გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2018
საქმის ნომერი
010210017002239098
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210017002239098

N2-5276/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

მოსარჩელე - ტა----ლ თე-----ე

წარმომადგენელი - და--თ კი----ე

მოპასუხე - რე---ი შა----ე

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს რე---ი შა----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის თანხა 2220 აშშ დოლარი (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

2. მხარეთა პოზიციები

 

მოსარჩელის პოზიცია:

2015 წლის 15 იანვარს, მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ სესხად გადასცა მოპასუხეს, 1250 აშშ დოლარი. სესხი გაიცა ხუთი თვის ვადით, ხოლო 2015 წლის 14 ივლისის ცვლილების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 15 იანვრამდე. 2015 წლის 25 თებერვალს, მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხის თანხა 1250 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით. მოსარჩელის განმარტებით, სესხი იყო პროცენტიანი, თვეში 100 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლით. მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება და მას ჯამში გადახდილი აქვს 780 აშშ დოლარი, მხოლოდ პროცენტის სახით.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ტა----ლ თე-----ისაგან ისესხა ჯამში 2000 აშშ დოლარი და უნდა დაებრუნებინა 2500 აშშ დოლარი. სესხის თანხა ნაწილობრივ დაფარული აქვს. კერძოდ, გადახდილი აქვს 1930 აშშ დოლარი და გადასახდელად დარჩენილი აქვს 570 აშშ დოლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1.საქმეში წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება მხარეებმა სადავო გახადეს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის გადაწყვეტისას, მხოლოდ ის ფაქტები და გარემოებები შეფასდეს, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია. სამოქალაქო დავაში სასამართლო კვლევის საგანს შეადგენს მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის რელევანტურია და ადასტურებს ან უარყოფს მხარეთა პოზიციას დავის საგანთან მიმართებაში. ამდენად, მნიშვნელოვანია სასამართლომ სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოებები გამოყოს მხარეთა პოზიციებიდან და მხოლოდ მათი შეფასება და სამართლებრივი ანალიზი დაუდოს საფუძვლად გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრება. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გაცემული სესხის თანხის და შესრულებული ვალდებულების ოდენობა, ასევე, პროცენტის დარიცხვის მართლზომიერება. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს რომელი მხარის მტკიცების საგანში შედის სადავო ფაქტობრივი გარემოებები ანუ რომელი მხარისაკენაა მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას, რაც ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი (მ. ახალაძე, მტკიცების ტვირთი, 2018 წ. გვ. 9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სასესხო სამართალურთიერთობა და მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის (სამოქალაქო კოდექსი მუხლი 624) გათვალისწინებით სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი - მსესხებელს. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და მოქმედებს სესხის თანხის გადაცემის მომენტიდან, გამსესხებლის მტკიცების საგანში შედის სესხად გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცების ტვირთი, ხოლო ვალდებულების შესრულება მსესხებელმა უნდა ამტკიცოს. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, გამსესხებლის ვალდებულება შემოფარგლება სესხის სახით თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, რომელშიც პოზიტიური მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით. (სუსგ №აs-398-371-2017, 6 ივნისი, 2017 წელი).

 

მტკიცების ტვირთის განაწილების მოცემული სქემა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი პრინციპიდან, რომლის თანახმად მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სესხად გადაცემული თანხის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტის პყრობა მოსარჩელის მოვალეობაა, ვინაიდან, იგი გასცემს სესხს და თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის რისკის მატარებელია, ხოლო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ინახებოდეს მსესხებელთან, ვინაიდან, იგი ასრულებს ვალდებულებას-უხდის გამსესხებელს და მისი პასუხისმგებლობაა შესაბამისი დოკუმენტის მოთხოვნა. მტკიცების აღნიშნული სტანდარტი მოცემულია სასესხო სამართალურთიერთობების მარეგულირებელ მატერიალურ სამართლებრივ ნორმებში. საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მათი დამადასტურებებლი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ სადავო ფაქტობრივ გარემოებს:

 

3.2.2. 2015 წლის 15 იანვარს ნოტარიალურად დამოწმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 1250 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 15 ივლისს. 2015 წლის 14 ივლისის სესხის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, მისი მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 15 იანვრამდე. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად სესხის დაბრუნება მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის უნდა განხორციელებულიყო ნაღდი ანგარიშსწორებით, სათანადო წერილობითი დოკუმენტის შედგენით. დადგენილია, რომ ასეთი დოკუმენტი შედგენილი არ არის. ასევე, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლით სესხს სარგებელი (პროცენტი) არ დაერიცხება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-16, 20)

 

3.2.3. 2015 წლის 25 თებერვალს, ნოტარიალურად დამოწმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 1250 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულების პირობები იდენტურია. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად სესხის დაბრუნება მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის უნდა განხორციელებულიყო ნაღდი ანგარიშსწორებით, სათანადო წერილობითი დოკუმენტის შედგენით. დადგენილია, რომ ასეთი დოკუმენტი შედგენილი არ არის. ასევე, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლით სესხს სარგებელი (პროცენტი) არ დაერიცხება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ თავის შესაგებელში აღიარა მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმება პროცენტის შესახებ, რასაც სასამართლო სამართლებრივად განმარტავს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19)

 

3.2.4. მოპასუხე აცხადებს, რომ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. კერძოდ, 2015 წლის 15 თებერვლიდან 2016 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, ტა----ლ თე-----ეს სულ გადაუხადა 1930 აშშ დოლარი. იგი მიიჩნევს, რომ გადასახდელი აქვს მხოლოდ 570 აშშ დოლარი. მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, სასამართლოში ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ვალდებულების შესრულების ფაქტი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ არაერთხელ განმარტა, რომ სასესხო ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხისაგან მიღებული აქვს თანხა 780 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის განცხადებაზე დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რე---ი შა----ეს სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილი აქვს 780 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სხდომის ოქმი (16/08/2018წ)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. რე---ი შა----ეს ტა----ლ თე-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1440 აშშ დოლარი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

-სამოქალაქო კოდექსი

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დავის დაწყება და დავის საგნის განსაზღვრა მოსარჩელის ავტონომიური ნების გამოვლენაა. ამასთან, დავის საგნის შეცვლის (გაზრდის/შემცირების) პროცესუალურ-სამართლებრივი მექანიზმი ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის 2-4 ნაწილებში, რომლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის. სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნის შემცირების პროცესუალური შესაძლებლობა მოსარჩელე მხარეს გააჩნია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოპასუხის თანხმობას არ საჭიროებს.

 

2018 წლის 16 აგვისტოს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, პაექრობის ეტაპზე, მოსარჩელე მხარემ ისარგებლა საკუთარი პროცესუალური უფლებით, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განსაზღვრა იგი 2220 აშშ დოლარით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, სასამართლო ვალდებულია მოცემული საქმე განიხილოს შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში (სხდომის ოქმი 16/08/2018წ. 14სთ 29წთ).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სესხის, როგორც გარიგების, იურიდიული ბუნების თავისებურებაზე და აღნიშნავს, რომ სესხი ცალმხრივმავალდებულებელი, რეალური ხასიათის ხელშეკრულებაა, რომელიც დადებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა გამსესხებელი ფულს ან გვაროვნულ ნივთს გადასცემს მსესხებელს. სასესხო სამართალურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (სუსგ, საქმეზე #ას-361-343-2015, 14.12.2015). ამდენად, დავის საგნის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების წრეს მიეკუთვნებოდა ხელშეკრულების დადების ანუ სესხის თანხის გადაცემის ფაქტი, გადაცემული სესხის ოდენობა, ვალდებულების შესრულების პირობები და შესრულებული ვალდებულების ოდენობა.

 

დადგენილია, რომ არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია მხარეებს შორის 2015 წლის 15 იანვარს და 2015 წლის 25 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა სესხის თანხა საერთო ჯამში 2500 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, დადგენილია, რომ 2015 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების თანახმად სესხის თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 25 იანვრამდე, ხოლო 2015 წლის 25 თებერვლის სესხის ხელშეკრულების თანახმად 2015 წლის 15 ივლისს.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მონაწილე მხრეთა ნების გამოვლენის ნამდვილობაზე. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან (სუსგ 1435-1450 -2011).

 

მოცემული ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არ არის გათვალისწინებული სავალდებულო ფორმა. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. აქედან გამომდინარე, იმაზე, თუ რა ფორმისაა ხელშეკრულება, დამოკიდებულია სესხის თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი. თუ სესხი ზეპირი ფორმისაა თანხის გადაცემის მტკიცება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია.

 

ამ მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები რთული სანოტარო ფორმითაა დადებული, მისი შემადგენელი დებულებები ცხადად ადასტურებენ იმას, რომ გამსესხებელმა ნამდვილად გასცა, ხოლო მსესხებელმა ნამდვილად ისესხა მითითებული თანხა. ამ პრეზუმფციის გასაქარწყლებლად მოპასუხე მხარეს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი არ მიუთითებია და მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლოს არ აქვს რაიმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი, სარწმუნოდ არ ჩათვალოს მოცემული მტკიცებულებების და მათში გამოხატული მხარეთა ნების ნამდვილობა და თვლის, რომ სახეზეა ნამდვილი გარიგების ძირითადი ელემენტი- სესხის თანხის გადაცემა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ ნოტარიალურად დამოწმებულ სესხის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულია მხარეთა ნამდვილი ნება და გარიგების დადებისას ნების გამოვლენის ნაკლს ადგილი არ ჰქონია. დადასტურებულია, რომ სესხის თანხა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის გადაცემულია სესხის ხელშეკრულების დადასტურებამდე ნაღდი ანგარიშსწორებით. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მსესხებელმა გამსესხებლისგან სესხის სახით საერთო ჯამში მიიღო 2500 აშშ დოლარი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ მან სესხის სახით მიიღო მხოლოდ 2000 აშშ დოლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ მოპასუხის პოზიცია, მოცემულ საკითხთან მიმართებაში, დადგენილად ჩაითვალოს.

 

6.4. მოსარჩელე მხარის აღიარების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რე---ი შა----ეს მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს 780 აშშ დოლარი. მოსარჩელე განმარტავს, რომ თანხა წარმოადგენდა სესხით სარგებლობის პროცენტს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება მოსარჩელის პოზიციას აღნიშნული თანხის პროცენტად ჩათვლის შესახებ. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ პროცენტის შესახებ მიუთითა მხოლოდ საქმის ზეპირი მოსმენისას, ახსნა-განმარტების ეტაპზე. მას აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესახებ სარჩელში არ მიუთითებია და არც საქმის მომზადების დამთავრებამდე დაუზუსტებია სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია შესრულებული ვალდებულების პროცენტად მიჩნევის შესახებ. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება პროცენტს არ ითვალისწინებდა, ზეპირი შეთანხმების არსებობის თაობაზე კი მხარემ მხოლოდ მთავარ სხდომაზე მიუთითა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პროცენტის დარიცხვის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას შესრულებული ვალდებულების პროცენტად მიჩნევის შესახებ და თვლის, რომ შესრულებული ვალდებულებით დაიფარა სესხის ძირი თანხა.

 

ასევე, ვერ დაეთანხმება სასამართლო მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ შესაგებელში, კერძოდ, მოპასუხის პოზიციის გრაფაში სასარჩელო მოთხოვნასა და მის სამართლებრივ საფუძვლებზე, აღიარა ზეპირი შეთანხმება პროცენტის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ფაქტობრივი გარემოების აღიარება უნდა იყოს ცხადი და გასაგები. თანმიმდევრულად და ზედმიწევნით უნდა აფიქსირებდეს მხარის მიერ გამოთქმულ პოზიციას აღიარებულ გარემოებასთან დაკავშირებით. არ უნდა იყოს ორაზროვანი და მითუფრო არ უნდა იქნეს გამოყენებული ასეთი აღიარება ისეთი პირის მხრიდან, რომელიც არ სარგებლობს ადვოკატის წარმომადგენლობით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება პროცენტის აღიარებად. პირველ რიგში, მოპასუხე მთელი სხდომის მანძილზე კატეგორიულად უარყოფდა სესხის ხელშეკრულებების მიხედვით პროცენტზე შეთანხმების არსებობას, ხოლო მოპასუხის მიერ შესაგებელში გაცხადებულ გარემოებას თავად ადასტურებს მოსარჩელე, როცა დავის ფაქტობრივ გარემოებებში უთითებს იმის შესახებ, რომ რე---ი შა----ეს ასესხა 2500 აშშ დოლარი.

 

6.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას შესრულებული ვალდებულების თაობაზე, რომელიც, მისი განმარტებით, შეადგენს 1930 აშშ დოლარს. სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეს, რომელიც კონკრეტული სამართალურთიერთობის მიხედვით წარმოადგენს მოვალეს, უფლება აქვს მოსთხოვოს კრედიტორს ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კრედიტორი, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია გასცეს ასეთი დოკუმენტი. ნორმა განსაზღვრავს მტკიცების სტანდარტს, ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად, რომლის თანახმად, სადავოობისას, სწორედ, მოვალეა ვალდებული სასამართლოს წარმოუდგინოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან, ასეთი დოკუმენტის მოთხოვნის უფლებამოსილებით კანონმა მოვალე აღჭურვა. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს სასამართლოში ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

ამდენად, შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის და მოსარჩელის მიერ აღიარებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის მიმართ შეუსრულებული სასესხო ვალდებულების ოდენობა შეადგენს 1440 აშშ დოლარს (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნისა და მოსარჩელის მიერ მიღებული შესრულების სხვაობა).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ტა----ლ თე-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. რე---ი შა----ეს ტა----ლ თე-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1440 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 190 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა განისაზღვრა 2220 აშშ დოლარით. დავის საგნის გათვალისწინებით სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 168.5 ლარს (აშშ დოლარის კურსი გადახდის მომენტისათვის 2.53ლ). სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 1440 აშშ დოლარი (ეროვნული ვალუტის კურსით 3643.2 ლარი). ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად-109.29 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 21.5 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 37.71 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ტა----ლ თე-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. რე---ი შა----ეს ტა----ლ თე-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 470 აშშ დოლარის გადახდა;

3. რე---ი შა----ეს ტა----ლ თე-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 36.37 ლარის გადახდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ;

4. ტა----ლ თე-----ეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 10.83 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე