გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/3666-18
19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - ა-–----–------ი
წარმომადგენელი - ლ-–--------–---–ი, ა-–-----------------ე
მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
წარმომადგენელი - გ----------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 14 მაისის SSG 4------------ გადაწყვეტილება ა-–----–------ისათვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიზანშეუწონლობის ინფორმაციის განსაიდუმლოებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა-–----–------ისათვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიზანშეუწონლობის ინფორმაციის განსაიდუმლოების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, რამდენადაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ამ პროცესში მოპოვებული ინფორმაცია, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არის სახელმწიფო საიდუმლოება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 08 მაისს, ა-–----–------მა განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის განსაიდუმლოება, რომელიც ეხებოდა მისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის საკითხს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ: სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი.
3.1.2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 14 მაისის № SSG 4------------ წერილით, ა-–----–------ს ეცნობა, რომ საქართველოში ცხოვრების უფლების მინიჭება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ამასთან, ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოში ცხოვრების უფლების მინიჭების მიზანშეუწონლობას, გასაიდუმლოებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. კერძოდ, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას“. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა ინფორმაციის განსაიდუმლოების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 14 მაისის № SSG 4------------ წერილი - ს/ფ 14.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი, "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის გადაწყვეტილებას, რომლითაც ა-–----–------ს უარი ეთქვა საქართველოში ცხოვრების უფლების მიზანშეუწონლობის ინფორმაციის განსაიდუმლოებაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 42-ე მუხლში კი ჩამოთვლილია იმ ინფორმაციათა სახეობანი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „ნ“ პუნქტში მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.
ამრიგად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით. ამასთან, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ინფორმაციის სფეროში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად.
მითითებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განმარტავს, რომ სახელმწიფო საიდუმლოება ეს არის ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ დასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტი. ამავე მუხლის მეორე პუნქტით, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.
მოცემული ნორმის მე-3 პუნქტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ავალდებულებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას და ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების კონტროლს.
"სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,დ’’ პუნქტის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების შესახებ, აგრეთვე კონკრეტული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და დაფინანსების თაობაზე.
ამდენად, სახელმწიფო საიდუმლოების შემთხვევაში, ინფორმაციის გასაიდუმლოების ინიციატორი სახელმწიფოა, მისი კომპეტენტური ორგანოების სახით. გასაიდუმლოება ხდება სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, მართლწესრიგის დაცვის, ეკონომიკისა და სხვა სტრატეგიულ სფეროებში. სწორედ ამ ამოცანებს და არა კერძო საკითხებთან დაკავშირებული მონაცემების დაცვას ემსახურება სახელმწიფო საიდუმლოების ინსტიტუტი.
სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის მე-12 პუნქტი ადგენს, რომ ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ფიზიკურ პირს მიენიჭოს უფლებამოსილება განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა (სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება). ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება, შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიეცემა ქმედუნარიან, 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს.
აქედან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვებისათვის აუცილებელია პირველ რიგში განისაზღვროს სუბიექტი, ვისაც შეიძლება ეს უფლებამოსილება მიენიჭოს, კერძოდ, ეს არის ფიზიკური პირი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს და ამავე დროს არის საქართველოს მოქალაქე. განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ა-–----–------ი არ არის საქართველოს მოქალაქე და მას სურს საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების მოპოვება. ამდენად, ის არ წარმოადგენს ამ ურთიერთობის სამართალსუბიექტს, ვისაც შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების უფლება.
სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს გამონაკლისს კანონის ზემოხსენებული დანაწესიდან, როდესაც საკითხი ეხება სამართალსუბიექტი პირის განსაზღვრას. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დაშვებისა და დაშვების გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ა-–----–------ისათვის ამგვარი დაშვების უფლებამოსილების მინიჭების შესაძლებლობა.
სასამართლო მიუთითებს ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს. ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამდენად, მოცემული სამსახურის ძირითადი ფუნქცია და დანიშნულებაა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აქვე მიუთითოს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს ,,ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ’’ (leander v.Sweden), სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ შვედეთის მთავრობას უფლება ჰქონდა დაედგინა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით. გარდა ამისა, საქმეზე სეგერშტედტ-უიბერგი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ (Segerstedt Wiberg and others v. Sweden 26/06/2006) სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა: ეროვნული უსაფრთოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ინტერესებს უპირატესობა მიენიჭა აპლიკანტის ინტერესებთან შედარებით, მიეღოთ დაცვის პოლიციაში მათზე არსებული საქმის მასალები.
სასამართლო ასევე მიუთითებს, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე, რომელიც ადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძვლებს. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველია: ა) საქართველოს მიერ იმ ინფორმაციის ღიად გაცვლის შესახებ საერთაშორისო ვალდებულების აღება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა; ბ) ობიექტური გარემოების შეცვლა, რის გამოც საჭირო აღარ არის იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა; გ) ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლა; დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება; ე) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელე ვერ უთითებს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საფუძველს, რაც გათვალისწინებულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 14 მაისის SSG 4------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა-–----–------ისათვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიზანშეუწონლობის ინფორმაციის განსაიდუმლოების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ა-–----–------ს უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–----–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი