განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002597254
საქმე №1-752/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ო-–-----------–---–ის
ბრალდებულის - კ------- ჩ------ის
ადვოკატის - პ------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075060418001 საქმე:
ბრალდებული: კ------- ჩ------ე
მამის სახელი: ნ--------
დაბადებული: 06.09.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: უ-----–--ი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ----------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ----------------------–---–----------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის 06 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბათუმში, აე----------------------–--–-------- მიმდებარედ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით GY-764-YG, მართვისას კ------- ჩ------ემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32-ე, პუნქტი 1-ის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა „მოპედს“, რომელსაც მართავდა ვ-----------------ე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოპედის მგზავრმა გ---------–-----------მ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. . ბრალდებულმა კ------- ჩ------ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------- ჩ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. დაზარალებულ გ---------–-----------ს ჩვენება, მოწმე ვ-----------------ის ჩვენება, 2018 წლის 06 აპრილს შედგენილი შემთხვვეის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, ფოტო-ცხრილი; საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 26 აპრილის სატრანსპორტო - ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს/ტ-83 დასკვნა, რომლის თანახმად, წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, მოპედის საჭით მართვის მექანიზმი და წინა თვალის მუხრუჭი გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო უკანა თვალის მუხრუჭი მწყობრიდან არის გამოსული მასზე მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს; საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 13 ივნისის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N133/ა დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ კ------- ჩ------ეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხოლო მძღოლი ვ-----------------ე მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N003318318 დასკვნა, რომლის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, გ---------–----------- 2018 წლის 06 აპრილს მოთავსებული იქნა საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი - მარჯვენა წვივის ლატერალური გოჯის მოტეხილობა მცირე ცდომით. დიდი წვივის უკანა კიდის კიდითი მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, 2018 წლის 08 სექტემბრის განაჩენი კ------- ჩ------ის მიმართ.
6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ------- ჩ------ის ბრალდების დადასტურება.
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ------- ჩ------ემ ავტომობილის მართვისას დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ამდენად, კ------- ჩ------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
19. კ------- ჩ------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
20. კ------- ჩ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, მონანიება, დაზარალებულთან შერიგება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
22. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
23. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
24. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
25. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
26. სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
27. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ------- ჩ------ეს, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც მასთან პრეტენზია არ აქვს - უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - ჯარიმა, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
28. ამასთან, საქმის მასალებით - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით, აჭარის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 30 ივლისის წერილით დასტურდება, რომ კ------- ჩ------ე იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო და მიიჩნევს, რომ ვინაიდან კ------- ჩ------ემ ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, რომელიც აღიარა, მოინანია, შეურიგდა დაზარალებულს, სასამართლომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ. ამასთან, რადგან სახეზეა განაჩენთა ერთობლიობა, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი სრულად უნდა დაემატოს ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს. პირობითი მსჯავრის ვადა კი უნდა აითვალოს 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული ვადიდან.
29. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ------- ჩ------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
30. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით GY-764-YG და „მოპედი“, რომლებიც გაჩერებულია შპს „ბათ-ავტოს“ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: კ------- ნ--------ს ძე ჩ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- ჩ------ეს, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვლილია პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ კ------- ჩ------ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული ვადიდან.
ნივთმტკიცებები - „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით GY-764-YG და „მოპედი“, რომლებიც გაჩერებულია შპს „ბათ-ავტოს“ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი