გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
110210018002575885
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002575885

N 2/748-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.10.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე ა-–---------ე მ-------ე,მოპასუხე რ----ი უ--------------–ი,დავის საგანი: დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დელიქტით მიყენებული მატერიალური ზიანის 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის

მოსარჩელის პოზიცია

 

მოპასუხე რ---- უ--------------–ი, 2017 წლის მაისში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ 2000 ლარად ღირებულ ლითონის კონტეინერს, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედებისათვის მოპასუხე რ---- უ--------------–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). მოითხოვს მოპასუხე რ---- უ--------------–მა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე რ---- უ--------------–მა როგორც შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას კონტეინერი არ მოუპარავს. ფარულად დაეუფლა მხოლოდ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოდან რკინის დეტალებს, რომლებიც ამოღებული იქნა მისი სახლიდან ჩხრეკის დროს 2017 წლის 20 ნოემბერს. ამოღებული ნივთები პოლიციაშია და უნდა დაბრუნებოდა მას. განაჩენით მას არ დაკისრებია ზარალის ანაზღაურება და რა დაადგინეს არ იცის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე რ---- უ--------------–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი

- მხარეთა განმარტება

 

3.1.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით რ---- უ--------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი

- მხარეთა განმარტება

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის მაისის თვეში რ---- უ--------------–ი ფარულად დაეუფლა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ 2000 ლარად ღირებულ ლითონის კონტეინერს, რითაც მიაყენა მას 2000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.2. მოპასუხე რ----ი უ--------------–ის განმარტებით მას ლითონის კონტეინერი საერთოდ არ უნახავს და არც მოუპარავს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოდან. იგი დაეუფლა მხოლოდ რკინის რამდენიმე დეტალს, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულია და უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. მას 2000 ლარის ზიანი არ მიუყენებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი

- მოპასუხის განმარტება

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლებით,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316, 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულება წარმოშობილია ზიანის მიყენების - დელიქტის - საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, რომ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აღნიშნული წინა პირობები. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ამ ფაქტის მტკიცების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. აღნიშნული განაჩენით დადგენილია, რომ 2017 წლის მაისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ღამის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევში, ა-–---------ე მ-------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, რ---- უ--------------–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ა-–---------ე მ-------ის კუთვნილ 2000 ლარად ღირებულ ლითონის კონტეინერს, რომლისთვისაც იგი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

6.2. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელების განხილვისას, გამოიყენება სსსკ-ის XXXIV3 დადგენილი ნორმები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ, ანუ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი, როგორიცაა მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი. „ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.

 

განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დადგენილია მოპასუხე რ---- უ--------------–ის ბრალეული ქმედება მოსარჩელე ა-–---------ე მ-------ის მიმართ დამდგარ ზიანში. განაჩენი კანონიერ ძალაშია. კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების ხელახლა დადგენა კი არ ხდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ზიანის მიყენების ფაქტი დაადასტურა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას _ მოსარჩელე ა-–---------ე მ-------ისათვის მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების შესახებ.

 

6.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე რ---- უ--------------–ის მოსაზრებას, რომ მას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ლითონის კონტეინერი არ მოუპარავს და 2000 ლარის ოდენობის ზიანი არ მიუყენებია მოსარჩელისათვის.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დადგენილია, რომ 2017 წლის მაისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ღამის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევში, ა-–---------ე მ-------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, რ---- უ--------------–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ა-–---------ე მ-------ის კუთვნილ 2000 ლარად ღირებულ ლითონის კონტეინერს.

 

განაჩენით დადგენილია, რომ წარდგენილ ბრალდებაში რ---- უ--------------–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. სრულად დაეთანხმა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ფარულად დაეუფლა ა-–---------ე მ-------ის კუთვნილ 2000 ლარად ღირებულ ლითონის კონტეინერს. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა ა-–---------ე მ-------ის კუთვნილ 2000 ლარად ღირებულ ლითონის კონტეინერის ფარულად დაუფლებაში, დადგენილია ზესტაფონის რაიონული სასამრთლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, რაც განსახილოველ დავაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობის (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს.

 

ვინაიდან მოსარჩელე ა-–---------ე მ-------ეს ზიანი მიადგა 2000 ლარის ოდენობით მოპასუხე რ---- უ--------------–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მას უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. ამდენად მოსარჩელე ა-–---------ე მ-------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად განსახილველი საქმე მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია, რის გამოც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ზემოაღნიშნული მუხლების გათვალისწინებით მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე და 30921-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ა-–---------ე მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე რ----ი უ--------------–ს (პ/ნ 1----------) დაეკისროს მოსარჩელე ა-–---------ე მ-------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანის 2000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება.

3. მოსარჩელე ა-–---------ე მ-------ეს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღია 2018 წლის 03 აგვისტო, საგადასახდო დავალება N2

4. მოპასუხე რ----ი უ--------------–ს (პ/ნ 1----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, რომელიც ჩარიცხული უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდი N300193150.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7(შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე