გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.08.2018
საქმის ნომერი
330310018002328551
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/1295-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე - სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------

წარმომადგენელი - დ----------------–---–-

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ე---------------–--ცი

მესამე პირი - შპს „პ-------------ი“

წარმომადგენელი - თ--------------–--ლი

მესამე პირი - შპს „ჯ------------------ი“

წარმომადგენლები - თ------------–-–--ლი, ა----------ია

დავის საგანი: განკარგულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 29 იანვრის №A1--------009/001 განკარგულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საქართველოს იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - შპს „პ-------------ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3.2. მესამე პირის - შპს „ჯ------------------ის“ წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს და ითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 აგვისტოს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №SP1--------/3----- ბრძანებით შპს „პ-------------ს“ შპს „ჯ------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14558.52 ლარის გადახდა. მითითებული ბრძანების აღსრულების მიზნით შპს „ჯ------------------ის“ წარმომადგენელმა 2017 წლის 12 სექტემბრის განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ჯ------------------ის“ 2017 წლის 12 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 96-99);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 აგვისტოს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №SP1--------/3----- ბრძანება (ს.ფ. 100);

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საქმე №A1------- (ს.ფ. 93).

 

4.1.2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 იანვრის №A1--------009 წერილით შპს „პ-------------ს“ დაევალა ქონებრივი ნუსხის თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 იანვრის №A1------- წერილი (ს.ფ. 139-140);

 

4.1.3. შპს „პ-------------ის“ 2018 წლის 18 იანვრის განცხადებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ კომპანიას აქვს მოთხოვნა სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს „პ-------------ის“ 2018 წლის 18 იანვრის განცხადება (ს.ფ. 148).

 

4.1.4. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „პ-------------ის“ და შპს „დ------ი 2-ის“ 2017 წლის 18 სექტემბრის სარჩელი სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიმართ, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ 2016 წლის 12 აგვისტოს №2/31 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად აღიარებას, ნასყიდობის საფასურის და პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „პ-------------ის“ და შპს „დ------ი 2-ის“ სარჩელი (ს.ფ. 21-38);

-სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს შესაგებელი (ს.ფ. 39-49);

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება (საქმე №2/2-----17) (ს.ფ. 145-147);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.07.2018წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

4.1.5. 2018 წლის 23 იანვარს კრედიტორმა - შპს „ჯ------------------მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ყადაღის დადება მოვალე შპს „პ-------------ის“ მოთხოვნაზე მესამე პირის (მოვალის მოვალე) - სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს (2--------) მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „ჯ------------------ის“ განცხადება (ს.ფ. 173);

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 29 იანვრის №A1--------009/001 განკარგულება (ს.ფ. 14-16).

 

4.1.6. „მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 29 იანვრის №A1--------009/001 განკარგულებით: 1. შპს „ჯ------------------ის“ წარმომადგენლის განცხადება დავალებული პირის სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიმართ მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გამოცემაზე დაკმაყოფილდა. 2. ყადაღა დაედო მოვალე შპს „პ-------------ის“ მოთხოვნას სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიმართ 15577.62 ლარის ფარგლებში. 3. დავალებულ პირს სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაევალა დაყადაღებული მოთხოვნის შესაბამისად თანხის გადახდა კრედიტორისათვის შპს „ჯ------------------ისთვის“ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 29 იანვრის №A1--------009/001 განკარგულება (ს.ფ. 14-16).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „უ“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს, შპს „ჯ------------------ის“ 2017 წლის 12 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 აგვისტოს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №SP1--------/3----- ბრძანება, რომლითაც შპს „პ-------------ს“ შპს „ჯ------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14558.52 ლარის გადახდა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა და ინფორმაცია ამ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ასევე ის ქონება, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას მესამე პირის მიმართ.

 

დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 იანვრის №A1------- წერილით შპს „პ-------------ს“ დაევალა ქონებრივი ნუსხის თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენა.

 

შპს „პ-------------ის“ 2018 წლის 18 იანვრის განცხადებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ კომპანიას აქვს მოთხოვნა სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიმართ, რომლის თაობაზეც დავა მიმდინარეობს სასამართლოში.

 

2018 წლის 23 იანვარს კრედიტორმა - შპს „ჯ------------------მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ყადაღის დადება მოვალე შპს „პ-------------ის“ მოთხოვნაზე მესამე პირის (მოვალის მოვალე) - სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიმართ.

 

დადგენილია, რომ „მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 29 იანვრის №A1--------009/001 განკარგულებით: 1. შპს „ჯ------------------ის“ წარმომადგენლის - თ------------–-–--ლის განცხადება დავალებული პირის სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიმართ მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გამოცემაზე დაკმაყოფილდა. 2. ყადაღა დაედო მოვალე შპს „პ-------------ის“ მოთხოვნას სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიმართ 15577.62 ლარის ფარგლებში. 3. დავალებულ პირს სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაევალა დაყადაღებული მოთხოვნის შესაბამისად თანხის გადახდა კრედიტორისათვის შპს „ჯ------------------ისთვის“ .

 

სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას. მე-2 პუნქტის მიხედვით კი, მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნას ყადაღა უნდა დაედოს, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემული უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე. ამავე მუხლის მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყადაღის დადების განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოს კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება, განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება, შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს აღმასრულებელმა.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოების დროს აღსასრულებელი დოკუმენტის აღსრულების მიზნით, მოვალის მესამე პირისადმი არსებულ მოთხოვნებს შეიძლება დაედოს ყადაღა, ანუ მოთხოვნები, რომლებიც მოვალეს, თავის მხრივ, გააჩნია სხვა (აღსრულებაში არმონაწილე პირები) პირების მიმართ, შეიძლება დაყადაღდეს, თუ მათ დაყადაღებას პირდაპირ არ კრძალავს კანონმდებლობა. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში, დავალებული პირისთვის და მოვალისთვის მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულება ამკრძალავ და მავალდებულებელ ხასიათს ატარებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ კრედიტორის განცხადება მოთხოვნაზე ყადაღის დადების განკარგულების მიღების თაობაზე, არ წარმოადგენს მისი უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველს. კერძოდ, აღმასრულებლის მიერ მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ განკარგულების მიღებისას სააღსრულებო წარმოების შედეგად მოპოვებული მასალებით ცალსახად უნდა იქნეს დადასტურებული მოვალის მესამე პირისადმი მოთხოვნის არსებობის ფაქტი. ხოლო მომავალში გადასახდელ მოთხოვნაზე ყადაღის დადებას კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი განსაზღვრა ნათლად არის შესაძლებელი. სწორედ მითითებული გარემოების დადასტურების შემდეგ აღმასრულებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და გამოსცეს განკარგულება მოთხოვნის დაყადაღების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს „პ-------------ის“ (მოვალის) სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------სადმი (მესამე პირისადმი) მოთხოვნის არსებობა არ არის დადასტურებული და აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დავა სასამართლოში მიმდინარეობს, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ „მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ“ 2018 წლის 29 იანვრის №A1--------009/001 განკარგულების მიღებისას მოვალის მესამე პირისადმი მოთხოვნის არსებობის ფაქტი არ იყო დადასტურებული.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 29 იანვრის „მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ“ №A1--------009/001 განკარგულების გამოცემის საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელე სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 29 იანვრის №A1--------009/001 განკარგულება.

 

3. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაეკისროს მოსარჩელე სსიპ თ---–----------–-–-------------–---------------------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია