განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002527950
N 1/183-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თ--–---- რაიონული სასამართლო
27 სექტემბერი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე - თა-------------
სხდომის მდივანი - ფი-------------
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---------–------, ნა---------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მო------------------------------ (დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი - გ--------------------- ; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი - ქ-------–------–----–----–-----------------–------------------------, ამჟამინდელი დროებითი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი - ქ-------–------------------ ), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 03 ივნისს ქ.-----–--–--------–-----–-------------- შსს თ--–---- რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა შეჩერებული " ფ---–--------"-ს მარკის ავტომანქანით ( ს----–-–------------------------) მოძრავი მ------------------ე. მო------------------მ შსს თ--–---- რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს წარუდგინა 2----–-–-------------------- დათარიღებული ყალბი, კუსტარული წესით დამზადებული მართვის მოწმობა A-----------, რომელიც მის სახელზე იყო გაცემული.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მ------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების ლ------------–-–---–ის და ნ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N-------- დასკვნა, ამოღების ოქმი, დათვალიერების ოქმი, მ------------------ის აღიარებითი ჩვენებები და ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითად განხილვის დროს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ
შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის. დანაშაულებრივი ქმედების ობიექტს წარმოადგენს ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, ანუ კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი მმართველობის წესს. ქმედების საგანს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტი- კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული წერილობითი აქტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ასეთ ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს მართვის მოწმობა. ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარე -ქმედება - განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენაში იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლებამოსილება გააჩნია, ანდა მის ოფიციალურად წარდგენაში ნებისმიერ დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში. აღნიშნული მუხლით გათალისწინებული ქმედება წარმოადგენს შედეგგარეშე ანუ ფორმალური შემადგენლობის დელიქტს და დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე. ქმედების სუბიექტური შემადგენლობას წარმოადგენს პირდაპირი განზრახვა- როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით - მოწმეების ლ------------–-–---–ის და ნ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N-------- დასკვნა, ამოღების ოქმი, დათვალიერების ოქმი, მ------------------ის აღიარებითი ჩვენებები და ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ------------------ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ------------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის
მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.
სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.
ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნისას სასამართლო მ------------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, საზოგადოებრივ საშიშროების ხარისხს, სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, ითვალისწინებს და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: ბრალდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არ არის ნასამართლევი, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ნებაყოფლობით აღიარებას, კანონშესაბამის, ზრდილობიან ქცევას სასამართლო სხდომებზე, ითვალისწინებს მის ასაკს, ასევე, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები.
ეს გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ არსებობს სასჯელის სახედ მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, მაგრამ, სასამართლოს აზრით, ბრალდებულის პიროვნების გათალისწინებით, ამ შემთხვევაში სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იქნება ზედმეტად მკაცრი. ხოლო არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი კი მიიღებს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს, იქნება სასჯელის მიზნების მიღმა და ობიექტურად ვერ იქნება მიმართული ვერც დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნების მიღწევისაკენ, ხელს ვერ შეუწყობს ვერც დანაშაულის შემცირებას, ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, და, მით უმეტეს, ვერც ბრალდებულის რესოციალიზაციას, რადგან გამოიწვევს ბრალდებულის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისაგან დისტანცირებას, ვერ განმსჭვალავს ბრალდებულს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და ვერ გახდება ბრალდებულის შემდგომი მართლზომიერი ქცევის გარანტი. მ------------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედების სიმძიმის, მისი ჩამდენი პირის პიროვნების, ქმედების შემდეგ ბრალდებულის ქცევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად ობიექტურად საკმარისია სასჯელის - ჯარიმის გამოყენება, რაც არის ადეკვატური, პროპორციული კონკრეტულ შემთხვევაში ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნებისა, და რითაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნება ერთის მხრივ სამართლიანობის აღდგენა და მეორეს მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია და მიიღწევა სასჯელის მიზნები.
სასამართლოს განაჩენის 4. პუნქტში სასამართლოს მსჯელობისა და ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების შედეგად, მ------------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება -მ------------------ის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა A-----------, რომელიც ინახება საქართველოს შსს თ--–---- რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-279-ე, მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს აჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.
მ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - მ------------------ის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა A-----------, რომელიც ინახება საქართველოს შსს თ--–---- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში .
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ--–---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თა-------------