და დ--ს ფეისბუკ მიმოწერის ამსახველი ე.წ. ,,სქრინები“, რომლის გასარკვევადაც შეხვდა იმ დღეს გ---ს, იყო მისი გაგზავნილი და არა მისი მეუღლისგან. თუმცა, შეხვედრისას გ---ს უთხრა, რომ მისი ფეისბუკით სარგებლობდა მისი მეუღლე თიკო და ეს მიმოწერაც მისი წარმოებული იყო. მოწმე არ ადასტურებს, თითქოს გ---ს მისთვის ეთქვა, რომ დ--ს სახლში მიდიოდნენ დ-------- გ--–------–---თან სასაუბროდ ამ ე.წ. ,,სქრინებთან“ დაკავშირებით. სახლიდან გამოყვანის შემდეგ მას გ---მ სთხოვა, რომ სახლში ტელეფონი დაუვარდა და გამოეტანა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, ვინაიდან კარები ჩაკეტილი დახვდა. შემდეგ თავისი ტელეფონი ათხოვა გ---ს, თუმცა, სად დარეკა არ იცის. პირველად მოვიდა პატრული და შემდეგ პოლიციის განყოფილების თანამშრომლები პიკაპით. ამ დროს ის და გ--- იყვნენ მანქანასთან მშვიდ ვითარებაში. პატრულს რა საკითხზე ესაუბრებოდა გ--- და უთხრა თუ არა მათ, რომ „დანას ურტყამდნენ და თავს იცავდა“ - არ ახსოვს. ასევე, არ მიუქცევია ყურადღება რა მოქმედებები ჩაატარა პატრულმა. გ---ს მხრიდან გინებას და შეურაცხყოფას იგი არ შესწრებია (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე თ----- დ-------–---–ი-გ--–------–---ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების მიხედვით ბრალდებული გ-------– ბ--------ე არის მისი ყოფილი სიძე, რომელსაც მის ქალიშვილთან მ------–---სთან აკავშირებდა 2 წლამდე თანაცხოვრების პერიოდი და ჰყავდათ ერთი საერთო შვილი ს------. შემთხვევის დღეს, როდესაც იგი სახლში მივიდა დახვდა ასეთი სიტუაცია, რომ თავისი მეუღლე დ-------- გ--–------–---ი გულწასული იყო, სასწრაფო დახმარება ადგა თავზე და როდესაც ჰკითხა მათ მისი დიაგნოზი, უთხრეს, რომ ცხვირი ჰქონდა დეფორმირებული და გატეხილი, რაც გარეგნულადაც ეტყობოდა და ტამპონები ჰქონდა ცხვირზე. დ--, ს------ და ე-–-------ი იქვე იყვნენ ჩაკეცილები, აცახცახებული და აკანკალებულები. დ--ს თვალი ჰქონდა დაშავებული. შემდეგ მისი მეუღლე და დ-- პოლიციის თანამშრომლებს წაყვნენ დასაკითხად, ხოლო მან დაიტოვა ბავშვები ლ----(ე-–-------ი) და ს------. სახლის ორი ოთახი დ--------ს ცხვირის სისხლის ლაქებით იყო დაფარული. ეს დაზიანება ისეთი ხარისხის აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღეში მას ოპერაცია გაუკეთეს ცხვირზე. მას მანამდე რაიმე დაზიანება არ ჰქონია მიღებული. სახლში ძალადობის დროს დაზიანებულ ნივთებთან დაკავშირებით ექსპერტებს მან მისცა განმარტებები(სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 03 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი, რომელსაც იცავდა პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ-–- მ–---–----ე, მდებარეობს ქ. ქუთაისში, ხ-----–---–ის ქუჩის N7-ში არსებულ თ----- დ-------–---–ი-გ--–------–---ის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული სახლის წინა ფასადი განთავსებულია ქუჩის პირას, მის ჩრდილოეთ მხარეს, ხოლო თვით ქუჩა მიემართება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სახლს დასავლეთის მხრიდან აქვს ეზო, სადაც შესასვლელია ორფრთიანი, ლითონის, ფართე ჭიშკრის ცალ ფრთაში ჩამონტაჟებული მომცრო ჭიშკრის გავლით. ეზოდან აღმოსავლეთით მიდგმულია ქვის შვიდ საფეხურიანი, ლითონის მოაჯირიანი კიბე და მის სამხრეთით არის ღია აივანი. ეზოდან სახლში შესასვლელია ორფრთიანი, მინებ ჩასმული კარების გავლით. ასეთივე კარები ჩამონტაჟებულია ქუჩის მხრიდან, სახლის წინა ფასადში, რომლის გავლითაც შესასვლელია გრანიტის ქვით მოპირკეთებულ კიბის უჯრედში და ექვს საფეხურიანი კიბით ასასვლელია დერეფანში, რომლის ჩრდილოეთით განთავსებულია სასადილო ოთახი, ხოლო აღმოსავლეთით - სასტუმრო ოთახი. ეზოდან სახლში შესასვლელი კარების გავლით შესასვლელია სასადილო ოთახში, რომლის ჩრდილოეთით კედელთან მთელ სიგანეზე მიდგმულია სამზარეულოს გარნიტური სველი წერტილით და გაზქურით. კარების გასწვრივ, დასავლეთ კედელში ჩამონტაჟებულია ფანჯრები, რომელთანაც, კედელთან მიდგმულია მართკუთხა ხის მაგიდა და სკამი. მის მოპირდაპირე მხარეს, აღმოსავლეთ კედელთან მიდგმულია დივანი. ეზოდან სახლში შესასვლელი კარების მოპირდაპირე მხარეს აღმოსავლეთ კედელში ჩამონტაჟებულია ხის დახურული კარადა. მის ქვემოთ დგას ხის ტუმბო, რომლის ჩრდილოეთ მხარეს არსებული თარო არის ჩამოტეხილი და თაროს ნატეხი მოთავსებულია ტუმბოზე, რომელიც ექსპერტიზის მიერ მოთავსდა და დაილუქა FLD875971 ნომრის პოლიეთილენის პაკეტში. ტუმბოზე ასევე აგდია ვარდისფერი ჩვარი და მცირე ზომის ბამბა, მოწითალო ლაქებით. ტუმბოსთან იატაკზე ყრია სხვადასხვა ნივთები და მათ შორის თეთრი პირსახოცი, მოწითალო ლაქებით. ექსპერტების მიერ ვარდისფერი ჩვარი და თეთრი პირსახოცი მოთავსდა და დაილუქა FCD856035 ნომრის პოლიეთილენის პაკეტში. მაგიდასთან და დივანის გარშემო, ასევე დივანზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. თ-----ი დ-------–---–ი-გ--–------–---ის განმარტებით, აღნიშნული მოწითალო ლაქები არის მისი მეუღლის-დ-------- გ--–------–---ის სისხლის ლაქები. ექსპერტების მიერ იატაკიდან სპეციალური ჩხირის მეშვეობით ამოღებული იქნა მოწითალო ლაქა, რომელიც საკონტროლო ნიმუშთან ერთად მოთავსდა და დაილუქა FCD856034 ნომრის პოლიეთილენის პაკეტში. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ (ტ.1. ს.ფ. 44-49).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–- მ–---–----ემ, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა კ------------- ბ----------მ და ექსპერტებმა გ--- ხინგავამ და ო------ ხ-----------მ(სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 03 იანვრის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად გ-------– გ----ს ძე ბ--------ე დააკავა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-----–--- ბ------ემ ქ. ქუთაისში ხ-----–---–ის ქ. N7-ში განთავსებული მ------–--- გ--–------–---ის საცხოვრებელი სახლის ეზოში 2018 წლის 03 იანვარს 15:20 საათზე. გ-------– ბ--------ის ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა ქ. ქუთაისში ხ-----–---–ის ქ. N7-ში განთავსებულ მ------–--- გ--–------–---ის საცხოვრებელ ეზოში, მ------–--- გ--–------–---ის მითითების საფუძველზე, რომელმაც განმარტა, რომ თავის საცხოვრებელ ეზოში, ყოფილმა მეუღლემ, გ-------– ბ--------ემ მასა და მის მამას - დ-------- გ--–------–---ს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გ-------–- ბ--------ის ვიზუალური დათვალიერებით მარჯვენა მხარეს, შუბლის ზედა ნაწილში აღენიშნებოდა დაზიანება მოწითალო ფერის ნაკაწრის სახით, მარცხენა მხარეს თვალთან და ყურთან, ასევე აღენიშნებოდა დაზიანება მოწითალო ფერის ნაკაწრის სახით, გ-------– ბ--------ის განმარტებით ზემოთ ხსენებული დაზიანებები მიიღო თავის ყოფილ მეუღლესთან მ------–--- გ--–------–---თან და ყოფილ სიმამრთან დ-------- გ--–------–---თან კონფლიქტის დროს და მასთან დაკავშირებით გ-------– ბ--------ეს ვინმეს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ოქმს გაეცნო პირადად დაკავებული, რასაც ადასტურებს ხელმოწერით (ტომი N1. ს.ფ. 4-9)
დაკავების ოქმში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ინსპექტორ-გამომძიებლებმა ა-----–--- ბ------ემ და კ------------- მ-------ემ (სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №000038818 დასკვნით დადგენილია, რომ 03.01.2018წ. 22:24- 22:30 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ------–--- გ--–------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. უჩივის ტკივილს თავის, მარჯვენა თვალბუდისა და მარჯვენა ზემო კიდურის მიდამოში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის არა მკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 4,3X2,4 სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,5 X1,2 სმ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ტომი N1. ს.ფ. 24-26).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №000039418 დასკვნით დადგენილია, რომ 03.01.2018წ.22:24-22:30 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე დ-------- გ--–------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და უსწორო კიდეებიანი ჭრილობის სახით. უჩივის ტკივილს შუბლის, მარცხენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში. ცხვირის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის არა მკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,8X2,5 სმ. ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 1,6 X1,4 სმ. მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,8 X2,4 სმ. მარხენა წარბის რკალზე აღენიშნება უსწორო ფორმის უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ზომით: 0,6X0,2 სმ. კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ტომი N1. ს.ფ. 33-35).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 13 მარტის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №000371118 დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის(შპს ,,მარი-T” ცხვირის ქირურგიული ცენტრის ცნობა, ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ დათარიღებული 08.01.2018წელს) მონაცემების თანახმად დ-------- გ--–------–---ს დაესვა დიაგნოზი: ცხვირის დახურული ტრავმა. ცხვირის ძვლების დახურული მოტეხილობა. ცხვირის დეფორმაციით. თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ი. ავაზაშვილის მიერ 27.02.2018 წელს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: მოქალაქე დ-------- გ--–------–---ს გადაეღო ცხვირის ძვლების მარჯვენა და მარცხენა გვერდითი რენტგენოგრამა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა ცხვირის ძვლების მკვეთრად გამოხატული პოსტტრავმული დეფორმაცია. რენტგენოლოგიური სურათი ხანდაზმულობის დადგენის საშუალებას არ იძლევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით (ტომი N1. ს.ფ. 210-213).
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე თ---------- ძ--------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების მიხედვით იგი არის ექიმ-ტრავმატოლოგი და ამ სფეროში მუშაობს 1981 წლიდან. მისი პაციენტი დ-------- გ--–------–---ი შეამოწმა 2018 წლის 08 იანვარს, მას ცხვირის არეში ჰქონდა მსუბუქი ხარისხის დაჟეჟილობა. ეს არ იყო ღია ჭრილობა, შეშუპებული ჰქონდა ცხვირის არე. რენტგენის გადაღების შემდეგ დადასტურდა, რომ მას ჰქონდა მცირე ხარისხის მოტეხილობა ძვლების ფრაგმენტების ოდნავი ცდომით. ეს იყო საშუალოზე უფრო მცირე მოტეხილობა, რაც მან გაუსწორა არაოპერაციული გზით, მექანიკურად. ასეთი მოტეხილობის გასწორება შესაძლებელია დაზიანებიდან 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ იწყებს შეხორცებას. შესაბამისად, მოწმე ადასტურებს, რომ ასეთი დაზიანება შეიძლებოდა მიეღო 2018 წლის 03 იანვარს(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმის ა------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ--- იგივე გ-------– ბ--------ე არის მისი მეგობარი და შვილის ნათლია. დ--ს იცნობს მას შემდეგ, რაც მას და გ-------–ს შეუყვარდათ ერთმანეთი. ისინი ოჯახებით ერთად ისვენებდნენ და ერთად ხვდებოდნენ დღესასწაულებს - ის და მისი ოჯახი, გ--- და დ--. ისინი ერთად დადიოდნენ სამოგზაუროდ ბულგარეთში, ლიტვაში, სადაც გაატარეს თაფლობის თვე. დ-- და გ--- დაახლოებით 3 წელი იყვნენ ერთად. დასმულ შეკითხვაზე მოწმე ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ---მ დაურეკა ერთხელ, ბავშვი ცუდად არის, გამონაყარი აქვსო. დ-- განაწყენებული იყო მასზე იმის გამო, რომ ბავშვის დედასთან დარჩენის საკითხში რატომ მის მხარეს არ იჭერდა(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულ გ-------– ბ--------ის ჩვენების მიხედვით მან და მ------–---(დ--) გ--–------–---მა ერთმანეთი გაიცნეს 2014 წლის 4 ივნისს და ერთმანეთთან ჰქონდათ ურთიერთობა. 2015 წლის თებერვლიდან მას უქირავა ბინა. იმავე წლის ივლისის ბოლოს დ--საგან შეიტყო რომ იყო ფეხმძიმედ. აგვისტოში ჰქონდათ ოჯახური ვახშამი, შემდეგ ლიტვაში იყვნენ სამოგზაუროდ ერთად. რადგან მისი შვილის დედა იყო, თავს ვალდებულად თვლიდა მიეხედა და დიღომში უქირავა ბინა. დ--ს და მისი(გ-------– ბ--------ის) ოჯახის წევრებს ერთმანეთთან არ ჰქონდათ ურთიერთობა. 2016 წლის 5 აპრილს შეეძინათ ბავშვი, რის შემდეგაც დ--ს დედა ითხოვდა ბინის და მიწის ნაკვეთების მისი შვილის სახელზე გადაფორმებას. 2017 წლის თებერვალში ბავშვი დახვდა დამწვარი, ხოლო დ-- გათიშული იყო მარიხუანას მოწევის შედეგად. მან დაურეკა დედამისს, რომ წაეყვანა მისი შვილი სახლში. ისინი ჩამოვიდნენ ქუთაისიდან და წაიყვანეს დ--, ხოლო 10 თვის ბავშვი შეიყვანეს ქუთაისში ბაღში. დ--ს ორსულობის შეწყვეტა მისი მიზეზით არ მომხდარა, მიაჩნია, რომ მარიხუანას ზემოქმედების შედეგი იყო. 2017 წლის 26 ივნისის ეპიზოდს რაც შეეხება, როცა შემაკავებელი ორდერი ამოიწერა, მას დ--ზე ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედება არ მოუხდენია. 18 ივნისს ჰქონდათ ბავშვის ნათლობა, ხოლო 25 ივნისს დ--მ და დედამისმა გაქურდეს. სახლში წაიღეს ბავშვისთვის ნაჩუქარი ოქროულობა და 500 დოლარი. ამის გამო გამოიძახეს პოლიცია. 25 ივნისს მის დედას საირმეში ჰყავდა ბავშვი, ღამის 3 საათზე მიცვივდნენ მასთან, გამოიძახეს პოლიცია და მათი მეშვეობით წამოიყვანეს ბავშვი. მეორე დღეს დაიბარეს პოლიციაში და ამოწერეს შემაკავებელი ორდერი. რაც შეეხება შემთხვევის დღეს - 3 იანვარს, დ--მ თავად მოუწყო სიურპრიზი - გამოუგზავნა შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. მასთან მიმოწერით იცოდა, რომ ის სახლში არ იქნებოდა. ი-----–- კ------ეს დაურეკა, მისი მოწერილი თუ იყო დ--საგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები - ე.წ. „სქრინები“. მან უარყო და განუცხადა, რომ მისი ცოლი ხმარობდა მის ფეისბუქს. ბრალდებული მიიჩნევს, რომ ი-----–- კ------ის ცოლი და დ-- შეთანხმდნენ, რომ ის წყობილებიდან გამოეყვანათ. იგი მართლაც გაბრაზდა დ--ს მიერ გამოგზავნილი უწმაწური ტექსტების გამო, რის გამოც გადაწყვიტა მისულიყო მის სახლში და მამამისისათვის ენახებინა ისინი. ის შეხვდა ი-----–- კ------ეს და 14:45 საათზე ისინი ერთდროულად შევიდნენ დ--ს სახლში, რაც მისი ტელეფონითაც დადასტურდება. დ-- ამ დროს დივანზე იჯდა, ხოლო მამამისი საჭმელს აკეთებდა. დ-- წამოდგა და პირდაპირ სახეზე დაეტაკა, სახე ჩამოპორჭყნა, ის ხელის კვრით მოიშორა თავიდან. იმავდროულად, მამამისიც გინებით წამოვიდა მისკენ და დაუწყო ჯაჯგური, რათა კარებიდან გაეგდო. ამ დროს დაინახა დ-- დანით ხელში წამოვიდა მისკენ. ამასობაში, მამამისი რომ მოეშორებინა, ხელი აიქნია და შემოარტყა მას, ხოლო დ--ს წვდა ხელში და გადაუგრიხა, მაგრამ ვერ გადააგდებინა დანა და მომენტალურად დაარტყა ხელი, რათა დანა გადაეგდო. ჩხუბის დროს, რაც სულ გაგრძელდა 35 წამი, არავინ წაქცეულა. ი-----–- კ------ემ ეს ყველაფერი დაინახა და სიმართლეს მალავს, რადგან მის წინააღმდეგ დადგმულ შანტაჟში მონაწილეობდა. ჩხუბის ფაქტს ბავშვები არ შესწრებიან და სად იყვნენ ისინი ამ დროს, არ იცის. ბრალდებული განმარტავს, რომ შესვლისას თავის მამას ტელეფონით ესაუბრებოდა და ჩხუბის დროს ის ხელიდან გაუვარდა, მისი ტელეფონი დაყენებული იყო ავტომატური ხმოვანი ჩაწერის რეჟიმზე და შესაბამისად ჩაიწერა შემთხვევის ფაქტიც. ბრალდებულის განმარტებით, ჩანაწერში არ ისმის ბავშვების ხმა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შემთხვევას არ შესწრებიან(სასამართლო სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის მიერ ჩატარებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ მ--- ნ-----–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ-------- გ--–------–---ის სხეულზე, მ------–--- გ--–------–---ის სხეულზე და გ-------– ბ--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იყოს იმ პირობებში, როგორც ამას მიუთითებს გამოკითხვის ოქმში გ-------– ბ--------ე (ტ.2. ს.ფ. 137-147, სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ბრალდებულ გ-------– ბ--------ის კუთვნილ მობილური ტელეფონში შენახული აუდიო ჩანაწერი, რომელიც არის 31 წამის ხანგრძლივობის, აქედან ბინაში შესვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები შეადგენს მხოლოდ 13 წამს, რა დროსაც ბინაში შესული მამაკაცი მკვეთრი ინტონაციით ამბობს გამარჯობას, ამ დროს ისმის ქალის გაკვირვებული ხმა „-აქ რა გინდა სახლში“, შემდეგ ბინაში შესული პირი იძახის „-მოდი ი-----–-, ი-----–- შემოდი“, შემდეგ ისევ ისმის ქალის აღელვებული ხმა - „შენ წადი პოლიცია გამოიძახე“. ამ დროს გაისმის შემოსული მამაკაცის შეურაცხმყოფელი სიტყვები ქალის მიმართ და შემდეგ - ორი მამაკაცის ურთიერთგინების ხმა, ბოლოს ისმის მამაკაცის ხმა - „ვის დაარტყი“ და ჩანაწერი წყდება(გ. ბ--------ის მობილური ტელეფონში შენახული აუდიოჩანაწერი(3.01.2018 წელი 14:41 საათი, სასამართლო სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ნათია წერეთელის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს 2018 წლის 3 იანვარს სოციალური ქსელის მესენჯერში გ-------– ბ--------ესა და მ------–--- გ--–------–---ს შორის მიმოწერისას, დაზარალებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა უწმაწური და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ფსიქოლოგიურ ძალადობას გ-------– ბ--------ის მიმართ, რაც „კიბერბულინგში“ გადაიზარდა, რამაც განაპირობა ოჯახური კონფლიქტი და შემდგომ გ-------– ბ--------ის ძალადობრივი ქცევა. ამავე დასკვნაში აღწერილია ისიც, რომ მ------–--- გ--–------–---ი მიმოწერის ბოლო ნაწილში მიმართავს გ-------– ბ--------ეს „მობრძანდი, ბავშვი მზად არის, ლომებიან სახლთან დამელოდე, აქ მოსვლა არ გაბედო...“, „იცოდე რამეს დამიშავებ ან მე ან ბავშვს, ... ციხეში ამოგალპობ...“ (ტ.2. ს.ფ. 150-159, სასამართლო სხდომის ოქმი).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა, რომ ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ოჯახში ძალადობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წარმოადგენს დამამძიმებელ მაკვალიფიცირებელ გარემოებას. ასევე, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით დასჯად ქმედებად არის გამოცხადებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება და შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ობიექტური ანალიზით სასამართლომ დაადგინა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ცნო გ-------– ბ--------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ გამოიკვლია კონფლიქტისა და დანაშაულის უშუალო თვითმხილველი პირების მ------–---, დ-------- და ე-–------- გ--–------–---ების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ძალადობის ფაქტს და დამაჯერებლად აღწერენ გ-------– ბ--------ის მიერ მ------–--- და დ-------- გ--–------–---ებზე განხორციელებულ ძალადობას მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, სასამართლოს არ აქვს რაიმე საფუძველი ეჭვი შეიტანოს მათი ჩვენებების სანდოობაში, ვინაიდან როგორც კი შემთხვევა მოხდა, მყისიერად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის მუშაკები, მალევე მოხდა მათი გამოკითხვა და მათგან მიღებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდა ერთმანეთს, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენებები და 10 წლის ე-–------- გ--–------–---ის ჩვენება. გარდა ამისა, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამყარებულია მოწმეების ი-----–- კ------ის და თ----- დ-------–---–ი-გ--–------–---ის ჩვენებებითაც. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მათგან მიღებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ი-----–- კ------ე ჯერ კიდევ ძალადობის ფაქტის დასრულებამდე შევიდა ბინაში ყვირილის ხმაზე, მაშინვე შემთხვევის ადგილიდან გამოიყვანა გ-------– ბ--------ე, იმ დროს როდესაც მას ხელი ჰქონდა მოხვეული ნახევრად წელში მოხრილ დ-------- გ--–------–---ზე, რაც ასევე ემთხვევა დაზარალებულების მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. ანალოგიურად, თ----- დ-------–---–ი-გ--–------–---იც შემთხვევიდან რამდენიმე წუთში თავად გახდა გ-------– ბ--------ის მხრიდან გამოწვეული ძალადობის შედეგების თვითმხილველი. ზემოაღნიშნული ხუთივე მოწმის ჩვენება ურთიერთთავსებადია და ლოგიკურად უკავშირდებიან ერთმანეთს, რაც მთლიანობაში დამაჯერებელს ხდის მათგან მიღებულ ინფორმაციას.
გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, შესაბამის ექსპერტთა და ექიმ თ---------- ძ--------ის ჩვენებებით, რომელთა თანახმად დაზარალებულ მ------–--- გ--–------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდის მიდამოში - უსწორო ფორმის არა მკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 4,3X2,4 სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,5 X1,2 სმ. დაზარალებულ დ-------- გ--–------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ცხვირის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში - უსწორო ფორმის არა მკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,8X2,5 სმ. ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 1,6 X1,4 სმ. მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,8X2,4 სმ. მარხენა წარბის რკალზე აღენიშნება უსწორო ფორმის უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ზომით: 0,6X0,2 სმ. კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. დაზიანებების ხანდაზმულობა და მათი მიყენების მექანიზმი არ ეწინააღმდეგება შემთხვევის დროს და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს არ ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რა დროსაც ამოღებული იქნა სისხლიანი ქსოვილები და თაროს ნატეხი, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, ასევე ადასტურებენ როგორც დაზარალებულებზე ძალადობის ფაქტს, ისე მათივე ჩვენებების სანდოობას.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ექსპერტ ნათია წერეთელის ჩვენება, რომლის თანახმად შემთხვევას რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა დაზარალებულის მიერ შეურაცხმყოფელი ტექსტების გაგზავნა ბრალდებულის მისამართით, მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ ეწინააღმდეგება შერაცხულ ბრალდებას, ამასთან, ნათელს ხდის გ-------– ბ--------ის ქცევის განმსაზღვრელ მოტივს, ვინაიდან როგორც ამ მტკიცებულებით ირკვევა, მ------–--- გ--–------–---ის მიერ გამოგზავნილმა შეურაცხმყოფელმა მოკლე ტექსტურმა შეტყობინებებმა განაპირობა ოჯახური კონფლიქტი და შემდგომ გ-------– ბ--------ის ძალადობრივი ქცევა.
რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს - ძალადობით გამოწვეული ფიზიკურ ტკივილის განცდას, ეს ფაქტი დაზარალებულის ჩვენების გარდა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით. კერძოდ, ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენებით და მის მიერ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად მ------–--- გ--–------–---ი უჩიოდა ტკივილებს დაზიანებების არეში. დაზარალებულის ჩვენება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებთან ერთობლიობაში, სასამართლოს აძლევს იმის საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დაასკვნას დაზიანებების მიყენების შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა.
მოცემულ ფაქტზე არ არსებობს მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი რაიმე გარემოება. ბრალდებული გ-------– ბ--------ე არ უარყოფს შემთხვევის დღეს დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, მაგრამ განმარტავს, რომ მოქმედებდა თავდაცვის მიზნით, რათა მოეგერიებინა მ------–--- გ--–------–---ის შეიარაღებული თავდასხმა და ასევე მისი მამის თავდასხმა. ბრალდებულს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი იყო პროვოცირებული დაზარალებულის მხრიდან. კერძოდ, სოციალური ქსელით მიწერილი შეურაცხმყოფელი ტექსტებით ის შეგნებულად გააბრაზა დაზარალებულმა, რითაც ძალადობის პროვოცირება მოახდინა. ბრალდებულის ჩვენების ამ ნაწილს სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
გარდა იმისა, რომ ბრალდებულის მიერ გაჟღერებული აუცილებელი მოგერიების ვერსია ლოგიკურად არ გამომდინარეობს განვითარებული მოვლენებიდან და საღად მოაზროვნე ობიექტური დამკვირვებლის მხრიდან არადამაჯერებელია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება ასეთ ფაქტს არ ადასტურებს. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და არც მოწმეთა ჩვენებებში არსად ფიგურირებს დანა, უფრო მეტიც, ამის შესახებ არ განუცხადებია თვით ბრალდებულსაც კი გამოძიების საწყის სტადიაზე; ასევე აღმოჩენილი არ არის დანის გამოყენების რაიმე კვალი სხეულზე ან რაიმე ნივთზე; მიმოწერები მართლაც შეიცავს შეურაცხმყოფელ ტექსტებს, მაგრამ შეურაცხყოფა იყო ორმხრივი(დაზარალებულის განმარტებით ბრალდებულმა მას უწოდა „კეკელა თხა“) და სასამართლოს არ აქვს საკმარისი მასალები, რათა იმსჯელოს თუ რა გახდა ამის მიზეზი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თვით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მიმოწერებიდანაც ნათლად ჩანს, რომ დაზარალებული არათუ ცდილობდა ბრალდებულის პროვოცირებას, არამედ მოსალოდნელი კონფლიქტის არიდების მიზნით თავად იღებდა ზომებს და აფრთხილებდა კიდეც ბავშვის წასაყვანად მომავალ გ-------– ბ--------ეს: „მობრძანდი, ბავშვი მზად არის, ლომებიან სახლთან დამელოდე, აქ მოსვლა არ გაბედო...“, „იცოდე რამეს დამიშავებ ან მე ან ბავშვს, ... ციხეში ამოგალპობ...“.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ გ-------– ბ--------ე სწორედ ამ შეურაცხმყოფელი ტექსტების(ი-----–- კ------ის ფეისბუქიდან გაკეთებული „სქრინების“) წარმომავლობისა და ურთიერთობის გარკვევის მიზნით ი-----–- კ------ესთან ერთად გაბრაზებული მივიდა მ------–--- გ--–------–---თან. ხოლო მისი მხრიდან სახლში არ შეშვების უშედეგო მცდელობისა და პოლიციის გამოძახების დაპირების გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯერ თავად მ------–--- გ--–------–---ს, ხოლო შემდეგ იქვე მყოფ შვილის დასახმარებლად მისულ დ-------- გ--–------–---საც. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან მცირეწლოვანი ს------ ბ--------ე და ე-–------- გ--–------–---ი, რადგანაც დაზარალებულები თავიდანვე ყველა ჩვენებაში უთითებდნენ ამის შესახებ, ამასთან, 10 წლის ე-–------- გ--–------–---მა დამაჯერებლად აღწერა შემთხვევის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თავსებადი იყო დაზარალებულთა ჩვენებებთან. ის არგუმენტი, რომ ბავშვის ტირილის ხმა არ ისმის გ-------– ბ--------ის ტელეფონში არსებულ შემთხვევის ამსახველ აუდიოჩანაწერში, სრულებით არ გამორიცხავს და ეჭვქვეშ ვერ დააყენებს სარწმუნო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რადგან უშუალოდ კონფლიქტის ამსახველი ჩანაწერი არის სულ რამდენიმე წამის, რა დროსაც 1 წლისა და 9 თვის ბავშვი ფიზიკურად ვერ მოასწრებდა მოვლენების აღქმას და ემოციების ხმით გამოხატვას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილშიც, რომ ვინაიდან მასა და დაზარალებულს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა, ის იყო ერთ-ერთი რიგითი ქალი მის ცხოვრებაში და ქმედება ოჯახურ ძალადობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს, ვინაიდან სსკ-ის 111 მუხლის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ გ-------– ბ--------ისა და მ------–--- გ--–------–---ის ხანგრძლივი დროის მანძილზე ქორწინებაში ყოფნის ფატი, გარდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობისა, ასევე დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერებით და დაცვის მხარის მოწმე ა------–---–ის ჩვენებითაც, რომელიც ბრალდებულის და მ------–--- გ--–------–---ის ურთიერთობებს მოიხსენიებს ოჯახურ კონტექსტში. ბრალდებულისა და დაზარალებულის ოჯახური თანაცხოვრების ფაქტი გამყარებულია ასევე მათი საერთო შვილით ს------ ბ--------ით. ამასთან, კანონის თანახმად არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა საკმარისია ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად აღიარებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-------– ბ--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაულები - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
გ-------–- ბ--------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სსკ-ის 120-ე მუხლთან მიმართებაში, სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არის დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნების თანდასწრებით, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ასევე იმ გარემოებებს, რომ გ-------– ბ--------ე პირველად არის სამართალში და სურს მისი მცირეწლოვანი შვილის აღზრდაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი(მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება) და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება - ბრალდებული დაზარალებულთა ნების საწინააღმდეგოდ შეიჭრა მათ საცხოვრებელ სახლში და მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ იძალადა ყოფილ მეუღლესა და მის მამაზე. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ დაზარალებული მ------–--- გ--–------–---ი არ არის შერიგებული მსჯავრდებულთან და მოითხოვს გ-------– ბ--------ის მკაცრად დასჯას.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან ჯარიმის დანიშვნით. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით სამართლიანი ზომით და მისი რეალური მოხდით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-------–- ბ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1. სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
1.2. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-------–- ბ--------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.
4. გ-------–- ბ--------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 05 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
5.1. ქ. ქუთაისი, გ---------ს ქუჩის N15/2ა/19-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 07 ვაზნა; სანადირო თოფი HUGLU 103F; პისტოლეტის და თოფის სარეგისტრაციო მოწმობები; ასევე, ქ. თბილისში, ნ--–-----ის ქ. მეოთხე პლატო, კორპუსი N9გ, ბN16ა-ს ჩხრეკისას ამოღებული ერთ ლულიანი MP153, ნომერი 0715366031; ერთ ლულიანი თოფი, რომელზეც იკითხება STEYR 1893; ერთლულიანი თოფი ,,ARMSAN”, ნომერი 0715366031; საფანტის პისტოლეტი, მჭიდით SIG-SAUER P239 P.A.K. 57 ცალი 12 კალიბრის ვაზნა; იარაღების შესანახი შალითა; ცეცხლსასროლი იარაღების 4 სარეგისტრაციო მოწმობა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ CD დისკი, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის ტუმბოს თაროს ნატეხი, თეთრი პირსახოცი, ვარდისფერი ჩვარი და მოწითალო ლაქა - განადგურდეს.
5.4. დაცვის მხარის მიერ საქმეში მოთავსებული გ-------– ბ--------ის მობილური ტელეფონი სამუხტთან ერთად - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ-------– ბ--------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე