განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100118002550077
საქმე N1-641/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ნესტან მარჯანიშვილი
სახელმწიფო ბრალმდებელი - ა-–--------------------
ბრალდებული: ი--------------
მამის სახელი: მ-------
დაბადების თარიღი: 03.01.1-----–--–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ქ-------------------–------------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები.
[ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი--------------- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ი--------------- უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქ. N5-ში მდებარე შპს "ნოვა ჰოლდინგის" საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტზე, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ელექტრო სადენებს და პერფერატორს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ი--------------- სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
ი--------------ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მოწმეების - ირაკლი წივწივაძის, სულხან მელაძის, არჩილ კოჩაძის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღებული ნივთები, ექსპერტიზის დასკვნა.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და ,,ბ'' ქვეპუნქტების თანახმად, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ი--------------- აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, ბრალდებულს ჰყავს მრავალრიცხოვანი ოჯახი, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ზემოღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს პირობითი მსჯავრი.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-210-ე, 212-ე-213-ე, 215-ე-216-e, 230-ე, 255-ე, 258-ე, 260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ი--------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 ივნისიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
3. ი--------------ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებული ი-------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
4. ნივთმტკიცებები - ი--------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელ. სადენების ერთი ხვია ტომრით, მობილური ტელეფონი და მკნეტარა „02“, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს ი--------------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი