გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.07.2018
საქმის ნომერი
140210117002194862
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210117002194862

საქმე № 2/1873-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - ს----------------ი“

წარმომადგენელი - გ------------–--–ი

მოპასუხეები - კ------------

ვ----–-–-–--–---

ლ------------

გ--–--------- (მონაწილეობის გარეშე)

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეებს: კ------------ს, ვ----–-–-–--–---ს, გ--–---------ს და ლ------------ს მოსარჩელე ს----------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3039.21 აშშ დოლარი გადახდა და ასევე მხარის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

 

მოსარჩელის პოზიცია.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 24 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხე კ------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რითაც მსესხებელმა მიიღო 3000 აშშ დოლარი, შემდეგი პირობებით: ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 2.75%, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემხვევაში - პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით და სიცოცხლის დაზღვევა. იმავე დღეს ვ----–-–-–--–---სთან, გ--–---------სთან და ლ------------სთან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 4705.97 აშშ დოლარით. მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაირღვა 2015 წლის ოქტომბრის შემდგომ და მიუხედავა არაეთი გაფრთხილებისა მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას, რის გამოც მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 3039.21 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ 800 აშშ დოლარის ნაწილში და მიუთითეს, რომ ვ----–-–-–--–---სთან, გ--–---------სტან, ლ------------სთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში, ასევე მათ განცხადებებში არ არსებობს დათქმა, რომ ისინი თავისი ქონებით აგებენ პასუხს, მსესხებლის - კობა თაყაძის ფულად ვალდებულებებზე. ამასთან თანხა არ მიუღიათ თავდებებს.

 

გგარდა აღნიშნული გარემოებებისა, ლ------------მ გადაიხადა 1200 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელის მიერ სესხის ძირ თანხას კი არ გამოაკლდა, არამედ განთავსებულია სხვა ანგარიშზე, საიდანაც მოსარჩელემ მოახდინა ნაწილ-ნაწილ გადახდა ისე, რომ ამის შესახებ არ იყვენენ ინფორმირებულები მოპასუხეები (იხ. შესაგებელი და 18.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2014 წლის 24 ივნისს მოპასუხე კ------------ს და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: სესხის მოცულობა 3000 აშშ დოლარი, სესხის მოქმედების ვადა - 2017 წლის 2 იანვრამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 40.4%, პირგასამტეხლო - დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით.

 

მტკიცებულება:

- 2014 წლის 24 ივნისის სესხის ხელშეკრულება

 

3.1.2. 2014 წლის 24 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეებს: ვ----–-–-–--–---ს, გ--–---------ს და ლ------------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც, თავდებებმა აიღეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი „გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის, ფიზიკურ პირს, კ------------ს მიერ 2014 წლის 24 ივნისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირითად თანხაზე - 3000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 1 479.74 აშშ დოლარზე, ასევე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელზე - 195 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე - 31.23 აშშ დოლარზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 4705.97 აშშ დოლარს და შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე (ხელშეკრულების 2.1 პუნქტი).

 

მტკიცებულება:

- თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხეების მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ნაკისრი ვალდებულება სრულად უნდა შეესრულებინა 2017 წლის 02 იანვრისათვის, რაც არ განუხოციელებიათ. შესაბამისად, 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, მათი დავალიანება შეადგენს 3039.21 აშშ დოლარს, საიდანაც 1 813.88 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 390.33 აშშ დოლარი - პროცენტი, 91 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 734.62 აშშ დოლარი - ჯარიმა, 9.38 აშშ - დოლარი წლის საკომისიო.

 

მტკიცებულება:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილების წერილები

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 416-418-ე, 420-ე, 429-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე კ------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 3 000 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელესა და დანარჩენ მოპასუხეებს შორის თავდებობის ხელშეკრულებები მითითებბული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.7. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სიცოცხლის დაზღვევა, რაზეც მოპასუხემ ნებაყოფლობით მოაწერა ხელი. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო თავდებობის ხელშერულებით, რომელიც ასევე ნებაყოფლობით იყო დადებული მხარეთა მიერ.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარეებს, მათ შორის დადებული, როგორც სესხის, ისე ამ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული თავდებობის ხელშეკრულებების კანონიერება სადავო არ გაუხდიათ, მოპასუხეთა მხრიდან სადავოა შესრულებული ვალდებულების ოდენობა.

 

6.12. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს კრედიტორს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. ამავდროულად, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით, საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. შესრულების თაობაზე დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. ვალდებულების შესრულების შესახებ დავისას, მოვალეს აკისრია მტკიცების ტვირთი და ვალის გადახდის დადასტურება სათანადო საბუთით უნდა მოხდეს, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია კრედიტორისგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულება შესრულებულად და შესაბამისად, შეწყვეტილად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს კრედიტორის მიერ დადასტურებული დოკუმენტი ვალდებულების შესრულების შესახებ.

 

მოპასუხეთა პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

6.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

6.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასაწრ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდენილია სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა კანონიერება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ამონაწერი კობა თაყაძის ანგარიშიდან, რომლის თანახმადაც, მას გარდა განსახილველი საკრედიტო ხელშეკრულებისა, გააჩნდა სხვა ვალდებულებებიც, ამასთან, პერიოდულად, გრაფიკის დარღვევის გამო ერიცხებოდა ჯარიმები, დღეის მდგომარეობითაც ვალდებულება შეუსრულებელია და კრედიტორის წინაშე გააჩნია დავალიანება.

 

რაც შეეხება თავდებთა განმარტებებს, რომ მათ 1300 ლარი გადაიხადეს, თუმცა არ დაფარულა მათი თავდებობით უზრუნველყოფილი სესხი, ამავე ამონაწერის თანახად, 2015 წლის 28 აპრილს, კობა თაყაძის ანგარიშზე მართლაც განთავსდა 1326.25 ლარი, რომლითაც დაიფარა სხვადასხვა სესხის, როგორც ვადაგადაცილებული ძირითადი თანხა და პროცენტი, ისე ჯარიმები, რისი უფლებაც საკრედიტო ორგანიზაციას ჰქონდა. გარდა ამისა, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც იგი დაადასტურებდა, რომ კობა თაყაძის სესხის დასაფარად მართლაც თავდებებმა შეიტანეს თანხა და მითუმეტეს სწორედ ამ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით განახორციელეს ამ თანხის შეტანა. გარდა ამისა, მათ არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის შეთანხმება მხარეთა შორის სესხის წინსწრებით დაფარვის თაობაზე, რომელიც მოპასუხეთა ზეპირ განმარტებებს ძირითადი თახის წინსწრებით დაფარვის შესახებ დამაჯერებლობას შესძენდა.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მათი პოზიციის (ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების) დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებები, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც მათ მხარეზე იყო, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სარჩელი მოპასუხეების მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, საფუძვლიანია.

 

6.15. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება -პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, რომლის ოდენობაც განსახილველ შემთხვევაში 200 ლარს შეადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - სარჩელზე 248.26 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი, ასევე სასამართლოსგარეშე ხარჯი 132 ლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი.

 

7.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის, თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 248.26 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 65.35 ლარის, ხოლო 189.24 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს და მოპასუხე მხარეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იყო, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის № 1873-17 განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ლევან თაყაძის სახელზე არსებულ ფულად ანგარიშებს და მოპასუხე ვ----–-–-–--–---ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებიტ, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ს----------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს: კ------------ს, ვ----–-–-–--–---ს, გ--–---------ს და ლ------------ს მოსარჩელე ს----------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 2504.59 აშშ დოლარის - გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1813.88 აშშ დოლარი, პროცენტი - 390.33 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 91 აშშ დოლარი, საკომისიო - 9.38 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 200 აშშ დოლარი;

 

3. მოსარჩელე ს----------------ს“ მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 248.26 ლარიდან დაუბრუნდეს 65.35 ლარი, ხოლო 182.91 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. მოპასუხეებს: კ------------ს, ვ----–-–-–--–---ს, გ--–---------ს და ლ------------ს მოსარჩელე ს----------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 189.24 (სარჩელზე - 139.24 ლარი, უზრუნველყოფაზე - 50 ლარი) ლარის გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 132 ლარის ოდენობით.

 

5. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის №2/1873-17 განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ლევან თაყაძის სახელზე არსებულ ფულად ანგარიშებს და მოპასუხე ვ----–-–-–--–---ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს ძალაში.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი