გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.09.2018
საქმის ნომერი
190310018002479573
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-147-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.09.2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

მოსარჩელე: ლ--–ა გ-----ე,მოპასუხე: სსიპ ქ. რუსთავის-------------- სკოლა,წარმომადგენელი: თ-----ი გ--–-–---–ი;

მესამე პირი: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

წარმომადგენელი: ნ--- ო------ე,დავის საგანი: ქ. რუსთავის-------------- სკოლაში ჩარიცხვის, სწავლების, დამთავრების ფაქტის დადასტურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ ქ. რუსთავის-------------- სკოლაში ჩარიცხვის, სწავლების, დამთავრების ფაქტის დადასტურებას, ატესტატის დუბლიკატის გაცემას.

 

მოსარჩელის მითითებით, 1983 წელს მეშვიდე კლასიდან შევიდა ქალაქ რუსთავის-------------- სკოლაში, რაც დასტურდება 1983 წლის №1 ჩარიცხვის ბრძანებით. 1986-1987 წლებში №287 ბრძანების საფუძველზე დაშვებული იქნა სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე და ატესტატის გაცემის წიგნის მიხედვით აიღო ატესტატი №0----2. ამასთან მიუთითებს, რომ ქ. რუსთავის-------------- სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობით, უტყუარად დასტურდება ატესტატის გაცემის ფაქტი. თუმცა იმის გამო, რომ გაურკვეველ ვითარებაში დაეკარგა ატესტატი, დღეის მდგომარეობით მოსარჩელეს არ აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმეტი. მოსარჩელემ ატესტატის დუბლიკატის გაცემის მიზნით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუმცა მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა მოქალაქე ლ--–ა გ-----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

2018 წლის 26 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტდა მოთხოვნა, კერძოდ მოსარჩელის-------------- სკოლაში 1983 წელს ჩარიცხვის, 1986-1987 სასწავლო წლებში ქალაქ რუსთავის-------------- სკოლის საშუალო განათლების სრული კურსის დასრულების ფაქტის აღიარება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. წერილობითი შესაგებლის შინაარსიდან გამომდინარე, №-- საჯარო სკოლის დოკუმენტაციაში ლ--–ა გ-----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებრლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ მოიძებნა, თუმცა სკოლაში არსებული ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის თანახმად, მოსარჩელის სახელზე გაცემულია ატესტატი. ამასთან მოპასუხის წარმომადგენელმა, 2018 წლის 26 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. წარმომადგენლის მითითებით, 2018 წლის 11 მაისს ქალაქ თბილისის იუსტიციის სახლისათვის განცხადებით მიმართული ჰქონდა ლ--–ა გ-----ეს, რომელიც ითხოვდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუპლიკატის გაცემას. მოსარჩელის განცხადებით, მან 1987 წელს დაასრულა ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა. 2015 წლის 18 ნოემბერს №12----- კორესპონდენციით სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ უარი უთხრა ქალაქ რუსთავის იუსტიციის სახლს მოქალაქე ლ--–ა გ-----ის 2015 წლის 06 ოქტომბრის №5000------ განაცხადის დადასტურებაზე, რადგან „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართელოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული პირველი დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2015 წლის 06 ნოემბერს №1------ წერილით მიმართა ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა ლ--–ა გ-----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. სკოლიდან მიღებული ინფორმაციით, მოიძებნა მოქალაქის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაცია, ასევე მოსწავლეთა საშუალო განათლების ატესტატის მისაღებ გამოცდაზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ ლ--–ა გ-----ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ ინახება, ვინაიდან სკოლის მიერ არ გადაიცემოდა. აღნიშნულიდან გამოდინარე ვერ ხერხდება მოქალაქე ლ--–ა გ-----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რის თაობაზედაც 2015 წლის 18 ნოემბერს №12----- წერილით ეცნობა ქალაქ რუსთავის იუსტიციის სახლს. მესამე პირი ასევე მიუთითებს, რომ 2018 წლის 11 მაისს ქალაქ თბილისის იუსტიციის სახლისათვის №5--------- განცხადებით მიმართა ლ--–ა გ-----ემ და მოითხოვა თავის სახელზე ატესტატის დუბლიკატის გაცემა, რაზედაც კვლავ უარი ეთქვა, ვინაიდან არ გამოვლინდა ახალი გარემოება, რაც დაადასტურებდა ლ--–ა გ-----ის მიერ №-- საჯარო სკოლის დამთავრების ფაქტს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1970 წლის 28 სექტემბერს დაბადებული ლ--–ა გ-----ე 1983 წელს მეშვიდე კლასიდან ირიცხება ქ. რუსთავის-------------- სკოლაში. 1986-1987 წლებში №287 ბრძანების საფუძველზე დაშვებული იქნა სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე და ატესტატის გაცემის წიგნის მიხედვით აიღო ატესტატი №0----2.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-11);

- ქალაქ რუსთავის-------------- სკოლის ბრძანების წიგნი №1 (ს. ფ. 13-39)

- ქალაქ რუსთავის-------------- სკოლის ბრძანების წიგნი №3 (ს. ფ. 40-49)

- ქალაქ რუსთავის-------------- სკოლის საშუალო განათლების ატესტატის გაცემის წიგნი (ს.ფ. 50-54)

3.1.2. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2015 წლის 06 ნოემბერს №MES 91501------ წერილით მიმართა ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ლ--–ა გ-----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის 10 ნოემბრის №117----, 16 ნოემბრის №1197433 და 17 ნოემბრის №1------ წერილებით და სსიპ ქალაქ რუსთავის-------------- სკოლის 2015 წლის 10 ნოემბრის №117----- 16 ნოემბრის №119---- და 17 ნოემბრის №120---- კორესპოდენციებით ირკვევა, რომ სკოლაში მოიძებნა მოქალაქის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაცია, ასევე მოსწავლეთა საშუალო განათლების ატესტატის მისაღებ გამოცდაზე დაშვების 1987 წლის 25 მაისის №287 ბრძანება და პედაგოგიური საბჭოს ოქმი №9. ამავე წერილებიდან ირკვევა, რომ მოქალაქის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ ინახება ვინაიდან არ გადაიცემოდა სკოლის მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-წერილობითი შესაგაბელი (ს. ფ. 82-89)

-სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2015 წლის 06 ნოემბრის №MES91501------ წერილი რუსთავის საგანმამანათლებლო რესურსცენტრის (ს. ფ. 91-92)

-სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2015 წლის 18 ნოემბრის №MES 015012----- წერილი რუსთავის იუსტიციის სახლის მიმართ (ს. ფ. 93-94)

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მოპასუხე სსიპ ქ. რუსთავის-------------- სკოლის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამათალწარმოებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - ადგილი უნდა ჰქონდეს პირის უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასა ან არარსებობაში. გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისთვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - ლ--–ა გ-----ის მიერ სსიპ ქ. რუსთავის-------------- სკოლის სრული კურსის დასრულება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტი - ატესტატი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს სწავლა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, კი შეილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ცნობს სარჩელს და ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. სასარჩელოს მოთხოვნას ასევე ეთანხმება მესამე პირის წარმომადგენელი და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ლ--–ა გ-----ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მოწმობის - ატესტატის გაცემისათვის.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მოპასუხისა და მესამე პირის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, ლ--–ა გ-----ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტი. მის მიერ 1986-1987 სასწავლო წელს სსიპ ქ. რუსთავის-------------- სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტი ასევე დადასტურებულია №0----2 ატესტატის გაცემით, რომელიც დადასტურებულია საშუალო განათლების ატეტსტების გაცემის წიგნის საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა-ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნულის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

დასახელებული ბრძანების მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატების გაცემა ხორციელდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად ტერიტორიული სამსახურისათვის მიუმართაობის, ასევე ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-8 და მე-16 პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში, განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.

 

აღნიშნული პროცედურა მოსარჩელეს დაცული აქვს და მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო უარი ეთქვა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, რამაც განაპირობა სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა, რადგან ცხადია სხვა გზით ამ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეაფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ წარმოადგინა მის მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარცელის ცნობის შემთხვევაში საპროცესო ხარჯის დაბრუნების შესახებ ნორმებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–ა გ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებულ იქნას ლ--–ა გ-----ის მიერ №-- საჯარო სკოლაში 1983 წელს ჩარიცხვის, 1986-1987 სასწავლო წლებში ქალაქ რუსთავის-------------- სკოლის საშუალო განათლების სრული კურსის დასრულების ფაქტი;

 

3. ლ--–ა გ-----ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 05 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადახდო დავალება №19, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში/სახაზინო კოდი 300063150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი