გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/249-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ლ-----------–---–ი
წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი
მოპასუხეები:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი (ვაკე-საბურთალო)
წარმომადგენელი - ს--------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №0------------ გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს მოპასუხეებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) ლ-----------–---–ის მიმართ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება;
მოსარჩელის განმარტებით, 2013-2016 წლების სახელმწიფო პენსიის თანხა ვერ მიიღო ადმინისტრაციულ ორგანოთა უკანონო ქმედებებით. შესაბამისად, მის მოთხოვნას წარმოადგენს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ლ-----------–---–ი თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფება, როგორც საპენსიო პაკეტის მიმღები, 2008 წლის 1 ნოემბრიდან.
ლ-----------–---–ის მიმართ სახელმწიფო პენსიის გაცემა შეჩერდა 2013 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო შეწყდა 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 06 ოქტომბრის №0------------ წერილი (ს.ფ. 122-123).
3.2. ლ-----------–---–ის წარმომადგენელმა - ზ-----------–---–მა 2016 წლის 7 ოქტომბრის განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) და ლ-----------–---–ისათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშნვა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ-----------–---–ს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2016 წლის 1 ნოემბრიდან, განცხადებით მიმართვიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 180 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ-----------–---–ის წარმომადგენელის ზ-----------–---–ის 2016 წლის 07 ოქტომბრის განცხადება (რეგ. №1-----, თარიღი: 10.10.2016წ.);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 135);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 06 ოქტომბრის №0------------ წერილი (ს.ფ. 122-123).
3.3. ლ-----------–---–ის წარმომადგენელმა ზ-----------–---–მა 2017 წლის 28 ივლისს №----- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) და ლ-----------–---–ის საპენსიო პაკეტით უზრუნველყოფა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №0------------ გადაწყვეტილებით ზ-----------–---–ს განემარტა, რომ ლ-----------–---–ის მიმართ სახელმწიფო პენსიის გაცემა შეჩერდა 2013 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო შეწყდა 2016 წლის 1 სექტემბრიდან. ამასთან, ლ-----------–---–ს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2016 წლის 01 ნოემბრიდან განცხადებით მიმართვიდან (2016 წლის 10 ოქტომბერი №1-----), მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 180 ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით მას განემარტა, რომ თუ არ ეთანხმებოდა სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის გადაწყვეტილებას, შეეძლო სადავო გაეხდა იგი ადმინისტრაციული საჩივრით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელზე (მისამართი: ქ. თბილისი, ა---–--------–-------, ერთი თვის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №0------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 36-37).
3.4. ლ-----------–---–ის წარმომადგენელმა - რ--------------–---–მა 2017 წლის 25 სექტემბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №0------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 2013-2016 წლებში მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით.
ლ-----------–---–ის წარმომადგენელის - რ--------------–---–ის 2017 წლის 25 სექტემბრის №9---- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში პოზიციის წარდგენა ეთხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) და ლ-----------–---–ის წარმომადგენლებს: ზ------ და რ--------------–---–ებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ-----------–---–ის წარმომადგენელის - რ--------------–---–ის 2017 წლის 25 სექტემბრის №9---- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 125-126);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის №04/6---- წერილი (ს.ფ. 124);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №04/6---- წერილი (ს.ფ. 121).
3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ-----------–---–ის წარმომადგენელის - რ--------------–---–ის 2017 წლის 25 სექტემბრის №9---- ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ 94-97).
3.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში (ვაკე-საბურთალო) არ იძებნება ინფორმაცია, იყო თუ არა მოქალაქე ინფორმირებული სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება/შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 06 ოქტომბრის №0------------ წერილი (ს.ფ. 122-123).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ლ-----------–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ასევე, ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №0------------ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან ლ-----------–---–ის მოთხოვნა 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების დავალების შესახებ.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა პენსიის მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პენსიის შეჩერება/ განახლების საფუძვლებს, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.
ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“, რომელიც განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, პენსიის შეჩერების საფუძველია პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით. აღნიშნული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსია შეწყდება, პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ.
დადგენილია, რომ ლ-----------–---–ი წარმოადგენს 2008 წლის 01 ნოემბრიდან პენსიის მიმღებ სუბიექტს, ასაკის გამო, რომელსაც 2013 წლის 01 სექტემბრიდან შეუჩერდა პენსიის გაცემა, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, ანუ იმ საფუძვლით, რომ მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 01 ნოემბრიდან მას დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი, თვეში 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ-----------–---–ის წარმომადგენელმა ზ-----------–---–მა 2017 წლის 28 ივლისს ლ-----------–---–ის საპენსიო პაკეტით უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარეს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №0------------ გადაწყვეტილებით ლ-----------–---–ის საპენსიო პაკეტით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ზ-----------–---–ს განემარტა, რომ ლ-----------–---–ის მიმართ სახელმწიფო პენსიის გაცემა შეჩერდა 2013 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო შეწყდა 2016 წლის 1 სექტემბრიდან. ამასთან, ლ-----------–---–ს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2016 წლის 01 ნოემბრიდან განცხადებით მიმართვიდან (2016 წლის 10 ოქტომბერი №1-----), მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 180 ლარის ოდენობით. მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება კი მას შეეძლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ერთი თვის ვადაში.
ლ-----------–---–ის წარმომადგენელმა 2017 წლის 25 სექტემბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №0------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 2013-2016 წლებში მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ლ-----------–---–ის წარმომადგენელის რ--------------–---–ის 2017 წლის 25 სექტემბრის №9---- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ლ-----------–---–ის წარმომადგენელის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების ფარგლებში მოძიებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში (ვაკე-საბურთალო) არ იძებნება ინფორმაცია იყო თუ არა მოქალაქე ინფორმირებული სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება/შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებმა გადაწყვეტილებები მიიღეს განსახილველი საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და გამოვლენილი გარემოებების ურთიერთშეჯერების გარეშე. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაინტერესებული პირის (ვისაც უშუალოდ ეხებოდა ეს გადაწყვეტილება) ინფორმირება პენსიის შეჩერების თაობაზე. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) ძალაში შესვლას უკავშირებს დაინტერესებული პირისათვის მის ჩაბარებას, მაგრამ საპენსიო კანონმდებლობა, პენსიის შეჩერებას იმპერატიულად უკავშირებს ფაქტობრივი გარემოების არსებობას - ბენეფიციარის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებები, რომლებიც მას ადმინისტრაციული კანონმდებლობით აქვს მინიჭებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ან რეალაქტებით რეალიზდება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია. შესაბამისად, კონკრეტული იურიდიული ფაქტი, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობით არის განსაზღვრული, წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომელიც სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად.
მითითებული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ასევე, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი დაინტერესებული პირისათვის გაცნობის კანონით დადგენილი სავალდებულო პირობა, კონკრეტული უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაინტერესებული პირის ინფორმირებასა და მის მიერ საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვას ემსახურება მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიის შეჩერების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდგომ, კანონი განაცდური სახელმწიფო პენსიის სრულად ანაზღაურებას გამორიცხავს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ. სასამართლოს მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-575-572(კ-17), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის #ბს-365-360(კ-16) გადაწყვეტილების თანახმად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში მოქალაქის განცხადების საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც, თუ მოქალაქის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და განცხადებას ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი, საჯარო დაწესებულება ახდენს პენსიის დანიშვნის შესახებ მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ე.ი. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი არის პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის მიმართვა, აქტის გამოცემა“.
„ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებით სამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებში არ მოიპოვება ლ-----------–---–ისათვის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ასევე არ დასტურდება მისი ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტი. მოსარჩელისთვის პენსიის აუნაზღაურებლობას საფუძვლად დაედო ლ-----------–---–ის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის უდავო ფაქტობრივი გარემოება. მხოლოდ აღნიშნული გარემოება კი არ ადასტურებს სახელმწიფო პენსიის შეჩერების მართლზომიერებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველზე და ეს უკანასკნელი არათუ მხარისათვის არ არის ოფიციალურად ჩაბარებული, არამედ არ არის გამოცემული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის შემთხვევაში, მისთვის იმთავითვე ცნობილი იქნებოდა სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რაც მის მიერ, საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, რის გამოც, მოსარჩელეს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად შეუჩერდა კანონმდებლობით გარანტირებული პენსიის მიღების უფლების რეალიზაცია და შესაბამისად მიადგა ზიანი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №0------------ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელე ლ-----------–---–ის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს ლ-----------–---–ისათვის 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2017 წლის 14 აგვისტოს №0------------ გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილება;
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) ლ-----------–---–ის მიმართ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე