გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/5494-18 25 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ი-------–---–--ე
მოპასუხე - შპს ”ო----"
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. შპს ”ო----სთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 195.17 ლარის ოდენობით;
1.2. შპს ”ო----სთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 63.64 ლარის ოდენობით.
1.3. შპს ”ო----სთვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 200 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2017 წლის 22 აგვისტოს, შპს ”ო----ს", როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „დაცვას“ შორის გაფორმდა N---- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”დაცვამ” აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო დანაშაულის აღკვეთა ქალაქ თბილისში, ვ---------------–ოს რაიონში, ვ-–----–----–ას მე-7 კვარტალში, N2 და N3 კორპუსებს შორის მდებარე "დამკვეთის" მარკეტში მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, ხოლო "დამკვეთმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით - თვეში 110.00 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების პირველი, მე-2და მე-3 მუხლები). ამავე ხელშეკრულებით, დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში "დამკვეთისათვის" ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნა დადგენილი (ხელშეკრულების 6.7 პუნქტი), ხოლო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში "დამკვეთის" მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში - "დაცვისთვის" 200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება (ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტი).
მტკიცებულება: 2017 წლის 22 აგვისტოს N---- ხელშეკრულება (ს.ფ. 13-16).
3.2. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2017 წლის 22 აგვისტოს N---- ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელა შპს ”ო----ს" ობიექტზე დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ- ინსტალაცია.
მტკიცებულება: 2017 წლის 22 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 18).
3.3. ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის N2------ ბრძანების თანახმად, 2017 წლის 23 აგვისტოდან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ,,125-ის” განყოფილება უზრუნველყოფდა შპს ”ო----ს" ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებას.
მტკიცებულება: ბრძანება (ს.ფ. 22).
3.4. შპს ”ო----ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ N---- ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში მიღებული მომსახურების საფასური 195.17 ლარის ოდენობით. შესაბამისი თანხის გადახდის ვადაგადაცილების გამო, 2017 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 63,46 ლარი.
მტკიცებულება: ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 23); თანხის ბრუნვა (ს.ფ 26), ვალები (ს.ფ. 24).
3.5. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის №------- ბრძანებით შპს ”ო----ს" 2017 წლის 16 ოქტომბრიდან შეუწყდა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
მტკიცებულება: ბრძანება (ს.ფ. 21).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების’’ თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
ამდენად, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ”ო----ს" შორის ურთიერთობა 2017 წლის 22 აგვისტოს N---- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულებების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განსაზღვრული.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, 2017 წლის 22 აგვისტოს N---- ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შპს ”ო----ს" მიმართ წარმოეშვა ობიექტის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელების ვალდებულება, ხოლო შპს ”ო----ს" - მიღებული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია, რომ შპს ”ო----მ" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში მიიღო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება, მას კი შესაბამისი გადახდა სრულად არ განუხორციელებია, რის გამოც მითითებული თვეების დავალიანებამ 195,17 ლარი შეადგინა. ამდენად, შპს ”ო----" ვალდებულია, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს ამ უკანასკნელის მიერ 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბერში მიღებული მომსახურების საფასური 195.17 ლარის ოდენობით.
6.2. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას ითვალისწინებს, როგორიცაა პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 22 აგვისტოს N---- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში მიღებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის 2017 წლის 7 ნოემბერის მდგომარეობით შპს ”ო----ს" მხრიდან გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობამ 63.46 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტით გათვალსიწინებული პირგასამტეხლოს - 200 ლარის გადახდის ვადლებულებას, მისი წარმოშობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა - ხელშეკრულების დამკვეთის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტის საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, 200 ლარის ოდენობით პირგამსატეხლოს აგდახდის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად შპს "ო----ს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 (სამოცი) ლარის ოდენობით ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შპს "ო----ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების მომსახურების ანაზღაურება 195.17 ლარის ოდენობით;
1.2. შპს "ო----ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 63.46 ლარის ოდენობით;
2. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი შპს "ო----სთვის" 200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. შპს შპს "ო----ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გაწეული ხარჯის - 60 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია