გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/17418-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - სსიპ დ-–---–------------------------------
წარმომადგენელი - თ---------------------–-
მოპასუხე - შპს ,,კ------------------------’’
წარმომადგენელი - ა-–-----------------------–-
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ დ-–---–------------------------------ს სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,კ------------------------’’-ს სსიპ დ-–---–------------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლო 9 043 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დ-–---–------------------------------სა და მოპასუხე შპს ,,კ------------------------’’-ს შორის 2016 წლის 01 ნოემბერს გაფორმდა #ე----- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის 2.1 და 3.1 პუნქტების თანახმად, შპს ,,კ------------------------’’-მ აიღო ვალდებულება შეესყიდა და მიეწოდებინა ერთი ცალი სატვირთო ავტომანქანა სსიპ დ-–---–------------------------------სთვის 2016 წლის 20 დეკემბრამდე, რომლის უკანა თვლების რაოდენობა (სკატი) იქნებოდა ორი.
მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ მან მოსარჩელეს არ მიაწოდა ხელშეკრულებითა და შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სატვირთო ავტომანქანა, კერძოდ, მიწოდებულ ავტომანქანას გააჩნდა უკანა თვლების (სკატი) რაოდენობა ერთი, ნაცვლად ხელშეკრულებითა და შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თვლების რაოდენობისა, რომელიც უნდა ყოფილიყო ორი.
ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე აღნიშნული ავტომანქანა არ მიიღო და ხარვეზების აღმოსაფხვრელად მოპასუხეს განუსაზღვრა 30 დღიანი ვადა. აღნიშნულ ვადაშიც მოპასუხემ ხარვეზი არ აღმოფხვრა და უარი განაცხადა ხელშეკრულებითა და შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სატვირთო ავტომანქანის მიწოდებაზე.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ 2016 წლის 29 დეკემბერს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და წერილით მიმართა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნით.
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეზე დასაკისრებელი პრიგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 9 043 ლარს. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 45 215 ლარს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობაა 9 043 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია სსიპ დ-–---–------------------------------ს სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე შპს ,,კ------------------------’’-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. იგი დაეთანხმა მოსარჩელესთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების ფაქტს, მაგრამ მიუთითა, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი არც ერთი ვალდებულება. გაუგებარია მოსარჩელის პრეტენზია, რადგან სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ავტომობილის უკანა თვლების რაოდენობა იყო ორი და, შესაბამისად, მოპასუხის მიერ მისაწოდებლად გამზადებული ავტომობილის უკანა თვლების რაოდენობაც იყო ორი, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში გამოყენებული იყო სიტყვა ,,სკატი’’, რაც მოპასუხის უფლებამოსილი მენეჯერის მიერ გაგებულ იქნა როგორც საყრდენი დისკოს რაოდენობა მთლიან ხიდზე. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს სიტყვა ,,სკატს’’, არც სატენდერო კომისიის მიერ ყოფილა განმარტებული ამ სიტყვის მნიშვნელობა და შესაბამისად არც მოპასუხის უფლებამოსილ მენეჯერს ჰქონდა იმის ვალდებულება, რომ სიტყვა ,,სკატი’’-ს მნიშვნელობაზე ჩაეტარებინა კვლევა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 01 ნოემბერს სსიპ დ-–---–------------------------------სა, (როგორც შემსყიდველი) და შპს ,,კ------------------------’’-ს (როგორც მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #ე-----.
ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, შემსყიდველმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სატვირთო ავტომანქანის (C----------- - სატვირთო მანქანები) სახელმწიფო შესყიდვაზე (სატენდერო განცხადების #S-----------) და ტენდერის შედეგად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული საქონელი 45 215 ლარად ყველა გადასახადის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს ავტომანქანის აქციზის ღირებულებას და ავტოსატრანსპორტო საშუალების შემსყიდველზე გადაფორმების ხარჯებს.
ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტია ერთი ერთეული სატვირთო ავტომანქანა. შესყიდვის ობიექტის დასახელება, ავტომანქანის მარკა, მოდელი, წარმოშობის ქვეყანა, ტექნიკური მახასიათებლები, რაოდენობა და ღირებულება მოცემული ხელშეკრულების დანართ #1-ში.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომანქანის მიწოდება და შემსყიდველის სახელზე გადაფორმება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2016 წლის 20 დეკემბრისა.
ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.18-21);
- სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი (ს.ფ.22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში შპს ,,კ------------------------’’-ს მიერ მოსარჩელისთვის შეთავაზებულ იქნა მისაწოდებელი ავტომობილის დეტალური აღწერა, რომლის თანახმადაც, განსაზღვრული იყო რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მისაწოდებელ ავტომობილს უკანა თვლების რაოდენობა (სკატი) უნდა ჰქონოდა 2 (ორი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა, ავტომობილის ტექნიკური სპეციფიკები (ს.ფ.33-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 16 დეკემბერს სსიპ დ-–---–------------------------------მ უარი განაცხადა მოპასუხის მიერ მისაწოდებლად წარმოდგენილი სატვირთო ავტომანქანის (K-----------, VIN:K-----------------) მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, ავტომანქანას გააჩნდა უკანა წყვილი თვლების რაოდენობა (სკატი) – 1, ნაცვლად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული უკანა წყვილი თვლების რაოდენობისა რომელიც უნდა ყოფილიყო 2.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნა (ს.ფ. 37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს განუსაზღვრა დამატებითი ვადა - 30 სამუშაო დღე წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა მისაწოდებელი ავტომობილის ხარვეზის აღმოფხვრაზე იმ საფუძვლით, რომ მისი აღწერილობა სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მახასიათებლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა მიმოწერა (ს.ფ. 38-41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა 2016 წლის 29 დეკემბერს და მოსთხოვა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა, საგადახადო მოთხოვნა (ს.ფ.42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისთვის გადაცემული ავტომობილი (K-----------, VIN:K-----------------) შეთანხმებული მახასიათებლების მქონე იყო.
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნივთის ნივთობრივი ნაკლის დეფინიციის დროს უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას, შესაბამისად უპირველესად უნდა დადგინდეს, რამდენად არის მყიდველის მიერ მიწოდებული ნივთი მხარეთა მიერ შეთანხმებული თვისებების მატარებელი. ასეთი შეთანხმების არ არსებობისას კი უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მხარეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული მიზანი. ამ უკანასკნელის არ არსებობის შემთხვევაში ნივთი ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება, რომლის თანახმად იგი ვარგისია ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. განსახილველ შემთხვევაში უპირველესად გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება მისაწოდებელი ავტომობილის მახასიათებლებზე. შესაბამისად, მოპასუხის შესრულება ნაკლოვანების კუთხით უნდა შეფასდეს სწორედ ამ შეთანხმების გათვალისწინებით.
გასათვალისწინებელია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიწოდებული ავტომობილი აღჭურვილი იყო მხოლოდ ერთი წყვილი უკანა თვლით. მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მისაწოდებელი ავტომობილი მხარეთა შეთანხმებული მახასიათებლების მქონე იყო და შეთანხმება სწორედ უკანა ერთი წყვილი თვალის მქონე ავტომობილის (ჯამში ორი თვალი) გადაცემას გულისხმობდა და მოსარჩელის მიერ გამოყენებული ტერმინი ,,სკატი’’ თავისთავად არ გულისხმობს ,,წყვილთვალს’’.
მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ტერმინის განმარტებას ლექსიკონიდან სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, მაგრამ მისი, როგორც განმარტების წყაროს გამოყენების შემთხვევაში, იმთავითვე ცხადია, რომ ტერმინი ,,სკატი’’ გულისხმობს ,,წყვილთვალს’’. სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის, როგორც მეწარმე სუბიექტის საქმიანობის სფეროს სწორედ ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის საქმიანობა წარმოადგენს, შესაბამისად, დამაჯერებლობას მოკლებულია მისი მტკიცება იმასთან მიმართებით, რომ კომპანიის მენეჯერის მხრიდან არასწორად იქნა განმარტებული ტერმინი - ,,სკატი’’. მართალია აღნიშნული ტერმინი შეიძლება დამატებით განმარტებას და დაზუსტებას საჭიროებდეს საშუალო, ამ სფეროში გაურკვეველი მომხმარებლისთვის, მაგრამ იგულისხმება, რომ მოპასუხეს თავისი საქმიანობის პროფილიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე ჰქონდა აღნიშნული ტერმინის ცოდნის და სათანადოდ განმარტების ვალდებულება. გარდა ამისა, ბუნდოვანების არსებობისას მოპასუხეს შეეძლო მიმწოდებელთან დამატებითი დაზუსტება მახასიათებლებთან მიმართებით, რაც მას არ განუხორციელებია.
ამასთან უმნიშვნელოვანესია, ის გარემოება, რომ თავად მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის შეთავაზებულ წინადადებაში, რომელზეც დატანილია ავტომობილის ფოტოსურათი უკანა ორი წყვილი თვალით და აღწერილია მისი მახასიათებლები (ს.ფ. 33-35), მითითებულია უკანა თვლების რაოდენობა (სკატი) - 2. შესაბამისად, მოპასუხე ტერმინში ,,სკატი’’ თავადაც გულისხმობდა უკანა თვლების წყვილ რაოდენობას და გამოხატავდა თანხმობას სწორედ ამგვარი ტიპის ავტომობილის გადაცემაზე მოსარჩელისთვის. აღნიშნული მოპასუხის შეთავაზება ასევე უსაფუძვლოს ხდის მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ტერმინის სხვადასხვაგვარმა განმარტებამ გამოიწვია მათი შეუთანხმებლობა და შეთავაზებულ წინადადებაზე შეცდომით იყო დატანილი სხვა ავტომობილის სურათი. თავად მოპასუხისვე მოსარჩელისთვის შეთავაზებული წინადადებიდან გამომდინარეობს, რომ მისთვის, როგორც მეწარმე სუბიექტისთვის, იმთავითვე ცხადი იყო, რომ მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა იმ ავტომობილის შეძენაზე რომლიც აღჭურვილი იქნებოდა უკანა ორი წყვილი თვალით.
სასმართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა არ იცნობს ამ ტერმინს მოსარჩელეს არ ჰქონდა მისი გამოყენების უფლებამოსილება. მის მიერ შეთავაზებული წინადადებიდანვე გამომდინარეობს, რომ მოპასუხისთვის ცნობილი იყო რას მოიაზრებდა მოსარჩელე ტერმინში ,,სკატი’’ და აღნიშნული მისთვის არ წარმოადგენდა ბუნდოვანებას და არ საჭიროებდა დამატებით განმარტებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისთვის გადაცემული ავტომობილი (K-----------, VIN:K-----------------) შეთანხმებული მახასიათებლების მქონე იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა, ავტომობილის ტექნიკური სპეციფიკები (ს.ფ. 33-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დ-–---–------------------------------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისთვის მიეწოდებინა შესაბამისი მახასიათებლების მქონე ავტომობილი.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრისა, მოპასუხემ უარი განაცხადა ნაკლის მქონე ნივთის შეცვლაზე და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა 2016 წლის 29 დეკემბერს და მოსთხოვა მოპასუხეს ხელშეკრულების დარღვევის გამო შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ხელშემკვრელი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისთვის გადაცემული ავტომობილი (K-----------, VIN:K-----------------) შეთანხმებული მახასიათებლების მქონე იყო. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან შეთანხმებული ხარისხის ნივთის გადაუცემლობით მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც განაპირობებს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული პირგასმტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის - 9 043 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 271.20 ლარის (ს.ფ. 43) ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ დ-–---–------------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,კ------------------------’’-ს მოსარჩელე სსიპ დ-–---–------------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 9 043 ლარის გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,კ------------------------’’-ს მოსარჩელე სსიპ დ-–---–------------------------------ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 271.20 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია