გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2018
საქმის ნომერი
330210018002444289
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13920-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - შსს საპ--------–-------–-–-------------------ი

წარმომადგენელი - მა-------------–--ე

მოპასუხე - შპს „ალ---------ი“

წარმომადგენელი - სო-------------ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ალ---------ს“ შსს საპ--------–-------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 14 006.96 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2013 წლის 25 ივნისს შსს საპ--------–-------–-–-------------------სა და შპს „ალ---------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2--, რომლის თანახმად შპს „ალ---------მა“, როგორც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება შსს საპ--------–-------–-–-------------------ისათვის გადაეცა ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა 310 ცალი. აღნიშნული ხელშეკრულების დანართი 1-ის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ 150 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მიწოდება შპს „ალ---------ს“ უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების დადების დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში - 2013 წლის 10 ივლისის ჩათვლით, ხოლო დანარჩენი 160 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების დადების დღიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

მოპასუხემ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება - 310 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მიწოდება, განახორციელა 2013 წლის 05 სექტემბერს, ანუ ერთ შემთხვევაში 37 დღის, ხოლო მეორე შემთხვევაში 57 დღის დაგვიანებით.

 

ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ალ---------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 5730.56 ლარსა და 8276.40 ლარს, ჯამში - 14 006.96 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ალ---------მა“ შსს საპ--------–-------–-–-------------------ს საქონელი მიაწოდა 2013 წლის 05 სექტემბერს, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს და მიიღო მიწოდებული საქონელი რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ამასთან, მიწოდების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო ტრანსპორტირების შეფერხებით, ობიექტური მიზეზების გამო.

 

მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან პროდუქციის მიწოდება განხორციელდა 2013 წლის 05 სექტემბერს, რის გამოც ამ დროიდან წარმოიშვა ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. თუმცა სარჩელის შეტანამდე გასულია თითქმის 5 წელი. მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა, კი შეადგენს 3 წელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 25 ივნისს შსს საპ--------–-------–-–-------------------სა და შპს „ალ---------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2--, რომლის თანახმად შპს „ალ---------მა“ იკისრა ვალდებულება შსს საპ--------–-------–-–-------------------ისათვის მიეწოდებინა 310 ცალი ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა - 150 004 ლარით. ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა 2013 წლის 25 ივნისს სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით. საგარანტიო თანხა განისაზღვრა 7510 ლარით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით განისაზღვრა საქონლის მიწოდების ვადა. კერძოდ, შპს „ალ---------ს“ შსს საპ--------–-------–-–-------------------ისათვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში - 2013 წლის 10 ივლისის ჩათვლით, უნდა მიეწოდებინა 150 ცალი ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდრული დღის განმავლობაში - 2013 წლის 30 ივლისის ჩათვლით, დარჩენილი - 160 ცალი ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2-- (იხ. ს.ფ. 16-23);

- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია (იხ. ს.ფ. 30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.2. მხარეთა შორის 2013 წლის 25 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დააკისროს მომწოდებელს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2-- (იხ. ს.ფ. 16-23);

 

3.1.3. 25.06.2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი - 310 ცალი ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, შპს „ალ---------მა“ შსს საპ--------–-------–-–-------------------ს მიაწოდა ვადაგადაცილებით - 2013 წლის 05 სექტემბერს. კერძოდ, ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის პირველი ეტაპის (150 ცალი) მიწოდება მოხდა 57 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე ეტაპის (160 ცალი) მიწოდება, კი - 37 დღიანი ვადაგადაცილებით.

 

შსს საპ--------–-------–-–-------------------მა მიიღო შპს „ალ---------ის“ მიერ ვადაგადაცილებით მიწოდებული პროდუქცია და გადაიხადა საქონლის შესაბამისი ღირებულება - 150 040 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- (იხ. ს.ფ. 16-23);

- შსს საპ--------–-------–-–-------------------ის წერილები (იხ. ს.ფ. 24-25);

- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 26);

- საგადახდო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 27);

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები (იხ. ს.ფ. 28-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.4. 25.06.2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „ალ---------ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის - ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის პირველი ეტაპის (150 ცალი) მიწოდების ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო - 8276.40 ლარის ოდენობით, ხოლო პროდუქციის მეორე ეტაპის (160 ცალი) მიწოდების ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო - 5730.56 ლარის ოდენობით. ჯამში, შპს „ალ---------ს“ პროდუქციის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო - 14006.96 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს საპ--------–-------–-–-------------------ის წერილები (იხ. ს.ფ. 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.5. შპს „ალ---------ს“ ეცნობა დარიცხული პირგასამტეხლოს შესახებ, თუმცა მისი მხრიდან არ მომხდარა თანხის გადახდა. ამასთან, შსს საპ--------–-------–-–-------------------ის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული საბანკო გარანტიის გამოთხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს საპ--------–-------–-–-------------------ის წერილები (იხ. ს.ფ. 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ეს არის უფლების განხორციელების ვადა და მიიჩნევა, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. ამდენად, უფლებადარღვეული პირისათვის უფლების დაცვა დროის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება, რაც მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვას (მატერიალურად და არა პროცესუალურად) გამორიცხავს.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 25 ივნისს შსს საპ--------–-------–-–-------------------სა და შპს „ალ---------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2--, რომლის თანახმად შპს „ალ---------მა“ იკისრა ვალდებულება შსს საპ--------–-------–-–-------------------ისათვის მიეწოდებინა 310 ცალი ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი შპს „ალ---------ს“ შსს საპ--------–-------–-–-------------------ისათვის უნდა მიეწოდებინა ორ ეტაპად. კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში - 2013 წლის 10 ივლისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 150 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალედნარული დღის განმავლობაში - 2013 წლის 30 ივლისის ჩათვლით, კი დარჩენილი 160 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. თუმცა, შპს „ალ---------ის“ მიერ შსს საპ--------–-------–-–-------------------ისათვის საქონლის მიწოდება განხორციელდა ვადაგადაცილებით - 2013 წლის 05 სექტემბერს. შესაბამისად, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის პირველი ეტაპის (150 ცალი) მიწოდება მოხდა 37 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე ეტაპის (160 ცალი) მიწოდება, კი 57 დღიანი ვადაგადაცილებით. რის გამოც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამში - 14006.96 ლარის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა კი ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად განხორციელდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

ამდენად, მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევისათვის პირგასამტელოს დაკისრება დაიწყო საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების პირველივე დღიდან, შესაბამისად 2013 წლის 11 ივლისიდან და 2013 წლის 31 ივლისიდან. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა ბოლოს განხორციელდა 2013 წლის 04 სექტემბერს, ვინაიდან 2013 წლის 05 სექტემბერს მოპასუხის მიერ დაგვიანებით, თუმცა მოხდა ვალდებულების შესრულება, რომელიც მიიღო მოსარჩელემ. შესაბამისად, ამ დროიდან შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვაც. ამდენად, ვინაიდან მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ხდებოდა ყოველდღიურად ვალდებულების შესრულებამდე, მოსარჩელის მოთხოვნის უფლებაც წარმოიშობოდა ყოველი დარიცხვის შესაბამისად. ამდენად, ვინაიდან პირგასამტეხლოს დაკისრება ბოლოს მოხდა 2013 წლის 04 სექტემბერს, მისი ჯამური ოდენობის 14006.96 ლარის მოთხოვნის სამ წლიანი ვადის ათვლა დასრულდა - 2016 წლის 04 სექტემბერს. ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2018 წლის 14 მაისამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი), რის გამოც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულია.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში აღძრა - ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შსს საპ--------–-------–-–-------------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე, 144-ე, მე-400, 477-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად შპს „ალ---------ს“ შსს საპ--------–-------–-–-------------------ის მიმართ წარმოეშვა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის დადგენილ ვადაში მიწოდების ვალდებულება, თუმცა მიწოდება განხორციელდა ვადადარღვევით, რის გამოც შპს „ალ---------ს“ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ჯამში - 14006.96 ლარის ოდენობით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ - დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განახორციელა ვადაგადაცილებით - 2013 წლის 05 სექტემბერს, რის გამოც დაეკისრა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. დადგენილია, ასევე, რომ აღნიშნული პერიოდიდან გასულია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის შემოტანამდე - 2018 წლის 14 მაისამდე ხანდაზმულია.

 

ამდენად, ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი მოსარჩელის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 144-ე, 417-ე, 477-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, შსს საპ--------–-------–-–-------------------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალოებისაგან. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შსს საპ--------–-------–-–-------------------ის სარჩელი შპს „ალ---------ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე