გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თეა აფციაური
მოსარჩელე: რ----- ც----
წარმომადგენელი: გ------ ყ--------ა
მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი: გ------- ბ--------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს რ----- ც----ს სასარგებლოდ 1992 წლის 1 ოქტომბერს 10 წლიანი ვადით გამოშვებული და რ----- ც----ს მიერ შეძენილი 140 000 მანეთის ობლიგაციების ღირებულების(2002 წლის 1 ოქტომბრისათვის მანეთის ლარის კურსთან მიმართებაში დაანგარიშებით) 9640 ლარის ანაზღაურება;
1.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის 17340 ლარის ანაზღაურება;
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ-----ი ც----მ 1992 წელს შეიძინა სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციები (140 ცალი), რომელთა მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 10 წლით- 1992 წლის 1 ოქტომბრიდან 2002 წლის 1 ოქტომბრამდე. ობლიგაციის მეორე გვერდზე მოცემულია საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ობლიგაციის ასლები (ს/ფ 19-88)
3.1.2. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობები მოსარჩელის მიმართ არ შესრულებულა. მას, როგორც ობლიგაციების მფლობელს, განსაზღვრული ჰქონდა შემოსავლის მიღების უფლება, კერძოდ, ობლიგაციის მეორე გვერდზე არსებული პირობების მიხედვით, სესხის ობლიგაციებზე მთელი შემოსავალი გადაიხდევინება მოგების სახით. სესხის ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35 %, ხოლო დანარჩენი 65 % სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება ნომინალური ღირებულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( 26.09.18 სხდომის ოქმი)
- ობლიგაციის ასლები (ს/ფ 19-88)
3.1.3. 2017 წლის 0--------------ს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ N0----------- წერილით, მოსარჩელეს აცნობა, რომ აღნიშნული დავალიანება აღიარებულია საშინაო ვალად. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებით შექმნილია საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელიც იმ პირთა მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღიარებულ სავალო კატეგორიებს, შეიმუშავებს სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. მოცემულ ეტაპზე სათანადო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რის გამოც ვერ ხდება შესაბამისი პირების მიმართ აღიარებული სავალო ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 0-------------ის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს N0----------- წერილი ( ს/ფ 97)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლები, ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.9. მუხლის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტებაზე (საქმე №2/3/423), საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
6.2. მოსარჩელე რ----- ც----მ, 1992 წელს შეიძინა 140 000 მანეთის ღირებულების ობლიგაციები, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლის ვადით, 1992 წლის 1 ოქტომბრიდან 2002 წლის 1 ოქტომბრამდე.
,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის ,,ე” პუნქტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებს საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილ ვალდებულებას, ამასთან, ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ბ” პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის ცნებას, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი წარმოადგენს იმ ძირითადი თანხის ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებით.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე საქართველოს ფინსანსთა სამინისტროს დაეკისროს რ----- ც----ს სასარგებლოდ 1992 წლის 1 ოქტომბერს 10 წლიანი ვადით გამოშვებული და რ----- ც----ს მიერ შეძენილი 140 000 მანეთის ობლიგაციების ღირებულების(2002 წლის 1 ოქტომბრისათვის მანეთის ლარის კურსთან მიმართებაში დაანგარიშებით)9640 ლარის ანაზღაურება, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით 17 340 ლარის გადახდა.
,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ბ” პუნქტის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ვალი არის საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა.
ამდენად, სახელმწიფო საშინაო ვალად იქნა აღიარებული ეროვნული ვალუტით გამოსახული დავალიანება, ანუ საშინაო ვალში იგულისხმება მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოსახული თანხა.
ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიღებამდე სახელმწიფო საშინაო ვალად, გარდა მე-11 მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებებისა, აღიარებულ იქნეს შემდეგი სავალო ვალდებულებები: საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" და "ე" ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის N716 და N717 ბრძანებულებების შესაბამისად.
ამდენად, მითითებული მუხლით განისაზღვრა ამ ვალდებულების დაფარვის წესი, რაც უნდა განხორციელებულიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის N716 და N717 ბრძანებულებების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 მაისამდე. აღნიშნულ დადგენილებაში რამდენჯერმე იქნა ცვლილება შეტანილი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის №534 დადგენილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრამდე. კომისიას დაევალა საქართველოს კანონის საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და მთავრობისა და პარლამენტისათვის წარდგენა.
ამდენად, მოცემული სახის დავალიანების ანაზღაურების წესი განსაზღვრულ უნდა იქნას სამთავრობო კომისიის მიერ. დღეის მდგომარეობით არ მოქმედებს ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დავალიანების გადახდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობას, მოსარჩელის მიმართ საბჭოთა მანეთებით შეძენილი ობლიგაციების გამოშვებით საქართველოს სახელმწიფო ვალდებულებების წარმოქმნის მოწესრიგებისა და მათი დაფარვის წესს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამ კოდექსის 2.1. ,,გ" მუხლის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახსრებიდან, სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირის ან სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, ამასთან, სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირის ან სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობის სპეციალური წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208.1. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამ კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ადმინისტრაციულ საქმეზე (საქმე #ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ განმარტა: ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
როგორც საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციით დგინდება, სესხის ობლიგაციებზე მთელი შემოსავალი გადაიხდევინება მოგების სახით. სესხის ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35 %, ხოლო დანარჩენი 65 % სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება ნომინალური ღირებულებით. ამდენად, ყველა ობლიგაცია მოგებას არ ითვალისწინებდა, რის გამოც, სასამართლო უსაფძვლოდ მიიჩნევს, წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილ იქნას ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და მიუღებელი შემოსავლი, მით უფრო, რომ აღნიშნული დავალიანება წარმოქმნილია საბჭოთა მანეთებით შეძენილი ობლიგაციების გამოშვებით და დღეის მდგომარეობით არ მოქმედებს ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დავალიანების გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომადინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში რ----- ც---- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რ----- ც----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ნათია ტოგონიძე