გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.09.2018
საქმის ნომერი
330310018002539002
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4364-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი - სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ნ--–-------–---–ი

წარმომადგენელი - მ-------------------

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 13 ივნისის №4---------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ--–-------–---–ს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) 2017 წლის 9 იანვრიდან;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობითი ფორმით შესაგებელი ნ--–-------–---–ის სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან, არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადნენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 ნ--–-------–---–ი დაიბადა 1--- წლის 7--------ს.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ--–-------–---–ი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობა (იხ.ს.ფ.11).

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 13 ივნისის №4---------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 14);

 

3.1.2 ნ--–-------–---–მა, 2018 წლის 11 ივნისს №4---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 13 ივნისის №4---------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 14);

 

3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 13 ივნისს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე - ნ--–-------–---–ს, მისი 2018 წლის 11 ივნისის №4---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას ნ--–-------–---–ი ვერ მოიპოვებდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის 2018 წლის 13 ივნისის №0----------- წერილი (იხ.ს.ფ. 12).

 

3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის მიერ, 2018 წლის 13 ივნისს გამოიცა №4---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, ნ--–-------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 13 ივნისს N4---------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 14);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ--–-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ნ--–-------–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი მოსარჩელე ნ--–-------–---–ის სახელმწიფო პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო;

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე ნ--–-------–---–ი დაიბადა 1--- წლის 7--------ს. შესაბამისად, ის წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ნ--–-------–---–მა, 2018 წლის 11 ივნისს, №4---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 13 ივნისის №4---------- გადაწყვეტილებით ნ--–-------–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ნ--–-------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად).

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ--–-------–---–ი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.

 

ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოსარჩელე - ნ--–-------–---–ი მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე - ნ--–-------–---–ი საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტაში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 13 ივნისის №4---------- გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. საქმის მასალების თანახმად, ნ--–-------–---–მა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით უფლებამოსილ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 2018 წლის 11 ივნისს, შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ--–-------–---–ს 2018 წლის ივლისის თვიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--–-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 13 ივნისის №4---------- გადაწყვეტილება;

 

3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ნ--–-------–---–ს 2018 წლის 1 ივლისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია);

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ივ. ღლონტი