განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
110100117001833285
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117001833285

N1/43-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--- რ-----ის ძე კ-------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ი, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ზ-----------------------------–------------------–--------–------------;

 

ადვოკატი - ნ---- ვ----–---–-;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2017 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ მყოფმა გ--- კ-------ემ, ქ.ზესტაფონიდან, სოფელ შ--------- მიმართულებით, ავტომანქანით მოძრაობისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების და ნათესავის თანდასწრებით, მისივე (ოჯახის წევრს) მეუღლეს - ლ-----------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. ლ-----------ემ, განხორციელებული ძალადობის შესახებ, ტელეფონით შეატყობინა მამას - გ--------- ქ-------ეს, რის გამოც გ--- კ-------ემ, ზესტაფონის რაიონის სოფელ შ--------–-, საცხოვრებელ სახლთან, ლ-----------ეს ხელიდან გამოგლიჯა „-----“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ძირს დაარტყა და განზრახ დააზიანა. ამასთან, გ--- კ-------ემ, საცხოვრებელ სახლში შესვლის შემდეგ, არასრულწლოვანი შვილის - ნ--- კ-------ის თანდასწრებით, ლ-----------ეს ხელი დაარტყა სახეში, რომელიც კედელზე თავის მირტყმის შედეგად ძირს დაეცა და გონება დაკარგა. ასევე, საძინებელ ოთახში, გ--- კ-------ემ, სკამი ჩაარტყა თავში ლ-----------ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2017 წლის 2 იანვარს, ზესტაფონიდან დაბა შ--------- მიმართულებით მოძრაობისას და დაბა შ--------–-, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გ--- კ-------ეს, ლ-----------ის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--------- ქ-------ემ განაცხადა, რომ გ--- კ-------ე არის მისი სიძე, ქალიშვილის - ლ-----------ის მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობენ დაბა შ--------–-.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- კ-------ემ განაცხადა, რომ ლ-----------ე არის მისი რძალი, შვილის - გ--- კ-------ის მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობენ დაბა შ-------–-.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- კ-------ე და დაზარალებული ლ-----------ე არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ:

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--------- ქ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 2 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში და მუშაობდა. დაახლოებით 22:00 საათი იყო დაწყებული, როდესაც მას ტელეფონზე დაუკავშირდა შვილი, ლ-----------ე და უთხრა, რომ მეუღლემ ცემა. უთხრა, რომ არ ეცალა და მეორე დღეს ავიდოდა. რამდენიმე ხანში, კვლავ დაუკავშირდა შვილი ტელეფონზე, რის გამოც ავიდა დაბა შ--------–-, სიძესთან, სახლში. როდესაც შევიდა ოთახში, იყვნენ ლ-----------ე და გ--- კ-------ე. ოთახში ყოფნისას, მასსა და გ--- კ-------ეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. როდესაც წამოვიდნენ გ.კ-------ის სახლიდან, ის, ლ-----------ე და შვილიშვილები, მივიდნენ პოლიციაში და განაცხადეს, რომ გ--- კ-------ემ იძალადა მეუღლეზე - ლ-----------ეზე. ლ-----------ისგან იცის, რომ გ.კ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა დეტალები უცნობია მისთვის, ვინაიდან არაფერი უკითხავს.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- კ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის იანვარში იმყოფებოდა სახლში. გ--- და ლ-- წასულები იყვნენ ზესტაფონში, სტუმრად მ--- კ-------ესთან. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, ის, იწვა საძინებელში, იყო ცუდად და არ გაუგია მეუღლეებს შორის მოხდა თუ არა რაიმე. მოწმის განმარტებით, ის არასდროს შესწრებია ლ-----------ესა და გ--- კ-------ეს შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----–- მ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 2 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში გამოცხადა მოქალაქე ლ-----------ე, რომელმაც განაცხადა, რომ გ--- კ-------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის საფუძველზე, სამმართველოში დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რის გამოც, მეწყვილე კ---- მ----–--ესთან ერთად, გამოცხადდა დაბა შ--------–-, გ--- კ-------ის საცხოვრებელ სახლში, მოახდინეს გ.კ-------ის დაკავება და გადაყვანა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

 

10. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ---- მ----–--ემ.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 3 იანვარს, გამომძიებელ კ-------–- ბ--------–--ლთან ერთად მონაწილეობა მიიღო დაბა შ--------–-, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ორი ცალი სკამი. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–--ლმა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო გ--- კ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალი წარუდგინა გ.კ-------ეს და გამოკითხა. დანიშნა ექსპერტიზები. განახორციელა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები და გამოითხოვა მტკიცებულებები.

 

13. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ლ-----------ემ, მოწმეებმა მადონა კ-------ემ, მ--- კ-------ემ, ნ--- კ-------ემ და ზ------ კ-------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა გ--- კ-------ემ, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

14. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე გ-- ც-------ას ჩვენება, სადაც აღნიშნულ--, რომ 2017 წლის 2 იანვარს, მამიდაშვილ გ--- კ-------ესთან, მის მეუღლესთან და შვილებთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, გ---ს დასთან, მ---სთან. იქ ყოფნის დროს, გ---მ დალ-- ალკოჰოლური სასმელი და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, აღნიშნულის გამო, წამოსვლისას, საჭესთან დაჯდა გ---ს მეუღლე - ლ-----------ე. გზაში მოძრაობისას, ლ-- მანქანას მართავდა სწრაფად, რის გამოც გ---მ მას რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და მოსთხოვა ნელა სიარული. მიუხედავად ამისა, ლ-- მიდიოდა სწრაფად. აღნიშნულზე, გ---მ ლ--ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა მანქანის გაჩერება. როდესაც ლ--მ მანქანა გააჩერა, გ--- მივიდა მძღოლის მხარეს, მკლავში მოჰკიდა ლ--ს ხელი და გადმოიყვანა მანქანიდან, რა დროსაც ლ--ს გაუვარდა ხელიდან ტელეფონი და დაემტვრა ეკრანი. ლ--ს მითითებით, მისი შვილები და ის ჩავიდნენ მანქანიდან, თუმცა გ---ს მითითებით კვლავ ჩასხდნენ მანქანაში და ნელა წავიდნენ სახლის მიმართულებით. როდესაც სახლში მივიდნენ, წავიდა მეზობელთან და მისთვის უცნობია გ---ს და ლ--ს შორის მოხმდარი სხვა ჩხუბის შესახებ.

 

15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N------------------- დასტურდება, რომ 03.01.2---–--------03---სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ-----------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.

 

16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გ--- კ-------ეს დაუდგინა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- ბ--------–--ლმა.

 

17. 2017 წლის 3 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ შ--------–-, გ------–---- ქუჩა მე-2 შესახვევი, N18-ში და წამოადგენს გ--- კ-------ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში შევდივართ აღმოსავლეთის მხრიდან - ჭიშკრიდან 20 მეტრში, ეზოში დგას ე.წ ,,ბელეტაჟზე’’ აგებული საცხოვრებელი სახლი, წინა მხარეს აივნით. აღნიშნული სახლის სამხრეთ მხარეს, ეზოში დგას ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც შედგება ორი ოთახისგან. სასტუმრო ოთახში შევდივართ აღმოსავლეთის მხრიდან, ხოლო ოთახიდან სამხრეთ მხარეს მივდივართ მეორე ოთახში. მადონა კვნიკაძის განმარტებით ლ-----------ე წაიქცა სასტუმრო ოთახში, მეორე ოთახში გასასვლელი კარების სიახლოვეს, ხოლო თვითონ იმ დროს იმყოფებოდა მეორე ოთახში, რომლის სამხრეთ მხარეს მდებარეობს გ--- კ-------ის და ლ-----------ის საძინებელი ოთახი. ოთახში კარების უკან დგას კარადა, მარჯვენა მხარეს დგას კამოდი, შუაში დგას ორ საწოლ--ნი ტახტი, მის გვერდით კუთხეში დგას ერთი სკამი რბილი ზედაპირით. კარების მოპირდაპირე მხარეს კუთხეში დგას კომპიუტერის მაგიდა, რომლის წინ დგას ერთი სკამი, რბილი ზედაპირით. მადონა კ-------ის განმარტებით მისთვის უცნობია გ--- კ-------ემ სკამი ჩაარტყა თუ არა თავში ლ-----------ეს. ამოღებული იქნა ოთახში მდებარე ორივე სკამი და ცალ-ცალკე დაილუქა N--/10 ლუქია ბეჭდით პაკეტებისათვის.

 

18. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი მობილური ტელეფონის - „-----“-ს კორპუსზე აღინიშნება უხეში მექანიკური ზემოქმედებით განვითარებული კვლები, რომელთა მორფოლოგია დამახასიათებელია დავარდნის (დარტყმის) შედეგად წარმოშობისათვის. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ----------მ.

 

19. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „-----“-ს ფირმის დაზიანებულ მობილურ ტელეფონს წარმოდგენილი სახით საბაზრო ღირებულება არ გააჩნია, ხოლო მისი მსგავსი, ექსპლუატაციაში ნამყოფი მაგრამ დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ვარგისი ტელეფონის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 70 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ---- მ-------–--ემ.

 

20. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. ამ მუხლის მე-2 ნაწილით, ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

 

21. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება გ--- კ-------ის მიერ, წარდგენილი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ--- კ-------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ--- კ-------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა გ--- კ-------ის მხრიდან დაზარალებულ ლ-----------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 2 იანვარს, ზესტაფონიდან დაბა შ--------- მიმართულებით მოძრაობისას და დაბა შ--------–-, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ--- კ-------ეს, ლ-----------ის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

22. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

24. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

25. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--- კ-------ის მიერ ლ-----------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - გ--------- ქ-------ის, ნ----–- მ------–-–---–ის და კ---- მ----–--ის ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ--- კ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2017 წლის 2 იანვარს, გ--- კ-------ემ ძალადობა ჩაიდინა მისი მეუღლის ლ-----------ის მიმართ. ზოგადად მოწმე გ--------- ქ-------ემ მიუთითა მეუღლეებს - გ--- კ-------ეს და ლ-----------ეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, თუმცა დეტალები, რა დროს, რა ვითარებაში, რა ადგილებში მიაყენა დაზიანება ბრალდებულმა დაზარალებულს, მოწმეს არ უთქვამს. მანვე განმარტა, რომ დეტალები მისთვის უცნობია, ვინაიდან ლ-----------ისათვის არ უკითხავს. ხოლო მოწმეებმა ნ----–- მ------–-–---–მა და კ---- მ----–--ემ განაცხადეს, რომ სამმართველოში გამოცხადებულმა ლ-----------ემ განუცხადა მათ, რომ მეუღლემ - გ--- კ-------ემ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა რა ვითარებაში, რა ადგილებში და სად მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლემ, მოწმეებისასთვის უცნობია. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.

 

26. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ გ--- კ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, გ--- კ-------ე, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

27. 2017 წლის 2 იანვარს, დაბა შ--------–-, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--- კ-------ემ, მეუღლის მამას - გ--------- ქ-------ეს მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

28. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა გ--------- ქ-------ემ განაცხადა, რომ გ--- კ-------ე არის მისი სიძე, ქალიშვილის - ლ-----------ის მეუღლე.

 

29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- კ-------ემ განაცხადა, რომ გ--------- ქ-------ე არის მისი შვილის, გ--- კ-------ის სიმამრი.

 

30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

31. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- კ-------ე და დაზარალებული გ--------- ქ-------ე არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

32. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა გ--------- ქ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 2 იანვარს, როდესაც იმყოფებოდა სიძის - გ--- კ-------ის საცხოვრებელ სახლში, საძინებელ ოთახში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში ყოფმა გ--- კ-------ემ, მას ერთხელ დაარტყა მუჭი მარჯვენა თვალის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მოწმის განმარტებით, როდესაც მას გ---მ დაარტყა, საპასუხოდ მანაც დაარტყა ერთხელ. ამ დროს ოთახში შევიდნენ გ---ს მშობლებიც. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, შვილთან - ლ-----------ესთან და შვილიშვილებთან ერთად, გამოცხადდა პოლიციაში და განაცხადა მომხდარის შესახებ, რომ სიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ქუთაისში მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, სადაც დადგინდა დაზიანება. მისივე განმარტებით, გ--- კ-------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- კ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 2 იანვარს იმყოფებოდა სახლში, იყო შეუძლოდ და ეძინა. როდესაც ადგა და შევიდა შვილის გ--- კ-------ის საძინებელ ოთახში, დაინახა, რომ გ--- კ-------ესა და გ--------- ქ-------ეს შორის იდგა მისი მეუღლე და აშველებდა. მოწმის განმარტებით, მან დაინახა, რომ გ---ს და გ---------ს ხელები ჰქონდათ ჩაკიდებული ერთმანეთზე, ხოლო მისი მეუღლე იდგა შუაში და აშველებდა მათ.

 

34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----–- მ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 2 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე გ--------- ქ-------ე, რომელმაც განაცხადა, რომ გ--- კ-------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის საფუძველზე, სამმართველოში დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფატზე, რის გამოც, მეწყვილე კ---- მ----–--ესთან ერთად გამოცხადდა დაბა შ--------–-, გ--- კ-------ის საცხოვრებელ სახლში, მოახდინეს გ.კ-------ის დაკავება და გადაყვანა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

 

35. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ---- მ----–--ემ.

 

36. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–--ლმა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო გ--- კ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალი წარუდგინა გ.კ-------ეს და გამოკითხა. დანიშნა ექსპერტიზები. განახორციელა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები და გამოითხოვა მტკიცებულებები.

 

37. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ლ-----------ემ, მოწმეებმა მადონა კ-------ემ, მ--- კ-------ემ, ნ--- კ-------ემ და ზ------ კ-------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა გ--- კ-------ემ, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

38. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 03.01.2---–-------------------ე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ--------- ქ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (მარჯვენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 3.8X2.1სმ.)-განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.

 

39. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გ--- კ-------ეს დაუდგინა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- ბ--------–--ლმა.

 

40. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 03.01.2---–-------------------- ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ--- კ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მარჯვენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 3.2X0.9სმ. შუბლის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2.8X0.5სმ. მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1.2X0.9 სმ.)- განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.

 

41. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

42. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ გ--------- ქ-------ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს დაზარალებულ გ--------- ქ-------ის, მოწმეების რ----- კ-------ის, ნ----–- მ------–-–---–ის და კ---- მ----–--ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად და ერთნაირად აღწერენ გ--------- ქ-------ესა და გ--- კ-------ეს შორის მომხდარი ინცინდენტების დროს განვითარებულ მოვლენებს. მოწმე რ----- კ-------ემ განაცხადა, რომ როდესაც შევიდა გ--- კ-------ის საძინებელ ოთახში, დაინახა, რომ გ---ს და გ---------ს ხელები ჰქონდათ ერთმანეთზე მოკიდებული, შუაში კი იდგა მისი მეუღლე და აშველებდა. მოწმეებმა ნ----–- მ------–-–---–მა და კ---- მ----–--ემ კი დაადასტურეს, რომ როდესაც იმყოფებოდნენ სამმართველოში, მათთან გამოცხადდა მოქალაქე გ--------- ქ-------ე და განაცხადა, რომ გ--- კ-------ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული გარემოებები, სრულ თანხვედრაში მოდის როგორც დაზარალებულ გ--------- ქ-------ის ჩვენებასთან (რომელიც აღწერს გ--- კ-------ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და დაზიანების ადგილმდებარეობას), ასევე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან (დაზიანებების მდებარეობასთან და ხანდაზმულობასთან). ასევე, დაზარალებულ გ--------- ქ-------ის განმარტება, რომ როდესაც მას დაარტყა გ--- კ-------ემ, საპასუხოდ მანაც დაარტყა მას, სრულ თანხვედრაში მოდის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან გ--- კ-------ის მიმართ, რომლითაც დადასტურებულია გ--- კ-------ის სხეულზე დაზიანებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია კი სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა.

 

43. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- კ-------ემ განხორციელებული ქმედებით, გ--------- ქ-------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სამართლებრივი შეფასება:

 

44. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

45. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N 73053/01, § 40).

 

46. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

47. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გ--- კ-------ემ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ--- კ-------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ--- კ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

48. გ--- კ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

49. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

50. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ--- კ-------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, ხასიათდება დადებითად, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. დაზარალებულთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, გ--- კ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 2 იანვრიდან, 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და მოსახდელად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40 (ორმოცი) საათის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია გ--- კ-------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

51. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--- კ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

გ--- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 2 იანვრიდან, 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით), საბოლოოდ გ--- კ-------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40 (ორმოცი) საათის ვადით;

 

გ--- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის N12/2-2017 განჩინებით, რ----- კ-------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით N------------);

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: ლ-----------ის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონი ,,ნ-----’’ იმეი-კოდით 3--------------, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი სკამი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათების ამსახველი „CD-R“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე