გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210018002547769
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21513-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელეები - შ--–-- ს---–----–---–ი, ზ---- ხ----ე

მოსარჩელეების წარმომადგენელი - თ---------- ჯ---------ე

მოპასუხე - სს „ს----------–-------------ა“

მოპასუხის წარმომადგენლები - შ--–-- კ-----–---–ია, ი--- კ-–-ა

დავის საგანი - განაცდური ხელფასის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს „ს----------–-------------ას“ მოსარჩელე შ--–-- ს---–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 22 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

 

1.2. მოპასუხე სს „ს----------–-------------ას“ მოსარჩელე ზ---- ხ----ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 22 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით.

 

მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/17314-14) დადგინდა, რომ შ--–-- ს---–----–---–ი და ზ---- ხ----ე უკანონოდ გათავისუფლდნენ სს „ს----------–-------------იდან“. იგივე გადაწყვეტილებით, მათ სასარგებლოდ მოპასუხეს სასამართლოს მიერ ასევე დაეკისრა იძულებითი მოცდენის პერიოდისთვის - 2014 წლის აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, 1500-1500 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით და საბოლოოდ, კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წელს, სარჩელის შეტანის მომენტისთვის გასული იყო სამი თვე გათავისუფლებიდან, თუმცა მასში მოსარჩელეებს მითითებული ჰქონდათ ასევე, რომ სურდათ დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დამსაქმებელს შრომის ანაზღაურება მიეცა მათთვის მოცდენის სრულ პერიოდზე. მოსარჩელეთათვის გადაწყვეტილებით მინიჭებულ იქნა სამი თვის განაცდური ხელფასი, თუმცა განსახილველი სარჩელის აღძვრისას უკვე 44 თვე არის გასული. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს მოცდენის სრულ პერიოდზე განაცდურის ანაზღაურება მოპასუხე კომპანიის მიერ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სს „ს----------–-------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

მოპასუხის განმარტებით, სასამართლომ 2016 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დააკმაყოფილა ზ---- ხ----ისა და შ--–-- ს---–----–---–ის მოთხოვნები სრულად, როგორც სასარჩელო განცხადებაში იყო მითითებული, მათ შორის იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისთვის 1500-1500 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლო შემოიფარგლა მოთხოვნის იმგვარი ფორმულირებით, რაც მოსარჩელემ ჩამოაყალიბა.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ დღეის მდგომარეობით, სს „ს----------–-------------ისთვის“ ისევ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა, თან იმ პერიოდისთვის, რაზეც მოსარჩელემ ერთხელ უკვე იდავა, უსაფუძვლოა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/17314-14) დადგინდა შემდეგი:

 

Ø ბათილად იქნა ცნობილი სს „ს----------–-------------ის“ 2014 წლის 22 ივლისის N3-- ბრძანება, ზ---- ხ----ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

Ø აღდგენილ იქნა ზ---- ხ----ე სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ ოპერაციათა მართვის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის აღმოსავლეთის ბიუროს კონტროლიორის თანამდებობაზე;

Ø დაეკისრა სს „ს----------–-------------ას“, ზ---- ხ----ის სასარგებლოდ, იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის, 1500 (ათას ხუთასი) ლარის გადახდა;

Ø ბათილად იქნა ცნობილი სს „ს----------–-------------ის“ 2014 წლის 22 ივლისის N3-- ბრძანება, შ--–-- ს---–----–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

Ø აღდგენილ იქნა შ--–-- ს---–----–---–ი სს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ ოპერაციათა მართვის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის აღმოსავლეთის ბიუროს კონტროლიორის თანამდებობაზე;

Ø დაეკისრა სს „ს----------–-------------ას“, შ--–-- ს---–----–---–ის სასარგებლოდ, იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის, 1500 (ათას ხუთასი) ლარის გადახდა.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სს „ს----------–-------------ამ“ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებები უსაფუძვლოდ შეწყვიტა, შესაბამისად, არამართლზომიერად გამოსცა სადავო ბრძანებები, რის გამოც ისინი ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ.

 

იძულებითი მოცდენისთვის ხელფასის დაკისრების ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის გამო მოსარჩელეებმა განიცადეს ზიანი, ვერ მიიღეს შრომის ანაზღაურება, რის გამოც სახეზეა მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-34).

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს----------–-------------ამ“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/3959-17) სს „ს----------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.11.2016წ. გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იყო მხოლოდ დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი, რის მიუხედავადაც განსახილველი დავის მოსარჩელეებმა დააყენეს მოთხოვნა იძულებითი მოცდენისთვის 20 000 ლარის დაკისრებაზე, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან გადაწყვეტილება მხოლოდ მოპასუხის მიერ გასაჩივრდა, უსაფუძვლოა აღნიშნული მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 36-57).

 

3.1.3. საკასაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ს----------–-------------ის“ მიერ იქნა გასაჩივრებული, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით (საქმე №ას-109-109-2018) საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 12)

 

3.1.4. საკასაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე ზ---- ხ----ემ და შ--–-- ს---–----–---–მა გაასაჩივრეს და მოითხოვეს სს „ს----------–-------------ისათვის“ დამატებითი იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის ყოველთვიურად 500-500 ლარის დაკისრება.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საჩივარი დატოვა განუხილველად (საქმე №ას-109-109-2018).

 

საკასაციო სასამართლომ აღნიშნული დაასაბუთა იმით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით იმსჯელა მხოლოდ სამი თვის განაცდურზე და დამსაქმებელს მოსარჩელეების სასარგებლოდ დააკისრა 1500-1500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 13, 129);

 

3.1.5. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არც სამსახურში აღდგენის და არც განაცდურის ანაზღაურების ნაწილში აღსრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შ--–-- ს---–----–---–ისა და ზ---- ხ----ის სასარჩელო მოთხოვნა სს „ს----------–-------------ისთვის“ განაცდური ხელფასის დაკისრების თაობაზე აღსრულებამდე, არის საფუძვლიანი, თუმცა ნაწილობრივ ხანდაზმული.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელეებს მოთხოვილი ჰქონდათ საქმის წარმოების დროს მთელი განაცდურის ანაზღაურება მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ 1500 ლარი, რომელიც განაცდურის სახით დაეკისრა სს" ს----------–-------------ას" მოსარჩელეთა სასარგებლოდ, წარმოადგენს მხოლოდ სამი თვის განაცდურს. მოსარჩელეებს არასოდეს უთქვამთ უარი მთელი განაცდურის მიღებაზე, რასაც ადასტურებს მათ მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში დაყენებული მოთხოვნები განაცდურის სრული ოდენობით მიღების თაობაზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მ-2 ნაწილი ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლით, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

სამოქალაქო კოდექსით სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომლისთვისაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ. ყოველთვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება.

 

განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადის ათვლა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. ასეთ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები ითხოვენ მოპასუხეზე მათ სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას 2014 წლის 22 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე განხილული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 ივლისის N3-- და N3-- ბრძანებები მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იყო უკანონო, ბათილად იქნა ცნობილი და განაცდურის სახით დამსაქმებელს დაეკისრა 1500-1500 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოცემულ საქმეში მოთხოვნილია 2014 წლის 22 ოქტომბრის შემდგომ პერიოდზე მიუღებელი ხელფასის დაკისრება.

 

დავა ეხება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ყოველთვიურად დასარიცხ ხელფასს), შესაბამისად, მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სასამართლომ უკვე განმარტა, რომ ასეთ დროს ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება.

 

სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წლის 17 ივლისს, შესაბამისად, მოთხოვნაც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დაკმაყოფილდეს არა 2014 წლის 22 ოქტომბრიდან მოყოლებული, არამედ 2015 წლის 17 ივლისის შემდგომ პერიოდზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ---- ხ----ისა და შ--–-- ს---–----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არის ნაწილობრივ ხანდაზმული, ხოლო არახანდაზმული მოთხოვნის ნაწილში არის დასაბუთებული, საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, 32-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. იძულებით მოცდენად უნდა ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას. შესაბამისად, იძულებითი მოცდენის დროს მიუღებელი ხელფასის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად.

 

ამდენად, განაცდურის ანაზღაურების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია ვალდებულების შესრულებაა. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს განაცდურის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლიდან, კერძოდ, განაცდური დამსაქმებელს იმ შემთხვევაში ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი და უკანონოდ დათხოვნილი პირი იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგა. ასეთ შემთხვევაში, განაცდური ის შემოსავალია, რომელიც უკანონოდ დათხოვნილმა პირმა დათხოვნიდან აღდგენამდე პერიოდში ვერ მიიღო და უნდა მიიღოს, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება, შეწყვეტის მომენტიდან, გაგრძელებულად მიიჩნევა. შესაბამისად, განაცდურის ანაზღაურება დამსაქმებლის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაშია შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ზ---- ხ----ე და შ--–-- ს---–----–---–ი უკანონოდ გათავისუფლებულად იქნენ ცნობილი და გაუქმდა მათი გათავისუფლების ბრძანებები, შესაბამისად სასამართლომ მოახდინა მათი რესტიტუცია დაკავებულ პოზიციებზე აღდგენით. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დაუკმაყოფილა დასაქმებულებს განაცდური ხელფასი სამი თვის ოდენობით. უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა აღდგენა არ მომხდარა 2014 წლის ნოემბრის შემდგომაც, რაც ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები კვლავ განიცდიან მატერიალურ ზიანს მიუღებელი ხელფასის სახით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მიღებული 1500-1500 ლარით მოსარჩელეებს სრულად დაუკმაყოფილდათ ქონებრივი დანაკლისი. ამის საპირისპიროდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დღემდე ზ---- ხ----ე და შ--–-- ს---–----–---–ი წარმოადგენენ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირებს და განიცდიან ზიანს.

 

ამდენად, დასაბუთებულია მათი მოთხოვნა განაცდური ხელფასის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე. თუმცა, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მოთხოვნა არის ნაწილობრივ ხანდაზმული და ამდენად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არახანდაზმულ ნაწილში, 2015 წლის 17 ივლისის შემდგომ პერიოდზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სს „ს----------–-------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 864 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ზ---- ხ----ისა და შ--–-- ს---–----–---–ის სარჩელი სს „ს----------–-------------ის“ მიმართ განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.2. მოპასუხე სს „ს----------–-------------ას“ მოსარჩელე ზ---- ხ----ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2015 წლის 17 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);

 

1.2. მოპასუხე სს „ს----------–-------------ას“ მოსარჩელე შ--–-- ს---–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2015 წლის 17 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

 

2. მოპასუხე სს „ს----------–-------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 864 ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური