გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210117002013032
საქმე №2/1033-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამრთლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე ი--- კ----ა
ადვოკატი ა-–---ი მ------–---–ი
მოპასუხე ა-–---ი გ------–-----ი
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ა-–---ი გ------–-----ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - დ-------ნ გ------–-----ის (დაბადებული 2013 წლის 03 ოქტომბერს), ნ-----–--ზ გ------–-----ის (დაბადებული 2014 წლის 13 აგვისტოს) და ნ--ო გ------–-----ის (დაბადებული 2015 წლის 29 ივნისს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 150 ლარის, ჯამში 450 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 17 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ან გარემოებების შეცვლამდე (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა სასამართლო სხდომაზე);
ი--- კ----ასა და ა-–---ი გ------–-----ს თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ სამი შვილი - დ-------ნ, ნ-----–--ზ და ნ--ო გ------–-----ები. მხარეები 2017 წლის თებერვლის თვიდან ცხოვრებენ ცალ-ცალკე, მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო. მოსარჩელე ამჟამად იმყოფება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების რჩენასა და აღზრდაში და არ უწევს მათ ფინანსურ დახმარებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება სხვა არასრულწლოვანი ბავშვები, შექმნა ოჯახი და ელოდება კიდევ ერთ შილს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი--- კ----ა და ა-–---ი გ------–-----ი 2013 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - დ-------ნ გ------–-----ი (დაბადებული 2013 წლის 03 ოქტომბერს), ნ-----–--ზ გ------–-----ი (დაბადებული 2014 წლის 13 აგვისტოს) და ნ--ო გ------–-----ი (დაბადებული 2015 წლის 29 ივნისს).
3.1.2. მხარეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ 2017 წლის თებერვლის თვიდან; არასრულწლოვანი ბავშვები აღსაზრდელად იმყოფებიან მოსარჩელესთან - ი--- კ----ასთან;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე, 1218-ე, 1234-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.
ალიმენტის დანიშვნის დროს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ალიმენტის დანიშვნის დროს, ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე მუშაობს და გააჩნია შემოსავალი. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ბავშვების ნორმალური აღზრდა განვითარებისთვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს მისი ინტერესების დაკმაყოფილებას, რათა მომავალში იგი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ერთად, მოსარჩელე - არასრულწლოვანი ბავშვების დედა ამჟამად არის უმუშევარი. მოსარჩელის შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ნაწილში, ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტერესების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამდენად, მოპასუხის მიერ გაცნობიერებული უნდა იქნეს მისი ვალდებულებები შვილების მიმართ, იგი ვალდებულია არასრულწლოვან შვილებს შეუქმნას მინიმალური პირობები ღირსეული ცხოვრებისათვის და მისი განმარტება, რომ მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი და ალიმენტის გარდა თითოეულ ბავშვზე 50 ლარისა ვერ გადაიხდის, საფუძველს მოკლებულია.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის კმაყოფაზეა სხვა არასრულწლოვანი შვილებიც, შექმნა სხვა ოჯახი და მისი განმარტებით ელოდება კიდევ ერთ შვილს, არ ააქვს სტაბილური შემოსავალი, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარი სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 17 ივლისიდან ბავშების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. ამდენად, მოსარჩელე გათავისუფლებულია ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.
მოცემულ შემთხვევაში ჯერ კიდევ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ თითოეულ ბავშვზე 50 ლარის, ჯამში 150 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო მოსარჩელე კი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ამასთან სასამართლომ ნაწილობრივ,ჯამში 240 (ორას ორმოცი) ლარის ნაწილში დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რის გამოც მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 32.4 ლარი გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე ა-–---ი გ------–-----ს არასრულწლოვანი შვილების - დ-------ნ გ------–-----ის (დაბადებული 2013 წლის 03 ოქტომბერს), ნ-----–--ზ გ------–-----ის (დაბადებული 2014 წლის 13 აგვისტოს) და ნ--ო გ------–-----ის (დაბადებული 2015 წლის 29 ივნისს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარის, ჯამში 240 (ორას ორმოცი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 17 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ან გარემოებების შეცვლამდე
2. მოპასუხე ა-–---ი გ------–-----ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 32.4 (ოცდათორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 31 ივლისს მიღებული № 2/1033-17 განჩინება დროებითი განკარგულების შესახებ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე