გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002262898 (2-28/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე: მა-------------ძე
წარმომადგენელი: შო---------–აძე
მოპასუხე: და------------ძე
წარმომადგენელი: ინ----------–-ძე
დავის საგანი: ნაჩუქარი ნივთების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დავალდებულდეს მოპასუხე და------------ძე დაუბრუნოს მა-------------ძეს მზითვის სახით მშობლებისაგან ნაჩუქარი საყოფაცხოვრებო და მის პირად სარგებლობაში არსებული შემდეგი ნივთები:
1.საძინებელი. 2. ბავშვის საწოლი. 3. სარეცხი მანქანა. 4.მასაჟორი. 5. ტელევიზორი. 6. წვენსაწური. 7. ჭაღი. 8. ფარდები. 9. ჩაის სერვიზი. 10. ტკბილეულის სერვიზი. 11. შამპანურის ჭიქების კომპლექტი. 12. სახილე ვაზა. 13. ადიალა 2 ცალი. 14. საბანი 4 ცალი. 15. მაგიდის საფარი 2 ცალი. 16. პირსახოცების კომპლექტი 2 ცალი. 17. თეთრეული და სხვადასხვა პირადი და ბავშვების ტანსაცმელი. 18. თმის დასახვევი. 19. ფენი.
აგრეთვე დაუბრუნოს მა-------------ძეს ჩუქებით მიღებული შემდეგი სამკაულები და ნივთები:
1. ცხრა კარატიანი ე.წ. ტროიკა. 2. ათ გრამიანი ოქროს ყელსაბამი ოქროს ჯვრით. 3. ექვს თვლიანი ბრილიანტის ბეჭედი. 4. ორი ოქროს ბეჭედი. 5. ერთი ბრილიანტის ბეჭედი. 6. ექვს გრამიანი ოქროს ჯაჭვის სამაჯური. რვა გრამიანი ოქროს ყელსაბამი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მა-------------ძე და და------------ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2014 წლის 14 ივლისიდან. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ 2 შვილი, მა--------------ძე და მა-----------ძე. ცოლ-ქმარი ცხოვრობდნენ ქმრის ოჯახში. მა-------------ძემ ქმრის ოჯახში მიიტანა მშობლების მიერ მზითვის სახით ნაჩუქარი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. აგრეთვე მას ქონდა ოჯახიდან გატანებული და ქორწინებასთან დაკავშირებით ნაჩუქარი პირადი მოხმარების ძვირფასი სამკაულები. მზითვის სახით მშობლების მიერ ნაჩუქარი იყო:1. საძინებელი. 2. ბავშვის საწოლი. 3. სარეცხი მანქანა. 4.მასაჟორი. 5. ტელევიზორი. 6. წვენსაწური. 7. ჭაღი. 8. ფარდები. 9. ჩაის სერვიზი. 10. ტკბილეულობის სერვიზი. 11. შამპანიურის ჩიკების კომპლექტი. 12. სახილე ვაზა. 13. ადიალა 2 ცალი. 14. საბანი. 15. მაგიდის საფარი 2 ც. 16. პირსახოცების კომპლექტი 2 ცალი. 17. თეთრეული და სხავადასხვა პირადი და ბავშვების ტანსაცმელი. 18. თმის დასახვევი. 19. ფენი. 20. ცხრა კარატიანი ე.წ. ტროიკა. 21. ათ გრამიანი ოქროს ყელსაბამი ოქროს ჯვრით. 22. ექვს თვლიანი ბრილიანტის ბეჭედი. 23. ორი ოქროს ბეჭედი. 24. ერთი ბრილიანტის ბეჭედი. 25. ექვს გრამიანი ოქროს ჯაჭვის სამაჯური. 26. რვა გრამიანი ოქროს ყელსაბამი.
ხასიათის შეუთავსებლობისა და არსებული კონფლიქტის გამო ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობენ. მა-------------ძე თავისი არასრულწლოვანი შვილებით დაბრუნდა მშობლების ოჯახში. ქმრის ოჯახი ნებაყოფლობით არ აძლევს არც ნაჩუქარ ძვირფასეულობას, ისე საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე და------------ძე და მისი წარმომადგენელი შესაგებელში ნაწილობრივ ეთანხმებიან სარჩელის მოთხოვნას. თანხმობას გამოთქვამენ მოსარჩელეს დაუბრუნდეს ყველა ნივთი მათ შორის საოჯახო ნივთები, რომლებიც ეკუთვნის მოსარჩელეს და ინახება და------------ძის ოჯახში.
სასამართლო სხდომაზე და------------ძე და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სარჩელის მოთხოვნას ოქროს ნივთების დაბრუნების ნაწილში, განმარტეს რომ მა-------------ძეს წაღებული აქვს ოქროს ყველა ნივთი, ის ემზადებოდა სახლიდან წასასვლელად და წასვლისას წაიღო ფულადი თანხა, შესაბამისად არ გაუჭირდებოდა ოქროს ნივთების წაღებაც. მოპასუხე მხარის განმარტებით და------------ძესთან არასოდეს ყოფილა მა-------------ძის კუთვნილი ოქროს ნივთები. ისინი ცოტა ხნით ლომბარდში ჰქონდათ დატოვებული, საიდანაც გამოიტანა და------------ძის მამამ თე--------------ემ გადასცა მა-------------ძეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2014 წლის 14 ივლისიდან. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ 2 შვილი, მა--------------ძე და მა-----------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა
- დაბადების მოწმობები.
3.1.2. მა-------------ძე და და------------ძე 2017 წლის ივნისიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით შეწყდა მა-------------ძესა და და------------შეს შორის 2014 წლის 4 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება, და------------ძეს არასრულწლოვანი შვილების: მა--------------ძის და მა-----------ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე, მა-------------ძე შვილებთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლების სახლში ქ. ბათუმში.
ქონებრივ დავაზე ცალკე წარმოებად გამოეყო მოცემული საქმე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასამართლოს განჩინება,-მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.3. და------------ძე 2017 წლის 30 ივნისიდან იმყოფება პატიმრობაში. მას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებანი.
-მიმართვები პენიტეციურ დეპარტამენტზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა ნაჩუქარი ოქროს ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობა.
მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი განმარტავენ, რომ მა-------------ძეზე ქორწინებისას ნაჩუქარი ოქროს ნივთები, ცხრა კარატიანი ე.წ. ტროიკა, ათ გრამიანი ოქროს ყელსაბამი ოქროს ჯვრით, ექვს თვლიანი ბრილიანტის ბეჭედი, ორი ოქროს ბეჭედი, ერთი ბრილიანტის ბეჭედი, ექვს გრამიანი ოქროს ჯაჭვის სამაჯური, რვა გრამიანი ოქროს ყელსაბამი ინახება მოპასუხე და------------ძის ოჯახში და არ უბრუნებს მოსარჩელეს.
მოპასუხე და მისი წარმომადგენელი საპირისპიროს ამტკიცებენ და განმარტავენ, რომ მა-------------ძეს საერთოდ არ ჰქონდა ოქროს ნივთები იმ ოდენობით, რაც სარჩელშია აღნიშნული. ამასთანავე ყველა ოქროს ნივთი, რაც მას გააჩნდა წაღებული აქვს და მოსარჩელის ოჯახში მოპასუხის არავითარი ოქროს ნივთი არ ინახება.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სადავო ფაქტების დადგენა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლმა დაადგინა, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ სარჩელში მითითებული ნივთები ინახება მოპასუხესთან და მის მფლობელობაშია.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, რომლის მიხედვით, როგორც წესი მტკიცების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომელიც ფაქტის არსებობაზე მიუთითებს და არა მას, ვინც უარყოფს. სწორედ ამიტომ, როგორც ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტის დადასტურების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აკისრია.
მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა ფოტოსურათი, სადაც მა-------------ძე გადაღებულია მეუღლესა და სხვა ორ პირთან ერთად, სურათზე ჩანს, რომ უკეთია საყურეები, ყელსაბამი, სამაჯური და ოთხი ბეჭედი. მოსარჩელე ამტკიცებს რომ აღნიშნული სამკაულები არის მასზე ნაჩუქარი ოქროს ნივთები, რომლებიც ქმრის ოჯახის მიტოვების დროს არ წამოუღია და დარჩა ქმრის ოჯახში უშუალოდ დედამთილთან. სადავო გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული იქნენ მოწმეები: გუ----–--–-–---იძე და ნა-----------ძე. მოწმე გუ----–--–-–---იძემ აჩვენა, რომ მა-------------ძე არის მისი შვილი, ქორწინების დროს მა-------------ძეს ოჯახის წევრებმა აჩუქეს ოქროს ნივთები, ასევე თვითონაც აჩუქა ყელსაბამი, თუმცა როცა მა-------------ძე იძულებული გახდა წამოსულიყო ოჯახიდან, მას არ წამოუღია ოქროს ნივთები, რადგანაც ისინი ინახებოდა მის დედამთილთან. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა მა-------------ძის დამ ნა-----------ძემ.
მოპასუხე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად ასევე წარმოადგინა მა-------------ძის მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო სურათი, სადაც ჩანს მა-------------ძეს უკეთია ყელსაბამი და ბეჭედი. ასევე წარმოდგენილი იქნა გირავნობის აქტი, რომლის მიხედვითაც დაგირავებულია ოქროს ნივთები ბეჭედი, სამეული და ძეწკვი, სართო ღირებულებით 620 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით ეს იყო მა-------------ძის მთლიანი ოქროულობა, რომელიც მათ ჩააბარეს ლომბარდში, ხოლო შემდგომ და------------ძის მამამ თე--------------ემ გამოიტანა ლომბარდიდან და გადასცა მა-------------ძეს. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული იქნენ მოწმეები- თე--------------ე და რე----------------ძე. თე--------------ემ განმარტა, რომ და------------ძე არის მისი შვილი, ქორწინების დროს რძალს მა-------------ძეს აჩუქეს ოქროს ნივთები, რომლებსაც მუდმივად თვითონ ინახავდა, მან ჩააბარა აღნიშნული ნივთები ლომბარდში და იყიდეს ავტომანქანა, ისინი ვერ გამოიტანდნენ აღნიშნულ ოქროს ნივთებს, ამიტომ რომ არ დაკარგულიყო თვითონ გამოიტანა და გადასცა მა-------------ძეს. მა-------------ძე დიდი ხანია ემზადებოდა სახლიდან წასასვლელად, ამიტომ მოაწყო ინსცენირება ატეხა ჩხუბი და წავიდა სახლიდან თან წაიღო ფულადი თანხა და ოქროს ნივთები.
ზემოთ აღინიშნა, რომ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტის დადასტურების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აკისრია. სასამართლო სხდომაზე ცალსახად გამოიკვეთა, რომ სარჩელით მოთხოვნილი ოქროს ნივთები არ იმყოფება მოპასუხე და------------ძის მფლობელობაში. მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმაც და თვითონ მა-------------ძემაც დაადასტურა, რომ მასზე ნაჩუქარი ნივთები არასოდეს ჰქონია და------------ძეს. მა-------------ძის განმარტებით, და------------ძემ თავდაპირველად არც კი იცოდა, რომ ოქროს ნივთები ინახებოდა მის დედასთან. მართალია მოპასუხე მხარე კატეგორიულად უარყოფს რომ სადავო ნივთები ინახება ან ოდესმე ინახებოდა მოპასუხის დედასთან მა----–-------------ძესთან და სასამართლო სხდომაზეც ვერ იქნა დადგენილი ამჟამად ვის მფობელობაშია აღნიშნული ნივთები, თუმცა მოცემული დავის გადასაწყვეტად ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანც უდავოდ არის დადგენილი, რომ აღნიშნული ნივთები არ ინახება და------------ძესთან. გარდა იმისა, რომ და------------ძე ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და მასთან ვერ იქნება სადავო ნივთები, მოსარჩელის მტკიცებულები ადასტურებს, რომ და------------ძეს სადავო ოქროს ნივთები არასოდეს ჰქონია მფლობელობაში და არც ამჟამად მას არ აქვს სადმე შენახული. და------------ძის სახელზე არ ირიცხება და მის საკუთრებას არ წარმოადგენს სახლი, სადაც სარჩელით მოთხოვნილი მა-------------ძის კუთვნილი სხვა ნივთები ინახება, რომლის წაღების წინააღმდეგი არ არიან არც და------------ძე და არც სახლის მესაკუთრე. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს რომ სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლა, რაც დასაბუთებული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტებები
-მოწმეთა ჩვენები
-ფოტოსურათები
-გირავნობის აქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონება, რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შეიძენს, მიიჩნევა ორივე მეუღლის თანასაკუთრებად, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზე აღირიცხება საკუთრების უფლება. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს შეძენილი ქონება უძრავია თუ მოძრავი და ექვემდებარება იგი სავალდებულო რეგისტრაციას თუ არა. ყველა შემთხვევაში, ქონებას, რომელსაც მხარეები თანაცხოვრების პერიოდში შეიძენენ, წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას. ის ქონება კი რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინებამდე ეკუთვნოდა ან ქორწინების განმავლობაში მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიიღო, ამ უკანასკნელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნევს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქორწინებამდე და ქორწინების პერიოდში ჩუქებით მიღებული ქონების დაბრუნება წარმოადგენდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნაჩუქარი ქონება, რომელიც მისი ინდივიდუალური საკუთრებაა, მოპასუხის უნანონო მფლობელობაშია და ამიტომ მათი დაბრუნება უნდა მოხდეს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი თავისი ბუნებით ვინდიკაციური სარჩელია და მისი გადაწყვეტა იმ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს, რომელიც მესაკუთრეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებას ანიჭებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამასთან, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთების არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, ადასტურებენ ამ მხარის პოზიციის მართებულობას, თუმცა, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტი, რომლის თანახმად, სასამართლო ადგენს ამ მტკიცებულებათა სანდოობას, იურიდიულ ძალას და ამ გზით განსაზღვრავს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საკითხს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელში მიუთითა, რომ ხასიათის შეუთავსებლობისა და არსებული კონფლიქტის გამო ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობენ. ქმრის სახლის დატოვების შემდეგ მოპასუხესთან დარჩა მა-------------ძის მიერ მიტანილი მზითვის სახით ნაჩუქარი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. აგრეთვე მას ქონდა ოჯახიდან გატანებული და ქორწინებასთან დაკავშირებით ნაჩუქარი პირადი მოხმარების ძვირფასი სამკაულები. რომელიც ამ დრომდე არის და------------ძის ოჯახში და არ უბრუნებენ. როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის დაკმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია სამივე პირობის ერთდროულად არსებობა. ამასთან მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სადავო ნივთები მოპასუხე მხარის მფლობელობაშია.
ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებათა განხილვისას აღინიშნა, რომ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტის დადასტურების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აკისრია. სასამართლო სხდომაზე ცალსახად გამოიკვეთა, რომ სარჩელით მოთხოვნილი ოქროს ნივთები არ იმყოფება მოპასუხე და------------ძის მფლობელობაში. საქმის განხილვის შედეგად მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა რელევანტური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მოპასუხესთან ინახება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც გამორიცხავს სადავო ნივთების და------------ძის მფლობელობაში არსებობას. დასახელებული გარემოებები გამორიცხავენ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟის თანხა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეებზე საპროცესო ხარჯის გადახდევინების დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მა--------------ძის სარჩელი და------------ძის მიმართ არ დაკმაყოფილდეს
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე