განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი- ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორი- გი--------------–---–ი,დაცვის მხარე
ადვოკატი - შო--------------ე,ბრალდებული: ლე------–---------------------–-–---–ი,დაბადების თარიღი:------------------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N1-----------
განათლება : საშუალო,ნასამართლობა: მქონე,მცხოვრები: ბოლნისის რაიონი, ს------–-----–----
სისხლის სამართლის საქმე №0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლე-----------–-–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა AB-CHIMINACA ნივთიერების შემცველ მცენარეულ მასას 0,015 გრამის ოდენობით, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს და რომელიც ამოღებული იქნა 2017 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში, დ-----------–-----–---------------ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2017 წლის 27 ივნისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ლე-----------–-–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ლე-----------–-–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ლე-----------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: გ--------------–--–---–ის, ვა-------–------ს, ნო-------------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, 2017 წლის 2-------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ლე-----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლე-----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, იგი ნასამართლობის მქონეა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლე-----------–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისიწინებული წესით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლე-----------–-–---–მა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, თუმცა მას გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2018 წლის 09 ივნისს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში საპრობაციო ვადის შეჩერების პროცედურა არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და არც ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” 2007 წლის 19 ივნისის საქართველოს კანონით (საქართველოს სსსკ-ის 282-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება მხოლოდ ძებნის პროცესში, თუ სასამართლომ მიიღო მსჯავრდებულის ძებნის გადაწყვეტილება). ხოლო ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” 2007 წლის 19 ივნისის საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას. შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის გასვლის შედეგად სააღსრულებო წარმოების დასრულება ნიშნავს სასჯელის აღსრულებას. ამდენად, საპრობაციო ვადის შეჩერების ინსტიტუტს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თუ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოტანილა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (როდესაც იგი არ შეჩერებულა), მხოლოდ დანაშაული ითვლება გამოსაცდელ ვადაში ჩადენილად, თუმცა სასჯელის განსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით ვერ მოხდება, ვინაიდან ბოლო განაჩენის დადგენის დროს წინა განაჩენით დაკისრებული პირობითი მსჯავრი აღსრულებულია და მისი გაუქმებისა და ბოლო განაჩენზე დამატების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების და ანალიზის შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში პრობაციის ბიუროში სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას და კანონმდებლის მიერ არ არის დაწესებული ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერების პროცედურა, საკითხი მოცემულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ და ვინაიდან ლე-----------–-–---–ის მიმართ ბოლო განაჩენის მიღებისას, წინა განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა გასულია - ბოლო განაჩენის გამოტანის მომენტში უკვე აღარარსებულ პირობით მსჯავრს (დასრულებულია გამოსაცდელი ვადა) სასამართლო ვეღარ გააუქმებს და წინა განაჩენით უკვე აღსრულებულ სასჯელს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ვერ დაუმატებს(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს მხოლოდ წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელის მოუხდელ - აღუსრულებელ ნაწილს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლე-----------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ლ-------------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
მსჯავრდებულ ლე-----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ლე-----------–-–---–ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
მსჯავრდებულ ლე-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროს 2017 წლის 27 მაისიდან 2017 წლის 02 ივნისის ჩათვლით.
ლე-----------–-–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე