გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.10.2018
საქმის ნომერი
170310517001896370
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170310517001896370

საქმე #3/18-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე- ფ-------------------ი, ბ-------------------ი

წარმომადგენელი - დ-----------–--–-–---–ი

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - კ-----------------–--ე

მოპასუხე- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ც-----------–---–ი

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–ი

მოპასუხე - წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - დ-----------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 15 ივნისის #06/13100 წერილი.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 19 ივნისის რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება.

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #8------------20 გადაწყვეტილება.

1.4. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის #129464 გადაწყვეტილება.

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ნოემბრის #09/5898 წერილი და მისი წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი ოქმი 00002.

1.6. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის #1/1-388 ბრძანება და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომისიის 2017 წლის 24 იანვრის #73 სხდომის ოქმი.

1.7. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვირების სამინისტროს 2017 წლის 11 ოქტომბრის #1-1/429 ბრძანება.

1.8. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმის გარემოებათა არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი და სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდეს ფ------ და ბ-------------------ებს.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელეებს ბ------ და ფ-------------------ებს მიღება-ჩაბარების აქტით 1997 წლის 15 აგვისტოს გვერდიგვერდ გამოეყოთ #2 და#3 მიწის ნაკვეთები 1,25-1,25 ჰექტარი, წალკის რაიონის სოფელ თ-----ში, რომელსაც დღემდე ამუშავებენ. 2016 წლის 04 ივლისს ბ-------------------ის რწმუნებულებით ფ-------------------მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით აღნიშნული მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად. 2016 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა იმ მოტივით, რომ ეს ქონება ზედდებაში მოდიოდა უკვე სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე ს/კ 8-----------. ასევე ფ-------------------მა მიმართა საჯარო რეესტრს მიწის ნაკევთის დასარეგისტრირებლად, მასაც ანალოგიური მოტივით უარი უთხრეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. როგორც შემდგომში გაირკვა ორივე მიწის ნაკვეთი ერთი საკადასტრო კოდით 2012 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაურეგისტრირა სახელმწიფოს სახელზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 15 ივნისის #06/13100 წერილის საუძველზე. მასალებით დადასტურებულია, რომ 2012 წლის 15 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კანონის უხეში დარღვევით მიმართა უბრალო წერილით საჯარო რეესტრს სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად დასარეგისტრირებლად. ამ მიმართვის გამოცემას თან უნდა ხლებოდა წინაპირობები, კერძოდ ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ ეს უძრავი ქონება არავის სახელზე არ ირიცხება, მეორე ცნობა თუ რომელ კატეგორიას ეკუთვნის მიწის ნაკვეთი და სიტუაცური ნახაზი. ამდენად ეს სათანადო მასალები ამ მიმართვის გამოცემისას არ ყოფილა და აქედან გამომდინარე ზაკ-ის 601-ე მუხლის თანახმად ბათილია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი თუ ის ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადება და გამოცემა. ასევე საჯარო რეესტრის მხრიდან უხეშად დაირღვა კანონი, მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ მოსთხოვეს ზემოჩამოთვლილი დოკუმენტები და მხოლოდ ერთი მიმართვის საფუძველზე, რომელიც არ წარმოადგენს ისეთ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. ამდენად საჯარო რეესტრმა უკანონოდ დაარეგისტრირა ეს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებად. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე საჯარო რეესტრმა უხეშად დაარღვია კანონი, რის გამოც ორივე ადმინისტრაციული აქტი უნდა გაუქმდეს. საქმის სასამართლოში განხილვის მიმდინარეობის დროს მოსარჩელეებმა შეიტანეს განცხადება პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის, რაზეც ეთქვათ უარი იმ მოტივით, რომ მათი ქონება ზედდებაში მოდიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებასთან. აღნიშნული გადაწყვეტილება ეყრდნობოდა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მისი წარმომადგენლის მიერ უკანონოდ შედგენილ ოქმს, თითქოს სადავო მიწის ნაკვეთი არ იყო ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელეებს გამოეყოთ მიღება-ჩაბარების აქტებით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები ითხოვენ ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმის გარემოებათა არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი და სადავო მიწის ნაკვეთი დაურეგისტირიროს ფ------ და ბ-------------------ებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სასარჩელო მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 2012 წლის 19 ივნისის N8------------03, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 04 აპრილის N8------------20 და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის N129464 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში-სააგენტო) არ ეთანხმება აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო: 2012 წლის 15 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა წალკის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე წალკა, სოფელი თ-----ი. თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 15 ივნისის N06/13100 მომართვა და დანართი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები. წალკის სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 19 ივნისს მიიღო რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა წალკის რაიონის სოფელ თ-----ში მდებარე 19000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და უძრავ ნივთს მიენიჭა 8----------- საკადასტრო კოდი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს, ერთ-ერთი ძირითადი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებაა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია. ამ უმნიშვნელოვანესი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მინიჭებით, კანონმდებელმა მას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და მისი საჯარო წესრიგთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა დააკისრა. სწორედ ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება, ზოგადად, მმართველობითი ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებული, ამავე კოდექსით დადგენილი, უმნიშვნელოვანესი პრინციპები. ადმინისტრაციული წარმოების უმთავრესი პრინციპია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, ხოლო მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინიტრაციული აქტები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია მათი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, აქედან გამომდინარე არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის შესაბამისად აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება მოიცავს, როგორც აქტის ბათილად ცნობას, ასევე აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 2012 წლის 19 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 15 ივნისის N06/13100 მომართვა. შესაბამისად, აღნიშნული მომართვის ბათილად ცნობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იქნება თავად გამოაცხადოს ძალადაკარგულად რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ბათილად ცნობა თანმდევი სამართლებრივი შედეგის სახით იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას და საამისოდ სასარჩელო მოთხოვნის ცალკე დაყენება (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში) სამართლებრივ აზრსაა მოკლებული. 2017 წლის 6 აპრილს ფ-------------------მა 153496/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------19 (17.03.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------20 (04.04.2017) გადაწყვეტილებები, ასევე, რეგისტრაციის შესახებ №8------------03 (19.06.2012) გადაწყვეტილება. 2017 წლის 18 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------03 (19.06.2012) გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 129464 გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

2.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან არ დგინდება 1997 წლის 15 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებით ბ------ და ფ-------------------ებისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთებისა და სახელმწიფოს სახელზე N8----------- ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა (ერთსა და იმავე კოორდინატებსა და საზღვრებში არსებობა). მარეგისტრირებელ ორგანოში მოსარჩელეებმა წარადგინეს მათი დაკვეთით და მითითებით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც მოექცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ დაფიქსირებულა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან (მესამე პირთა საკუთრების უფლება). სხვა პირის საკუთრების უფლება არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არც დაზუსტებული და არც დაუზუსტებელი ფორმით. მიწის ნაკვეთების იდენტურობას გამორიცხავს ასევე ის გარემოება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დანიშნულებაა - სათიბი, ხოლო მოსარჩელეთათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის- სახნავი. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ნოემბრის N09/5898 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ვერ დადგინდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 15 დეკემბრის N331598 წერილით მომართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 თებერვლის N1/1-388 ბრძანებით გაზიარებულ იქნა კომისიის 2017 წლის 24 იანვრის სხდომის (ოქმი N73) შედეგები, რის მიხედვითაც კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთა (8-----------) დაფიქსირებული ზედდების გაუქმება, ვინაიდან წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციით N8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ დადასტურდა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა პირველ სასარჩელო მოთხოვნას იმ უფლების დამდგენი დოკუმენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 15 ივნისის N06/13100 წერილის ბათილად ცნობა წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო მეორე მოთხოვნას სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს. მოსარჩელის მტკიცებით იგი არის სადავო ქონებაზე მესაკუთრის უფლებამოსილების მქონე პირი, თუმცა აღნიშნული გარემოება არ დგინდება. კერძოდ, არსებული საქმის მასალებით არ დასტურდება ბ------ და ფ-------------------ებისათვის 1997 წლის 15 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთებისა და სახელმწიფოს სახელზე N8----------- ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა (ერთსა და იმავე კოორდინატებსა და საზღვრებში არსებობა), მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სათიბია, ხოლო მოსარჩელეთათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი- სახნავი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 15 ივნისის N06/13100 წერილით მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფოს საკუთრებად წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. თ-----ში მდებარე 19 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით კი განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია წალკის რაიონში, სოფ. თ-----ში მდებარე 19 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა. რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და წარმოადგენს სათიბს. უძრავი ქონება, რომელზეც არ არის გაცემული ან არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებას, ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს/კ N8-----------) წარმოადგენს 1997 წლის 15 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით მათთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის იდენტურს, თუმცა არ დგინდება ბ------ და ფ-------------------ების კანონიერი ინტერესი სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით:მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არც-ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც რეგისტრაციის მიზნით წარადგინა საჯარო რეესტრში, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემს, არამედ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი მომზადდა განმცხადებლის დაკვეთით, რომელიც თავადვე განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, კონფიგურიაციასა და საზღვრებს. ამდენად, მოსარჩელეთათავის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ N8----------- ს/კ-ით სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულია სათიბი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსარჩელეთა სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტებში მიწის ნაკვეთის დანიშნულების გრაფაში მითითებულია- სახნავი. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაცია არ მოიცავს მოსარჩელეთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებს. სზაკ-ის მე-60(პრიმა) მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ზემოაღნიშნულ ნორმათა სრული დაცვით, არ აქვს ადგილი კანონის დარღვევას, რომელსაც შესაძლოა გადაწყვეტილების შედეგზე ჰქონოდა გავლენა, ამიტომ გასაჩივრებული წერილი არ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი.

 

2.3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა, ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული სარჩელი დასაშვებია, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას; პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს; უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას. მხოლოდ აღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მოსარჩელეს მოითხოვოს საქმის განხილვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე, შეზღუდული ან სადავოდ ქცეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით. განსახილველ შემთხვევაში გაურკვეველია მოსარჩელის მიმართ რა სახის პირდაპირი და უშუალო ზიანის მომტანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული აქტები, იმ პირობებში როდესაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება სადავო მიწის ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე. ამასთან, საქართველოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 დეკემბრის N09/5898 წერილის თანახმად, "დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთები არაიდენტურია, რაც დასტურდება სოფელ თ-----ში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2016 წლის 15 ოქტომბრის ოქმი N02 შესაბამისად." წარმოდგენილი სარჩელის დავის ფაქტობრივ გარემოებებში, მოსარჩელეების მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული, გასაჩივრებული უფლების დამდგენი დოკუმენტის თაობაზე, მათთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 22 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს სასამართლოსთვის, სადაო უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობის თაობაზე, სარჩელით უნდა მიემართა არაუგვიანეს 2016 წლის 22 აგვისტოს; სარჩელი კი აღძრულია 2017 წლის 24 აპრილს. ამდენად, დარღვეულია ინდივიდუალური ადმინტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც სარჩელი არის დაუშვებელი და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 15 ივნისის N06/13100 მიმართვის, წალკის რაიონის, სოფ. თ-----ში მდებარე 190 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით: პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 დეკემბრის N09/5898 წერილის თანახმად, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთი საკადასრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთები არაიდენტურია, რაც დასტურდება სოფელ თ-----ში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2016 წლის 15 ოქტომბრის ოქმი N02 შესაბამისად. ამდენად, მხოლოდ მოსარჩელეების განმარტება, რომ სახელმწიფომ მოახდინა მათი საკუთრების უფლების შელახვა, არ წარმოადგენს 2 უძრავი ნივთის იდენტურობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება აღნიშნულთან დაკავშირებით. განსახილველ პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვაზე და საჯარო რეესტრში აღრიცხაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობდა იმ დროისათვის მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით და ამავე კანონის საფუძველზე გამოცემული ცალკეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლებები უძრავ ნივთზე ვლინდება საჯარო რეესტრიდან. შესაბამისად, უფლებათა რეესტრი არის ერთადერთი მონაცემთა ბაზა, საიდანაც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება შეიძლება გამოვლინდეს. სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო" წარმოადგენს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების მარეგისტრირებელ ერთადერთ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოს. სადავო უძრავ ნივთზე სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო" იკვლევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, კერძოდ არის თუ არა სახეზე "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფოს მიმართვა არ წარმოადგენს უპირობოდ შესასრულებელ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ის ერთგვარ კითხვასაც წარმოადგენს სააგენტოს მიმართ, შესაძლებელია თუ არა მიმართვაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით მიხედვით, მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. მიმართვის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას თუ სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო" დაადგენს რეგისტრაციის ხელშემშლელ გარემოებებს უარს უცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის” მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. აღნიშნული საკანონმდებლო დათქმა არ ათავისუფლებს მხარეს ვალდებულებისაგან დაასაბუთოს წარდგენილი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ზემოთ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და მიუთითოს თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული აქტის მატერიალური და ფორმარული უკანონობა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ უთითებს, თუ რა პროცედურა დაარღვია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადაო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე. საქმის მასალებიდან ირკვევა და არ დასტურდება ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გასაჩივრებულ აქტთან მიმართებაში შექმნიდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს მათი ბათილად ცნობისათვის. ამასთან, გასაჩივრებული აქტი მატერიალური თვალსაზრისით სრულად შეესაბამება აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას და ის კანონიერია ფორმალური თვალსაზრისითაც. გამოცემულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასების, უთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

2.4. მოპასუხე წალკის მუნიციპალიტეტის მერია არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი 09/5898 გაცემულია 2016 წლის 15 ოქტომბრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის დათვალიერების ოქმი №00002-ს საფუძველზე და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არარსებობს რადგან წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სოფ.თ-----ის რწმუნებულის სახელმწიფო პროექტის ფარგლებლში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00002 და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 24 ნოემბრის №09/5898 გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრილი აქტი არ ეწინაღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 1997 წლის 15 აგვისტოს წალკის რაიონის, ა----------ის საკრებულოს გამგეობის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ფ------ ალახვერდ ოგლი მ-----------ს, წალკის რაიონის სოფელ თ-----ში გამოეყო 1,25 ჰა მიწა 2 ნაკვეთად. მიწის რეფორმამდე არსებული - სოფელში 0,12 ჰა (სახნავი), მოსაზღვრეები ჩრდილოეთი-გზა, სამხრეთით-გზა, აღმოსავლეთით-მ-----------ი, დასავლეთით-ფერმა. დამატებით გამოეყო „ზიარათამ დალი“ 1,13 ჰა (სახნავი), მოსაზღვრეები ჩრდილოეთით-წყალგაყვანილობა, სამხრეთით-მ--------ი, აღმოსავლეთით-გზა, დასავლეთით-მ-----------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1997 წლის 15 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ტომი1- ს.ფ.13-14.

 

3.1.2. 1997 წლის 15 აგვისტოს წალკის რაიონის, ა----------ის საკრებულოს გამგეობის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ბ------ ალახვერდ ოგლი მ-----------ს, წალკის რაიონის სოფელ თ-----ში, გამოეყო 1,25 ჰა მიწა 3 ნაკვეთად. დამატებით გამოეყო 1. „ზიარათამ დალი“ 0,54 ჰა სახნავი, მოსაზღვრეები ჩრდილოეთით-წყალგაყვანილობა, სამხრეთით-მ-----------ი, აღმოსავლეთით-გზა, დასავლეთით-გზა; 2. „ზიარათამ დალი“ 0,11 ჰა სახნავი, მოსაზღვრეები ჩრდილოეთით-წყალგაყვანილობა, სამხრეთით-მ--------ი, აღმოსავლეთით-გზა, დასავლეთით-მ-----------ი; 3. „სუნავალი ესტი“ 0,60 ჰა სახნავი, მოსაზღვრეები ჩრდილოეთით-გზა, სამხრეთით-ნაკვეთები, აღმოსავლეთით-მ-----------ი, დასავლეთით-მ--------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1997 წლის 15 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი , ტომი 1, ს.ფ. 58-59;

 

3.1.3. 1999 წლის 25 დეკემბერს (განცხადების რეგისტრაციის #27316) წალკის რაიონში, სოფელ ა----------ში მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 3142,23 კვმ დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, ს/კ 8----------- აღირიცხა ფ-------------------ის საკუთრებაში.

 

1999 წლის 25 დეკემბერს (განცხადების რეგისტრაციის #27303) წალკის რაიონში, სოფელ ა----------ში მდებარე უძრავი ქონება, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1331,88 კვმ დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, ს/კ 8----------- აღირიცხა ბ------ მ-----------ის საკუთრებაში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 აპრილის #156950 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონულ წიგნში უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით: 8----------- და 8----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო მასალაში აღნიშნული უძრავი ნივთების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მათ შორის სააღრიცხვო ბარათები დაცული არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს ინფორმაცია საკადასტრო კოდებით: 8----------- და 8----------- რეგისტრირებული უძრავი ნივთებისა და მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ნახაზებზე მონიშნული უძრავ ნივთის (ნივთების) ადგილმდებარეობის შესახებ.

 

მოსარჩელეების განმარტებით ფ------ და ბ-------------------ებს მიწის ნაკვეთები გამოეყოთ ერთმანეთის მომიჯნავედ და სწორედ მათ მიერ სადავო მიწის ნაკვეთებზეა გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობები საკადასტრო კოდებით 8----------- და 8-----------.

 

საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელეების მიერ დაზუსტებული იქნა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობები საკადასტრო კოდებით 8----------- და 8----------- გაცემულია სხვა მიწის ნაკვეთებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, ტომი 1, ს.ფ. 15.

- მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, ტომი 1- ს.ფ. 65.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 აპრილის #156950 წერილი, ტომი 2-ს.ფ. 129.

- მოსარჩელეების ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2012 წლის 15 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს #06/13100 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს მინისტრის მოადგილემ და ითხოვა სახელმწიფო საკუთრებად წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანართით წარდგენილი სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 19 ივნისს მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ #8------------03 გადაწყვეტილება.

 

წალკის რაიონის სოფელ თ-----ში მდებარე სასოფლო სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების 19000 კვმ მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-----------, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს 2012 წლის 15 ივნისის 06/13100 წერილის საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებაში და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს 2012 წლის 15 ივნისის 06/13100 წერილი, ტომი 1- ს.ფ. 26-27.

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 19 ივნისის რეგისტრაციის შესახებ #8------------03 გადაწყვეტილება, ტომი 1-ს.ფ.18;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტომი 1-ს.ფ. 22-23.

- საკადასტრო რუკა, ტომი 1-ს.ფ. 191.

 

3.1.5. 2016 წლის 06 ივლისს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ფ-------------------ის განცხადება; განცხადებით მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე რაიონი წალკა სოფელი თ-----ი. განცხადებაზე თანდართულია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, აქტი, მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტი, საარქივო ცნობა.

2016 წლის 08 ივლისს ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #8------------03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება #8------------03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ტომი 1-ს.ფ.19.

-სიტუაციური ნახაზი, ტომი 1-ს.ფ.20.

-აზომვითი საკადასტრო ნახაზი, ტომი 1-ს.ფ.197-198.

 

3.1.6. 2016 წლის 16 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ფ-------------------ის განცხადება 8-----------, რომელმაც მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე: რაიონი წალკა, სოფელი თ-----ი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თანხმობა დაინიშნოს მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ერთვის 8----------- განცხადებას.

 

2016 წლის 21 სექტემბრის 8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2016 წლის 21 სექტემბრის #243194 და #243203 წერილებზე პასუხის მიღებისთანავე, რომ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით ხდება ზედდება 8----------- კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (მესაკუთრე სახელმწიფო) და რომ წარმოსადგენია ე-–----- მ-----------ას იდენტიფიკაციის დამდგენი დოკუმენტი, (პირადობის მოწმობის ასლი, პასპორტის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ან სხვა). აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ამონაწერში მითითებული იქნება "თანამესაკუთრე".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 სექტემბრის #88201667473-03 გადაწყვეტილება, ს.ფ. ტომი 1. ს.ფ.199.

 

3.1.7. 2016 წლის 05 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული #15/51965 წერილი ეცნობა, რომ რუსთავის არქივში დაცულ წალკის რაიონის სოფელ ა----------ის სასოფლო საკრებულოს სოფელ თ-----ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში ფ------------------- ა-–-–--------ი (დოკუმენტი ასეა) ცალკე კომლად არ ფიქსირდება, იგი ირიცხება კომლში, რომლის უფროსად ჩაწერილია ა-–-–--------ი მ----------- ა--------–ი ოგლი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ს--–----- ო------ კზი მ-----------ა-ცოლი, ბ------ ა-–-–--------ი (დოკუმენტებში ასეა) მ------------შვილი, ფ--- ა-–-–--------ი მ----------- შვილი, ა------ ა-–-–--------ი მ-----------ა-შვილი; ე-–----- ა-–-–--------ი გზი მ-----------ა-შვილი; ე-------–-–--------ი გიზი მ-----------ა-შვილი, ს----- შ--------–გიზი მუს (დოკუმენტში ასეა)-ფ------ის ცოლი. ე---–-- შ--------– გიზი მუს-ნათესაური კავშირი მითითებული არ არის. კომლს პირად საკუთრებაში 1986-1996 წლებში ერიცხება 1960 წელს აგებული 50 კვმ საცხოვრებელი სახლი, 1989 წელს 70 კვმ საერთო სასარგებლო ფართი (მათ შორის 50 კვმ საცხოვრებელი სახლი) (1990-1996 წლების მონაცემები შეტანილი არ არის და 1996 წლის ივნისში015 ჰა, 1987 წლს 0,22 ჰა მიწის ფართობი (1988-1996 წლების მონაცემები შეტანილი არ არის.

წალკის რაიონის სოფელ ა----------ის საკრებულოს სოფელ თ-----ის 2001-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ფ------------------- ა-–-–--------ი ოგლი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ს----- შ--------– გიზი მ-----------ა-ცოლი, ე---–-- ფ------ გიზი მ-----------ა-შვილი, ე-–----- ფ------ გიზი მ-----------ა-შვილი, ა-–----- ფ------ ოგლი მ-----------ა -შვილი. კომლს პირად საკუთრებაში 2002-2005 წლებში ერიცხება 30 კვმ საცხოვრებელი სახლი (2001 წლის მონაცემები შეტანილი არ არის) და 2002-2005 წლებში 1,25 ჰა მიწის ფართობი (2001 წლების მონაცემები შეტანილი არ არის).

 

წალკის რაიონის სოფელ ა----------ის საკრებულოს სოფელ თ-----ის 1997-2000, 2006-2007 წლების საკომლო წიგნები და 1992-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები) რუსთავის არქივში დაცვაზე არ შემოსულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 05 ოქტომბრის #15/51965 წერილი, ტომი 1-ს.ფ. 202-207.

 

3.1.8. წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ნოემბრის 09/5898 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მათი 2016 წლის 21 სექტემბრის 243203 წერილის პასუხად ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არაიდენტურია, რაც დასტურდება სოფ. თ-----ში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2016 წლის 15 ოქტომბრის ოქმი #02 შესაბამისად.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2016 წლის 15 ოქტომბრის #00002 ოქმის თანახმად ადგილზე დათვალერება განხორციელდა 2016 წლის 15 ოქტომბერს 11:00 საათზე. დათვალიერების და გამოკვლევის თანახმად მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა. განსხვავებულია მიწის კატეგორიაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ნოემბრის 09/5898 წერილი, ტომი 1-ს.ფ.208.

- სოფ. თ-----ში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2016 წლის 15 ოქტომბრის ოქმი #00002, ტომი 1-ს.ფ. 209-211.

 

3.1.9. ფ------ მ--------მა, მ-----– მ--------მა და ე-–------- მ--------მა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებებით დაადასტურეს, რომ ფ------ მ-----------ი 1996 წლიდან ფლობს 11300 კვმ ფართის მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე წალკა, სოფელი თ-----ი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრები, კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა შეესაბამება შპს ,,დაგის“ მიერ 19.05.2016 წელს შესრულებულ ნახაზზე დაფიქსირებულ კონფიგურაციას, კოორდინატებს და მდებარეობს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ. აღნიშნული უძრავი ქონების ფ-------------------ისათვის საკუთრების უფლებით გადაცემაზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმანი არიან აღნიშნული უძრავი ქონება ფ-------------------მა დაიკანონოს (დაირეგისტრიროს) თავის თავზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფ------ მ--------ის, მ-----– მ--------ის და ე-–------- მ--------ის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები, ტომი 1-ს.ფ. 28-33.

 

3.1.10. 2016 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 331598 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში ს/კ 8----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის 17/8357 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 16.10.2012 წ. #1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 24 იანვრის სხდომაზე (ოქმი #73) მათ განცხადებაში დასმული საკითხთან დაკავშირებით, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ წალკის რაიონის სოფელ თ-----ში მდებარე 19000 კვმ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ს/კ 8----------- დაფიქსირებული ზედდების გაუქმება, ვინაიდან წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციით მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 8----------- განცხადებით წაედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში არ მდებარეობს.

 

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს ეკონომიისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა საქართველოს ეკონომიისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომა. კომისიამ იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება: საკითხი 13. გადაწყვეტილება: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილით წარმოდგენილ და მათ მიერ მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 8----------- განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე ს/კ 8----------- დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და აღნიშნული #73 ოქმის შედეგები დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის #1/1-388 ბრძანებით.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარედგინა ფ------ და ბ-------------------ების საჩივარი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს 2012 წლის 15 ივნისის 06/13100 წერილზე), რომლითაც მოითხოვეს აღნიშნული წერილის გაუქმება.

 

სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 24 იანვრის #73 სხდომის ოქმი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის #1/1-388 ბრძანება გასაჩივრებული იქნა ფ-------------------ის წარმომადგენლის დ-----------–--–-–---–ის მიერ, რომელმაც მოითხოვა მათი ნაწილობრივ ბათილად ცნობა (წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ 8----------- დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ).

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 11 ოქტომბრის #1-1/429ბ რძანებით ფ-------------------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის 331598 წერილი, ტომი 1-ს.ს. 225.

-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის 17/8357 წერილი, ტომი 1-ს.ფ.226.

- 2017 წლის 24 იანვრის სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმი #73, ტომი 1ს.ფ.227-229.

-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის #1/1-388 ბრძანება, ტომი 1-ს.ფ. 230-231.

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 11 ოქტომბრის #1-1/429ბრძანება, ტომი 2- ს.ფ. 14-20.

- საჩივარი, ტომი 1- ს.ფ 75.

 

3.1.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის #485220 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომელიც ეხებოდა N8----------- განაცხადზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის (მისამართი - წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი თ-----ი, ფართობი -11300 კვ.მ.) დანიშნულების და კატეგორიის შესახებ ინფორმაციის გაცემას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, წალკის რაიონის თ-----ის ს/მეურნეობის 1989 წლისმიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სათიბის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის #485220 წერილი, ტომი 2-ს.ფ. 37.

3.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ 2017 წლის 04 აპრილს მიღებული იქნა 8----------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის 8----------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ტომი 1-ს.ფ. 256.

3.1.13. ლევან სამხარაულის სახელობის სეებ-ის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს გაცემული #007305817 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----ში ფაქტობრივი მდებარეობის დასადგენად მიღება-ჩაბარების აქტებით ბ-------------------ის და ფ-------------------ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთები იდენტურია თუ არა შპს ,,დაგის“ მიერ შედგენილი ნახაზების და ასევე მიწის ნაკვეთები გაცემული ბ------ მ-----------ის და ფ-------------------ის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტებით იდენტურია თუ არა სახელმწიფო საკუთრებაში ს.კ 85.21.29. 075 რეგისტრიებული მიწის ნაკვეთისა დღეის მდგომარეობით დადგენა შეუძლებელია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო რეესტრის ვებ გვერდიდან www.reestri.gov.ge მიღებული ინფორმაციით და ადგილზე მდგომარეობის შესწავლით დადგინდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მომიჯნავედ დარეგისტრირებული ნაკვეთების მესაკუთრეების გვარები, აგრეთვე გზები და კომუნიკაციის განთავსება ემთხვევა ს.კ. 8----------- სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების გვარებს და გზებისა და კომუნიკაციის განთავსებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლევან სამხარაულის სახელობის სეებ-ის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს გაცემული #007305817 ექსპერტიზის დასკვნა, ტომი 2-ს.ფ. 89-98.

3.1.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის #117372 წერილით სასამართლოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში 2018 წლის 6 მარტს შემოსული №137932/17 წერილის პასუხად ეცნობა, რომ 8----------- საკადასტრო კოდზე წყალგაყვანილობის ინფორმაცია არ გაააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის #117372 წერილი, ტომი 2-ს.ფ. 111.

- სიტუაციური ნახაზები, ტომი 2-ს.ფ. 112;

 

3.1.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის #129464 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ფ-------------------ს (პირადი ნომერი 5----------) 2017 წლის 6 აპრილის №153496/17ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------03 (19.06.2012) გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის #129464 გადაწყვეტილება, ტომი 1-ს.ფ. 16-17.

 

3.1.16. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 16 სექტემბერს #8----------- განცხადებით მიმართა ბ-------------------მა, რომელმაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი წალკა, სოფელი თ-----ი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სუბსიდირების პროექტი, საარქივო ცნობა, თანხმობა დოკუმენტაცია გადაეგზავნოს აღიარების კომისიას, თანხმობა დაენიშნოს მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია იხ. საქმე N8-----------; მინდობილობა იხ. საქმე N8-----------; ოჯახის წევრების პ/მ ასლები. ელ. ვერსია ჩამოტვირთულია საქმე N8-----------.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 01 ოქტომბერს მიღებული იქნა 8------------06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მას თავად შეუძლია დამატებით წარმოადგინოს უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, წარმოდგენილი/მოძიებული დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია წარმოსადგენი გახდეს სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მოცემულ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 02 ივნისს მიღებული იქნა 8------------24 გადაწყვეტილება. მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 2 ივნისს N 200278 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2017 წლის 2 ივნისს N 200278 წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ასევე ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის წარმომადგენლის მიერ დამატებით წარმოსადგენია წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, რადგან მითითებულ სარეგისტრაციო განცხადებაში ზემოაღნიშნული ინახება არასრული სახით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 21 სექტემბერს მიღებული იქნა 8------------27 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 ოქტომბრის 8------------06 გადაწყვეტილება, ტომი 2-ს.ფ.183;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 ივნისის 8------------24 გადაწყვეტილება, ტომი 2-ს.ფ.182.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 სექტემბრის 8------------27 გადაწყვეტილება, ტომი 2-ს.ფ. 181;

- სიტუაციური ნახაზი, ტომი 2 -ს.ფ. 184.

 

4.1.17. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აგვისტოს #356434 წერილით თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს ეცნობა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----ში მდებარე უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერების მიზნით გაგზავნილნი იყვნენ სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლები თამაზ ზედგინიძე და გოჩა ტატიშვილი. ადგილზე დათვალიერების დროს სახელმწიფო გეოდეზიურ ქსელში (Geo-cors) ჩართული გეოდეზიური ხელსაწყოს გამოყენებით, მოსამართლის მოთხოვნით დადგენილი იქნა 8----------- და 8----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილდებარეობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აგვისტოს #356434 წერილი, ტომი 2, ს.ფ. 167;

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. დადგენილია, რომ ფ-------------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი და 1997 წლის 15 აგვისტოს წალკის რაიონის თ-----ის სოფლის, ა----------ის საკრებულოს გამგეობის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტით დამატებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი „ზიარათამ დალი“ 1,13 ჰა სახნავი, მოსაზღვრეები ჩრდილოეთით-წყალგამყვანი, სამხრეთით-მ--------ი, აღმოსავლეთით-გზა, დასავლეთით-მ-----------ი- არ წარმოადგენს იდენტურ მიწის ნაკვეთებს ადგილმდებარეობისა და მოსაზღვრეების მიხედვით.

 

4.2.2. დადგენილია, რომ ბ-------------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი და 1997 წლის 15 აგვისტოს წალკის რაიონის თ-----ის სოფლის ა----------ის საკრებულოს გამგეობის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტით დამატებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთი 1. „ზიარათამ დალი“ 0,54 ჰა სახნავი, მოსაზღვრეები ჩრდილოეთით-წყალგამყვანი, სამხრეთით-მ-----------ი, აღმოსავლეთით-გზა, დასავლეთით-გზა-არ წარმოადგენს იდენტურ მიწის ნაკვეთებს ადგილმდებარეობისა და მოსაზღვრეების მიხედვით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალით კერძოდ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2016 წლის 15 ოქტომბრის #00002 ოქმის თანახმად მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს გაცემული #007305817 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----ში ფაქტობრივი მდებარეობის დასადგენად მიღება-ჩაბარების აქტებით ბ-------------------ის და ფ-------------------ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთები იდენტურია თუ არა შპს ,,დაგის“ მიერ შედგენილი ნახაზების და ასევე მიწის ნაკვეთები გაცემული ბ------ მ-----------ის და ფ-------------------ის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტებით იდენტურია თუ არა სახელმწიფო საკუთრებაში ს.კ 8----------- რეგისტრიებული მიწის ნაკვეთისა დღეის მდგომარეობით დადგენა შეუძლებელია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო რეესტრის ვებ გვერდიდან www.reestri.gov.ge მიღებული ინფორმაციით და ადგილზე მდგომარეობის შესწავლით დადგინდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მომიჯნავედ დარეგისტრირებული ნაკვეთების მესაკუთრეების გვარები, აგრეთვე გზები და კომუნიკაციის განთავსება ემთხვევა ს.კ. 8----------- სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების გვარებს და გზებისა და კომუნიკაციის განთავსებას.

2018 წლის 14 აგვისტოს ჩატარებული იქნა ადგილზე დათვალიერება და ნანახი იქნა მოსარჩელეთა განმარტებით, მათ ფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები. ადგილზე დათვალიერებისას დადგენილი იქნა, რომ ფ-------------------ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს - ჩრდილოეთით ესაზღვრება გზა, დასავლეთით ბ-------------------ი, სამხრეთით მ--------ი, აღმოსავლეთით სახელმწიფო; ბ-------------------ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს - ჩრდილოეთით ესაზღვრება გზა, დასავლეთით წყალგაყვანილობა, სამხრეთით მ--------ი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ფ-------------------ი, რაც არ შეესაბამება მათ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტში (მიღება-ჩაბარების აქტებში) მითითებულ მონაცემებს. მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობა ასევე არ შეესაბამება ექსპერტიზის დასკვნის დანართ #2-ში მითითებულ მონაცემებს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება წყალგამტარი, სამხრეთით მ--------ი, აღმოსავლეთით და დასავლეთით გზა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ექსპერტიზის დასკვნას ამ ნაწილში. ამასთან ექსპერტი ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერისას ზოგადად უთითებს დასკვნაში, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მონაცემები ემთხვევა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებულ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების გვარებს და გზებისა და კომუნიკაციის განთავსებას, რასაც სასამართლო უტყუარ გარემოებად ვერ მიიჩნევს მიწის იდენტიფიცირებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ თავად მიღება-ჩაბარების აქტებში ზოგადად არის მითითებული გვარები "მ--------ი" და შესაბამისად შეუძლებელია მოხდეს მარტოოდენ გვარის მითითებით მოსაზღვრის უტყუარად იდენტიფიცირება და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.

 

მოსარჩელეები ცალსახად განმარტავენ, რომ ფ-------------------ის მიწის ნაკვეთების მიღება ჩაბარების აქტში მითითებული 1,13 ჰა მიწის ნაკვეთი და ბ-------------------ის მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების აქტში მითითებული 0,54 ჰა მიწის ნაკვეთი მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ, რაც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ადგილზე დათვალიერებისას მათ მიერ მითითებული გარემოება არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებით. კერძოდ, თუ ფ-------------------ის მიწის ნაკვეთს დასავლეთით ესაზღვრება მ-----------ი, ანუ როგორც მოსარჩელეები განმარტავენ მისი ძმა ბ-------------------ი, მაშინ ბ-------------------ის უფლების დამდგენ დოკუმენტში, დასავლეთ მხარეს მოსაზღვრედ მითითებული უნდა იყოს მ-----------ი, მაგრამ მითითებულია გზა. ასევე თუ ბ-------------------ს, უფლების დამდგენ დოკუმენტით, სამხრეთით ესაზღვრება მ-----------ი ანუ მის ძმა ფ-------------------ი, მაშინ ფ-------------------ის უფლების დამდგენ დოკუმენტში ჩრდილოეთის მხარეს მოსაზღვრედ მითითებული უნდა იყოს მ-----------ი, მაგრამ მითითებულია წყალგაყვანილობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით, რომ ფ------ და ბ-------------------ების საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტებში მითითებული სადავო უძრავი ქონება და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წალკის რაიონის სოფელ თ-----ში მდებარე სასოფლო სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების 19000 კვმ მიწის ნაკვეთი (ს/კ 8-----------) იდენტურია და რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს დარღვეული იქნა კანონის მოთხოვნები.

 

მოპასუხე მხარეების მიერ წარმოდგენილია მათ მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთებული არგუმენტაცია ფაქტობრივ და სამართლებრივ ნაწილში, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადგილზე დათვალიერების ვიდეო ჩანაწერი, ტომი 2, ს.ფ. 166;

-საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მასალები, ტომი 1, 186-256;

- ექსპერტიზის დასკვნა, ტომი 2, ს.ფ.89-98;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი დასკვნა:

 

5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. მოსარჩელის მოთხოვნაა ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 15 ივნისის #06/13100 წერილი თ-----ის საკრებულოში 19000 ჯვმ ფართის ნაწილში, რომელიც ზედდებაში მოდის ბ------ და ფ-------------------ების მიწის ნაკვეთებზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბერის №77 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს დებულება (სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი), რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. მითითებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანები. ხსენებული პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგნს სახელმწიფო ქონების მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე უფლებამოსილ პირს, მის უფლებამოსილებაში შედის მოითხოვოს სახელმწიფოს სახელზე კონკრეტული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 15 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს #05/13100 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს მინისტრის მოადგილემ და ითხოვა სახელმწიფო საკუთრებად წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანართით წარდგენილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილი იყო 2012 წლის 15 ივნისს გამოეცა 05/13100 წერილი და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ეთხოვა მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2012 წლის 15 ივნისამდე სადავო მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირების საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა.

 

7.3. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნას ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ნოემბრის #09/5898 წერილი და მისი წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი ოქმი 00002.

 

მოსარჩელე აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი ოქმი 00002 არ შეესაბამება რეალობას, რის გამოც ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება კი არ წარმოადგენს, არამედ სადავოა მოსარჩელეების სახელზე გაცემულ უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული და მათ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზებზე დატანილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა.

 

დადგენილია, რომ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 21 ნოემბრის 09/5898 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მათი 2016 წლის 21 სექტემბრის 243203 წერილის პასუხად ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არაიდენტურია, რაც დასტურდება სოფ. თ-----ში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2016 წლის 15 ოქტომბრის ოქმი #02 შესაბამისად. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2016 წლის 15 ოქტომბრის #00002 ოქმის თანახმად ადგილზე დათვალერება განხორციელდა 2016 წლის 15 ოქტომბერს 11:00 საათზე. დათვალიერების და გამოკვლევის თანახმად მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა. განსხვავებულია მიწის კატეგორიაც.

 

საქმის განხილვისას აღნიშნული სადავო გარემოება სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეულ. ჩატარებული იქნა ადგილზე დათვალიერება, დანიშნული იქნა ექსპერტიზა და დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება, რომ ფ------ და ბ------ მ-----------ების მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთები და მათი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთები არ წარმოადგენს იდენტურ მიწის ნაკვეთებს ადგილმდებარეობის და მოსაზღვრეების მიხედვით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული ვერ იქნა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან სადავო აქტების გამოცემის დროს დაირღვა მათი გამოცემის ფორმალური არ მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი განსაზღვრულია კანონით და მხოლოდ ის გარემოება, რომ მასში მითითებული ინფორმაცია არ არის მოსარჩელე მხარის სასარგებლო, არ შეიძლება გახდეს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.4. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 19 ივნისის რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება, წალკის რაიონის სოფელ თ-----ში მდებარე 19000 კვმ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #8------------20 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის #129464 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი – პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, ხოლო „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არის მიწის ნაკვეთის საზღვრების, კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში, დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას;

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისიტოს #153 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივიდან (შემდგომში – ეროვნული არქივი) გამოითხოვება ინფორმაცია კომლის შემადგენლობის ან/და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკომლო წიგნის შესაბამისი ჩანაწერის ასლი, ინფორმაცია საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

 

ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების რეგისტრაციის სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;

,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამ კანონით, მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციას აწარმოებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (მისი ადგილობრივი ქვედანაყოფი), რომელიც კოორდინირებდა მიწის კადასტრის სამუშაოებს და ჰქონდა საკუთარი ბეჭედი;

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-4 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით, რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება.

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე;

 

”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ”სააღრიცხვო ბარათი ” - არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც).

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 15 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს #05/13100 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს მინისტრის მოადგილემ და ითხოვა სახელმწიფო საკუთრებად წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანართით წარდგენილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 19 ივნისს მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ #8------------03 გადაწყვეტილება. წალკის რაიონის სოფელ თ-----ში მდებარე სასოფლო სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების 19000 კვმ მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-----------, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს 2012 წლის 15 ივნისის 06/13100 წერილის საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებაში და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2016 წლის 16 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ფ-------------------მა (პირადი ნომერი 5----------) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე. სარეგისტრაციო განცხადებაზე 2016 წლის 21 სექტემბერს წარდგენილ იქნა კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და 1997 წლის 15 აგვისტოს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აგრეთვე, კომლის შემადგენლობა 2007 წლის მდგომარეობით, რა მიზნითაც, სააგენტომ 2016 წლის 21 სექტემბრის №243194 და №243203 წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა მითითებულ წერილებზე პასუხების მიღებისთანავე. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზით ფიქსირდებოდა ზედდება 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (მესაკუთრე - სახელმწიფო), აგრეთვე, დამატებით წარსადგენი იყო ე-–----- მ-----------ას იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, (პირადობის მოწმობის ასლი, პასპორტის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი ან სხვა), ხოლო აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამონაწერში მითითებული იქნებოდა - თანამესაკუთრე.

 

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ნოემბრის №09/5898 წერილიდან ირკვევა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არაიდენტურია, რაც დადასტურდა სოფელ თ-----ში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2016 წლის 15 ოქტომბრის №02 ოქმით.

 

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------10 (28.11.2016) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ნოემბრის №09/5898 გადაწყვეტილებით ვერ დადგინდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებით. შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად მოთხოვნილ იქნა ან კორექტირებული აზომვითი ნახაზი, ან მოძიებული დოკუმენტაცია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე (განცხადების წარმოდგენის საფუძველზე) გადაიგზავნებოდა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

დაინტერესებულმა პირმა 2016 წლის 9 დეკემბერს დამატებით წარადგინა განცხადება, რომლითაც თანხმობა განაცხადა აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადაგზავნის თაობაზე, ამასთან, წარადგინა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, ასევე, მოთხოვნილ იქნა საქმეში მედიატორი ნოტარიუსის ჩართვა.

 

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------13 (15.12.2016) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ 2016 წლის 15 დეკემბრის №331598 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით, შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღებოდა მითითებულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------19 (17.03.2017) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის №17/8357 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის №1/1-90 (16.10.2012 წ.) ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 24 იანვრის სხდომაზე (ოქმი №73) განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ წალკის რაიონში, სოფელ თ-----ში მდებარე 19000.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი 8-----------) დაფიქსირებული ზედდების გაუქმება, ვინაიდან წარდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ №8----------- სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში ვერ დადასტურდა უძრავი ნივთის მდებარეობა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილ იქნა კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა.

 

დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------20 (04.04.2017) გადაწყვეტილება.

 

2017 წლის 6 აპრილს ფ-------------------მა 153496/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------19 (17.03.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------20 (04.04.2017) გადაწყვეტილებები, ასევე, რეგისტრაციის შესახებ №8------------03 (19.06.2012) გადაწყვეტილება.

 

2017 წლის 18 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------03 (19.06.2012) გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 129464 გადაწყვეტილება.

 

7.5. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის #1/1-388 ბრძანება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომისიის 2017 წლის 24 იანვრის #73 სხდომის ოქმი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვირების სამინისტროს 2017 წლის 11 ოქტომბრის #1-1/429 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 331598 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში ს/კ 8----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის 17/8357 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 16.10.2012 წ. #1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 24 იანვრის სხდომაზე (ოქმი #73) მათ განცხადებაში დასმული საკითხთან დაკავშირებით, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ წალკის რაიონის სოფელ თ-----ში მდებარე 19000 კვმ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ს/კ 8----------- დაფიქსირებული ზედდების გაუქმება, ვინაიდან წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციით მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 8----------- განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში არ მდებარეობს.

 

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს ეკონომიისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა საქართველოს ეკონომიისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომა. კომისიამ იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება : საკითხი 13. გადაწყვეტილება: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილით წარმოდგენილ და მათ მიერ მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 8----------- განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე ს/კ 8----------- დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და აღნიშნული #73 ოქმის შედეგები დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის #1/1-388 ბრძანებით.

 

სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის 1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 24 იანვრის #73 სხდომის ოქმი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 თებერვლის #1/1-388 ბრძანება გასაჩივრებული იქნა ფ------ და ბ-------------------ების წარმომადგენლის დ-----------–--–-–---–ის მიერ, რომელმაც მოითხოვა მათი ნაწილობრივ ბათილად ცნობა (წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თ-----ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ 8----------- დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ).

 

საჩივრის განხილვის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, დაინიშნა ზეპირი განხილვა, ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართლებრივი დახმარების მიზნით ჩართული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გამოკვლეული იქნა საქმის არსებითი გარემოებები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 11 ოქტომბრის #1-1/429 ბრძანებით ფ------ და ბ-------------------ებს უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ არსებობდა სადავო უძრავ ქონებაზე დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფო საკუთრების უფლების გაუქმების სამართლებრივ საფუძველი.

 

7.6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.

 

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისიწნებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვალად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და წალკის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო ვერ გაიზირებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, კერძოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწოფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ არ გამოიკვლიეს და არ იმსჯელეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებაზე. მათ მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზირებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებაზე. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ: 2012 წლის 19 ივნისს სახელმწიფოს სახელზე მიწის ნავეთის საკუთრების უფლება დარეგისრტირდა პირველადი რეგისტრაციით, ანუ, აღნიშნულ სადავო უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა ფიზიკური პირების საკუთრების უფლება, მარეგისტირებელ ორგანოში დაცული არ იყო და არ არის სააღრიცხვო ბარათი, არ მოიპოვება არც ე.წ. ,,ყვითელი ფენის" ამსახველი ინფორმაცია. ფ------ და ბ-------------------ის მიერ მიწის ნავეთის სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებებზე დაწყებული სარეგისტრაცი წაროებების დროს კი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოითხოვა და მოიპოვა მტკიცებულებები, ჩაატარა ზეპირი მოსმენა, მოიძია მასთან დაცული ინფორმაცია და ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას იდენტიფიცირებული ვერ იქნა მოსარჩელეების საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე, რაც გახდა უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამაღთლებრივი აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამაღთლებრივი აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს, დაევალოს მოპასუხეს, საქმის გარემოებათა არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ შეიცავს სარჩელზე უარის თქმისას სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ დებულებებს, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით რომლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ფ-------------------ის და ბ------ მ-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. 11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე