გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2018
საქმის ნომერი
140210017002031504
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1137-17 (140210017002031504)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

19 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

მოსარჩელე - ვ-------–--–-–---–ი

მოპასუხე - კ---------–--------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2571-ე, 365-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ვ-------–--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

 

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და სააპელაციო წესით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე და 365-ე მუხლების საფუძველზე:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

კ---------–--------ემ და მისმა ახლობელმა თ-----მ მოსარჩელის მაღაზიიდან 230 ლარის სურსათი იყიდეს, ხოლო თანხა მოპასუხეს მოგვიანებით უნდა გადაეხადა. კ---------–--------ემ ვალდებულება არ შეასრულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე იყო ვალდებული დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს და მის ახლობელს სურსათი მიყიდა, ხოლო თანხის გადახდის ვალდებულება კ---------–--------ემ იკისრა. მოსარჩელემ აღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება წარმოუდგინა, რასაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება იმასთან დაკავშირებით, რომ მან კ---------–--------ესა და მის ახლობელს 230 ლარის სურსათი მიყიდა, ხოლო თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხემ იკისრა.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვ-------–--–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 317-ე, 316-ე მუხლები.

 

სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მხარეებს ნასყიდობის ხელშეკრულებაში წარმოადგენენ გამყიდველი და მყიდველი, რომლებიც შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიქტებს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა. ამ ურთიერთობის ერთ მონაწილეს - კრედიტორს მეორესაგან - მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ დასტურდება ვ-------–--–-–---–სა და კ---------–--------ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამო ვერც მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი