გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.09.2018
საქმის ნომერი
330310018002601648
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3/5384-18 25 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ი-------–---–--ე

მოპასუხე - შპს ”ე--------------ი"

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ”ე--------------ისთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 200 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 10 მარტს შპს "ე--------------ს", როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა №1---- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”დაცვამ” აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო ქალაქ თბილისში, მ---–----------–--------------ში, ა---–------ის ქუჩა N1-ში მდებარე "დამკვეთის" ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაცვა მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, ხოლო "დამკვეთმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით - თვეში 160.00 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების პირველი, მე-3 და მე-3 მუხლები). ამავე ხელშეკრულებით, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დადგენილ იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებლება 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტი).

მტკიცებულება: 2016 წლის 10 მარტის N1---- ხელშეკრულება (ს.ფ. 11-14).

 

3.2. ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის N6----8 ბრძანების თანახმად, 2016 წლის 14 მარტიდან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ,,125-ის” განყოფილება უზრუნველყოფდა შპს "ე--------------ის" ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებას.

მტკიცებულება: ბრძანება (ს.ფ. 16).

 

3.3. 2016 წლის 5 ივლისის განცხადებით შპს "ე--------------ის" დირექტორმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ 2016 წლის 10 მარტის N1---- ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.

მტკიცებულება: განცხადება (ს.ფ.18).

 

3.4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის №17----7 ბრძანებით შპს ”ე--------------ს" 2016 წლის 11 ივლისიდან შეუწყდა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

მტკიცებულება: ბრძანება (ს.ფ. 17).

 

3.5. შპს ”ე--------------ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის პიგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 18), თანხის ბრუნვა (ს.ფ.19-20).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების’’ თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

ამდენად, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ”ე--------------ს" შორის ურთიერთობა 2016 წლის 10 მარტის N1---- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განსაზღვრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას ითვალისწინებს, როგორიცაა პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 10 მარტის N1---- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მითითებული ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, შპს "ე--------------მა" ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე შეყვიტა რა ხელშეკრულება, იგი ვალდებულია, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს პირგასამტეხლო 200 ალრის ოდებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანიდან გამომდინარე, შპს "ე--------------ი" ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ბაჟის გადახდით გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. შპს ”ე--------------ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით;

2. შპს ”ეკიუ კრდიტს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია