გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.09.2018
საქმის ნომერი
190310017002143880
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-267-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28.09.2018 წელი ქ. რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - მა----------------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - სო---------–----ა, ქე-----------------ე

 

მოპასუხე- ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

მოპასუხის წარმომადგენელი - ელ------------–---–ი

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

 

დავის საგანი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 სექტემბრის N02/14487 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საცხოვრებელ ბინაზე პრივატიზების ხელშეკრულების დადების დავალება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

2018 წლის 02 მარტის დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილია:

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 სექტემბრის N02/14487 გადაწყვეტილება და დაევალოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე მა-----------------–---–ის სახელზე პრივატიზაციის ხელშეკრულების დადება ქალაქ რუსთავში გ. ჯავახიშვილის ქუჩა N5ა-4-ში მდებარე იზოლირებულ საცხოვრებელ ბინაზე.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მა-----------------–---–ის ოჯახი 1989 წელს, ქალაქ რუსთავის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე შესახლებულ იქნა ქალაქ რ-------–----------–-----------------–-------------–---–---------------–- მდებარე ორ ოთახიან საცხოვრებელ ბინაში. ქალაქ რუსთავის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, კორპუსი სადაც განთავსებულია მა-----------------–---–ის საცხოვრებელი ბინა, შესული იქნა ე.წ (წითელ) ნგრევის ზოლში, რის გამოც შესახლებასთან დაკავშირებით არ გაიცემოდა შესაბამისი ორდერი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის ოჯახის შესახლება საცხოვრებელ ბინაში, განხორციელდა ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ღონისძიების გატარების გზით. მა-----------------–---–ის ოჯახი, შესახლებიდან დღემდე ცხოვრობს მითითებულ საცხოვრებელ ბინაში. მიუხედავად აღნიშნულისა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 სექტემბრის N02/14487 გადაწყვეტილებით უკანონოდ ეთქვა უარი საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად არ არსებობს წინაპირობა საცხოვრებელ ბინაზე პრივატიზების ხელშეკრულების დადების დავალების მიმართ. მოპასუხის განმარტებით, მა-----------------–---–ს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 სექტემბრის N02/14487 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის აუცილებლობა გათვალისწინებულია ”კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით.

 

2.2 მესამე პირი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაგებელი, რის გამოც სასამართლოსთვის უცნობია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1 მა-----------------–---–ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ქ--–------------–----------–---–---------------–----------–------------------ა) მდებარე ორ ოთახიან საცხოვრებელ ბინაში შესახლების მომენტიდან დღემდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება

- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის აქტები (29.03.2017 წლის აქტი N22, 28.04.2017 წლის აქტი N26) (ს.ფ 30-33)

- ამონაწერები და ქვითრები კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით (ს.ფ 34-39)

 

3.1.2 1976 წლის 20 თებერვალს ორდერის საფუძველზე (ნგრევის ზონაში შეყვანამდე) დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლი გამოეყო ზუ-----------ის ოჯახს, რომელსაც 1981 წლის 28 ივლისის ორდერის საფუძველზე გამოეყო ახალი საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ--–------------–----------------------–--------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2016 წლის 18 ნოემბრის N1/1756 მიმართვა (ს.ფ 26)

-ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 13 იანვრის N1/47 მიმართვა (ს.ფ 27)

-ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 10 მარტის N1/330 მიმართვა (ს.ფ 28)

 

3.1.3 2017 წლის 30 მაისის N12/56/02 განცხადებით მა-----------------–---–ის მიერ მოთხოვნილ იქნა ქალაქ რ-------–----------–---–---------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიცაზიის განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 30 მაისის N12/56/02 განცხადება (ს.ფ 16-17)

 

3.1.4 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით მა-----------------–---–ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 სექტემბრის N02/14487 გადაწყვეტილება.

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1 სადავო აქტის უარის მოტივს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების საფუძველზე. დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ პრივატიზების შესახებ წერილობით განცხადებას, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ - ადმინისრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა). მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ---------------------–---–-----------------–---------------------------------------, არ იყო წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოსარჩელისა და მისი ოჯახის შესახლება ზემოაღნიშნულ მისამართზე 1990 წელს მხოლოდ სიტყვიერი თანხმობის საფუძველზე მოხდა, ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს გამოთხოვილი იქნა აღნიშნულ მისამართზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქონების პრივატიზება ან/და გასხვისების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები ა.ა.ი.პ "ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივიდან" (02/13437 წერილი), ხოლო მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით (წერილი N1/1463 14.09.2017) ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე ინახება მოქალაქე ზუ-----------ის სახელზე გაცემული ორდერი (N320 20.02.1976) და სხვა პრივატიზაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალურ არქივში არ იძებნება. ამასთან ა.ა.ი.პ "ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის" N1/330 წერილის მიხედვით აღნიშნულ მისამართზე სხვა დამატებითი დოკუმენტაცია (ადმინისტრაციული აქტი) და ასევე მ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ფართზე მომდევნო პერიოდში გაცემული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამართლებრივი აქტი) არქივის დაცულ მასალებში არ იძებნება. ამასთან, მოპასუხის მიერ გამოთხოვილ იქნა "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან" ინფორმაცია მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ, რის საფუძველზეც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მისამართი ქ. რ-----------------–---–--------------------------------------------------- არ იძებნება. შესაბამისად არ იძებნება ინფორმაცია აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ.

 

ვინაიდან, მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელეთა მხრიდან კანონიერი სარგებლობის ფაქტი საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: ქ-------------------–---–---------------------------------------------------. მითითებული გარემობების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 28 სექტემბრის N02/14487 გადაწყვეტილება (ს.ფ 18-19)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა-----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

”კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

7.5 საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლის შესაბამისად, ”სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს, ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.

 

საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.

 

7.6 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.7 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.8 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

 

7.9 ამავე კანონის 96.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილით დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

7.10 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

7.11 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ 1.1. მუხლის შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.

 

7.12 საქართელოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც საფუძვლად დაედო საცხოვრებელი და არასაცხოვებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემას. ესენია:

 

ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინსიტრაციულისამართებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონისმიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამის დოკუმენტი;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირდობის დამადასტურებელ დოკომენტი;

გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერ სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამოდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;

ე) გარკვეული პირობებით დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგაც პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მის განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;

ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების მიერ 2007 წლის 02 თებერვლამდე, აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი);

ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობებთან ერთად შესაბამის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზმოვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიცაზიის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა)“.

 

7.13 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განმარტებაზე, საქმეზე Nბს-180-177 (კ-15), სადაც მიუთითა, რომ "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი" ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლითაც უნდა იქნეს დადასტურებული ფართით კანონიერი სარგებლობის ფაქტი. თუმცა ეს ჩამონათვალი არაა ამომწურავი, ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული ფართით სარგებლობის ფაქტი შეიძლება სხვა დოკუმენტითაც დადასტურდეს. იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, მას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით. მითითებულ საქმეში საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მოსარგებლის სახელით კომუნალური გადასახადების გადახდა, ვინაიდან იგი თავად იყო აბონენტად რეგისტრირებული. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვვილა იმ ფაქტზე, რომ, განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე არ არსებობდა სხვა საჯარო თუ კერძო პირთა ინტერესი.

 

იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მა-----------------–---–ის ოჯახი 1989 წელს შესახლებულ იქნა ქალაქ რ-------–----------–-----------------–-------------–---–---------------–- მდებარე ორ ოთახიან საცხოვრებელ ბინაში, მოსარჩელის ოჯახი დღემდე ცხოვრობს მითითებულ ბინაში და იხდის კომუნალურ გადასახადებს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ შეუსწავლია საქმის არსებითი გარემოებები სრულად. მეტიც, თავად მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან გაგზავნილია შეტყობინებები დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ შეტყობინება ეგზავნება ქრისტესიაშვილის სამ სულიან ოჯახს, მცხოვრებლებს ჯ-----–---–---------------

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს არ აქვს სრულყოფილად გამოკვლელული საქმის არსებითი გარემოებები, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოიკვლია მა-----------------–---–ის ოჯახის შესახლების ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, მოპასუხის მიერ არ გამოკვლეულა ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლი 1976 წლის 20 თებერვალს ორდერის საფუძველზე, გამოეყო ზუ-----------ის ოჯახს, ხოლო შემდგომ 1981 წლის 28 ივლისის ორდერის საფუძველზე გამოეყო ახალი საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ--–------------–----------------------–--------ში. ამ უკანასკნელის საფუძველზე კი 1976 წლის 20 თებერვალს გაცემულმა ორდერმა დაკარგა იურიდიული ძალა.

 

7.14 ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამრიგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მა-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 სექტემბრის N02/14487 გადაწყვეტილება, და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

 

3. მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა მოსარჩელე მა-----------------–---–ის სასარგებლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის #7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი