განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/174-18
(№012040218008)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე: ადვოკატი გიორგი სამუშია,ბრალდებული: რ----–-------–--ე;
პირადი ნომერი: №3----------;
დაბადებული: 03.01.1--- წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ს------------------------------ში;
ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. რუსთავი, მ---------------------ში;
კვალიფიკაცია:
- საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის;
- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. რუსთავის დ----–--------–-------------------ში მდებარე, ”ს----------–---------–-–--------–----------------ის” ოფისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ----–------–--ემ და ი-----–---------–---–მა ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მათ გაშველებას ცდილობდნენ გ------------------–---–ი და ხ------------–---–ი. რ----–------–--ისა და ი-----–---------–---–ის გაშველების შემდეგ რ----–------–--ე ეზოდან შევიდა ოფისის შენობაში, გამოიტანა დანა და დასარტყმელად მოუქნია ი-----–---------–---–ს, რაც ამ უკანასკნელმა აიცილა. რ----–------–--ემ გააგრძელა რა დანის მოქნევა, მოქნეული დანა დაარტყა ხ------------–---–ს. აღნიშნულის შედეგად ხ------------–---–მა მიიღო შემავალი ჭრილობა პლევრის ღრუში, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ამის შემდეგ რ----–------–--ემ კვლავ მოუქნია დანა ი-----–---------–---–ს და ზურგის მხარეს მიაყენა დაზიანება. რ----–------–--ეს ქმედებების შედეგად ი-----–---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული ხ------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს ”ს----------–---------–-–--------–----------------ის” დაცვის სამსახურში. რ----–------–--ესთან აქვს კარგი ურთიერთობა. 2018 წლის 4 თებერვალს, საღამოს საათებში სამსახურში გაშალეს სუფრა. სუფრაზე ნასვამმა რ----–------–--ემ ქუდი მოხადა მის ძმისშვილს ასევე ნასვამ ი-----–---------–---–ს და არ უბრუნებდა. აღნიშნულზე შეკამათდნენ, რ----–იმ გადაუგდო ქუდი, ი-----–იმ შეაგინა და შეძიძგილავდნენ, მათ დროებით შეძლეს გაშველება: მან გაიყვანა რ----–------–--ე, გ------------------–---–მა - ი-----–---------–---–ი და ცდილობდნენ მათ შერიგებას. შერიგებისას რ----–------–--ემ კიდევ დაარტყა ხელი ი-----–---------–---–ს, რაც გადაიზარდა ჩხუბში. მან დაინახა, რომ რ----–------–--ე ეზოდან შევარდა ოფისში, გამოიტანა დანა, რომელიც ი-----–---------–---–ს მოუქნია, მაგრამ ააცილა, მეორე მოქნევაზე იგი ი-----–ისთან ძალიან ახლოს იდგა და გადაეფარა, რა დროსაც მკერდთან მოხვდა დანა, დაიჭრა და გონი დაკარგა. მისივე განმარტებით, ინცინდენტის დროს მას და რ----–------–--ეს შორის არანაირ შელაპარაკებას არ ჰქონია ადგილი. რ----–------–--ეს მისთვის არ უნდოდა დარტყმა, რადგან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 4 თებერვალს, საღამოს საათებში ე.წ. ორმოცის სუფრა მიიტანა სამსახურში. სუფრაზე რ----–------–--ემ და ი-----–---------–---–მა მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. რ----–მა ქუდი მოხადა ი-----–ის და არ უბრუნებდა, რაზეც შეკამათდნენ. რ----–მა გადაუგდო ქუდი, ი-----–იმ შეაგინა, რის გამოც შეძიძგილავდნენ. მან და ხ------------–---–მა მოახერხეს დროებით გაშველება და ცდილობნენ შერიგებას. იგი ი-----–---------–---–ს ამშვიდებდა, რა დროსაც გაიგონა ხ------------–---–ის ხმა, დანა აქვს, ფრთხილადო. რ----–------–--ემ ი-----–---------–---–ს მოუქნია დანა, მაგრამ ააცილა, მეორე მოქნევაზე ხ------------–---–ი ი-----–ისთან ძალიან ახლოს იდგა და დანის მოგერიების მიზნით გადაეფარა, რა დროსაც მკერდთან მოხვდა დანა, დაიჭრა და გონი დაკარგა. იგი მივარდა ხ---ას, ასევე ი-----–იც დაიხარა, რა დროსაც რ----–------–--ემ მოუქნია დანა ი-----–ის, მიაყენა ჭრილობა ზურგზე, ამის მიუხედავად და კვლავ იწევდა ი-----–ისკენ. ეს უკანასკნელი ხის ნაჭრით იგერიებდა. მისივე განმარტებით, რ----–სა და ხ---ას შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--–--------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებული რ----–------–--ე არის მეუღლის დის შვილი, ცხოვრობს მის ოჯახში. 2018 წლის 4 თებერვალს, დილით რ----–ი სამსახურში წავიდა. საღამოს 22:30 საათზე მისი მეუღლეს შეატყობინეს, რომ რ----–ი ჩხუბობდა. რ----–ი სახლში დაბრუნდა აღელვებული, ტიროდა. ტანსაცმელი დასვრილი ჰქონდა. მაისური ეცვა, რომელიც მისი არ იყო. ამბობდა, რომ ხ---ასთვის არ უნდოდა დანის დარტყმა. მისთვის ცნობილია, რომ ხ---ას და რ----–ს ცუდი ურთიერთობა არ ჰქონიათ, ხოლო რ----–ს ჩხუბი მოუვიდა ი-----–---------–---–თან (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. 2018 წლის 23 თებერვლის #001233018 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინოს დოკუმენტის მიხედვით მოქ. ხ------------–---–ი მოთავსდა სტაციონარში 04.02.2018 წ. და აგრძელებს მკურნალობას დიაგნოზით: გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი პლევრის ღრუში, გულისა და მარჯვენა ფილტვის, მარჯვენა VII ნეკნის ტრამვული დაზიანება, მარჯვენა დიაფრაგმის ნერვის ტრავმული დაზიანება, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; ჭრილობის არხის მიმართულებაა: წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ და ქვემოდან ზემოთ (ტ. 1. ს.ფ. 285-287).
2.5. 2018 წლის 19 ივნისის N572/ტრ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ხ------------–---–ის ტანსაცმელზე (ქურთუკზე, ორ ცალ სვიტერზე და მაისურზე) არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედებით, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N001233018 დასკვნაში მითითებულ ხ------------–---–ის სხეულზე არსებულ ჭრილობას.
- ხ------------–---–ის შარვლის, საღამური შარვლის, ქვედასაცვლის, ორი წყვილი წინდის, ქამრის და ფეხსაცმლების ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
- რ----–------–--ის ტანსაცმლის (შარვლისა და ფეხსაცმლების) ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნება.
- ი-----–---------–---–ის მაისურზე არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი ცალპირლესილი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა.
- ი-----–---------–---–ის მაისურზე არსებული სწორ კიდეებიანი გამჭოლი დაზიანებების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილ ი-----–---------–---–ის სხეულზე არსებული მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებების ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია.
- ი-----–---------–---–ის შარვლის და ფეხსაცმელების ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანებების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტ NFCI454500-ში არსებულ ქურთუკზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტ NFCI454501-ში არსებულ ქურთუკზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტ NFCI406075-ში არსებულ სვიტერზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტ NFCI454504-ში არსებულ ჟაკეტზე არსებული დაზიანება ნაკერის განარღვევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
2.6. 2018 წლის 23 თებერვლის N001236918 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით მოქალაქე ი-----–---------–---–ი მკურნალობდა სტაციონალურად 04.02.18 წ-დან 05.02.18 წ-მდე დიაგნოზით: გულმკერდის უკანა კედლის ნაჭდევი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო მისი ხანდაზმულობა ვერ დგინდება. 06.02.18 წ ობიექტური შემოწმებით ი-----–---------–---–ს ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად (ტ. 1. ს.ფ. 282-284).
გამოძიებისას მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს ასევე გამომძიებლებმა ლევან სიჭინავამ, გიორგი გონგაძემ და ზურაბ ბლიაძემ, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული თითოეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გარემოებები;
საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები დაცვის მხარემ 2018 წლის 30 აგვისტოს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ სცნო, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულმა რ----–------–--ემ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ, სსკ-ის 126-ე მუხლით - სრულად სცნო. მისი განმარტებით დადასტურებულია, მუშაობს ”ს----------–---------–-–--------–----------------ის” დაცვის სამსახურში. 2018 წლის 4 თებერვალს, საღამოს საათებში სამსახურში გაშალეს სუფრა. სუფრაზე ხუმრობით ქუდი მოხადა ი-----–---------–---–ს, რაზეც შეძიძგილავდნენ. მან ოფისიდან გამოიტანა დანა, რომელიც შესაშინებლად მოუქნია ი-----–---------–---–ს და შემთხვევით მოხვდა ხ------------–---–ს. მისივე განმარტებით, ხ---ა რომ არ გადმომხტარიყო, არავის მოხვდებოდა. განზრახვა არ ჰქონია. მას არამცთუ ხ---ასთვის, ი-----–ისთვისაც არ უნდოდა დარტყმა, უბრალოდ შეშინება უნდოდა. სულ ორჯერ მოიქნია დანა. მას ხ---ასთან კონფლიქტი არასდროს არ ჰქონია. ხ---ას დაჭრის შემდეგ სხვას მოხვდა თუ არა დანა, არ ახსოვს. ამის შემდეგ ანერვიულებულმა გააჩერა ტაქსი და წავიდა სახლში. დანა გადააგდო კოსტავას ქუჩაზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ცნება - ,,ჯანმრთელობის დაზიანება“ თავის თავში მოიცავს დანაშაულის ობიექტზე მინიშნებასაც. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის ობიექტია სხვა ადამიანის ჯანმრთელობა. ამასთან ჯანმრთელობა ამ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ მხოლოდ ბიოლოგიურ მოვლენად. ჯანმრთელობას დიდი სოციალური მნიშვნელობაც აქვს. მასზეა დამოკიდებული ადამიანის შრომისუნარიანობა, შემოქმედებითი შესაძლებლობები და ა.შ. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა. მოცემული ქმედების კვალიფიკაციისთვის დანაშაულის ხერხს და საშუალებას მნიშვნელობა არ აქვს.
ჯანმრთელობის დაზიანების შემადგენლობანი მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნებიან. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია განსაზღვრული შედეგის დადგომა. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშულებში მიზეზობრივი კავშირი წარმოადგენს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს და არსებობს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ნორმის დისპოზიციაში მითითებულ კონკრეტულ შედეგს შორის, რაც გამოიხატება ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების სახით.
მიზეზობრივი კავშირის საკითხის გადაწყვეტისათვის განსახილველი კატეგორიის საქმეებზე დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპერტიზის დასკვნის სწორ შეფასებას. ექსპერტი განსაზღვრავს დაზიანების ხანდაზმულობას, რომლის საფუძველზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო ადგენს, არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ”წესები სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრისთვის” იძლევა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების ჩამონათვალს, რომელთა შორის მითითებულია ჭრილობა გულ-მკერდში.
ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვაგვარი მოქმედებით. კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა ხასიათის მოქმედებას მიმართა დამნაშავემ - მექანიკურ, თერმულ, ქიმიურ თუ ფსიქიკურ და ა.შ. ზემოქმედებას. დანაშაულის ჩადენის საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მხოლოდ სასჯელის ზომის განსაზღვრაზე.
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ყველა შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალეული ქმედება შეიძლება იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი. ქმედება არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას (სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი). პირდაპირი განზრახვისაგან განსხვავებით, არაპირდაპირი განზრახვა ხასიათდება როგორც ცოდნის, ასევე ნებელობის დაბალი ხარისხით.
დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში ხ------------–---–ის ჯანმრთელობა.
რ----–------–--ეს ასევე ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობაა დაწესებული ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სხვაგვარი ძალადობა, რომელშიც იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა ან თერმული საშუალებით ზემოქმედება და სხვა, შედეგი გამოიხატება ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასთან. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას ან სისხლნაჟღენთს, აღსანიშნავია, რომ ცემის დროს გამოყენებული საშუალება, იქნება ეს საგანი თუ ხელ-ფეხი, მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანს.
დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში ი-----–---------–---–ის ჯანმრთელობა.
5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ რ----–------–--ეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება არ ჩაუდენია. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების გ------------------–---–ის და ხ------------–---–ის ჩვენებებით, რომლის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არსებობს, დადასტურებულია, რომ რ----–------–--ემ ოფისიდან გამოტანილი დანა მოუქნია ი-----–---------–---–ს, პირველ ჯერზე ააცილა, მაგრამ მეორე მოქნევაზე ი-----–ისთან ძალიან ახლოს მდგომი ხ------------–---–ი გადაეფარა, რომელიც დაიჭრა მკერდის არეში. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ რ----–------–--ეს, რომელიც ხედავდა ი-----–---------–---–ის გვერდით მდგომ ხ------------–---–ს, გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის (ხ------------–---–ის დაჭრის) შესაძლებლობას, არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ მისი ცოდნის ან ნებელობის დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვა). აღნიშნული შედეგი დადასტურებულია, როგორც 2018 წლის 23 თებერვლის #001233018 სამედიცინო, ასევე 2018 წლის 19 ივნისის N572/ტრ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით.
6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----–------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, ასევე დაზარალებულის მხრიდან მის მიმართ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–------–--ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
რ----–------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული:
- პლასტმასის და მეტალის კონტეინერები, თეფშები, ჩანგალები, ჭიქები, შუშის და პლასტმასის ბოთლები, სხვადასხვა ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, მოწმობა და მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- სისხლის კვლები, ლაქები, ანაწმენდები და სისხლის ნიმუშები, სიგარეტის ნამწვები და სიგარეტის კოლოფები უნდა განადგურდეს;
- სამედიცინო ისტორიები უნდა დაუბრუნდეთ სათანადო დაწესებულებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----–------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ----–------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
2. რ----–------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 05 თებერვლიდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული:
- პლასტმასის და მეტალის კონტეინერები, თეფშები, ჩანგალები, ჭიქები, შუშის და პლასტმასის ბოთლები, სხვადასხვა ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, მოწმობა და მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- სისხლის კვლები, ლაქები, ანაწმენდები და სისხლის ნიმუშები, სიგარეტის ნამწვები და სიგარეტის კოლოფები - განადგურდეს;
- სამედიცინო ისტორიები დაუბრუნდეთ სათანადო სამედიცინო დაწესებულებებს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი