განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100118002610875
№1/190-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ---- ბ-------- ძე ქ-----, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), უ-----–--- განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, ს------–ი ც----–------;
ადვოკატი - ი--- გ---------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–----------------–-------------–-ბებით, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ლ---- ქ-----მ, 2018 წლის 21 მაისს, ზესტაფონის რაიონის ს------– მე-2 ს----–-, მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე, ნაქირავები ექსკავატორის მეშვეობით, უკანონოთ მოიპოვა 300 კილოგრამი სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 200.3 ლარი.
2. ლ---- ქ-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნ--–- შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ქ------ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის წარმომადგენლის მ----- ნ------- გამოკითხვის ოქმი; მოწმეების - ლ---- ქ------, ს---–--- კ--------, გ---- გ------–----, გ--- ს-----–---–--, დ----- ხ----–---- და თ------- ც-------- გამოკითხვის ოქმები; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–----------------–-------------–-ბები ლ---- ქ------ მიმართ; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი მასალები; სილკო მანგანუმის ქერქული ნარჩენის ამოღების ოქმი; ექსკავატორის ამოღების ოქმი; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ლ---- ქ------ მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დაცვასთან. დანაშაულის საგანია სასარგებლო წიაღისეული, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. წიაღის სახელმწიოფო ფონდის შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი. წიაღის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვა სახელმწიფოს პრეროგატივაა. წიაღით უკანონო სარგებლობად ჩაითვლება წიაღით სარგებლობა ლიცენზიის გარეშე. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება წიაღით სარგებლობაში სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, თუკი პირს ასეთი ქმედებისათვის დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული პრეიუდიცია. დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი, რომელიც მიცემული იყო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ამავე ქმედებისათვის და ერთი წელი არაა გასული ამ პასუხისმგებლობიდან. მოტივსა და მიზანს ქმედების ამ დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არ აქვს მნიშვნელობა და მისი დადგენა საჭიროა მხოლოდ სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ლ---- ქ-----მ ჩაიდინა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. ლ---- ქ------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრების მის მისწრაფებას, შეურიგდეს დაზარალებულს - აანაზღაუროს ზიანი. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
14. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/8--), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
15. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ლ---- ქ-----ს საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განამრატებას (2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ 102.), რომ "სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას". სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია ლ---- ქ------ მიმართ ჯარიმის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ქ------ მიმართ დანიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
16. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ქ-----ს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - ექსკავატორი, ,,H------ R---------’’ (რომლიც განთავსებულია ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს ეზოში) და 300 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში).
17. ლ---- ქ------ მიმართ კონკრეტული (როგორც ძირითადი, ასევე, დამატებითი) სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამარლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზეზს წარმოადგენდა წიაღის, როგორც სახელმწიფო საკუთრების, უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება, ვინაიდან ადრე მოქმედი კანონმდებლობა ვერ ქმნიდა შემაკავებელ ეფექტს კანონდამრღვევთათვის, რომ არაფერი ითქვას ადმინისტრაციული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციული დანიშნულების პრინციპის ხელყოფაზე. ცვლილებების მიღების მიზანი გახდა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, გარემოსთვის ზიანის მიმყენებელ უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება, ადეკვატური და ზომიერი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობდა, სახელმწიფო საკუთრების დაცვას, გარემოს მდგრად განვითარებას, კანონმდებლობის დაცვას, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემას, აგრეთვე, როგორც თვით დამნაშავის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას, რაც გამომდინარეობდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის გამკაცრებით.
ადრე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, გარდა მნიშვნელოვანი ზიანისა, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გადაცდომას და პასუხისმგებლობა განისაზღვრებოდა და განისაზღვრება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით, და ამ მუხლის დარღვევისათვის საჯარიმო სანქცია განსაზღვრულია ათასიდან, ათას ხუთას ლარამდე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ დასახელებული ადმინისტრაციული სანქცია ვერ უზრუნველყოფდა სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებდა გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან. სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებით, დადგენილი იქნა, რომ რიგი პირებისათვის აღნიშნული (წიაღის სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე), უკანონო ქმედება იქცა ყოველდღიურ საქმიანობად და შემოსავლის მიღების არალეგალურ საშუალებად. აღსანიშნავია, რომ ხსენებული პიროვნებების მიმართ გატარებული იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები და ჩადენილი ქმედებისათვის მოქალაქეები დაჯარიმებულნი იქნენ 1000 – 1500 ლარით, თუმცა სახდელის (ჯარიმის) მხოლოდ ამ ფორმით ვერ იქნა მიღწეული კანონდარღვევისათვის შემაკავებელი ეფექტი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები არ იხდიდნენ ჯარიმას ნებაყოფლობით და ასევე სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ ახორციელებდა იძულებით აღსრულებას შეფარდებული ჯარიმის, ვინაიდან მათ საკუთრებაში არანაირი ქონება არ ირიცხება. გამომდინარე აღნიშნულიდან ამგვარი სახის საქმეები იქცა აღუსრულებელი კატეგორიის საქმეებად, ხოლო სამართალდამრღვევებს მიეცათ სტიმული კვლავ გაეგრძელებინათ უკანონო წიაღით სარგებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოხსენებული გადაცდომისათვის გამკაცრდა კანონის მოთხოვნა და აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გატარებული უნდა იქნას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, რაც გამომდინარეობს სახელმწიფო საკუთრების ისეთ მნიშვნელოვან ბუნებრივ ან ტექნოგენურად წარმოქმნილ რესურსთან, როგორიცაა საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ წიაღთან, რომელიც საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.
18. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/3-- გადაწყვეტილებაზე (საქმე საქართველოს მოქალაქეები – დ----- ჯ--–--–--–---–-, ტ------– გ------- და ნ--–- დ--–--–-–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვების «ან კანონიერ მფლობელობაში» კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით), რომლითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს სსკ 52-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. გადაწყვეტილებაში, სასამართლომ მიუთითა, რომ „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ: «...წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად».
ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული («ჯეიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ», 1994 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება).
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეები (დანაშაულის საგნისა და იარაღის ჩამორთმევის შემთხვევები) განიხილა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის (მესამე წესის – საკუთრებაზე კონტროლის განხორციელება) ფარგლებში. ამასთან, ყველა საქმე განმცხადებლის (მესაკუთრის) საწინააღმდეგოდ გადაწყდა, ანუ სასამართლომ საკუთრების უფლებაში ასეთი ჩარევა (დანაშაულის საგნის და იარაღის ჩამორთმევა, რომლის მესაკუთრესაც დანაშაულის ჩადენაში ბრალი არ მიუძღვის) დასაშვებად და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად მიიჩნია (იხ. 1995 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე «ეარ კანადა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ»; 1986 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე «აგოსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ»).
ნიშანდობლივია ისიც, რომ სამართალდარღვევის საგნის და იარაღის ჩამორთმევა გათვალისწინებულია როგორც კონტინენტური ევროპის, ისე საერთო სამართლის ქვეყნების კანონმდებლობებითაც (სისხლის, სამოქალაქო, საპროცესო, ადმინისტრაციული თუ საბაჟო კანონმდებლობებით). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავისთავად, ასეთი ქონების ჩამორთმევა, მესაკუთრის ბრალეულობის გაუთვალისწინებლად, დასაშვებია და აუცილებელიც დასახელებული მიზნების მისაღწევად. ის ხელს უწყობს პრობლემის დროულად, მყისიერად და ეფექტურად გადაწყვეტას, გამიზნულია კონკრეტული დანაშაულის შემდგომი გართულებების (ახალი დანაშაულის ჩადენის, ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის, ნორმალური სამოქალაქო ბრუნვისთვის ხელის შეშლის და სხვა) თავიდან აცილებისკენ. მოცემულ შემთხვევაში საჯარო მიზნები ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მათი მიღწევა ამართლებს საკუთრებაში ჩარევის აუცილებლობას (II-21).
გადაწყვეტილებაში, სასამართლომ მიუთითა, რომ „პროპორციულობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდეგ გარემოებას: მიუხედავად იმისა, სწორად მოხდა თუ არა საკუთრების უფლებაში ჩარევა, სადავო ნორმის მიხედვით, მესაკუთრე არ კარგავს უფლებას ქონებაზე. ზუსტად ის გარემოება, რომ კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონების ჩამორთმევა არ არის მესაკუთრის მიმართ შეფარდებული სასჯელი, უტოვებს მას უფლებას, იდავოს სამოქალაქო-სამართლებრივი წესით“ (II-23).
სასამართლომ ვრცლად მიმოიხილა სამოქალაქო სამართალწარმოებით საკუთრების უფლება, მისი დაცვის მექანიზმები, ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობა და მიუთითა, რომ „ამგავარად, სადავო ნორმით გათვალისწინებული საჯარო მიზნები წარმოადგენენ რა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი მე-2 პუქტის მნიშვნელობით, ამ მიზნების მიღწევისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვა გამართლებულია. იმავდროულად, არ ხდება საკუთრების უფლების გადამეტებული, საჯარო მიზნის არაადეკვატური შეზღუდვა, რადგან მესაკუთრე, მართალია, კარგავს ქონებას, მაგრამ ინარჩუნებს უფლებას მასზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია არაკეთილსინდისიერი კონტრაჰენტისგან ზიანის ანაზღაურების საკმარისი შესაძლებლობები. მაშასადამე, სადავო ნორმის მიხედვით, საჯარო მიზნის მიღწევა არ ხდება საკუთრების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის ხარჯზე“ (II-23).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დამატებით სასჯელთან - ქონების ჩამორთმევასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს ლ---- ქ----- უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ნივთიერი მტკიცებულებები:
20. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ---- ქ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ლ---- ქ-----ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - ექსკავატორი, ,,H------ R---------’’ (რომლიც განთავსებულია ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს ეზოში) და 300 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში);
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულიდან აღებული სინჯი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე