გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002586165
საქმე № 3/513-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - გ------- მ---–----–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლა
დირექტორი - ნ----------–---
მოპასუხის წარმომადგენელი - მ-------------------ე
მესამე პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის
სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - მ-----------------ე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
მესამე პირის წარმომადგენელი - პ-–---------------–---–ი
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს გ------- მ---–----–-–---–ის მიერ სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის (ქ. N12 საშუალო სკოლა ) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 08 ივნისს წერილობითი განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრს და სრული ზოგადი განათლების დამდასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა, რაზეც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის N 17/ 192232 გადაწყვეტილებით გ------- მ---–----–-–---–ს ეთქვა უარი კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოუპოვებლობის მოტივით. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, 2018 წლის 06 აგვისტოს N01/246277/გ გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ სწავლობდა ქუთაისის N12 საშუალო სკოლაში, რომელიც დაასრულა 1974 წელს და მიიღო ატესტატი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო, დაადასტურა გ------- მ---–----–-–---–ის სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სწავლების ფაქტი, განმარტა, რომ მართალია არ არსებობს პირდაპირი დოკუმენტი 1974 სასწავლო წლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შესახებ, თუმცა სკოლაში დაცულია ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. შესაბამისად, დასტურდება გ------- მ---–----–-–---–ის მიერ სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის (ქ. N12 საშუალო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
2.1 მესამე პირის პოზიცია
2.1.1. მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ამავე სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2018 წლის 08 ივნისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით მიმართა გ------- მ---–----–-–---–მა და სრული ზოგადი განათლების დამდასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა, აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელმაც მიმართა კანონმდებლობით გათვალისწინებულ გზებს - გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივიდან და ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან. საინფორმაციო სისტემამ ვერ მოიძია გ------- მ---–----–-–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. ასევე წარმომადგენელი განმარტავს, რომ სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე იმის გათვალისწინებით, რომ საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება ინფორმაცია გ------- მ---–----–-–---–ის კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური დაინტერესებულ პირის მიმართ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატს ვერ გასცემდა.
2.1.2. მესამე პირის - სსიპ მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ 2018 წლის 08 ივნისს წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივსა და ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და გამოითხოვა ინფორმაცია გ------- მ---–----–-–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ. მიღებული ინფორმაციით მოიძებნა მხოლოდ ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, თუმცა გ------- მ---–----–-–---–ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ 13.04.1957 წელს დაბადებული გ------- მ---–----–-–---–ი სწავლობდა ქალაქ ქუთაისის N12 საშუალო სკოლაში 1964-1974 წლებში. 1974 წელს მან დაასრულა ქალაქ ქუთაისის N12 საშუალო სკოლის სრული კურსი, რის საფუძველზეც გაიცა ატესტატი - N641222.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საარქივო ცნობა;
- სსსრ განათლების სამინისტროს საშუალო განათლების ატესტატი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ივნისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით მიმართა გ------- მ---–----–-–---–მა და განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გ------- მ---–----–-–---–ის განცხადება გადაუგზავნა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელმაც გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივიდან და ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან.
მიღებული ინფორმაციით მოიძებნა მხოლოდ ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, თუმცა გ------- მ---–----–-–---–ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.
დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ვერ მოხდა კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ------- მ---–----–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 20 ივნისის NMES 18 00763310 მიმართვა;
- 20.06.2018 წლის გადაწყვეტილება;
- ადმინისტრაციული საჩივარი;
- 06.08.2018 წლის გადაწყვეტილება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- მ---–----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოპასუხე სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლო სხდომაზე, სარჩელი ცნო. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული წარმოებისას სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად გ------- მ---–----–-–---–მა მიიღო სრული ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის ატესტატი.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, იმის გამო, რომ მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დგება, აღნიშნულის თავიდან აცილება უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება, ხოლო შემდგომ მისი აპოსტილით დამოწმება და აშშ-ს საკონსულოში წარდგენა.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მოსარჩელე გ------- მ---–----–-–---–მა (პ/ნ 60001005957) 1974 სასწავლო წელს დაძლია სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა და მასზე გაცემულია ატესტატი - №641222.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- მ---–----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს გ------- მ---–----–-–---–ის მიერ სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში (ქ. ქუთაისის N12 საშუალო სკოლა) 1974 წელს სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. გ------- მ---–----–-–---–ის დაუბრუნდეს სარჩელზე 2018 წლის 16 აგვისტოს (გადამხდელი ბანკი - სს "საქართველოს ბანკი") გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი; საგადასახდო დავალება N3, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: მიმღების დასახელება - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი