გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
330210018002466683
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210018002466683

საქმე №2/1645-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე სს „თ--–--ი“

წარმომადგენელი ჯ--------------ე

 

მოპასუხე ნ--------------–-–---–ი

წარმომადგენელი მ-----------–----–---–ი

 

დავის საგანი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ--------------–-–---–ისათვის სს „თ--–--ის“ სასარგებლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების - 9 184.82 ლარის დაკისრება.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

სს „თ--–--ი“ და ნ--------------–-–---–ი იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოსარჩელე სისტემატურად აწვდიდა მოპასუხეს ელექტროენერგიას, რომელიც არ ახორციელებდა მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურის გადახდას, რის გამოც ნ. ფხოველიშვილს გააჩნია მოხმარებული ელ. ენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება 9 184.82 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ--------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ მას არანაირი ფულადი დავალიანება სს „თ--–--ის“ მიმართ არ გააჩნია. ამავდროულად, მოთხოვნა 2013 წლის 29 იანვრამდე 5 665.80 ლარის ნაწილში ხანდაზმულია. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ მართალია მას საკუთრებაში აქვს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, კ----------ის ქუჩა N3, ბ. N7, მაგრამ აღნიშნული ბინა ავარიულია, შენობა საშიშია ექსპლუატაციისათვის, ავარიულობის მდგომარეობით მიეკუთვნება დაზიანებების მე-4 ხარისხს და მოპასუხე წლებია არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2012 წლის მაისიდან 2014 წლამდე მთაწმინდის რაიონის გამგეობა მოპასუხეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხას. მოპასუხემ სადავოდ გახადა სს „თ--–--ის“ მიერ ელ. ენერგიის მიწოდების ფაქტი, ასევე სადავოდ გახადა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ითხოვს უმრიცხველო თანხის გადახდას სამ სულზე, იმ პირობებში, როდესაც ნ--------------–-–---–ი მისამართზე რეგისტრირებულია 2017 წლის 7 თებერვლიდან.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ--------------–-–---–ს საკუთრებაში აქვს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, კ----------ის შესახვევი N3, ბინა N7 (ს/კ 0----------------------), ასევე ამავე მისამართზე მდებარე სარდაფი ს/კ 0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18/71-72);

 

3.1.2. სს ”თ--–--ის” სააბონენტო ნომერი - 1------, მისამართი - ქ. თბილისი, კ. მ----ს შესახვევი N3 რეგისტრირებულია ნ--------------–-–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 13-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. ნ--------------–-–---–ის მიერ სააბონენტო ნომერზე 1------ ბოლო გადახდა განხორციელდა 2000 წლის 12 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 13-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის კომპიუტერულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შესაბამისად, მისამართზე - ქ. თბილისი, კ. მ----ს შეს. N3, ბინა N7 (ს/კ 0----------------------), 1993 წლიდან - 2017 წლამდე რეგისტრირებული არ ყოფილა არც ერთი პირი, ხოლო 2017 წლის 7 თებერვლიდან რეგისტრირებულია 1 პირი - ნ--------------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადების პასუხი (ს.ფ. 69-70);

 

3.1.5. ა---------–----------–----–-------–----------------------------–-–---------–----–----–---- ქ. თბილისში კ----------ის შეს. N3-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის ტექნიკური მდგომარეობა, დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი შენობის მზიდი კედლები იმყოფება რღვევის ზღვართან მიახლოებულ მდგომარეობაში. შენობა ავარიულობის მდგომარეობით მიეკუთვნება დაზიანებების IV ხარისხს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობა საშიშია ექსპლოატაციისათვის, დაქანებულია და ზოგან ჩანგრეულია იატაკი, კედლები ნაწილობრივ დანგრეულია, ზოგან დარღვეულია მათ ნაწილებს შორის კავშირი და ბევრგან გახსნილია დიდი სიგანის გამჭოლი ბზარებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა (ს.ფ. 105-122);

 

3.1.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობა ნ--------------–-–---–ისათვის 2012 წლის მაისის თვიდან 2013 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად ახორციელებდა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მთაწმინდის რაიონის გამგეობის ცნობა (ს.ფ. 103);

 

3.1.7. 2013 წლის 21 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ--------------–-–---–მა საკუთრებაში მიიღო უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, მ. ა-–-----ის ქუჩა N1 („ა---------–--ის“ I კვარტალი, კორპუსი N6), სადარბაზო 1, სართული 13, ბინა N34 (ს/კ 0----------------------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 64-65);

 

3.1.8. ნ--------------–-–---–ის სააბონენტო ნომერზე 1------ (მისამართი - ქ. თბილისი, კ. მ----ს შესახვევი N3) ელ. ენერგიის საფასურის დარიცხვა წარმოებდა უმრიცხველო (პირობითი) დარიცხვის წესით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 13-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.9. ნ--------------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერს 1------, სს „თ--–--ის“ მიმართ ერიცხება დავალიანება, ჯამში 9 184.82 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 13-16);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „თ--–--ის“ მოთხოვნა 2013 წლის 29 იანვრამდე დარიცხული დავალიანების - 5 665.80 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია. სს „თ--–--ის“ მიერ გაშვებულია ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი მოთხოვნის უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ სარჩელი აღძრულია 2016 წლის 29 იანვარს, რომლითაც მოთხოვნილია 1999 წლიდან - 2015 წლამდე მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულების ანაზღაურება, რაც შედავებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით, კერძოდ მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი სადავო გახადა მისი ხანდაზმულობის საფუძვლით. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, რომელზეც ვრცელდება 3 წლიანი ხანდაზმულობა (სკ-ს 129 მუხლი), რომელიც გამოითვლება პერიოდულად წარმოშობილი ვალდებულებების თარიღების შესაბამისად. 1999 წლიდან 2013 წლის 29 იანვრის ჩათვლით გასულია სარჩელის აღძვრამდე 3 წლიანი ვადა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას 5665.80 ლარის ნაწილში. ამასთან, აღნიშნულ პერიოდზე სასამართლო დამატებით აღარ განახორციელებს მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხველი სხვა საფუძვლების შეფასებას, რადგანაც მისი ხანდაზმულობა აღარ წარმოშობს მოთხოვნის დამატებითი კვლევის საჭიროებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 13-16)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. ნ--------------–-–---–ის მიერ სადავო პერიოდზე, სააბონენტო ნომრით 1------ (მისამართი - ქ. თბილისი, კ. მ----ს შესახვევი N3) ელექტროენერგიის მოხმარება არ განხორციელებულა და შესაბამისად უმრიცხველო წესით დარიცხულ დავალიანებაზე იგი პასუხისმგებელი სუბიექტი არ არის.

 

სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების კომპლექსური შეფასების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას, რომ სადავო პერიოდში ნ--------------–-–---–ი მისამართზე - ქ. თბილისი, კ. მ----ს შესახვევი N3 არ ცხოვრობდა, საცხოვრებელი სახლის ავარიულობის საფუძვლით, რაც დასტურდება მთაწმინდის გამგეობის მიერ ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემით, რომლის დარიცხვა შეწყდა მას შემდგომ, რაც მოპასუხემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში მიიღო სხვა მისამართზე არსებული უძრავი ნივთი, შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სახლის ავარიულობის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას ეცხოვრა მითითებულ მისამართზე, უსაფუძვლოა უმრიცხველო წესით მასზე ელ. ენერგიის საფასურის დაკისრება, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ 2017 წლამდე სადავო მისამართზე მაცხოვრებელი რეგისტრირებული არ ყოფილა, მხოლოდ 2017 წლის თებერვლიდან დარეგისტრირდა ნ--------------–-–---–ი არსებულ მისამართზე. ამასთან, სასამართლო გარდა წარმოდგენილი მტკიცებულებებისა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება სადავო მისამართზე ვერ მოხერხდა. ფოსტის კურიერის მიერ შედგენილი ქტით დასტურდება, რომ მისამართზე კ----------ის შესახვევი N3, მდებარე „შენობა ავარიულია, ფართი ცარიელია და მაცხოვრებელი სხვაგან ცხოვრობს წლებია“. გზავნილის ჩაბარება ვერ უზრუნველყო ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს თანამშრომელმა, მოპასუხის მისამართზე არ ცხოვრების გამო. ასევე, ნ--------------–-–---–ი წარმოდგენილი საჩივრისა და შესაგებლის ფარგლებში თავის მისამართად მიუთითებს - ქ. თბილისს, მ. ა-–-----ის ქუჩა N1-ს, („ა---------–--ის I კვარტალი, კორპუსი N6), სადარბაზო 1, სართული 13, ბინა 34. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ სადავოდ გახადა აბონენტის ბრუნვის ისტორიაში მითითებული თანხები და განმარტა, რომ იგი ვერ იქნება მიჩნეული სათანადო მტკიცებულებად ფულადი ვალდებულების დადასტურებისათვის, რადგანაც შედგენილია ცალმხრივად მოსარჩელის მიერ, სასამართლო აღნიშნულის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი ბრუნვის ისტორიის შესაბამისად, ნ--------------–-–---–ზე ელ. ენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდებოდა უმრიცხველო (პირობითი) წესით და არა რეალურად მის მიერ მოხმარებული საფასურის შესაბამისად, რაც იმ პირობებში, როდესაც დადგენილია შენობის ავარიულობა და მოპასუხის სხვა მისამართზე ცხოვრება გამორიცხავს უმრიცხველო წესით დარიცხული დავალიანების ანაზღაურების საფუძვლებს, რასაც ამყარებს ის გარემოებაც, რომ აბონენტს 2000 წლის შემდგომ გადახდა არ უწარმოებია და მიუხედავად აღნიშნულისა ამ პერიოდის მანძილზე ხორციელდებოდა ელ ენერგიის საფასურის უმრიცხველო წესით დარიცხვა. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, კერძოდ არ დგინდება აბონენტის მიერ ელ. ენერგიის მოხმარების ფაქტი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მისი საფასურის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 13-16)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18/64-65/71-72);

- ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა (ს.ფ. 105-122);

- მთაწმინდის რაიონის გამგეობის ცნობა (ს.ფ. 103);

- განცხადების პასუხი (ს.ფ. 69-70);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „თ--–--ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 128-130-ე, 144-ე მუხლები;

,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის სამართლებრივი რეგულირება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლში, კერძოდ ნორმის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რის შემდგომაც წარმოეშვება გამყიდველს შემძენისგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომლის თავისებურებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას ამ სახის ურთიერთობაში წარმოადგენს აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება. აბონენტს კი ეკისრება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება დადგენილი წესითა და ოდენობით. სწორედ ეს ორი ვალდებულებაა ნასყიდობის ხელშემკვრელ მხარეთათვის პირველადი ინტერესის საგანი, რომელიც უნდა შესრულდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად - ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (მუხლი 361.2).

 

,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

სს ,,თ--–--ის“ და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-9 მუხლის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად). საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყოველთვიურად, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს.

 

სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად, ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მისამართზე - ქ. თბილისი, კ. მ----ს შესახვევი N3 ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება უმრიცხველო (პირობითი) დარიცხვის გზით. აღნიშნულ მისამართზე არსებული სააბონენტო ნომერი

1------, რეგისტრირებულია ნ--------------–-–---–ის სახელზე. დადგენილია, რომ მითითებულ მისამართზე განთავსებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც მოსარჩელე წლების მანილზე ცხოვრობს სხვა მისამართზე, რაც დასტურდება მთაწმინდის გამგეობის მიერ 2012-2013 წლებში ბინის ქირის საკომპენსაციო თანხების გადახდით, რომლის დარიცხვაც გამგეობამ შეწყვიტა ნ--------------–-–---–ისათვის სხვა მისამართზე მდებარე უძრავი ნივთის საკუთრებაში აღრიცხვის შემდგომ. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ მისამართზე მოპასუხის რეგისტრირება განხორციელდა მხოლოდ 2017 წლის თებერვლიდან. ასევე, სასამართლო გზავნილების, ფოსტის კურიერისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტითაც დგინდება, რომ მოპასუხისათვის გზავნილების ჩაბარება ვერ მოხერხდა, წლების მანძილზე მისი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრების გამო. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხისათვის უმრიცხველო წესით იმ ელექტროენერგიის საფასურის დაკისრებას, რომელიც მას არ მოუხმარია, სს „თ--–--ის“ მიერ შედგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორია, რომელიც წარმოადგენს ცალმხრივ აქტს ვერ მიიჩნევა კონკრეტული ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, მით უფრო იმ პირობებში, რომ უმრიცხველო (პირობითი) დარიცხვისას მიუხედავად ელ. ენერგიის კონკრეტული ოდენობის მოხმარებისა, აბონენტზე მაინც წარმოებს დარიცხვა, რაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს გაუმართლებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. გარდა ზემოთ აღნიშნული საფუძვლისა, სასამართლო მოთხოვნის ნაწილს, რომელიც შეეხება 1999 წლიდან 2013 წლის 29 იანვრამდე დარიცხულ დავალიანებას ამავდროულად მიიჩნევს ხანდაზმულად, რაც ამ თვალსაზრისითაც გამორიცხავს სარჩელის კონკრეტულ ნაწილში დაკმაყოფილებას.

 

უნდა განიმარტოს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა (მუხლი 128.1). ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ინსტიტუტის სპეციფიკურობა მდგომარეობს იმაში, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი შეიძლება ვერ განხორციელდეს მოვალის ნების გამო. ანუ, უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. ამასთან, სკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სადავო არაა, რომ სახეზე იყო ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა და თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის - ვალდებულების შეუსრულებლობა, როგორც პირის უფლების დარღვევა ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ.

 

სადავო შემთხვევაში, სკ-ის 130-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოსარჩელის უფლების დარღვევის ცოდნაზე. შესაბამისად, მოსარჩელის, როგორც ელექტროენერგიის მიმწოდებლის მოთხოვნა აბონენტის მიერ თითოეული თვის განმავლობაში გახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, რაც მას ნაწილობრივ გაშვებული აქვს.

 

ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სკ-ის 144-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს უფლება აქვს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც გამორიცხავს სასამართლო წესით პირის პასუხისმგებლობის დაკისრების იძულების საფუძველს. ამიტომ, მოპასუხის უარი ვალდებულების შესრულებაზე, რომელსაც ლეგიტიმურ საფუძველს სძენს ხანდაზმულობის ვადის გასვლა, 5665.80 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველია.

 

საქმეში წარმოდგენილია აბონენტის ბრუნვის ისტორია რომელიც მოიცავს 1999 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე პერიოდს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული. საქმეზე თანდართული ბრუნვის ისტორიის თანახმად, მოპასუხე მხარეს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა უნდა ეწარმოებინა ყოველ მომდევნო თვეში. ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2016 წლის 29 იანვრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი), რაც ადასტურებს მისი მოთხოვნის ხანდაზმულობას 2013 წლის 29 იანვრამდე წარმოშობილი ვალდებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 275.54 ლარი (იხ. ს.ფ. 12).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებასთან მიმართებით.

 

7.2. სსსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე შეადგენს 50 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2-ჯერ არის გადახდილი 50 ლარი, შესაბამისად კერძო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ--–--ის“ სარჩელი ნ--------------–-–---–ის მიმართ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. მოპასუხე ნ--------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მ-----------–----–---–ის მიერ 2--0--2---–---- საგადასახდო დავალებით, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (გადამხდელის ბანკი - სს ,,თ-----------’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 3----------- მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი T-------).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე