გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002596948
საქმე № 3/529-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - უ----------–--ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ--------------ე
მოპასუხე - სსიპ ქალაქ ქუთაისის №24 საჯარო სკოლა
მოპასუხის წარმომადგენელი - მ-------------------ე
მესამე პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მესამე პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრი
წარმომადგენელი - მ-----------------ე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
მოპასუხის წარმომადგენელი - პ-–---------------–---–ი
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს უ----------–--ის მიერ სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში (ქ. ქუთაისის N24 საშუალო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, უ----------–--ე 1981 წელის 02 სექტემბრის N568 ბრძანებით ჩაირიცხა ქ. ქუთაისის №24 საჯარო სკოლაში (ქ. ქუთაისის N24 საშუალო სკოლა), სადაც სწავლობდა 1992 წლის ჩათვლით. უ----------–--ემ სკოლა დაასრულა 1991-1992 სასწავლო წელს და მიიღო საშუალო განათლების ატესტატი N136410.
2018 წლის 31 მაისს უ----------–--ის წარმომადგენელმა ნ--------------ემ განცხადებით მიმათა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ მოტივით, რომ სკოლაში იძებნება მხოლოდ ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია და ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი.
უ----------–--ის წარმომადგენლის ნ--------------ის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის წარმომადგენელს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო, დაადასტურა უ----------–--ის სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში სწავლების ფაქტი, განმარტა, რომ მართალია არ არსებობს პირდაპირი დოკუმენტი 1991-1992 სასწავლო წლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შესახებ, თუმცა სკოლაში დაცულია უ----------–--ის ამავე სკოლაში ჩარიცხვის შესახებ დირექტორის ბრძანება, პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი უ----------–--ის გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების შესახებ და ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. ამდენად არსებული დოკუმენტებით დასტურდება რომ უ----------–--ემ ნამდვილად დაასრულა 1991-1992 სასწავლო წელს ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა და მასზე გაიცა სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
2. მესამე პირთა პოზიცია
2.2. მესამე პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა, განმარტა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საფუძველზე, რადგან აღნიშნული ბაზის გადამოწმების შედეგად მოქალაქე უ----------–--ის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა, შესაბამისად სააგენტო ვერ გასცემდა ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატს.
2.3 მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სკოლიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვა უ----------–--ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. რესურსცენტრის კორესპონდენციით ირკვეოდა, რომ სკოლაში მოიძებნა მხოლოდ უ----------–--ის სკოლაში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია, ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები და ბრძანების წიგნი, თუმცა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ არ ფიქსირდებოდა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ უ----------–--ე 1981 წელის 02 სექტემბერს N568 ბრძანებით ჩაირიცხა ქ. ქუთაისის N24 საშუალო სკოლაში. 1991-1992 სასწავლო წელს მან დაასრულა ქ. ქუთაისის N24 საშუალო სკოლა და მიიღო საშუალო განათლების ატესტატი N136410
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ქუთაისის N24 საშუალო სკოლის 1981 წელის 02 სექტემბერს N568 ბრძანება.
- ოქმი N7.
- საბოლოო შეფასების უწყისი.
- საშუალო განათლების ატესტატი (იხ. ს.ფ. 18).
- 21.06.2018 წლის ცნობა (იხ. ს.ფ. 19).
3.1.2. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 3 აგვისტოს N MES 2 18 00975959 ცნობით დასტურდება, რომ უ----------–--ე 1992-1994 წლებში სწავლობდა ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში (სამართალმემკვიდრე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ბრძანება N5-348 10.081992წ. ბრძანება N5-04 24.01.1994 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის N MES 2 18 00975959 ცნობა (იხ. ს.ფ. 20);
3.1.3 დადგენილია, რომ 2018 წლის 31 მაისს უ----------–--ის წარმომადგენელმა ნ--------------ემ განცხადებით მიმათა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 31 მაისს N650998 წერილით მიმართა ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა უ----------–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. რესურსცენტრიდან მიღებული კორესპონდენციით ირკვეოდა, რომ სკოლაში დაცულია უ----------–--ის სკოლაში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია, ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები და ბრძანების წიგნი, თუმცა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ არ ფიქსირდება.
დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ვერ მოხდა კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით უ----------–--ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 31 მაისის N MES 7 18 00696710 მიმართვა (იხ. ს.ფ. 66).
- 13.06.2018 წლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 63-64).
- განცხადება (იხ. ს.ფ. 90-91).
- 31.07.2018 წლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 21-23).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უ----------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოპასუხე სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლო სხდომაზე, სარჩელი ცნო. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული წარმოებისას სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად უ----------–--ემ მიიღო სრული ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, იმის გამო, რომ მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დგება, აღნიშნულის თავიდან აცილება უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება, ხოლო შემდგომ მისი აპოსტილით დამოწმება და უცხოეთში სწავლის (მუშაობის) გაგრძელება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მოსარჩელე უ----------–--ემ (დაბ. 04.02.1975წ.) 1991-1992 სასწავლო წელს დაძლია სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა და 1992 წელს მასზე გაცემულია ატესტატი
- ა №136410.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უ----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს უჩა ხვედელიძის მიერ სსიპ ქალაქ ქუთაისის N42 საჯარო სკოლაში (ქ. ქუთაისის N24 საშუალო სკოლა) 1991-1992 წელებში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. უ----------–--ეს დაუბრუნდეს ნ--------------ის მიერ სარჩელზე 2018 წლის 22 აგვისტოს (გადამხდელის ბანკი სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია") გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება №1, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი