გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210118002324240
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 აგვისტო. 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე: სს ,,იშ-----------------–ო“,მოსარჩელის წარმომადგენელი: ალ-----------------ძე,მოპასუხე; ნი--------------ძე, ია---------ძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ნი--------------ძესა და ია---------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,იშ-----------------–ო“-ს სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 3281.68 ლარის, სარგებელის 348,23 ლარის და პირგასამტეხლოს 775.58 ლარის გადახდა. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ - თანხის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 15 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 14 ივნისამდე) გადაუხდელი ძირი თანხის 3218.68 ლარის 16 % წლიურად.
1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
1.4. მოხდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვვეტილების დაუყონებლივ აღსრულება.
სარჩელიე ფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2016 წლის 21 ივნისს სს ,,იშ-----------------–ოსა“ და ნი--------------ძეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N891 მოცემული ხელშეკრულების თანახმად მსესხებელზე საკრედიტო ლიმიტად დადგინდა 40 000 ლარი, 120 თვის ვადით.
2016 წლის 21 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის შემადგენელი N891/1 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელ - ნი--------------ძეს სესხის სახით გაიცა 4000 ლარი. ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 36 თვე.
მოვალეზე გაცემული კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 21 ივნისს ბანკს და მოპასუხე ია---------ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულება 891/3 რომლის მიხედვითაც, სოლიდარული მოვალე სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ყველა ვალდებულებაზე პასუხისმგებელი არის მის საკუთრებაში არსებული ქონებით სრულად. მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება და სრულად არ დაფარა საკრედიტო თანხა, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად სესხის ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველია. მიუხედავად ბანკის მიერ მსესხებლისთვის გაგზავნილი არაერთი შეტყობინებისა, მსესხებელის მხრიდან გაკეთებული არაერთი ცრუ დაპირებისა, იგი არაკეთილსინდისიერად თავს არიდებს არსებული დავალიანების დაფარვას. შეწყვეტის დროს მსესხებლის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 4405.49 ლარს, რაც იძულებულს ხდის კრედიტორს სასამართლოს გზით დაიცვას დარღვეული უფლებები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნი--------------ძე წარმოდგენილი შესაგებლით ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. ადასტურებს, რომ მასა და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 21 ივნისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, აიღო სესხი მოსარჩელე ბანკიდან და გამოიყენა საოჯახო მიზნებისთვის, თავდებს სესხიდან არანაირი თანხა არ აუღია. სესხის თანხას თავდაპირველად იხდიდა, მაგრამ შემდგომი მატერიალური პრობლემის გამო ვეღარ ახერხებდა გადახდას. თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირი თანხა სრულად, მასა და მოსარჩელეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება სესხის გადანაწილებასა და ახალი გრაფიკის შექმნაზე, კერძოდ თანხმა პირველ ეტაპზე ერთჯერადად შეიტანოს 1000 ლარი, ხოლო შემდგომ ყოველთვიურად 500-500 ლარი. რაც შეეხება პირგასამტეხლოსა და პროცენტებს, აღნიშნულთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებებს აწარმოებს მოსარჩელესთან, რაც შეეხება სარჩელი გაჟღერებულ შეტყობინებებსა და გაფრთხილებებს, მას ამდაგვარი არაფერი არ მიუღია.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნი--------------ძემ განაცხადა, რომ თანახმაა გადაიხადოს დავალიანების ძირი თანხა, ხოლო პროცენტისა და პირგასამტეხლოს მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს და არ ეთანხმება.
2.2. მოპასუხე ია---------ძე წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. ადასტურებს, რომ მასა და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 21 ივნისს დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლითაც იკისრა ნი--------------ძის თავდებობა, მაგრამ სესხი სრულად აიღო ნი--------------ძემ და ამ სესხისაგან არავითარი სარგებელი არ მიუღია. მისთვის ცნობილია, რომ ნი--------------ძე თანახმაა ვალის გადახდაზე, ამიტომ მოსარჩელის მიერ მასზე თანხის დაკისრების მოთხოვნა უკანონოდ მიაჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 21 ივნისს სს „იშ-----------------–ოსა“ და ნი--------------ძის შროის გაფორმდა სესხის ჩარჩო ხელშეკრულება N 891 ჩარჩო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკი შემადგენელი ხელშეკრულებით გასცემდა მსესხებელზე საბანკო პროდუქტებს ხელშეკრულებით საკრედიტო ლიმიტად დადგინდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 120 თვე.
2016 წლის 21 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის შემადგენელი N891/1 ხელშეკრულება და სესხის N891/2 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელ - ნი--------------ძეს სესხის სახით გაიცა 4000 ლარი. ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 36 თვე. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 16%-ით. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17,73% წლიური, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.5%-ით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სესხის ჩარჩო ხელშეკრულება. (ს.ფ. 23-41)
-სესხის შემადგენელი ხელშეკრულება. (ს.ფ. 42-47)
-სესხის ხელშეკრულება. (ს.ფ. 48-49)
3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნვლყოფის მიზნით 2016 წლის 21 ივნისს სს „იშ-----------------–ოსა“ და მოპასუხე ია---------ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულება 891/3 რომლის მიხედვითაც, სოლიდარული მოვალე სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ყველა ვალდებულებაზე პასუხისმგებელი არის მის საკუთრებაში არსებული ქონებით სრულად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-თავდებობის ხელშეკრულება. (ს.ფ. 50-60)
3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელმა დაარღვია მხარეთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხის თანხა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მოპასუხეებს ბანკის მიერ წერილობით ეცნობათ არსებული დავალიანებისა და სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-სს „იშ-----------------–ოს“ წერილობითი შეტყობინებები. (ს.ფ. 68-81)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის სადავოა მოთხოვნილი პირგასამტეხლოსა და საპროცენტო სარგებელის ოდენობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ იშ-----------------–ოს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეთა მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი და კანონიერია. ამასთანავე უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 873-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, 404-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის ხაზით მომსახურების, სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, მოსარჩელესა და ლია კურტანიძეს შორის 2016 წლის 21 ივნისს გაფორმდა სესხის შემადგენელი N891/1 ხელშეკრულება და სესხის N891/2 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელ - ნი--------------ძეს სესხის სახით გაიცა 4000 ლარი. ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 36 თვე. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 16%-ით. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17,73% წლიური, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.5%-ით.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება;
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
განსახილველ შემთხვევაში, ნი--------------ძესთან ერთად ია---------ძის სოლიდარული ვალდებულება სს ''იშ-----------------–ოს’’-ს წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული გარიგების საფუძველზე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის და სარგებლის თანხა სრულად გადახდილი არ იქნა. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას, მიაჩნია რომ დარიხცული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 775,58 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი, რომელიც სასამართლოს აზრით, უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით. სხვა ნაწილში სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს იმ თანხის პროპორციული ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი, რა ოდენობითაც სარჩელი ცნო მოპასუხემ.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 158 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა 50 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის - 3281.68 ნაწილში. შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაბრუნდეს 98.45 ლარი.
მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 59.55 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და 2018 წლის 19 მარტის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,იშ-----------------–ო“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ნი--------------ძესა და ია---------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,იშ-----------------–ო“-ს სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 3281.68 ლარის, სარგებელის 348,23 ლარის და პირგასამტეხლოს 200 ლარის, სულ 3829.91 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ნი--------------ძესა და ია---------ძეს მოსარჩელე ,,იშ-----------------–ო“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 15 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 14 ივნისამდე) გადაუხდელი ძირი თანხის 3218.68 ლარის წლიური 16 % -ის გადახდა.
4. მოპასუხეებს ნი--------------ძესა და ია---------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,იშ-----------------–ო“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 59.55 ლარის სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,იშ-----------------–ო“-ს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 98.45 ლარი, რა ნაწილშიც მოსარჩელემ ცნო სარჩელი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300733150. (საგადასახადო დავალება N4901. 23/02/2018.)
6. უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და 2018 წლის 19 მარტის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე.