გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე (ძირითად სარჩელში) - შპს „ყ--------------------–--ი“
წარმომადგენელი - გ-----------–---–ი
მოპასუხე (ძირითად სარჩელში) - შპს „ზ----“
წარმომადგენელი - ზ-------------ე
დავის საგანი (ძირითად სარჩელში) - ზიანის ანაზღაურება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება უსაფუძვლო გამდიდრების გამო
აღწერილობითი ნაწილი
1. ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ზ----ს“ მოსარჩელე შპს „ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის სანაცვლოდ 165,40 ლარის გადახდა;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 28 თებერვალს, თბილისში, სოფელ ა---–----ის გზაზე მიმდინარე გზის გაწმენდის სამუშაოების დროს შპს „ზ----“-ს კუთვნილმა ტრაქტორმა დააზიანა შპს „ყ--------------------–--ის“ კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის დ-90 მმ-იანი პოლიეთილენის მილი. დაზიანების ადგილას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააფიქსირა ზიანის ფაქტი. ზიანი დაადასტურა ასევე შპს „ზ----ს“ წარმომადგენელმა ა-----–--------–---–მა, რომელმაც თანხმობა გამოთქვა ზიანის ანაზღაურებაზე.
კომპანიამ აღადგინა ავარიული ქსელი, რომლის აღდგენის ხარჯი შეადგენს 165,40 ლარს.
2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
2.1. მოპასუხე შპს „ყ--------------------–--ს“ მოსარჩელის შპს „ზ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გაზიფიცირების პროექტის შედგენისთვის გადახდილი 180 ლარის უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე დაბრუნება;
2.2. მოპასუხის შპს „ყ--------------------–--ს“ მოსარჩელის შპს „ზ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გაზიფიცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 838,37 ლარის უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე დაბრუნება;
2.3. მოხდეს ძირითადი სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნების გაქვითვა და საბოლოოდ შპს „ყ--------------------–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 853,37 ლარის გადახდა.
(შპს „ზ----“-მ მოთხოვნა დააზუსტა სასამართლოს მთავარ სხდომაზე).
შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგ გარემოებებზე:
2015 წლის სექტემბერის თვეში შპს „ზ----სა“ და შპს „ყ--------------------–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება გაზიფიცირების პროექტის მომზადების შესახებ და მოსარჩელემ შპს „ზ----ს“ ავანსის სახით გადაურიცხა 180 ლარი. ხოლო 2015 წლის 8 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა გაზიფიცირების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ყ--------------------–--მა“ მოპასუხეს ავანსის სახით გადაურიცხა 838,37 ლარი.
ორივე ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულებები შესრულებულად ითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან. სახელშეკრულებო ვალდებულება შპს „ყ--------------------–--ს“ არ შეუსრულებია, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის არ გაფორმებულია. ამდენად, ავანსის სახით გადახდილი თანხის მიღებით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
3. მოპასუხის პოზიცია პირვანდელ სარჩელზე
3.1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს „ზ----მ“ ცნო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვა ძირითადი და შეგებებული სარჩელებით გათვალისწინებული მოთხოვნების გაქვითვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სხდომის ოქმი.
4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)
4.1. შპს „ყ--------------------–--მა“ დაადასტურა შპს „ზ----სთან“ ორივე ხელშეკრულების დადების ფაქტი და მისი მხრიდან ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე მითითებით გამორიცხა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. მოპასუხის განმარტებით, შპს „ყ--------------------–--ის“ მიერ გაზიფიკაციის პროექტის მომზადებას ადასტურებდა ის გარემოება, რომ სწორედ მათი პროექტის საფუძველზე მოხდა შპს „ზ----ს“ მიერ გაზსადენის გადატანა (დავით აღმაშენებლის ხეივანში მ----------------------ან) და მხარეებს შორის შედგა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტი. გარდა ამისა, თავად შპს „ზ----ს“ მიერ შედგენილ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ჟურნალში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემმუშავებელ ორგანიზაციად შპს „ყ--------------------–--ია“ მითითებულია.
რაც შეეხება გაზიფიცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულებას, ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ საპირისპირო შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში მათ წინააღმდეგ წარდგენილი იქნებოდა საჩივრები. გარდა ამისა, ვალდებულება რეალურად შესრულებული, რომ არ ყოფილიყო, შპს „ზ----“ დაუყოვნებლივ იდავებდა აღნიშნულის თაობაზე და არა 3 წლის თავზე, შპს „ყ--------------------–--ის“ მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის აღძვრის შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესაგებელი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. 2017 წლის 28 თებერვალს, თბილისში, სოფელ ა---–----ის გზაზე, გზის პირას გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობისას შპს „ზ----ს“ თანამშრომლის მხრიდან მოხდა შპს „ყ--------------------–--ის“ კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის დ-90 მმ-იანი პოლიეთილენის მილის დაზიანება. კომპანიის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით ზიანის ოდენობა განისაზღვრა 165,40 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტელეფონოგრამა და განაცხადი;
- რეაგირების ოქმი;
- გაზსადენის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა;
- ანგარიშ-ფაქტურა;
5.1.2. დაზიანებული გაზსადენის აღდგენა განხორციელდა შპს „ყ--------------------–--ის“ მიერ, ხოლო ხარჯის ანაზღაურება შპს „ზ----ს“ მხრიდან არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება;
- შპს „ყ--------------------–--ის“ 23.05.2017 წლის წერილი.
5.1.3. შპს „ზ----ს“ 2015 წლის 21 სექტემბრის განცხადების საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სექტემბრის თვეში გაფორმდა გაზიფიკაციის პროექტის შედგენაზე ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ყ--------------------–--ი“ ვალდებულებას იღებდა, შეედგინა დამკვეთის მისამართზე (დ. აღმაშენებლის ხეივანი) გაზიფიკაციის პროექტი. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 180 ლარით, რაც შპს „ზ----მ“ შემსრულებელს, ავანსის სახით, 2015 წლის 25 სექტემბერს გადაურიცხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაზიფიკაციის პროექტის შედგენაზე N-------- ხელშეკრულება;
- 25/09/2015 წლის N---- საგადახდო დავალება.
5.1.4. შპს „ყ--------------------–--სა“ და შპს „ზ----ს“ შორის 2015 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა გაზიფიცირების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ყ--------------------–--მა“ იკისრა დამკვეთის გაზიფიცირების ვალდებულება, მისამართზე, თბილისი, სოფელი ა---–----ა. გაზიფიცირების ღირებულება განისაზღვრა 838,37 ლარით, რომელიც შპს „ზ----მ“ შემსრულებელს, ავანსის სახით, იმავე რიცხვში ჩაურიცხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაზიფიცირების შესახებ 08/12/2015 წლის ხელშეკრულება;
- 08/12/2015 წლის N---------- საგადახდო დავალება.
5.1.5. ორივე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შესრულებულად მიჩნევის წესზე, რაც უკავშირდებოდა ერთიანი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულებები.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. სასამართლო, გაზიფიცირების პროექტის შედგენის, ასევე გაზიფიცირების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებას შპს „ყ--------------------–--ის“ მხრიდან შესრულებულად მიიჩნევს. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა მხარეთა ახსნა-განმარტება და შპს „ყ--------------------–--ის“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:
2015 წლის 21 სექტემბერს, შპს „ზ----მ“ წერილით მიმართა შპს „ყ--------------------–--ს“ და თბილსში, დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მ-------------ის გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარების უზრუნველსაყოფად შპს „ყ--------------------–--ს“ სთხოვა აღნიშნულ გზაზე არსებული გაზის მილის გადატანის მიზნით ტექნიკური ნებართვისა და პროექტის მომზადება. აღნიშნულის მიზნით მხარეებს შორის სექტემბრის თვეში გაფორმდა ხელშეკრულება გაზიფიკაციის პროექტის შედგენაზე.
შპს „ზ----ს“ მიერ შედგენილ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ჟურნალში, რომელიც ეხება დ. აღმაშენებლის ხეივნის, მ----------------------ან არასაყოფაცხოვრებო ფართის გაზსადენის გადატანას, შპს „ზ----ს“ ხელმძღვანელი - ზ--------ე, ხელმოწერით ადასტურებს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემმუშავებელი ორგანიზაცია არის შპს „ყ--------------------–--ი“. გეგმის მიხედვით, სამუშაოების დაწყებისა და დასრულების თარიღებია 2015 წლის 25 სექტემბრიდან 2015 წლის 27 სექტემბრამდე. გარდა ამისა, შპს „ყ--------------------–--ის“ მიერ წარმოდგენილია გაზგამანაწილებელი ქსელის მიწაში ჩალაგების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რაც შედგა შპს „ზ----ს“ დაკვეთით და ეხება დავით აღმაშენებლის ხეივანზე, მ-------------ის ხიდის მიმდებარე ტერიტორიას. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 28.10.2015 წლის აქტი, რომელიც ეხება იმავე ობიექტზე გაზსადენის გადატანის ფაქტს და აქტს ხელს აწერს შპს „ზ----ს“ დირექტორი, როგორც პროექტის დამკვეთი.
ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებენ შპს „ყ--------------------–--ის“ მხრიდან გაზიფიცირების პროექტის შედგენას.
რაც შეეხება გაზიფიცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა შპს „ყ--------------------–--ის“ მიერ დამკვეთის გაზიფიცირებას, მისამართზე: ქ. თბილისი, სოფელი ა---–----ა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის ტერიტორიაზე გაზიფიცირებას მხოლოდ მათი კომპანია ახდენს და ვალდებულება მათი მხრიდან ფაქტობრივად შესრულებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში მაცხოვრებელთა მხრიდან იქნებოდა საჩივრები და თავად შპს „ზ----საც“ უნდა წარედგინა საჩივარი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის მოთხოვნით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ზ----ს“ პრეტენზია მოსარჩელის მიმართ არ წარუდგენია, მაშინ როცა, გაზიფიცირება მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა გაზიფიცირების ღირებულების გადახდიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, თანხა კი მოპასუხემ 2015 წლის 8 დეკემბერსვე გადაურიცხა შპს „ყ--------------------–--ს“. ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით თანხის დაბრუნების მოთხოვნით შპს „ზ----მ“ სარჩელი არა დაუყოვნებლივ, არამედ შპს „ყ--------------------–--ის“ მხრიდან ზიანის ანაზღაურების შესახებ ძირითადი სარჩელის აღძვრის შემდგომ წარადგინა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისთვის მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოქმედი სტანდარტის შესაბამისად, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. ამდენად, შპს „ზ----ს“ მტკიცების ტვირთია ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობას, მხოლოდ ერთიანი მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობას უკავშირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-659-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების აქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი ( სუსგ-ები: #ას-323-307-2011, 1 დეკემბერი, 2011 წელი; #ას-770-737-2014, 16 ივნისი, 2015 წელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გაზგამანაწილებელი ქსელის მიწაში ჩალაგების პროექტი;
- სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ჟურნალი;
- 25.09.2015 წლის წერილი;
- ტექნიკური პირობა N--------/3---;
- ხარჯთაღრიცხვა;
- მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტი.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, შპს „ყ--------------------–--ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ზ----ს“ შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. შპს „ყ--------------------–--ის“ მოთხოვნა ზიანის თანხის 165,40 ლარის შპს „ზ----სთვის“ დაკისრების შესახებ.
7.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამავე კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე შპს „ზ----ს“ წარმომადგენელმა დაადასტურა საწარმოს თანამშრომლის მხრიდან შპს „ყ--------------------–--ის“ კუთვნილი მილის დაზიანების ფაქტი და ცნო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული გარემოება საკმარისი საფუძველია ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებსითვის.
7.2. შპს „ზ----ს“ მოთხოვნა შპს „ყ--------------------–--ისთვის“ უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე თანხის ჯამში 1018,37 ლარის დაკისრების შესახებ.
7.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
შპს „ზ----“ შეგებებული სარჩელით ითხოვს ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი საზღაურის მოპასუხისთვის დაკისრებას, მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ყ--------------------–--მა“ არ შეასრულა შეთანხმებული სამუშაო, იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა და ავანსის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას.
„სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: # ას-1529-1443-2012, # ას-973-1208-04; # ას-664-635-2016).
სასამართლო მიიჩნევს, რომ გაზიფიკაციის პროექტის შედგენის, ასევე გაზიფიცირების ხელშეკრულების გაფორმებით მხარეებს შორის ჩამოყალიბდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, სადაც ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოს მენარდის მხრიდან შესრულებას უნდა მოყვეს შემკვეთის მიერ შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
შპს „ზ----მ“ ვერ დაადასტურა ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შპს „ყ--------------------–--ის“ მხრიდან შეუსრულებლობა, ხოლო მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობას.
რაც შეეხება გაქვითვის მოთხოვნას, ვინაიდან არ არსებობს 1018,37 ლარის შპს „ზ----სთვის“ დაკისრების საფუძველი, სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნა გაქვითვის შესახებ უსაფუძვლოა.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საქმის განხილვის მთავარი სხდომის ეტაპზე შპს „ზ----მ“ ცნო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, რის გამოც, შპს „ყ--------------------–--ს“ უნდა დაუბრუნდეს ძირითად სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 25 ლარი, ხოლო დარჩენილი 25 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს შპს „ზ----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს (50 ლარს), ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი რჩება ბიუჯეტში გადახდილად.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49.1-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ყ--------------------–--ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ზ----“-ს შპს ,,ყ--------------------–--ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 165.40 ლარი.
3. შპს ,,ზ----“-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს ,,ზ----“-ს შპს ,,ყ--------------------–--ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 25 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. შპს ,,ყ--------------------–--ი“-ს (ს.ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 29.05.2018 წელს სს ,,-----------–--- ბანკში” (საგადასახადო დავალება N-----) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან - 25 (ოცდახუთი) ლარი, (გადამხდელი - შპს ,,ყ--------------------–--ი“ (ს.ნ 2--------), გადამხდელის ბანკი - სს ,,-----------–--- ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ივერი აბაშიძე