გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210115001043999
№2-1822/15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე შპს ”პ---–------- 2010”
წარმომადგენელი რ----–-------------ე, დ------–--------------ე
მოპასუხე ა--------------–--ე
წარმომადგენელი დ----------------ე, ა------------
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ა--------------–--ეზე შპს ”პ---–------- 2010”-ის სასარგებლოდ 77 658,19 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”პ---–------- 2010” მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 25 იანვრიდან და მიკუთვნებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 445383326.
დადგენილია, რომ შპს „პ---–-------ი 2010“-ის დირექტორის უფლებამოსილებას 2010-2014 წლებში ახორციელებდა მოპასუხე ა--------------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.2.2. 2014 წლის 29 სექტემბერს შპს „ექსპრეს-აუდიტი ვაგადის“ მიერ შპს „პ---–------- 2010“-ში ჩატარებული იქნა 2010-1014 წლის 01 ივლისამდე პერიოდის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების აუდიტორული შემოწმება-შეფასება.
დადგენილია, რომ აუდიტორული შემოწმება მიმდინარეობდა 2014 წლის 5 აპრილიდან 2014 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში. აუდიტის ჩატარებისას გამოვლინდა და აუდიტორულ დასკვნაში ასახული იქნა შენიშვნები, რომლებიც ეხება შემდეგ საფინანსო-სამეურნეო ოპერაციებს: სალაროს ოპერაციებს, სახელფასო გასაცემებს, დებიტორ-კრედიტორებს, სესხებს, საიჯარო ვალდებულებებს, რემონტს, დაზგა-დანადგარების შეძენას, სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვას და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების ოდენობის განსაზღვრასა და მათ დეკლარირებას. აუდიტორულ დასკვნაში დაწვრილებით იქნა განხილული მთელი რიგი საფინანსო-სამეურნეო ოპერაციები და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხები. როგორც აუდიტორული დასკვნით დგინდება აუდიტორის მიერ გამოვლენილ შენიშვნებზე საწარმოს მიეცა რეკომენდაციები, რომელიც ითვალისწინებს სალაროში თანხების აღდგენას გარკვეული პირობების არსებობისას, ინვენტარიზაციების ჩატარებას, საფინანსო-სამეურნეო ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, გადასახადების დეკლარირების კორექტირებას, დებიტორ-კრედიტორების ამოღებაზე/გადახდაზე კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარებას და სხვა. გარდა აღნიშნულისა აუდიტორის მიერ გამოვლენილი არის საკითხები, რომლებზეც საჭიროა კონკრეტული ფაქტების დადგენა განხორციელდეს ძიების მიერ.
სასამართლო მხარეთა განმარტებებით, საქმეში წარმოდგენილი აუტორული დასკვნით და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 მარტის დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 20 სექტემბრის აუდიტორული დასკვნის საფუძველზე არ არის შესაძლებელი მივიდეთ დასკვნამდე, რომ საწარმოს მიადგა კონკრეტული ზიანი, მით უმეტეს არ დასტურდება, რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოპასუხეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- შპს „ექსპრეს-აუდიტი ვაგადის“ 2014 წლის 20 სექტემბრის აუდიტორული დასკვნა თანდართული მასალებით.
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 მარტის ექსპეტიზის დასკვნა.
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ შპს „პ---–------- 2010“-ზე მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 77 658,19 ლარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელეზე მოპასუხის მოქმედებით 77 658,19 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს და აღნიშნული ზიანის დადგომაში მოპასუხის ბრალეულ ქმედებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- შპს „ექსპრეს-აუდიტი ვაგადის“ 2014 წლის 20 სექტემბრის აუდიტორული დასკვნა თანდართული მასალებით.
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 მარტის ექსპეტიზის დასკვნა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს ”პ---–------- 2010“-ის სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 317-ე, 992-ე, 415-ე, 412-ე მუხლებით, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ მოსარჩელე სუბიექტს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები 2010-1014 წლებში იყვნენ გუ---------------ე და რ----–-------------ე 50-50%-იანი წილით, ხოლო საზოგადოების დირექტორს აღნიშნულ პერიოდში წარმოადგენდა მოპასუხე ა--------------–--ე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ა--------------–--ემ, რომელიც 2010-2014 წლებში იყო შპს „პ---–------- 2010“-ის დირექტორი, საზოგადოებას მიაყენა 77 658,19 ლარის ოდენობის ზიანი.
6.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლებამოსილება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე კანონის 9.6 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
დადგენილია, რომ 2014 წლის 20 სექტემბრით დათარიღებულ აუდიტორულ დასკვნაში კონკრეტული ზიანის ოდენობა მითითებული არ არის, ხოლო დასკვნაში მითითებული აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციები იქნა თუ არა გათვალისწინებული შპს „პ---–------- 2010“-ის მიერ და რეალურად დადგა თუ არა რაიმე ზიანი წარმოდგენილი მასალებით არ დგიდება. ამასთან როგორც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 მარტის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება 2014 წლის 29 სექტემბერს შპს „ექსპრეს-აუდიტი ვაგადის“ მიერ შპს „პ---–------- 2010“-ში ჩატარებული 2010-1014 წლის 01 ივლისამდე პერიოდის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების აუდიტორული შემოწმება-შეფასების საფუძველზე არ არის შესაძლებელი მივიდეთ დასკვნამდე, რომ საწარმოს მიადგა კონკრეტული ოდენობის ზიანი, მით უმეტეს არ დასტურდება, რომ საწარმოზე რაიმე სახის ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოპასუხე ა--------------–--ეს.
6.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალური საფუძვლად მიუთითებს დელიქტური ვალდებულებებიდან წარმოშობილ ზიანს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი პირობა არის ზიანის მიმყენებლის ქმედების არამართლზომიერება, რაშიც იგულისხმება სხვისი სუბიექტური უფლებების ყოველგვარი დარღვევა, სათანადო უფლებამოსილების არქონის შემთხვევაში. ვინაიდან აღნიშნული იკრძალება კანონით, უფლების დამრღვევი ამავდროულად არღვევს კანონს, რომელიც იცავს პირის უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამდენად აღნიშნული მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილიდანაც, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412 მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამდენად პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, უპირველესად კი თუ სახეზეა ზიანი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
შესაბამისად სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ შპს „პ---–------- 2010“-ზე მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 77 658,19 ლარს.
6.4. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, შპს „პ---–------- 2010“-ის სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37 მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
7.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2328 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელე შპს ”პ---–------- 2010“-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ა--------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ა-------–-- ქუჩა N7, ბინა N1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.21.07.001.01.0----
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე და 1991-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”პ---–------- 2010“-ის სარჩელი ა--------------–--ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ა--------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ა-------–-- ქუჩა N7, ბინა N1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.21.07.001.01.0----
3. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე