გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
330210018002424775
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/12755-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

მოსარჩელე - სს „თე-–--ი“

წარმომადგენელი - ჯა-------------ე

მოპასუხე - ირ---–---------ე

წარმომადგენელი - გუ------------ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ირ---–---------ეს სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიმდინარე სააბონენტო დავალიანებისა და დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ელექტოენერგიის საფასურის - 5135.33 ლარის გადახდა

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 03 ივლისს სს „თე-–--სა“ და ირ---–---------ის (აბონენტი №0------) მინდობილ პირს - გუ------------ეს შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს სს „თე-–--ის“ მიმართ არსებული დავალიანება - 5135.01 ლარის ოდენობით გადასახდელად გადაუნაწილდა 120 თვეზე. თვიურად გადასახდელი პორციის ოდენობა შეადგენდა - 42.79 ლარს.

 

დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 5135.33 ლარს, საიდანაც მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანებაა - 385.43 ლარი, ხოლო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება, კი შეადგენს - 4 749.90 ლარს. დავალიანება დაგროვებული და წარმოშობილია მრიცხველზე დარიცხული პერიოდული ჩვენებებით და დარიცხული დავალიანების არასრულყოფილი გადახდებით. აბონენტს ელ. ენერგიის ბოლო მოხმარება უფიქსირდება 2018 წლის 12 მარტს. ხოლო, ბოლო გადახდა კი 2017 წლის 27 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ აბონენტისათვის ცნობილი იყო დავალიანების წარმოშობის საფუძვლების თაობაზე, იგი არ ფარავს მის მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის გადასახადს.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თუ მოვალე დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს დარჩენილი ვალის სრულად დაფარვა. ამასთან, მოპასუხეს სს „თე-–--თან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აღიარებული აქვს აღნიშნული დავალიანება.

 

მოპასუხე არის სააბონენტო მისამართზე განთავსებული ქონების მესაკუთრე და ფაქტობრივადაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო მხოლოდ ნაწილობრივ - 2015 წლის ივნისიდან 03.07.2017წ. ხელშეკრულების გაფორმებამდე დარიცხული დავალიანების - 788.25 ლარის ნაწილში. ხოლო, დავალიანების დარჩენილ ოდენობაზე მიუთითა, რომ 2017 წლის 03 ივლისს დადებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ნაწილი, რომელიც დარიცხულია 2015 წლის მაისის ჩათვლით - 4349.10 ლარის ოდენობით, არის ხანდაზმული და აღიარების პერიოდშიც წარმოადგენდა ხანდაზმულ დავალიანებას, თუმცა მოსარჩელის მიერ ამ ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა.

 

მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების დროს გუ------------ე (ირ---–---------ის მამა, რომელიც ხელს აწერს დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებას) იძულებული გახდა ხელი მოეწერა დავალიანების გადანაწილებაზე, რადგან სახლში ჰყავდა ავადმყოფი ცოლი და აუცილებლად ესაჭიროებოდა ელ. ენერგია. სწორედ ამ სიტუაციით ისარგებლეს მოსარჩელის წარმომადგენლებმა და ყოველგვარი მოსალოდნელი შედეგების გაცნობის გარეშე მოაწერინეს მოპასუხეს ხელი ხელშეკრულებაზე. შესაბამისად, ხელშეკრულების დადება მოხდა იძულებით გამომდინარე იქიდან, რომ თე-–--ის წარმომადგენლების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდებოდა ელ. ენერგიის ჩართვა. ამასთან, იგი ორი თვის მანძილზე იხდიდა დაკისრებულ თანხას, თუმცა მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა დავალიანების ხანდაზმულობის შესახებ, გადახდა შეწყვიტა. აღსანიშნავია ისაც, რომ ხელშეკრულების დადებამდე მოპასუხეს გადაახდევინეს ჯერ - 300 ლარი, ხოლო შემდგომ - 610 ლარი. აღნიშნული თანხის გადასახდელად მოპასუხის მამა - გუ------------ე იძულებული გახდა გამოეტანა საპენსიო კრედიტი, რის გამოც შეუმცირდა ყოველთვიურად ასაღები პენსიის ოდენობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ირ---–---------ე წარმოადგენს სს ,,თე-–--ის” აბონენტს №0------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (იხ. ს.ფ. 17-22);

3.1.2. ირ---–---------ე არის სააბონენტო მისამართზე - ტა------–ა, განთავსებული უძრავი ქონების - ს/კ 8--02.08.5--- მესაკუთრე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 26-27);

 

3.1.3. 2017 წლის 13 ივნისს ირ---–---------ემ განცხადებით მიმართა სს „თე-–--ს“ და მოითხოვა მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების გადანაწილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (იხ. ს.ფ. 24);

 

3.1.4. 2017 წლის 03 ივლისს სს „თე-–--სა“ და ირ---–---------ის წარმომადგენელს - გუ------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ №4----, რომლის თანახმად სს „თე-–--ის“ აბონენტს №0------ - ირ---–---------ეს სს „თე-–--ის“ მიმართ არსებული დავალიანება - 5135.01 ლარის ოდენობით გადასახდელად გადაუნაწილდა 120 თვეზე. ყოველთვიური გადასახდელი მინიმალური პორცია განისაზღვრა 42.79 ლარით, ხოლო ბოლო თვის პორცია განისაზღვრა 43 ლარით. გადანაწილებული თანხის გადახდა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის აგვისტოს თვიდან.

 

ხელშეკრულებით განსაზღვრული დავალიანება წარმოშობილ იქნა 2000 წლიდან 2017 წლის ივნისის თვის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის შედეგად.

 

ხელშეკრულების თანახმად, თუ მოვალე ერთხელ მაინც დაარღვევს გადახდის გრაფიკს, კრედიტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ელექტროენერგიის მიწოდება და გადანაწილებული დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 23);

- რწმუნებულება (იხ. ს.ფ. 28-29);

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (იხ. ს.ფ. 17-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. გუ------------ე არის ირ---–---------ის მამა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.6. მხარეები ადასტურებენ, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე (03.07.2017წ.), ირ---–---------ეს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.შესაგებელი, სხდომის ოქმი);

3.1.7. ირ---–---------ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „თე-–--ს“ შორის 03.07.2017წ. გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (იხ. ს.ფ. 17-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.8. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, №0------ აბონენტის დავალიანება სს „თე-–--ის“ მიმართ შეადგენს - 5135.33 ლარს, საიდანაც მიმდინარე დავალიანებაა - 385.43 ლარი და გადანაწილებული დავალიანების დარჩენილი ოდენობა - 4749.90 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (იხ. ს.ფ. 17-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს „თე-–--ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 128-129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები;

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 2015 წლის ივნისიდან 03.07.2017წ. ხელშეკრულების გაფორმებამდე დაგროვებული დავალიანების - 788.25 ლარის მოთხოვნის ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი), რაც ზემოთ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

შესაბამისად, ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ აბონენტს წარმოადგენს მყიდველი ე.ი მომხმარებელი, რომელთანაც განაწილების ლიცენზიანტი დებს ხელშეკრულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ირ---–---------ე წარმოადგენს სს ,,თე-–--ის” აბონენტს №0------. შესაბამისად, იგი მოიხმარს/შეისყიდის ელექტროენერგიას და სანაცვლოდ ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი ღირებულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

აღნიშნული მუხლი წარმოადგენს გარიგების შინაარსის კონტროლის განმსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერძო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. კერძოდ, გამოყოფს “სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და ა.შ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ივლისს სს „თე-–--სა“ და ირ---–---------ის წარმომადგენელს - გუ------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ №4----, რომლის თანახმად სს „თე-–--ის“ აბონენტს №0------ - ირ---–---------ეს სს „თე-–--ის“ მიმართ არსებული დავალიანებაა - 5135.01 ლარის ოდენობით გადასახდელად გადაუნაწილდა 120 თვეზე. ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით, ხელშეკრულება გაფორმდა იმის გამო, რომ სს ,,თე-–--მა” მას შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. იგი იძულებული გახდა მოსარჩელესთან გაეფორმებინა აღნიშნული ხელშეკრულება, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდებოდა ელ. ენერგიის აღდგენა.

 

სასამართლოს მოსაზრებით დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების იურიდიული ძალის და მისი ნამდვილობის შეფასებისათვის პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას სს „თე-–--ის“, როგორც ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის მიწოდების სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიურობას, რის გამო ეს ურთიერთობა სპეციალურად დადგენილი წესების რეგულირებაში ექცევა.

 

,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით, მომხარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება - შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მითითებული პუნქტის იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც განაწილების ლიცენზიატს ეკრძალება ელექტროენერგიის შეწყვეტის, აგრეთვე უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება ხანდაზმული დავალიანების აღიარების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრული დავალიანება წარმოშობილია 2000 წლიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის შედეგად. ამდენად, ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულებით აღიარებული დავალიანების ძირითადი ნაწილი იყო ხანდაზმული, რის გამოც დავალიანების გადაუხდელობის გამო სს ,,თე-–--ს” არ ჰქონდა უფლება შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება ირ---–---------ისათვის, ხოლო თავის მხრივ, ამ უკანასკნელს ჰქონდა უფლება ხანდაზმული დავალიანების გამო ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში სადავო გაეხადა აღნიშნული და მოეთხოვა ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა, მითითებული უფლების რეალიზაციის უფლება ირ---–---------ეს დაეკარგა 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულების გაფორმების გამო.

 

საქმეში არსებული აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, აბონენტს - ირ---–---------ეს 03.07.2017წ. ხელშეკრულების დადებამდე არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და მისი მიწოდება აღუდგა მხოლოდ მას შემდეგ რაც მასსა და სს „თე-–--ს“ შორის გაფორმდა ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების დადებამდე, ირ---–---------ის მიერ დავალიანების დასაფარად გადახდილ იქნა გარკვეული თანხები. კერძოდ, 300 ლარი - 2017 წლის 05 ივნისს და 610 ლარი 2017 წლის 03 ივლისს.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებისა და საქმეში არსებული მასალების თანახმად, ირ---–---------ეს ჰყავს პენსიონერი მშობლები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროებათ მკურნალობა. თავად ირ---–---------ე არის სტუდენტი და ჰყავს შვილები. მოპასუხე მხარე ასევე განმარტავს, რომ ირ---–---------ის მამა - გუ------------ე იძულებული გახდა პენსიიდან აეღო ავანსი, რათა დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების გასაფორმებლად გადაეხადა სს „თე-–--ის“ მიერ მოთხოვნილი დავალიანების ნაწილი. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულების გაფორმებამდე ირ---–---------ეს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. მოპასუხეს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა მხოლოდ 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში მართალია სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე სს „თე-–--ს“ არ განუხორციელებია (და ვერ განახორციელებდა) მომხმარებლისათვის (ირ---–---------ისათვის) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, ვინაიდან აბონენტს შეწყვეტილი ჰქონდა ელ. ენერგიის მიწოდება, თუმცა ზემოთ მითითებული ფაქტების ანალიზი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ელ. ენერგიის მიმწოდებელმა მისი მდგომარეობის გამოყენებით და მომხმარებელზე მისი მხრიდან კონკრეტული მექანიზმის შესაძლო გამოყენების ზეგავლენით (ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მომავალში ელ. ენერგიის მიუწოდებლობა) მოახდინა 2017 წლის 03 ივლისის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ირ---–---------ესთან.

 

ამდენად, სადავო ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენდა იურიდიული პირი, რომელსაც აქვს კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღების შესაძლებლობა, ასევე იგი არის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტი და თბილისში ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი, ხოლო მეორე მხარეს პირი, რომელსაც გარიგების დადებისას არ განემარტა (აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცება მოსარჩელე მხარეს არ განუხორციელებია) ხანდაზმული დავალიანების გამო მის მიერ გამოსაყენებელი უფლების შესახებ, რომელსაც მოსარჩელის გარდა სხვა პირისგან ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობა არ ქონდა და რომელსაც სადაო ხელშეკრულების გაფორმებამდე შეწყვეტილი ქონდა ელექტროენერგიის მიწოდება. მითითებული გარემოებები სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ სადაო ხელშეკრულების გაფორმებით დაირღვა სოციალური სამართლიანობის პრინციპი, რადგან მოპასუხისთვის ცივილიზებული ცხოვრებისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსის მიღების საშუალებად გამოყენებული იქნა სადავო ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ქვითარში, რომელიც ყოველთვიურად მისდის მომხმარებელს ცალკე მითითებულია ხანდაზმული დავალიანების ოდენობა, ვერ ცვლის ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ მოცემულობას.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად - საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს და ზემოთ მოყვანილი ნორმის შესაბამისად ბათილია.

 

6.4. ამდენად, ვინაიდან სასამართლომ მხარეთა შორის 2017 წლის 03 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება მიიჩნია ბათილ გარიგებად, ხოლო მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულობაზე, სასამართლომ შეამოწმა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი და მიიჩნევს, რომ სს ,,თე-–--ის” სარჩელი - 4349.10 ლარის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ეს არის უფლების განხორციელების ვადა და მიიჩნევა, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. ამდენად, უფლებადარღვეული პირისათვის უფლების დაცვა დროის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება, რაც მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვას (მატერიალურად და არა პროცესუალურად) გამორიცხავს.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს 2000 წლიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით წარმოშობილ დავალიანებას. აღნიშნული დავალიანებიდან მოპასუხის მიერ ცნობილ იქნა 2015 წლის ივნისიდან დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე სამი წლის განმავლობაში დაგროვებული დავალიანება - 788.25 ლარის ოდენობით.

 

საქმეში არსებული აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, 2000 წლიდან 2015 წლის ივნისამდე, ყველაზე გვიან, მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ ჩვენება მოსარჩელის მიერ აღებულია 2015 წლის 08 მაისს, ხოლო წინა ჩვენება კი - 2015 წლის 07 აპრილს. ორივე შემთხვევაში დავალიანების ოდენობა შეადგენდა - 4349.10 ლარს. შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის სამ წლიანი ვადის ათვლა დასრულდა - 2018 წლის მაისში, წინა პერიოდებისა კი შესაბამისად თითო-თითო თვით ადრე.

 

სარჩელი აღძრულია 2018 წლის 01 მაისს, აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი 2000 წლიდან 2015 წლის აპრილის თვის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინების თაობაზე აღძრული იქნა კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სს ,,თე-–--ის” სარჩელი - 4349.10 ლარის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია. აღნიშნული გარემოება კი მოპასუხეს უფლებას აძლევს, უარი განაცხადოს 2000 წლიდან 2015 წლის აპრილის თვის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებაზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლისა.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში აღძრა - ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც არ არსებობს სადავო ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილა 154.05 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სს „თე-–--ს“, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (788.25 ლარი), უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 23.64 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა სს „თე-–--ის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ამდენად, ვინაიდან დასრულდა მოცემული დავის განხილვა უნდა გაუქმდეს ზემოთ აღნიშნული განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „თე-–--ის“ სარჩელი ირ---–---------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ირ---–---------ეს მოსარჩელე სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების - 788.25 ლარის გადახდა.

 

2. სს „თე-–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 30 აპრილს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 154.05 ლარიდან - 23.64 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №73771.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე