გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002589439
საქმე № 3/519-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - ა-–---------ე გ--------ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - ა-–---------ე მუკბანიანი
მოპასუხე - სსიპ ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლა
მოპასუხის წარმომადგენელი - მ----------------ე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
მოპასუხის წარმომადგენელი - პ-–---------------–---–ი
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს ა-–---------ე გ--------ის მიერ სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში (ქ. ბაღდათის N2 საშუალო სკოლა) 2004 წელს საბაზო საფეხურის განათლების მიღების ფაქტი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ა-–---------ე გ--------ემ 2004 წელს დაასრულა ქ. ბაღდათის N2 საშუალო სკოლის 9 კლასი და მასზე გაიცა შესაბამისი ატესტატი, რომელიც დაეკარგა. ა-–---------ე გ--------ემ 2018 წლის 11 აპრილს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ატესტატის დუბლიკატის გაცემა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მოსარჩელეს უარი უთხრა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ მოტივით, რომ სკოლაში არ იძებნებოდა სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი და იგი არც ეროვნულ არქივზე იყო გადაცემული. აღნიშნული ატესტატის დუბლიკატი მოსარჩელეს ესაჭიროება საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, რის გამოც ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 სკოლის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და დაადასტურა, რომ ა-–---------ე გ--------ემ ნამდვილად დაასრულა 2003-2004 სასწავლო წელს ამავე სკოლის ცხრა კლასი და მასზე გაიცა ატესტატი N0003858.
2. მესამე პირის პოზიცია
2.2. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა განმარტა, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 11 აპრილს წერილით მიმართა ქალაქ ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა ა-–---------ე გ--------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. რესურსცენტრის მიერ გადმოგზავნილი კორესპონდენციიდან ირკვეოდა, რომ სკოლაში მოიძებნა ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, ხოლო ა-–---------ე გ--------ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ბრძანება იმ პერიოდისათვის არ გამოიცემოდა, პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები სკოლაში არ მოიძებნა და არც ეროვნულ არქივში იყო გადაცემული.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ 12.08.1989 წელს დაბადებული ა-–---------ე გ--------ე სწავლობდა ქალაქ ბაღდათის N2 საშუალო სკოლაში. 2003-2004 წლებში დაასრულა ქალაქ ბაღდათის N2 საშუალო სკოლის ცხრა კლასი, რის საფუძველზეც გაიცა ატესტატი N0003858.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცხრაწლიანი განათლების მოწმობების გაცემის წიგნი (იხ. ს.ფ. 34-36)
- სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ცნობა (იხ. ს.ფ. 11)
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აპრილს საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაღდათის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით მიმართა ა-–---------ე გ--------ემ და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 11 აპრილს N 400262 წერილით მიმართა ქალაქ ბაღდათის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა ა-–---------ე გ--------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 20 აპრილის N MES 7 18 00441316 წერილის თანახმად, ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. ა-–---------ე გ--------ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ბრძანება იმ პერიოდისათვის არ გამოიცემოდა, ხოლო პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები სკოლაში არ იძებნება და არც საქართველოს ეროვნულ არქივზეა გადაცემული. შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ არ დაკმაყოფილდა ა-–---------ე გ--------ის განცხადება და უარი უთხრა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ ხერხდებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 20 აპრილის N MES 7 18 00441316 მიმართვა (იხ. ს.ფ. 12).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–---------ე გ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არის - აღიარებული იქნეს ა-–---------ე გ--------ის მიერ სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში (ქ. ბაღდათის N2 საშუალო სკოლა) 2004 წელს საბაზისო საფეხურის განათლების მიღების ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ა-–---------ე გ--------ემ 2003-2004 წლებში დაასრულა სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში (ქ. ბაღდათის N2 საშუალო სკოლა) ცხრა კლასი და მიიღო ატესტატი.
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 20 აპრილის N MES 7 18 00441316 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ა-–---------ე გ--------ეს უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, იმ საფუძვლით, ვერ მოხერხდა მოქალაქე ა-–---------ე გ--------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს სწავლა, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა-–---------ე გ--------ემ 2003-2004 წლებში დაასრულა სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში (ქ. ბაღდათის N2 საშუალო სკოლა) ცხრა კლასი და მასზე გაიცა ატესტატი N 0003858.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–---------ე გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს ა-–---------ე გ--------ის მიერ სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში (ქ. ბაღდათის N2 საშუალო სკოლა) 2004 წელს საბაზო საფეხურის განათლების მიღების ფაქტი.
3. ა-–---------ე გ--------ეს დაუბრუნდეს ა-–---------ე მუკბანიანის მიერ სარჩელზე 2018 წლის 14 აგვისტოს სს "ლიბერთი ბანკი" გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (გადახდის ქვითარი №17407701, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TBCGEE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი