განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
140100118002300378
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100118002300378

№1/48-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

28.09.2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - მიხეილ ბერიაშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ნ----- აბზიანიძე

 

ბრალდებული - ა------ გ----–ას ძე ბ--------, დაბადებული 1--- წლის 7 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–--–--–----.

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა------ ბ-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ შ--–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ა------ ბ-------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ნ----- ა--–------ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის - ბ--–- ბ--------ს თანდასწრებით, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა------ ბ-------მა, შელაპარაკების ნიადაგზე, ნ----- ა--–------ს რამდენიმეჯერ დაარტყა ორივე ხელი და ხის სკამი თავის, სახის და ტანის არეში, რის შედეგადაც ნ----- ა--–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2018 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 05:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ შ--–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ა------ ბ-------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ნ----- ა--–------ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის - ბ--–- ბ--------ს თანდასწრებით, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა------ ბ-------მა შელაპარაკების ნიადაგზე, ნ----- ა--–------ს რამდენიმეჯერ დაარტყა ორივე ხელი და რეზინის ფეხსაცმელი თავის, სახის და ტანის არეში, რის შედეგადაც ნ----- ა--–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ა------ ბ-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ შ--–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში ა------ ბ-------- მეუღლეს - ნ----- ა--–------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ----- ა--–------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 05:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ შ--–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში ა------ ბ-------- მეუღლეს - ნ----- ა--–------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ----- ა--–------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის ა------ ბ-------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, ორი ეპიზოდისათვის) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით, ორი ეპიზოდისათვის).

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა------ ბ--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

დაზარალებულმა ნ----- ა--–------მა, სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, მიუთითა, რომ შვიდი წელია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა------ ბ-------თან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდშიც შეეძინა შვილები. იგი ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გორის რაიონის სოფელ შ--–---ში. ნ----- ა--–------ს, მათი თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლესთან ჰქონდა სისტემატიური კონფლიქტი, რომელიც ყოველთვის მთავრდებოდა მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობით. ზემოაღნიშნული შემთხვევების დროსაც, 2018 წლის 6 იანვარს, საღამოს, ნ----- ა--–------ს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა------ ბ-------მა, იმ მიზეზით, რომ იგი ბავშვებს არ უვლიდა და არ ზრუნავდა მათზე, პატარა სკამი რამდენჯერმე დაარტყა ტანის და თავის არეში, რის შედეგადაც მას თავიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მიუხედავად ამისა, ა------ ბ-------ს არ შეუწყვეტია ძალადობრივი ქმედებები მის მიმართ, მან დააგდო სკამი ძირს და ნ----- ა--–------ს მუშტი დაარტყა შუბლის არეში. დარტყმის შედეგად ნ----- ა--–------ი დავარდა საწოლზე, რა დროსაც ა------ ბ-------მა კვლავ გააგრძელა მისი ცემა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ნ----- ა--–------ი განციდიდა ფიზიკურ ტკივილს და ეშინოდა, რომ მეუღლე მას ნამდვილად მოკლავდა. ყოველივე ამას შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ბ--–- ბ--------, რომელსაც ასევე შეეშინდა და დაიწყო ტირილი. მეორე დღეს, 2018 წლის 7 იანვარს, გამთენიისას, ა------ ბ-------მა კვლავ განახორციელა ძალადობრივი ქმედებები მეუღლის მიმართ იმ მიზეზით, რომ დილას ნ----- ა--–------მა შეშის ღუმელი არ აანთო. ამჯერად მან რამდენჯერმე დაარტყა ნ----- ა--–------ს ორივე ხელი და რეზინის ფეხსაცმელი თავის, სახის და ტანის არეში და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ----- ა--–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და შეეშინდა, რომ მეუღლე მას ნამდვილად მოკლავდა. აღნიშნულ ფაქტს ამჯერადაც მათი არასრულწლოვანი შვილი - ბ--–- ბ-------- შეესწრო. იმავე დღეს, ნ----- ა--–------მა, შვილებთან ერთად, დატოვა მათი საცხოვრებელი სახლი და კასპის რაიონში, მშობლებთან დაბრუნდა.

 

არასრულწლოვანი მოწმის - ბ--–- ბ--------ს დაკითხვაზე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა უარი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას არასრულწლოვანი მოწმის - ბ--–- ბ--------ს გამოკითხვაში მონაწილე ფსიქოლოგი - ა----–--–---–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ გამოკითხვის მომენტისათვის ბ--–- ბ--------, მისი ასაკისა და გონებრივი განვითარების შესაბამისად, ნათლად და გასაგებად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს. იგი მიუთითებდა, რომ მამამ - ა------ ბ-------მა, მისი თანდასწრებით, დედას - ნ----- ა--–------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ა----–--–---–---–მა განმარტა, რომ გამოკითხვისას არასრულწლოვანი ახსენებდა ხის პატარა სკამს, რომლის გამოყენებითაც ა------ ბ-------მა ნ----- ა--–------ს დაზიანებები მიაყენა.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - გ-------------------, რ-------------–---–----------------–----------------------------- დაადასტურეს, რომ 2018 წლის 7 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, გორის რაიონის სოფელ შ--–---ში, სადაც შეტყობინების თანახმად, ა------ ბ-------მა, მცირეწლოვანი შვილის - ბ--–- ბ--------ს თანდასწრებით, მეუღლეს - ნ----- ა--–------ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შემთხვევის ადგილზე მათ დახვდათ ა------ ბ--------, რომელიც დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ამასთან, დაზარალებული ნ----- ა--–------ი მიუთითებდა, რომ ა------ ბ-------მა, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რეზინის ფეხსაცმლის და სკამის გამოყენებით, განახორციელა ძალადობრივი ქმედებები მის მიმართ და დაემუქრა სიცოხლის მოსპობით.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, ვ----– ა--–------მა და ნ------- ა--–------მა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 7 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ თ---–---ში, მათ საცხოვრებელ სახლში, ღამე ტირილით მივიდა ნ----- ა--–------ი შვილებთან ერთად, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლემ - ა------ ბ-------მა, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმეთა განმარტებებით, ამ დროს ნ----- ა--–------ს სახის, თავის და ტანის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, ხელის არეში სისხლჩაქცევები, მარცხენა ფეხზე ლურჯი ლაქები, თავზე სისხლის ლაქები, რომელიც დაზარალებულის განმარტებით, მეუღლემ - ა------ ბ-------მა სკამის, რეზინის ფეხსაცმლის და ხელის დარტყმებით მიაყენა.

 

დაზარალებულის და ზემოხსენებულ მოწმეთა ჩავენებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა დადასტურებულია ნ----- ა--–------ის ავადმყოფობის ამსახველი დოკუმენტებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით და მისი ავტორის - ექსპერტ პ-----------–--ის ჩვენებით. მათი ერთობლიობით დადგენილია, რომ ნ----- ა--–------ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა უსწორმასწორო კიდეებიანი ჭრილობა კეფის არეში, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჭღენთები შუბლის, ცხვირის, მარჯვენა თვალბუდის, ორივე წინამხრებისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოებზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, რომელიც, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ 2018 წლის 6 და 7 იანვრის თარიღს.

 

ბრალდებულმა ა------ ბ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში მან მიუთითა, რომ 2018 წლის 6 და 7 იანვარს მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მას სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია. 2018 წლის 6 იანვარს, საღამოს, როდესაც იგი სახლში დაბრუნდა, ნახა, რომ მათი არასრულწლოვანი შვილი იყო მოუვლელი, რის გამოც მეუღლეს მხოლოდ უსაყვედურა. ბრალდებულის შეფასებით, ნ----- ა--–------მა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ეპილეფსიის შედეგად გამოწვეული გულყრისას, დაცემის გამო.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობას, რაც ნათლად გამოვლინდა სასამართლო სხდომაზე მისი დაკითხვისას. ნ----- ა--–-----ი იყო უკიდურესად დამცირებული, აღელვებული, განიცდიდა შიშს მეუღლის მიმართ და ცდილობდა გულწრფელად აეხსნა მისი უმძიმესი სტრესული მდგომარეობა. დაზარალებულმა თავისი ქცევით და ჩვენებაში ჩამოყალიბებული თანმიმდევრული, დამაჯერებელი განმარტებებით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი ნამდვილად გახდა ა------ ბ--------ს ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ა------ ბ--------ს ბრალეულობა დადასტურებულია ნ----- ა--–------ის ოჯახის წევრების - ვ----– ა--–------ის და ნ------- ა--–------ის იდენტური ჩვენებების ერთობლიობით და 2018 წლის 7 იანვარს ვ----– ა--–------ის მიერ სსიპ „112“-ზე განხორციელებული შეტყობინებით, რომლის მიხედვითაც, ვ----– ა--–------მა ითხოვა პოლიციის დახმარება ა------ ბ--------ს მიერ ნ----- ა--–------ის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების გამო. ვ----– და ნ------- ა--–------ებმა დაკითხვისას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ 2018 წლის 7 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ თ---–---ში, ნ----- ა--–------ს სახის, თავის და ტანის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, ხელის არეში სისხლჩაქცევები, მარცხენა ფეხზე ლურჯი ლაქები, თავზე სისხლის ლაქები, რომელიც მისივე განმარტებით, მეუღლემ - ა------ ბ-------მა სკამის, რეზინის ფეხსაცმლის და ხელის დარტყმებით მიაყენა. დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა ასევე დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მისი ავტორის - ექსპერტ პ-----------–--ის ჩვენებით, რომელთა ერთობლიობით დადგინდა, რომ ნ----- ა--–------ს აღენიშნებოდა უსწორმასწორო კიდეებიანი ჭრილობა კეფის არეში, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჭღენთები შუბლის, ცხვირის, მარჯვენა თვალბუდის, ორივე წინამხრებისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოებზე, რომელიც მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ 2018 წლის 6 და 7 იანვრის თარიღს. ნ----- ა--–------ის და ფსიქოლოგ - ა----–--–---–---–ის ჩვენებების ერთობლიობით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ არასრულწლოვანმა - ბ--–- ბ-------მა, როგორც დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო თვითმხილველმა, სრულად გააცნობიერა ა------ ბ--------ს ძალადობრივი ქცევა, რის გამოც მან განიცადა შიში და დაიწყო ტირილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა------ ბ--------ს ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დანაშაულის ჩადენისას, ა------ ბ-------ს ამოძრავებდა ქალის მიმართ შეუწყნარებლობის ნიადაგზე აღმოცენებული შურისძიების მოტივი. ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს სწორედ მისი მეუღლის, ნ----- ა--–------ის მიმართ ძალადობის ჩადენა და მისი დაშინება წარმოადგენდა, რაც მან, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლისათვის ხელისა და სხვადასხვა საგნების დარტყმებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სისრულეში მოიყვანა. მოწმეთა ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ასევე, რომ ა------ ბ--------ს ძალადობრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (ნ----- ა--–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა------ ბ--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

დაბოლოს, სასამართლო, შეფასების სახით, მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა------ ბ-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით, დანაშაულების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით, უნდა დაედოს მსჯავრი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა------ ბ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასამართლო ა------ ბ--------ს პასიხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებად მიიჩნევს სქესზე დაფუძნებული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობის ჩადენას მეუღლის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), ასევე, დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებას მთვრალ მდგომარეობაში.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------ ბ--------ს მიმართ მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, განახორციელოს ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობაზე დროული და ეფექტური რეაგირება, სასამართლო, თავდაპირველად, მიზანშეწონოლად მიიჩნევს, მიმოიხილოს ამ მიმართებით მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები და ნორმები, სახელდობრ:

 

გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.

 

2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაში (რეკ(2002)5), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა inter alia, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმრების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, -

 

საქმეში ბეგანოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Beganovic v. Croatia, No. 46456/06, 25.6.09) სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც კერძო პირების მიერ მიყენებული ძალადობა აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს მე-3 მუხლი, ხელისუფლების ორგანოებს მოეთხოვებათ ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მოქმედების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები არ იქნა შესრულებული განმცხადებელზე სერიოზული თავდასხმის პასუხად გატარებული ღონისძიებებით, განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოწვეული გაჭიანურების გამო, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად.

 

საქმეში A.T. v. Hungary (2005 წლის 26 იანვრის განჩინება), სადაც მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე (ჩვეულებითი სამართლის მიხედვით) და მისი ორი შვილის მამა მას ფიზიკურაც უსწორდებოდა და ემუქრებოდა 1998 წლიდან მოყოლებული, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა მიმართა უნგრეთს "უზრუნველეყო მომჩივანისა და მისი ოჯახის ფიზიკური და გონებრივი შეუვალობა" ისევე როგორც მიეცა მისთვის ბავშვებთან ერთად უსაფრთხო საცხოვრებელი და ბავშვის დახმარება, იურიდიული დახმარება და გაეცა კომპენსაცია მისი უფლებების დარღვევის პროპორციულად. კომიტეტმა ასევე წარუდგინა რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია უნგრეთს ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ქალთა დაცვის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ეფექტიანი გამოძიების, სამართლებრივი და მართლმსაჯულების პროცესების დადგენისა და მკურნალობისა და დახმარების რესურსების გაზრდის გზით.

 

საქმეში კონტროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kontrova v. Slovakia, No. 7510/04, 31.5.07) პოლიციამ ვერ შეძლო ადეკვატურად ეპასუხა განმცხადებლის სისხლისსამართლებრივ საჩივრებსა და სატელეფონო ზარებზე გადაუდებელი დახმარების თხოვნით, რაც გამოწვეული იყო მისი ქმრის მიერ ფიზიკური ხელყოფით; მათ არ დაარეგისტრირეს საჩივარი, არ ჩაიწერეს ზარები, არ დაიწყეს გამოძიება და არ აღძრეს სისხლისსამართლებრივი წარმოება. სასამართლომ შესაბამისად დაადგინდა, რომ დაირღვა მე-2 მუხლი, მას შემდეგ რაც ქმარმა სროლის შედეგად მოკლა მათი ორი შვილი.

 

კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი ჰქონდა აგრეთვე საქმეში ბრანკო ტომაშიცი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (Branko Tomazic and others v. Croatia, No. 46598/06, 15.1.09), სადაც მამაკაცმა შეასრულა თავისი მუქარა და მოკლა თავისი პარტნიორი და თავიანთი ახალშობილი ქალიშვილი. ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ საფრთხის სერიოზულობის შესახებ, მაგრამ ვერ შეასრულეს თავიანთი პოზიტიური მოვალეობები...არავითარი რისკების შეფასება არ მომხდარა უშუალოდ მისი (მამაკაცის) გათავისუფლების წინ.

 

საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ოპუზის საქმეში განმცხადებელი და დედამისი განმცხადებლის ქმრის სისტემატური ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლნი იყვნენ, რაც დაგვირგვინდა დედამისის მოკვლით. განმცხახდებლის ქმრის მხრიდან მუდმივად გამწვავებადი ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით, რის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ შეეძლოთ განეჭვრიტათ სასიკვდილო თავდასხმა. სისხლის სამართალწარმოება იქამდე დაწყებული იქნა განმცხადებლის ქმრის მიმართ, მაგრამ მთავრობა ამტკიცებდა, რომ დევნის განმახორციელებელ ორგანოებს თითოეულ შემთხვევაში, როცა დაიწყეს დევნა, უწევდათ შიდა სამართლის თანახმად მისი შეწყვეტა, რადგან განმცხადებელს და დედამისს გაჰქონდათ თავიანთი საჩივრები. ისევე როგორც ამ სიტუაციაში, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს კანონი არ აძლევდა საშუალებას, გაეგრძელებინა სისხლის სამართალწარმოება, რადგან სადაო ქმედებები არ იწვევდა ავადმყოფობას ან შრომმისუნარიანობის დაკარგვას 10 დღით ან მეტი ვადით. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იმ პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც მოითხოვდა ოჯახური ძალადობის ყველა ფორმის დასასჯელად სისტემის შექმნას და ეფექტიან ამოქმედებას, აგრეთვე დადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, გაეტარებინა პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდის სიცოცხლის დასაცავად. ამას ერთვოდა ისიც, რომ გამოძიება იყო არასაკმარისად სწრაფი, შესაბამისად, განცხადებლის დედის მიმართ დაირღვა მე-2 მუხლი და თავად განცხადებლის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი, აგრეთვე დაირღვა მე-14 მუხლი, როგორც მე-2, ისე მე-3 მუხლთან მიმართებით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის კომიტეტის (CEDAW) 2015 წლის 13 ივლისის დასკვნას საქმეზე „X დაY საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დისკრიმინაციად უნდა შეფასდეს ქალების წინააღმდეგ განხორციელებული სქესზე დაფუძნებული ძალადობა. აღნიშნულ საქმეზე კომიტეტმა დაადგინა „ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დარღვევა და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები, გაეტარებინა შესაბამისი ეფექტური ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები, რომლებიც აღკვეთდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, როგორც ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ქალის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინა, რითაც შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მყისიერი ამოქმედების თვალსაზრისით. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარმა დროულმა რეაგირებამ, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ძალადობის მსხვერპლი ქალის სათანადო დაცვა და საქმეზე დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.

 

სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ დაზარალებული, რომელიც დაავადებული იყო ეპილეფსიით და ოჯახში მხოლოდ ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მეუღლის მხრიდან, თანაგრძნობის ნაცვლად, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისას, ა------ ბ-------- დაჟინებით მოითხოვდა, რომ მეუღლეს ბავშვებისათვის სათანადო ყურადღება მიექცია.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ამჟამინდელ განწყობას მოძალადე მეუღლის მიმართ. დაკითხვისას ნ----- ა--–------მა მიუთითა, რომ იგი უკვე შეურგიდა ა------ ბ-------ს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლოს აზრით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით ა------ ბ--------ს საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასამართლოს აზრით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, მისი ასაკის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ა------ ბ-------ს უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელები, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა------ ბ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, უზრუნველყოფს მის გამოსწორებას და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე 59-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა------ ბ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, ორი ეპიზოდისათვის) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით, ორი ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით, 2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით, 2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------ ბ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ა------ ბ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 იანვრის 00:30 საათიდან.

 

3. მსჯავრდებულ ა------ ბ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· რეზინის ფეხსაცმელები და ხის სკამი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, განადგურდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე