გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/4924-17 10 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ჰ---–---------–---–ი
წარმომადგენლები - რ-------------ა, შ--–-------–---–ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ქ--------------ე
მესამე პირი - ვ----–------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (2017 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:28:53):
1.1. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 აგვისტოს N8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის N8------------09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ვ----–------–---–ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჰ---–--------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირების პოზიცია
მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. დ------–--–----------------- ს/მეურნეობის 1992 წლის 22 დეკემბრის N--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2007 წლის 14 მარტს ქალაქ თბილისში, ს------–--------–--–--ში მდებარე 8500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე N---08.---089 საკადასტრო კოდით დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით ა---------------–---–ის, რ----------–---–ის, ლ-–--------------–---–ის, ჟე--------–---–--ა და ჰ---–--------–---–ის საკუთრების უფლება (თანასაკუთრება) დარეგისტრირდა.
მტკიცებულება:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16, 14-15);
- სარეგისტრაციო მოწმობა, სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ. 17, 18);
- 1992 წლის 22 დეკემბრის N--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 19);
- გარდაბნის რაიონის სახელმწიფო არქივის 2017 წლის 28 თებერვლის N---- საარქივო ცნობა (ს.ფ. 20).
4.2. 2011 წლის 1 აგვისტოს ვ----–------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ს------–--------–--–--ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მისი ელ. ვერსია, ორთოფოტო, სარეგისტრაციო მოწმობა და დ------–--–----------------- ს/მეურნეობის 1992 წლის 22 დეკემბრის N--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ერთვოდა.
მტკიცებულება:
- განცხადება და თანდართული დოკუმენტები (ს.ფ. 68, 69-76).
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 აგვისტოს N8------------03 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ს------–--------–--–--ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია განხორციელდა.
მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 აგვისტოს N8------------03 გადაწყვეტილება, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 77, 78);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 79-80).
4.4. 2016 წლის 6 ივნისს ვ----–------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს კიდევ ერთი განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ს------–--------–--–--ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ნახაზი ერთვოდა. მარეგისტრირებელი ორგანოს დავალებით განმცხადებელმა სააგენტოს დამატებით საარქივო ცნობები, დაბადების და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები და გამიჯვნასთან დაკავშირებით შეთანხმება წარუდგინა.
მტკიცებულება:
- განცხადება და თანდართული დოკუმენტები (ს.ფ. 82, 83-85);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 8 ივნისის N8------------03, 2016 წლის 14 ივნისის N8------------05 და 2016 წლის 15 ივნისის N8------------08 გადაწყვეტილებები (ს.ფ. 86-87, 98, 112);
- განცხადების მიღების ბარათები (ს.ფ. 88-89, 99-100);
- დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები (ს.ფ. 91-94, 106-111);
- საარქივო ცნობები (ს.ფ. 95, 96-97);
- შეთანხმება (ს.ფ. 104).
4.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის N8------------09 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ს------–--------–--–--ში მდებარე N---08.---084 საკადასტრო კოდის 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამ საკადასტრო ერთეულად - N---08.---718, N---08.---719 და N---08.---720 საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთებად დაიყო და N---08.---718 და N---08.---719 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ა--------–---–ის, ნ---------–---–-ს და ნ----------------–---–ის საკუთრებად, ხოლო N---08.---720 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ვ----–------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა.
მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის N8------------09 გადაწყვეტილება (ს.ფ. 113);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 115-116, 118-119, 120-121);
- საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 114, 117, 122).
4.6. 2017 წლის 16 მაისს ჰ---–--------–---–ის წარმომადგენელმა შ--–-------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს განცხადებით მიმართა, რომლითაც თბილისში, ს------–--------–--–--ში მდებარე 8500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ. ვერსია, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საარქივო ცნობა, სარეგისტრაციო მოწმობა, დ------–--–----------------- ს/მეურნეობის 1992 წლის 22 დეკემბრის N--- აქტი და სხვა დოკუმენტები წარედგინა.
მტკიცებულება: სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 22 მაისის N8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-12).
4.7. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 22 მაისის N8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე N---08.----720 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და N8------------ სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან განმარტება/განცხადება ზემოაღნიშნულ პირებთან დავის არსებობის/გამოვლენის შესახებ შემდგომში რეაგირების მიზნით.
მტკიცებულება:
- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 22 მაისის N8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-12);
- ზედდების ამსახველი ნახაზი (ს.ფ. 21).
4.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 5 დეკემბრის N8------------38 გადაწყვეტილებით ჰ---–---------–---–ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმაზე მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მტკიცებულება:
- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 5 დეკემბრის N8------------38 გადაწყვეტილება (ს.ფ. 180).
4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 აგვისტოს N8------------03 გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ჯეროვნად გამოკვლეული და სათანადოდ შეფასებული არ ყოფილა. კერძოდ, მითითებული გადაწყვეტილებით ვ----–------–---–ის კუთვნილი, ს------–--------–--–--ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრები დარეგისტრირდა იმგვარად, რომ გათვალისწინებული არ ყოფილა მარეგისტრირებელი ორგანოს ხელთ არსებული, ჰ---–--------–---–ის საკუთრების უფლების თაობაზე მონაცემები, ასევე, შეუსაბამობა ვ----–------–---–ისა და ჰ---–--------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების თავდაპირველად რეგისტრირებულ მონაცემებსა და ვ----–------–---–ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს შორის. აღნიშნული გარემოება ცხადია საქმეზე დართული, ვ----–------–---–ისა და ჰ---–--------–---–ის უფლებებების სარეგისტრაციო მოწმობებზე ასახული საკადასტრო რუკებისა და ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზის შეფასებით (ს.ფ. 17, 21, 70). საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, ნაკვეთის სხვა მახასიათებლებთან ერთად, შეიცავს აგრეთვე საკადასტრო გეგმას 1:1000 მასშტაბში, კერძო პირთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრებს, რაც იძლეოდა ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენის საკმარის შესაძლებლობას. მითითებული დოკუმენეტების მიხედვით, ჰ---–--------–---–ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი N089 მდებარეობდა ვ----–------–---–ისათვის გადაცემული N084 მიწის ნაკვეთის დასავლეთით იმგვარად, რომ ნაკვეთებს შორის გადიოდა გზა, 2011 წლის 5 აგვისტოს N8------------03 გადაწყვეტილებით კი ვ----–------–---–ის მიწის ნაკვეთის საზღვრებმა მოიცვა მითითებული გზა და აღმოსავლეთით ჰ---–--------–---–ის მიწის ნაკვეთის ნაწილი, რამაც უგულებელყო ჰ---–--------–---–ის საკუთრების უფლება.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.
7. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 აგვისტოს N8------------03 და 2016 წლის 15 ივნისის N8------------09 გადაწყვეტილებების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს.
დასახელებული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო (პირველი და მე-3 მუხლები).
ამავე კანონის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლებისა და მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით (მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი).
ამავე ანონის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (კანონის მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები). რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე (კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი). სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტები).
სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი). მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი). მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-61 მუხლი).
ამავე კანონის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია.
მითითებული ინტრუქცია ადგენს, რომ თუ საჯარო რეესტრში უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მიწის ფართი მითითებულია როგორც დაზუსტებული და ტერიტორიულ სამსახურში დაცულია რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის შესაბამისი საკადასტრო ინფორმაცია, საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში შეასწოროს რეგისტრირებული მონაცემები, გასცეს შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა (31-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ამავე კანონის მიხედვით, სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საპილოტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს საკუთარი ინიციატივით, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, ხოლო სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა (მე-6 მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო სამსახური რეგისტრაციის თაობაზე ვ----–------–---–ის 2011 წლის 1 აგვისტოს განცხადების განხილვისას ვალდებული იყო, დაედგინა, მოთხოვნილი რეგისტრაცია ეხებოდა თუ არა სხვა პირის საკუთრების უფლებას, შესაბამისი კვლევისას გადაემოწმებინა მის ხელთ არსებული ყველა მონაცემი, მათ შორის - დაუზუსტებელი მონაცემები. რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული მონაცემების მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას და ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას. საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევა იყო წინაპირობა, დადგენილიყო, რომ სარეგისტრაციო მონაცემები ეწინააღმდეგებოდა ჰ---–--------–---–ის რეგისტრირებულ უფლებას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის, როგორც დაინტერესებული მხარისათვის ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და გამოეკვლია მისი უფლების ფარგლები. სასამართლო თვლის, რომ კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - სარეგისტრაციო სამსახურის სააღრიცხვო ბარათი ნაკვეთზე ჰ---–--------–---–ის საკუთრების უფლების მითითებით არ შეცვლილა, მის სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა, რეგისტრაცია არ გამხდარა სადავო, ძალაშია და მოქმედებს. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გაუქმება ხდება აქტისადმი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის გათვალისწინებით. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. მოპასუხის პოზიცია შესაძლებლად მიიჩნევს და ფაქტიურად ეთანხმება სარეგისტრაციო მონაცემის შეუსაბამობას, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ აღინიშნა, რომ საკუთრების უფლება ფაქტობრივად ჩამორთმეულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სამართლებრივი უფლება ფორმალურად პირველად მესაკუთრეს რჩება, თუმცა მისით სარგებლობა შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებულია. სასამართლოს თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ამგვარი განმარტებები შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის Nბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 აგვისტოს N8------------03 გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ ყოფილა რა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ჯეროვნად გამოკვლეული და სათანადოდ შეფასებული, რამაც ჰ---–--------–---–ის საკუთრების უფლების უგულებელყოფა განაპირობა (პუნქტი 4.9), მითითებული აქტი ჰ---–--------–---–ის უფლების შეზღუდვის ნაწილში - მიწის ნაკვეთის ჰ---–--------–---–ის კუთვნილ, N---08.---089 მიწის ნაკვეთზე ზედდების ფარგლებში რეგისტრაციის ნაწილში, ასევე, შესაბამის ნაწილში შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე 2016 წლის 15 ივნისის N8------------09 გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით და მოპასუხეს უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი აქტები საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 37-38). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჰ---–---------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 აგვისტოს N8------------03 გადაწყვეტილება და 2016 წლის 15 ივნისის N8------------09 გადაწყვეტილება ჰ---–---------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირებული, N---08.---089 მიწის ნაკვეთზე ზედდების ფარგლებში რეგისტრაციის ნაწილში და მოპასუხეს დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტები;
3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჰ---–--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია