გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002471398
№2/201-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06.09.2018წ. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: შპს „ზ----“
წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი, ზ------ გ------–--ე.
მოპასუხე: ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი.
წარმომადგენელი: ვ-–-------- ს--–--ე, ნ---- ჩ----–--ე.
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა შპს „ზ----“-ს (ს/კ.4-------- ქ. ზ----------- კეთილაძის ქ. №27) წარმომადგენელმა თეა მ------–-–---–მა ( პ/ნ 5-----------) სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/კ215609644 ქ. ჭიათურა ნინოშვილის ქ.№7) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელში მითითებულია, რომ ერთის მხრივ სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და მეორეს მხრივ შპს „ ზ----“-ს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება №256, რომლითაც შპს „ ზ----“-მ აიღო ქვაციხის, კაცხის, ვაჭევის, რგანის და ხრეითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის შესრულების ვალდებულება. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის მოპასუხეს უნდა გადაეხადა 27 256.97 ლარი. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე შპს „ ზ----“-ს მიერ მოხდა სამუშაოების ნაწილობრივ შესრულება, აღნიშნულიც გამოწვეული იქნა იმ გარემოებით, რომ კარიერებს საიდანაც უნდა მომხდარიყო ხრეშის გამოტანა გაუვიდათ ლიცენზიის ვადა 2017 წლის 3 ნოემბერს, რის გამოც შპს „ზ----“-მ ვეღარ მოახერხა ხრეშის შეტანა უბნებში, რაზედაც წერილობით მიმართა სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და თხოვა ხრეშის შეტანის ვადა გაეგრძელებინათ და აენაზღაურებინათ შესრულებული სამუშაოს ღირებულება. 2017 წლის იანვარში კი შპს „ ზ----“-ს დირექტორმა კვლავ მიწერა წერილით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და თხოვდა შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას, რაზედაც მათ მიერ კომისიის გამოყოფა არ მომხდარა. დასრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდაზე კი უარს აცხადებს იქით აკისრებს მოპასუხეს ვალდებულებას.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ს.ს.ი.პ.,,თვითმმართველ ერთეულს ჭიათურის მუნიციპალიტეტს“ დაეკისროს გადასახდელად მოსარჩელის სასარგებლოდ 19990 ლარის და თერთმეტი თეთრის გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარე განმარტავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ ზ----“-ს, შორის 2017 წლის 02 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №256 ხელშეკრულება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის საშუალებით NAT170011472, რომელიც ითვალისწინებდა ქვაციხის, კაცხის, ვაჭევის, რგანის და ხრეითის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას. კლასიფიკატორის კოდი- 45233142. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 27,256 (ოცდაშვიდი ათას ორას ორმოცდათექვსმეტი) ლარს #256 ხელშეკრულებით სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვარი.
2017 წლის 02 ნოემბრის # 51 2049 ბრძანებით შპს „ ზ----“-ზე ინსპექტირებას ახორციელებდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დავით სარალიძე, რომლის მოხსენებითი #1687/51;06/12/2017 ბარათით ირკვევა რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დრო ამოიწურა 2017 წლის 01 დეკემბერს და 02 დეკემბრიდან შპს „ ზ----“ იმყოფებოდა ჯარიმაზე და რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოს, მოცულობები კაცხის, ქვაციხის, რგანის, ადმინისტრაციულ ერთეულში შეტანილია მთლიანად, გაშლილია მაგრამ არ არის დატკეპნილი. ვაჭევში, ღვითორი-მეღუშეთის მიმართულებით შესატანია 350 მ კუბი, ხრეითში კი 300მ.კუბი შპს „ ზ----“-ს მიერ შესრულებული სამუშაოები არაჯეროვნადაა შესრულებული. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთხელ მიმართა შპს „ ზ----“-ს დირექტორს ჯარიმის თანხის გადახდის შესახებ, რაც დღემდე არ გადაუხდია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის მიერ არ მოხდა სამუშაოების ჩაბარება. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ # 256 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განსაზღვრულ ვადაში შპს „ ზ----“-ს მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული, რის თაობაზეც შპს „ ზ----“-ს დირექტორს -ზ------ გ------–--ეს ეცნობა 2018 წლის 16 იანვარს N51/250 წერილით, სადაც მითითებულ იქნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების №256 ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით მიმწოდებელი ჯარიმდება ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის და იხდის ხელშეკრულების ჯამურ ღირებულების 0.1%-ს. 2017 წლის 02 დეკემბრიდან 2018 წლის 09 იანვრამდე დაკისრებული საჯარიმო თანხა შეადგენს 1035,77 (ერთი ათას ოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარს, რომელიც შპს „ ზ----“-ს მიერ არ იქნა ანაზღაურებული.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მოსარჩელე შპს „ ზ----“-ს სარჩელს არ ცნობს, შპს „ ზ----“-მ არაჯეროვნად შეასრულა #256 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რის გამოც უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6. ფაქტობრივი გარემოებები
6.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
6.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.
6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
6.2.1. დადგენილია რომ შპს „ზ----“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, რომლის იურიდიული მისამართია ზ-----------, კეთილაძის ქუჩა N27, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, , ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის ზ------ გ------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რწმუნებულება (ს.ფ.15)
- მხარეთა განმარტებები.
6.2.2. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ზ----ს“ შორის 2017 წლის 02 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N256 ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის საშუალებით NAT170011472 სოფელ ქვაციხის, კაცხის, ვაჭევის, რგანის, ხრეითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. კლასიფიკატორის კოდი 45233142. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 27256 ლარს და 97 თეთრს ოცდაშვიდიათას ორასორმოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.17-19)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.3. დადგენილია, რომ შ.პ.ს.,,ზ----ს“ მიერ ხელშეკრულების მიხედვით შესრულებულია გზის შეკეთების-მოხრეშვითი სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში- ჩუბინიძეების უბანში , სოფელ ქვაციხეში-ჩაფიძეების უბანში, ქვაციხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ რცხილათში-ცენტრალურ უბანში, ქვაციხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიღაში-ცენტრალურ უბანში, კაცხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერში-კუპატაძეების უბანში, კაცხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერში-ქსუების უბანში, ვაჭევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვაჭევში კაკაჩეების უბანში,,თელის წყარომდე“, ვაჭევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვაჭევში ხეგულის უბანში, ვაჭევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ღვითორი-მელუშეეთის დამაკავშირებელი გზა, რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში გველესიანები-ჩალაძეები-ნადირაშვილების უბანში. აღნიშნული სამუშაოების შესრულებას ადასტურებენ ტერიტორიული ორგანოებში მერის წარმომადგენლები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოიცავდა შემდეგი სახის სამუშაოებს ინერტული მასალის დატვირთვა ექსკავატორით; ინერტული მასალის გზაზე დაყრა ადგილ-ადგილ; ინერტული მასალის გაშლა ტექნიკით. სამუშაოები არ მოიცავდა გზის დატკეპნას. სულ შესრულებულია 19990 ლარისა და 11 თეთრის სამუშაოები. აღნიშნული ოდენობის სამუშაოების შესრულებას სასამართლოს სხდომაზე დაადასტურებს ტექნიკური ზედამხედველმა დავით სარალიძემ, რომელმაც მოწმის სახით მისცა ჩვენება. მან ასევე განმარტა , რომ შესასრულებელი დარჩა ხრეითში 300 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა და ვაჭევში 350 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა, რაც განპირობებული იყო იმით , რომ კარიერს გაუვიდა ნებართვის ვადა. აღნიშნული საკითხი კი დამკვეთის მოსაწესრიგებელი იყო. დავით სარალიძე მიუთითებს , რომ იგი ადასტურებს ე.წ. ფორმა ორების შესაბამისობას შესრულებულ სამუშაოებთან. სამუშაოების შესრულებას ასევე ადასტურებენ მოწმის სახით წარმოდგენილი მძღოლები ზვიად კაპანაძე და მალხაზ ჭანკვეტაძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესრულებული სამუშაოს დოკუმენტები (ს.ფ. 20-30 )
- დავით სარალიძის ჩვენება (იხ.ოქმი)
- მოწმეთა ჩვენებები(იხ.ოქმი)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.4. 2017 წლის 02 ნოემბრის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის N512049 დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ზ----ს“ შორის 2017 წლის 02 ნოემბერს გაფორმებული N256 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობის მიზნით დავით სარალიძე დაინიშნა ტექნიკურ ზედამხედველად. დავით სარალიძეს დაევალა განახორციელოს სამშენებლო პროცესის ტექნიკური ზედამხედველობა, შემსრულებელთან ერთად ფარული სამუშაოების აღწერა სათანადო დოკუმენტაციის წარმოებით და შესრულებული სამუშაოების დაფიქსირება ფოტო მასალით, შემსრულებლის მიერ სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს რაოდენობის მოცულობის , ხარისხისა და შესრულების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველყოფა.
2017 წლის 6 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით დავით სარალიძე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი იყო 650 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანის სამუშაოების შესრულება. ინერტული მასალა არ იყო დატკეპნილი. სამუშაოები არაჯეროვნად იყო შესრულებული, თუმცა აღნიშნული საკითხი დავით სარალიძემ განმარტა სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში და დაადასტურა, რომ შემსრულებლის მიერ თავისი ვალდებულება პირნათლად იქნა შესრულებული. არაჯეროვნება გამოწვეული იყო კარიერზე ნებართვის ვადის გასვლით, რომელიც დამკვეთის ვალდებულება იყო. ასევე დავით სარალიძემ დაადასტურა, რომ დატკეპნითი სამუშაოების პროექტით გათვალისწინებული არ იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.66)
- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 68 )
- მოწმე დავით სარალიძის ჩვენება( ოქმი)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
6.2.5. დადგენილია, რომ კარიერებს, საიდანაც უნდა მოეპოვებიათ ინერტული მასალა მოქმედების ვადა გაუვიდა 2017 წლის 03 ნოემბერს. აღნიშნულ პირობაზე პასუხისმგებელი იყო მოპასუხე პროექტიდან და ხელშეკრულებიდან გამომდინარე. დადგენილია, რომ აღნიშნული გარემოების გამო ვერ მოხდა 650 კუბური მეტრის ინერტული მასალის შეტანის ნაწილში ხელშეკრულების შესრულება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 16 იანვარს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა შ.პ.ს. ,,ზ----ს“ წერილით , განაცხადა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N256 ხელშეკრულების 9.1. მუხლის შესაბამისად საჯარიმო თანხის გადახდა ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისათვის. საჯარიმო თანხა შეადგენდა 1035 ლარს და 77 თეთრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიმართვა (ს.ფ.71)
-შ.პ.ს. ,,ზ----ს“ დირექტორის მიმართვა(ს.ფ.31)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი:
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შპს „ზ----ს“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო თვლის რომ მუნიციპალიტეტის ბრალით ვერ მოხერხდა ხელშეკრულების სრულყოფილად შესრულება 650 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანის ნაწილში. სასამართლო თვლის, რომ ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული გარემოებებით ასევე ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლების მიერ დადასტურებული სამუშაოს შესრულებით დოკუმენტით დადასტურებულია ხელშეკრულების შესაბამისად სამუშაოების ოდენობა , ხარისხი და ღირებულება. ამდენად სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი თანხა.
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 636-ე მუხლებით
9. სამართლებრივი შეფასება
9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
9.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
9.3. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს,მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება
9.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ზ----ს“ შორის 2017 წლის 02 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N256 ხელშეკრულება ელექტრონული ტენდერის საშუალებით NAT170011472 სოფელ ქვაციხის, კაცხის, ვაჭევის, რგანის, ხრეითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მოხრეშვის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. კლასიფიკატორის კოდი 45233142. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 27256 ლარს და 97 თეთრს ოცდაშვიდიათას ორასორმოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 იანვრამდე. მითითებული ნორმებიდან სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება
9.5. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შესაბამისად შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დამკვეთის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით ხელშეკრულება მოიშალა.
9.6.დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოშლა განხორციელდა დამკვეთის ინიციატივით და დადგენილია, რომ სწორედ მისი ბრალით ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება, კერძოდ არ გამოიყო შესაბამისი კარიერი ინერტული მასალის მოსაპოვებლად.
დადგენილია, რომ კარიერებს, საიდანაც უნდა მოეპოვებიათ ინერტული მასალა მოქმედების ვადა გაუვიდა 2017 წლის 03 ნოემბერს. აღნიშნულ პირობაზე პასუხისმგებელი იყო მოპასუხე პროექტიდან და ხელშეკრულებიდან გამომდინარე. დადგენილია, რომ აღნიშნული გარემოების გამო ვერ მოხდა 650 კუბური მეტრის ინერტული მასალის შეტანის ნაწილში ხელშეკრულების შესრულება.
9.7.დადგენილია, რომ შ.პ.ს.,,ზ----ს“ მიერ ხელშეკრულების მიხედვით შესრულებულია გზის შეკეთების-მოხრეშვითი სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში- ჩუბინიძეების უბანში , სოფელ ქვაციხეში-ჩაფიძეების უბანში, ქვაციხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ რცხილათში-ცენტრალურ უბანში, ქვაციხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიღაში-ცენტრალურ უბანში, კაცხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერში-კუპატაძეების უბანში, კაცხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერში-ქსუების უბანში, ვაჭევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვაჭევში კაკაჩეების უბანში,,თელის წყარომდე“, ვაჭევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვაჭევში ხეგულის უბანში, ვაჭევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ღვითორი-მელუშეეთის დამაკავშირებელი გზა, რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში გველესიანები-ჩალაძეები-ნადირაშვილების უბანში. აღნიშნული სამუშაოების შესრულებას ადასტურებენ ტერიტორიული ორგანოებში მერის წარმომადგენლები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოიცავდა შემდეგი სახის სამუშაოებს ინერტული მასალის დატვირთვა ექსკავატორით; ინერტული მასალის გზაზე დაყრა ადგილ-ადგილ; ინერტული მასალის გაშლა ტექნიკით. სამუშაოები არ მოიცავდა გზის დატკეპნას. სულ შესრულებულია 19990 ლარისა და 11 თეთრის სამუშაოები. აღნიშნული ოდენობის სამუშაოების შესრულებას სასამართლოს სხდომაზე დაადასტურებს ტექნიკური ზედამხედველმა დავით სარალიძემ, რომელმაც მოწმის სახით მისცა ჩვენება. მან ასევე განმარტა , რომ შესასრულებელი დარჩა ხრეითში 300 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა და ვაჭევში 350 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა, რაც განპირობებული იყო იმით , რომ კარიერს გაუვიდა ნებართვის ვადა. აღნიშნული საკითხი კი დამკვეთის მოსაწესრიგებელი იყო. დავით სარალიძე მიუთითებს , რომ იგი ადასტურებს ე.წ. ფორმა ორების შესაბამიობას შესრულებულ სამუშაოებთან. სულ შესრულებულია 19990 ლარისა და 11 თეთრის სამუშაოები.
9.8. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
9.9.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
10. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილია ოცდაათი თეთრი და მას აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ.პ.ს. ,,ზ----“-ს სარჩელი ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის“ მიმართ დაკმაყოფილდეს და შ.პ.ს,,ზ----“-ს სასარგებლოდ ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეულ ჭიათურის მუნიციპალიტეტს“ დაეკისროს 19 990 (ცხრამეტიათასცხრაასოთხმოცდაათი) ლარისა და 11 (თერთმეტი) თეთრის გადახდა.
2. ს.ს.ი.პ. ,,თვითმმართველი ერთეულ ჭიათურის მუნიციპალიტეტს“ დაეკისროს შ.პ.ს,,ზ----“-ს სასარგებლოდ 599(ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი და 70 (სამოცდაათი) თეთრი (გადახდილი სახელმწიფო ბაჟი).
3. შ.პ.ს,,ზ----“-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (საგადახდო დავალება - 54; გადახდის თარიღი - 30.05.2018 წ; გადამხდელის ბანკი - სს“საქართველოს ბანკი“; გადასახადის გადამხდელის დასახელება -შ.პ.ს. ,,ზ----“, გადამხდელის დასახელება - თეა მ------–-–---–ი; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300223150; ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 0,3 (ნული ლარი და ოცდაათი თეთრი ) ლარი.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი