გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.09.2018
საქმის ნომერი
330310018002468374
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3297-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის განყოფილება

წარმომადგენელი - ს--------------–---–ი

 

მოპასუხე - ზ------ ს-----

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე - ზ------ ს-----ს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი უკანონოდ მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 120 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე -ზ------ ს-----ს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც სასამართლო პროცესზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2014 წლის 3 სექტემბერს, მ------- ს-----მ, №0------ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2014 წლის 3 სექტემბერის, მ------- ს-----ს №0------ განცხადება (ტომი 1. ს.ფ. 17);

 

3.1.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სამტრედიის რაიონული განყოფილების 2018 წლის 2 აპრილის KA0-------------- მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილ იქნა იმ ბენეფიციართა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერთიან ბაზაში, დანიშნული ჰქონდათ საარსებო შემწეობა და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერიცხებოდათ დავალიანება სააგენტოს მიმართ (საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება სოციალური დახმარები შესახებ, მუხლი 10 პუნქტი 2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვა.)

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სამტრედიის რაიონული განყოფილების 2018 წლის 02 აპრილის KA0-------------- მოხსენებითი ბარათი (ტომი 1. ს.ფ. 11);

 

3.1.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 29 მაისის №0------------ მიმართვით დგინდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ზ------ ს-----ს ოჯახის წევრ(ებ)ის - მ------- ს-----ს(პ/ნ: 3----------) გარდაცვალების ფაქტი. ზ------ ს-----სთვის ცნობილი იყო, რომ ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის’’ მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ზ------ ს-----ს ოჯახმა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, განცხადების შევსებისას და სააგენტოში ჩაბარებისას, რიგ სხვა ვალდებულებებთან ერთად დაადასტურა თანხმობა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა შემცირება) ან სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ სააგენტოსათვის ეცნობებინა ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ადგილი აქვს ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) არასწორად გადაცემას, რაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე განაპირობებს სააგენტოს გადაწყვეტილებას დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება. დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 120 (ასოც) ლარს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 29 მაისის №0------------ მიმართვა (ტომი 1. ს.ფ. 12-13).

 

3.1.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 27 ივლისის №0------------ მიმართვით დგინდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ზ------ ს-----ს ოჯახის წევრ(ებ) ის - მ------- ს-----ს (პ/ნ: 3----------) გარდაცვალების ფაქტი. აღნიშნული ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო, ოჯახს წარმოეშვა პასუხისმგებლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი, რაც შეადგენს 60 ლარს. ვალდებულების დარღვევისა და პასუხისმგებლობის წარმოშობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ზ------ ს-----ს გაეგზავნა გაფრთხილება სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის განყოფილების მიერ 2017 წლის 29 მაისის №0------------ წერილით. აღნიშნული გაფრთხილებით განსაზღვრული ვადის უშედეგო გასვლის გამო განმეორებით ეცნობა წარმოშობილი ვალდებულების შესახებ, რომ აღდგენილი ყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არასწორად მიღებული 120 ლარი, არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 27 ივლისის №0------------ მიმართვა (ტომი 1. ს.ფ. 14).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ზ------ ს-----სთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 120 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-7 მუხლის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით „დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი.“

 

მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე წესის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი.

 

მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.

 

6.4. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ზ------ ს-----ს ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე იღებდნენ სოციალურ დახმარებას. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ზ------ ს-----ს ოჯახის წევრი - მ------- ს----- გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კანონით დადგენილ ვადაში არ ეცნობა სააგენტოს.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული - ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია: არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ზ------ ს-----ს მიერ ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 120 ლარს, რომლის უკან დაბრუნება ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენჯერმე უშედეგოდ მოითხოვა. კერძოდ, დადგენილია რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 29 მაისის №0------------ მიმართვით ზ------ ს-----ს ეცნობა, რომ ოჯახს უფიქსირდებოდა მისი ერთ-ერთი წევრის - მ------- ს-----ს გარდაცვალების ფაქტი, რაც არ აცნობეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც ცენტრალიზებულად შეუჩერდათ საარსებო შემწეობის გაცემა. ამასთან, სააგენტოს გადაწყვეტილებით ზ------ ს-----ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების სახით - 120 ლარის დაბრუნების ვალდებულება, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ განხორციელებულა.

 

6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის განყოფილების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, მოპასუხე - ზ------ ს-----ს უნდა დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, უკანონოდ მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 120 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII/3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ზ------ ს-----ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, უკანონოდ მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 120 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი