გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20739-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ს----------–-------ი
წარმომადგენელი - ზ--------------–--ე
მოპასუხე - ი--------------------ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი--------------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ჰ------------------ის (დაბადებული 2----–-–----------ს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–---------–--იდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
1.2. მოპასუხე ი--------------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ჰ------------------ის (დაბადებული 2----–-–----------ს) სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრება ბოლო სამი წლის პერიოდისათვის სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 11 ივლისამდე).
მოსარჩელე ს----------–-------ი და მოპასუხე ი--------------------ი 2011 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------ს შეეძინათ შვილი ჰ------------------ი. მხარეთა შორის 2014 წელს ფაქტობრივად შეწყდა ქორწინება და მითითებული პერიოდიდან, მოპასუხე არანაირ ყურადღებას არ იჩენს შვილის მიმართ და არ ეხმარება მას მატერიალურად. მოსარჩელე პერიოდულად არის დასაქმებული, რა დროსაც იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილისათვის სარჩოს მისაღებად, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიმდინარე ალიმენტთან ერთად, ასევე მოითხოვს წარსული ალიმენტის გადახდას ბოლო სამი წლის ფარგლებში. მოპასუხე დასაქმებული იყო შპს ,,ს---------------------------–----–-“, სადაც 2017 წლის 31 მარტიდან აღარ მუშაობს. მოსარჩელისათვის ცნობილი არ არის მოპასუხის შემოსავლების თაობაზე.
(სარჩელი, 02.08.2018 წლის დაზუსტებული სარჩელი, 2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი--------------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მან სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილის, ჰ------------------ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 100 (ასი) ლარის ოდენობით თანხის გადახდაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------–-------ი და ი--------------------ი 2011 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------ს, შეეძინათ შვილი, ჰ------------------ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N3---------- (ს.ფ. 14);
- მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეები 2014 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ჰ------------------ი ცხოვრობს მოსარჩელესთან ს----------–-------თან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, ს----------–-------ის 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 24 ივლისამდე მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება.
მხარეთა განმარტებით, ს----------–-------ი პერიოდულად არის დასაქმებული თურქეთის რესპუბლიკაში და აქვს შესაბამისი შემოსავალი. გარკვეული პერიოდი, არასრულწლოვანი ჰ------------------ი იყო მამასთან, ი--------------------თან, როდესაც მოსარჩელე სამუშაოდ იმყოფებოდა საზღვარგარეთ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივლისის მიმართვა N2---------- (ს.ფ. 37);
- მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.2.2. მოპასუხე ი--------------------ი დასაქმებული იყო შპს ,,ს---------------------------–----–-“. იგი 31.03.2017 წლიდან აღარ მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს---------------------------–------“ მიერ 18.07.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 32);
3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2017 წლის 1 იანვრიდან ი--------------------ის მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 791.35 ლარს, თებერვლის თვეში - 709.25 ლარს, მარტის თვეში - 779.25 ლარს, აპრილის თვეში - 659.65 ლარს, ოქტომბრის თვეში - 770 ლარს და ნოემბრის თვეში - 777.78 ლარს. 2017 წლის ნოემბრის თვიდან, ი--------------------ს შემოსავლები აღარ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივლისის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 34-35);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივლისის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 37-38).
3.2.4. მოპასუხის განმარტებით, იგი ქორწინებაშია სხვა პირთან და მასთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი. მოპასუხეს საქმეზე არ აქვს წარმოდგენილი მეორე არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.2.5. მოპასუხე ი--------------------ი პერიოდულად მუშაობს მშენებლობაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 300-350 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.2.6. მოპასუხე ი--------------------ს ბოლო ორი წელია ურთიერთობა არ ჰქონია არასრულწლოვან შვილთან, ჰ------------------თან. მისი ინფორმაციით, მოსარჩელე მხარეს არასრულწლოვანი შვილი თან ჰყავდა წაყვანილი თურქეთის რესპუბლიკაში დ მოპასუხისათვის ცნობილი არ არის ჩამოიყვანა თუ არა ბავშვი მოსარჩელემ საქართველოში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.2.7. მოსარჩელეს არ მიუღია ყველა შესაძლო ღონისძიება მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ალიმენტის მისაღებად; მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის - ჰ------------------ის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას სამი წლის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.2. არ არსებობს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, ჰ------------------ის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ს----------–-------მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–----------ს დაბადებული ჰ------------------ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ჰ------------------ი ძირითადად ცხოვრობს დედასთან - ს----------–-------თან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. თუმცა მხარეთა განმარტებით, იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელე ს----------–-------ი სამუშაოდ იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, არასრულწლოვანი ჰ------------------ი იმყოფებოდა მამასთან, ი--------------------თან. მოსარჩელე პერიოდულად არის დასაქმებული საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში და აქვს შესაბამისი, არსტაბილური შემოსავალი. ამასთან, როგორც მოპასუხე განმარტავს, ი--------------------ს ბოლო ორი წელია ურთიერთობა არ ჰქონია არასრულწლოვან შვილთან, ჰ------------------თან. მისი ინფორმაციით, მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილი თან ჰყავდა წაყვანილი თურქეთის რესპუბლიკაში დ მოპასუხისათვის ცნობილი არ არის ჩამოიყვანა თუ არა ბავშვი მოსარჩელემ საქართველოში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ი--------------------ი დასაქმებული იყო შპს ,,ს---------------------------–----–-“. იგი 31.03.2017 წლიდან აღარ მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციაში, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან ი--------------------ის მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 791.35 ლარს, თებერვლის თვეში - 709.25 ლარს, მარტის თვეში - 779.25 ლარს, აპრილის თვეში - 659.65 ლარს, ოქტომბრის თვეში - 770 ლარს და ნოემბრის თვეში - 777.78 ლარს. 2017 წლის ნოემბრის თვიდან, ი--------------------ს შემოსავლები აღარ უფიქსირდება. თავად მოპასუხის განმარტებით, პერიოდულად მუშაობს მშენებლობაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 300-350 ლარს. სხვა სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხე ი--------------------ის მიერ შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის განმარტებით, მას მეორე ქორწინებიდან შეეძინა შვილი და შესაბამისად, მას გარდა ჰ------------------ისა, აკისრია მეორე არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებაც.
ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვთა საუკეთესო ინტერესები. თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან (არარეგულარული სამუშაოდან) შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და მოპასუხის კმაყოფაზე მყოფი პირის ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 130 (ასოცდაათი) ლარი.
6.2. მოსარჩელე ს----------–-------მა მოითხოვა მოპასუხე ი--------------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ჰ------------------ის (დაბადებული 2----–-–----------ს) სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრება, ბოლო სამი წლის პერიოდისათვის, სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 11 ივლისამდე).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტი, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება. მართალია, მხარეები მიუთითებენ, რომ ორი წლის განმავლობაში, მოპასუხეს არ ჰქონია ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან და ამასთან, არ დახმარებია მას მატერიალურად, თუმცა, ამავდროულად მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს მისთვის არასრულწლოვანისათვის სარჩოს მიღების მოთხოვნით. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ მიუღია ყველა შესაძლო ღონისძიება მოპასუხის მხრიდან, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის მისაღებად. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვან შვილის - ჰ------------------ის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას სამი წლის ფარგლებში სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ იკვეთება მხარის მიერ სარჩელის წარდგენამდე სამი წლის განმავლობაში არასრულწლოვანის სასარგებლოდ სარჩოს მისაღებად რაიმე ქმედების განხორციელება. საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელის მიერ მიღებული ზომების შესახებ, რის გამოც ს----------–-------ის მოთხოვნა, მოპასუხე ი--------------------ის მიმართ, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ს----------–-------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ი--------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა წარსული ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაეკისროს ი--------------------ს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის - ჰ------------------ის (დაბადებული 2----–-–----------ს, პ/ნ 2----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–---------–--იდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. ს----------–-------ის სარჩელი წარსული დროის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე ი--------------------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა