განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2018
საქმის ნომერი
330100118002480792
თარიღი
03.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ნინო ჩინჩალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-–----------,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ-------------–--–--ა, დაბადებული 1-----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე (პ/ნ 6----------), დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: გაგრა, ს-------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ი-–--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

ბრალდებული - ნ----------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პ/ნ 3----------), ნასამართლეობის მქონე, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ს----------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ქ--------–-------–------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

ადვოკატი- გ------–---–---ი,სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 5 მაისს დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, ვ-----–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ-------------–--–--ა და ნ----------ე მიემართებოდნენ წ-----------–---–--------ზე, რა დროსაც შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი გ--------------------–---–ი, რომელსაც ჰქონდა გრძელი შეღებილი თმები და იქცეოდა გამომწვევად, მათ ჩათვალეს, რომ გ--------------------–---–ი იყო არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირი, რამაც გამოიწვია მათი გაღიზიანება და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ--------------------–---–ს მისი გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტივით სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელის მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები წ-----------–---–-------- N----თან მდებარე არკაში.

 

ვ-------------–--–--ასა და ნ----------ის დანაშაულებრივი ქმედებით გ--------------------–---–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა ვ-------------–--–--ასა და ნ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულების აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - დაზარალებულ გ--------------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების მ-----------------–---–ის, გ----------–---–ის, მ---------------–---–ის, გ--------------–-–---–ის, ბ-–--------ას გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულების ვ-------------–--–--ას, ნ----------ის გამოკითხვის ოქმებს, ჩხრეკისა და დაკავების ოქმებსა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების ვ-------------–--–--ას და ნ----------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი ჯგუფურად.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ნ----------ისა და ვ-------------–--–--ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის 5 მაისს დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისი, ვ-----–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ-------------–--–--ა და ნ----------ე მიემართებოდნენ წ-----------–---–--------ზე, რა დროსაც შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი გ--------------------–---–ი, რომელსაც ჰქონდა გრძელი შეღებილი თმები და იქცეოდა გამომწვევად, მათ ჩათვალეს, რომ გ--------------------–---–ი იყო არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირი, რამაც გამოიწვია მათი გაღიზიანება და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ--------------------–---–ს მისი გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტივით სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელის მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები წ-----------–---–-------- N----თან მდებარე არკაში.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ნ----------ისა და ვ-------------–--–--ას დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----------ემ და ვ-------------–--–--ამ მათ მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინეს ცემა გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ----------ისა და ვ-------------–--–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ცემა განხორციელდა გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, გარდა ამისა ნ----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების ნ----------ისა და ვ-------------–--–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათი ცხოვრების პირობებს, მათ ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ნ----------ესა და ვ-------------–--–--ას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 180-იდან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულების ვ-------------–--–--ას და ნ----------ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულებმა განახორციელეს ცემა, ჯგუფურად, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, რაც გულისხმობს ადამიანის უთანასწორო, უსამართლო მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანის წინააღმდეგ, ამგვარი ქმედება კი მიუთითებს ბრალდებულების ხასიათზე, რომ ისინი უუნარონი არიან კონტროლი გაუწიონ თავის რისხვას, რომელიც მიმართულია პიროვნების წინააღმდეგ, რომელიც რაიმე განსხვავებული ნიშნის მატარებელია, რაც მიუთითებს ბრალდებულების ხასიათსა და მათ არაკანონმორჩილებაზე. შესაბამისად ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ხაზს უსვამს ბრალდებულების მხრიდან შესაძლო ამგვარი დანაშაულის სამომავლოდ ჩადენას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებულები ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულებისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ ვ-------------–--–--ა და ნ----------ე აღიარებენ და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებებს, ასევე ითვალისწინებს ქმედების ჩადენის სპეციფიკას, - ქმედება ჩადენილია ჯგუფურად, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო (საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი), შესაბამისად სასამართლო ვ-------------–--–--ასა და ნ----------ეს დაუნიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო ნ----------ესთან მიმართებაში ასევე სასამართლო ითვალისწინებს მის ნასამართლობას და მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ნ----------ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ნ----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი, ასევე დანიშნული გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 4(ოთხი) თვის ვადით), შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ნ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, (რომლის გამოსაცდელი ვადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განჩინებით გაგრძელებული აქვს 4(ოთხი) თვის ვადით) და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ნ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ნ----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 5 მაისიდან.

 

2.ვ-------------–--–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ვ-------------–--–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და იგი აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ვ-------------–--–--ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 5 მაისიდან - 2018 წლის 11 მაისის ჩათვლით პერიოდი.

 

ვ-------------–--–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა მოთავსებული 01(ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე