განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2018
საქმის ნომერი
080100118002592032
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/745-18 (N041060718002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

13.09.2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ქ------- უ-----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ა---------– გ----–----ე

მამის სახელი: გ----

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის 1-ლი შესახვევი N4/24

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, (02 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა---------– გ----–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, (02 ეპიზოდი) და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქუთაისში, ა---–-----------ის გამზირის პირველი შესახვევის N4/24-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ა---------– გ----–----ემ დედას-ქ------- გ----–----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჯოხი დაარტყა მარცხენა ბეჭის მიდამოში, ხელი მოუჭირა მარჯვენა მკლავში. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ქ------- გ----–----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2018 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე ქუთაისში, ა---–-----------ის პირველი შესახვევი N4/24-ში, მდებარე საცხოვრებელ ბინაში ა---------– გ----–----ემ დედას-ქ------- გ----–----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ესროლა ტელეფონი, რაც ქ------- გ----–----ეს მოხვდა მარცხენა ხელში. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ქ------- გ----–----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2018 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქუთაისში, ა---–-----------ის გამზირის პირველი შესახვევის N4/24-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ა---------– გ----–----ემ დედას-ქ------- გ----–----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცდილობდა მის ფიზიკურ შეურაცხყოფას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ზემოაღნიშნული ქმედებით ქ------- გ----–----ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ ქ------- გ----–----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ა---------– გ----–----ე არის მისი შვილი. იგი მეუღლესთან და 3 ვაჟთან ერთად (მათ შორის ა---------–თან) ცხოვრობს ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის 1-ლი შეს. N4/24-ში, ხოლო ერთი ვაჟი ცხოვრობს სხვაგან. ა---------–ი ბავშვობიდან იყო ნერვიული და აგრესიული ბავშვი, მათ შორის მომხდარი კონფლიქტი განვითარდა ა---------–ისაგან ფულადი თანხის მოთხოვნის ნიადაგზე. 2018 წლის 04 ივლისს საღამოს 5-6 საათი იქნებოდა, როდესაც დედა-შვილი სიტყვიერად შეკამათდნენ. ოთახში სხვა არავინ იმყოფებოდა. ერთმანეთს გამოეკიდნენ სიტყვებით. ა---------–ი მას მიმართავდა უხეში სიტყვებით, რაზეც არ შეეპუა და მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ მიმართავდა ასეთი ფორმით გამზრდელ დედას. ამ დროს იგი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში. ზუსტად არ ახსოვს თუ რა სიტყვებით მიმართავდა მას. ერთი ახსენდება, რომ მის ნათქვამზე წასული სახლიდან თუკი ასე აპირებდა გაგრძელებას, ა---------–ი პასუხობდა, რომ არ წავიდოდა სახლიდან სანამ არ მოუღებდა ბოლოს. ამ კამათის მიმდინარეობისას მას მარცხენა მხარეს ხელზე მოხვდა ჯოხი, საიდან გაჩნდა ეს ჯოხი იქ არ ახსოვს, იქ იყო მიყუდებული, მას ეჭირა ხელში თუ ა---------–ს ქონდა... შემდეგ ჯოხის წართმევას შეეცადა და ამ დროს მაჯაზე მოუჭირა ხელი. ჯოხის მონახვედრ ადგილზე განუვითარდა ჩალურჯებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ იგი წავიდა სახლიდან და იმ ღამეს არ მოსულა სახლში. 2018 წლის 05 ივლისს მათთან სახლში მოვიდა მეზობელი და სპალნაში საუბრისას მეზობელმა ჰკითხა მას თუ რას ერჩოდნენ ა---------–ს და რატომ ანერვიულებდნენ, რაზედაც მან რიტორიკულად უპასუხა, რომ მისი შვილი თუ ასეთი უხეში სიტყვებით მიმართავდა თითონ როგორ მოიქცეოდა?!, ამის თქმა იყო და მეორე ოთახიდან გამოვარდა ა---------–ი და მიმართა უხეშად ,,შენ კიდევ არ აჩუმებ ენასო“ და თან ესროლა ტელეფონი, რაც მოხვდა მარცხენა ხელზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი, სიწითლეც ემჩნეოდა. რაც შეეხება მუქარის ფაქტს, 2018 წლის 06 ივლისს, გამთენიისას ა---------–ი იმყოფებოდა სახლში მთვრალ მდგომარეობაში, ჩხუბობდა და აგინებდა უმიზეზოდ მას, აღნიშნულზე გაიღვიძა ძმებმა და მამამაც, თუმცა იგი არავის არ ეპუებოდა და იმუქრებოდა, რომ დახოცავდა ყველას, ჩაამტვრია კარების გული, რის გამოც მას შეეშინდა ამ აგრესიის ფონზე რაიმე უბედურება არ ჩაედინა, რის გამოც გამოიძახა პატრული.

იგი ითხოვს, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს მდგომარეობა და აღარ გაუგრძელდეს პატიმრობა მის შვილს. დაეკისროს ისეთი სასჯელი რაც დაკავშირებული იქნება სასარგებლო შრომასთან, ეკლესიაში ან სადმე. (სასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს, დაზარალებულის ჩვენების მოსმენის შემდეგ, ა---------– გ----–----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და სადავოდ აღარ ხდის ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავო მტკიცებულად ცნო ბრალდებულმა სხვა დანარჩენი მტკიცებულება, შესაბამისად, ა---------– გ----–----ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულის ჩვენებით და საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა გ---- გ----–----ის, გ---- მ----–----–--ის, ლ---- ლ------ს და თ---------- გ----–----ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; დისკების დათვალიერების ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის N004847318 და N004848818 დასკვნებით; შეტყობინებებით; ნასამართლობის ცნობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ა---------– გ----–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, (02 ეპიზოდი) და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, (02 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილთან მიმართებაში ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ა---------– გ----–----ემ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც სსკ-ის 531 მუხლის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ა---------– გ----–----ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის დროს, უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; დაზარალებულს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულთან და ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას, ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ა---------– გ----–----ეს წარსულში არც ანალოგიური ფაქტი და არც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სხვა ქმედება არასოდეს ჩაუდენია და ოჯახურ კონფლიქტს რაიმე სერიოზული წანამძღვარი არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა და მისმა ოჯახმა უსახსრობის გამო ვერ შეძლო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 3000 ლარის გირაოს გადახდა ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, რის გამოც 02 თვე და 8 დღე ბრალდებული პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.

ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა---------– გ----–----ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა---------– გ----–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილი (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

1.1. სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

1.2. 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 04 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

1.3. 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 05 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა---------– გ----–----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ა---------– გ----–----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 06 ივლისიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა---------– გ----–----ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ფოტომასალის ამსახველი დისკი და საპატრულო პოლიციიდან გადმოგზავნილი ჩანაწერის ამსახველი დისკი, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში - განადგურდეს.

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე