გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.09.2018
საქმის ნომერი
010210017002048843
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002048843

საქმე №2-3123/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი - ცირა ქარცივაძე, თამარ გიორგაძე

მოსარჩელე გ----------–------–ი

წარმომადგენელი ი-----–----–-----–---–ი

მოპასუხე ჯ-----------------

წარმომადგენელი ვ-–-----------–---–-

დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ი-–------–------–ის წარმომადგენელ გ----------–------–ს და მოპასუხე ჯ-----------------ს შორის 2011 წლის 06 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზეც ი-–------–------–მა ჯ-----------------ს გამოსყიდვის უფლებით მიყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ჰ. ა--–--ის ქN46-ში, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N05.07.13.010.01.5---

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2008 წლის 2 აპრილს ი-–------–------–მა გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ზ----------–-----ნთან, მ------------–--ესთან და ნ-----–--–--–--ესთან. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება უზრუნველყოფილი იქნა ი-–------–------–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ბათუმი, ჰ. ა--–--ის ქN46.

 

2008 წლის 10 ივლისს ი-–------–------–მა კვლავ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ე---------------------ასა და ნ------------ესთან. აღნიშნული სესხიც უზრუნველყოფილი იქნა ი-–------–------–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ბათუმი, ჰ. ა--–--ის ქN46-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები.

- საჯარო რეესტრის ამონაწერები.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელმა შეასრულა ზ/აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ეკეტერინე ბათმანოვას, ნ------------ის, ნ-----–--–--–--ის და მ------------–--ის სასარგებლოდ და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ძალაში დარჩა მხოლოდ ზ----------–-----ნის ნაწილში. ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით ზ----------–-----ნზე გადასახდელი სესხის თანხა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ი-–------–------–ის საკუთებაში არსებული უძრავი ქონებით შეადგენდა 103 100 აშშ დოლარს.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი გ----------–------–ის 2011 წლიას 10 აგვისტოს წერილით დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული თანხის დაფარვის სანაცვლოდ ი-–------–------–ის წარმომადგენელმა გ----------–------–მა აიღო ვალდებულება, რომ ხელწერილის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში ზ----------–-----ნისათვის დასაბრუნებელი სესხის თანხის სანაცვლოდ ზ----------–-----ნს საკუთრებაში გადასცემდა ამავე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულ ი-–------–------–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ჰ. ა--–--ის ქN46-ში.

 

დადგენილია, რომ გ----------–------–ის მიერ არ ყოფილა შესრულებული ზ/აღნიშნული ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- გ----------–------–ის ხელწერილი.

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

- სესხისა და იპოპთეკის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ სანოტარო აქტები.

 

3.2.3. 2011 წლის 06 სექტემბერს ი-–------–------–ის წარმომადგენელ გ----------–------–სა და ჯ-----------------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმადაც ი-–------–------–ის წარმომადგენელმა გ----------–------–მა ჯ-----------------ს მიყიდა ი-–------–------–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ჰ. ა--–--ის ქN46-ში. უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა განისაზღვრა 180 000 აშშ დოლარად, რაც იმ დროინდელი კურსით შეადგენდა 297 000 ლარს.

 

მხარეები აღნიშნული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ თუ გამყიდველი ი-–------–------–ის წარმომადგენელი გ----------–------–ი 2011 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე სრულად დაუბრუნებდა ჯ-----------------ს მის მიერ გადახდილ ნასყიდობის თანხას, ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდებოდა და აღსდგებოდა პირვანდელი მდგომარეობა, შესაბამისად ნასყიდობის საგანი კვლავ აღირიცხებოდა ი-–------–------–ის საკუთრებაში.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნასყიდობის თანხის საფასურში ჯ-----------------ს მიერ დაფარული იქნა ი-–------–------–ის მიერ ზ----------–-----ნის მიმართ არსებული ვალიც 103 100 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის სანაცვლოდაც თავიდან უზრუნველყოფილი იყო სადაო უძრავი ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

- მოწმეთა ჩვენება.

 

3.2.4. დადგენილია, რომ არც ი-–------–------–ის და არც მისი წარმომადგენლის გ----------–------–ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ანუ 2011 წლის დეკემბრის ბოლომდე არ ყოფილა გამოყენებული გამოსყიდვის უფლება და მათ მიერ არანაირი თანხა ჯ-----------------სათვის დაბრუნებული არ ყოფილა, რის შემდეგაც ხელშეკრულების შესაბამისად სადაო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ჯ-----------------ს საკუთრებაში ყოველგვარი შეზღუდვისა და აკრძალვის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.2.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2-22/2016) დაკმაყოფილდა ჯ-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ი-–------–------–ის, გ----------–------–ის, ი---------–------–------------–------–-----------------–------–------------------–------–-ს უკანონი მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ჯ-----------------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ჰ. ა--–--ის ქN46-ში (საკადასტრო კოდი N05.07.13.010.01.501) და აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ჯ-----------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2-22/2016).

 

3.2.6. ი-–------–------–ი გარდაიცვალა 2016 წლის 23 სექტემბერს. ი-–------–------–ის მთლიანი სამკვიდრო ქონება (აქტივები და პასივები) მიიღო მისმა შვილმა გ----------–------–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა. 10.08.2017წ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს გ----------–------–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 56-ე, 68-ე, 69-ე, 183-ე, 3111-ე, 477-ე, 509-ე, 510-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102 და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება გამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. ამავე კოდექსის 510-ე მუხლის თანახმად გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 06 სექტემბერს ი-–------–------–ისწარმომადგენელ გ----------–------–ს და ჯ-----------------ს შორის გაფორმებული იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახადაც ი-–------–------–მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ჰ. ა--–--ის ქN46-ში, საკადასტრო კოდი N05.07.13.010.01.501 მიყიდა ჯ-----------------ს 180 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ გამოსყიდვის ვადაზე, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად ჯ----------------- უფლებას უტოვებდა გამყიდველს, რომ იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი მხარე 2011 წლის დეკემბრის ბოლომდე სრულად დაუბრუნებდა ჯ-----------------ს ნასყიდობის საგნის ღირებულებას, ნასყიდობის საგანი კვლავ დაუბრუნდებოდა ი-–------–------–ს.

 

დადგენილია, რომ ი-–------–------–ს არ გამოუყენებია გამოსყიდვის უფლება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ანუ 2011 წლის დეკემბრის ბოლომდე. ასევე დადგენილია და მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ არც ვადის გასვლის შემდეგ არ დაუბრუნებია არც ი-–------–------–ს და არც მის წარმომადგენელ გ----------–------–ს ჯ-----------------სათვის ნასყიდობის საგნის ღირებულება. ვინაიდან გამყიდველმა არ გამოიყენა გამოსყიდვის უფლება ხელშეკრულებით დადაგენილ ვადაში, ხელშეკრულების შესაბამისად სადაო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ჯ-----------------ს საკუთრებაში ყოველგვარი შეზღუდვისა და აკრძალვის გარეშე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ჯ-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა და ი-–------–------–ი მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებილი იქნა ჯ-----------------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. ბათუმი, ჰ. ა--–--ის ქN46-ში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავ ნივთებთან მიმართებაში წარმოდგენილი ფუნდამეტური ნორმის, 183-ე მუხლის იმპერატიულად განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.

 

ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით და აღნიშნული რეგისტრაციისათვის, საფუძვლის – უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემის მავალდებულებელი გარიგების დამოწმება სავალდებულოა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იქნა კანონით დადგენილი წესით და უძრავ ნივთზე მოპასუხის საკუთრების უფლება წარმოიშვა მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის და აღნიშნული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა რომელიმე გარიგება ჩაითვალოს ბათილად უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადაოდ ხდის ი-–------–------–სა და ჯ-----------------ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით.

 

ზ/აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად კი მოსარჩელე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების დანაწესზე. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ ი-–------–------–ის წარმომადგენელსა და ჯ-----------------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა დაფარულ გარიგებას, ვინაიდან მათ შორის დაიდო არა ნასყიდობის, არამედ სესხის ხელშეკრულება, რადგანაც ხელშეკრულების მხარეთა ნამდვილი ნება მიმართული არ იყო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემაზე, არამედ მხარეები ითვალისწინებდნენ თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად ასევე წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. ამასთან გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილი კი მიუთითებს, რომ წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზ/აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის არც ერთი საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სადაო ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიძლება მივიჩნიოთ არც მოჩვენებით და არც თვალთმაქცურ გარიგებად, ვინაიდან დადგენილია რომ ი-–------–------–ს და ჯ-----------------ს შორის სადაო გარიგების დადების მიზანი იყო სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება გამოსყიდვის უფლებით, ასევე დადგენილია, რომ ი-–------–------–ს არ უსარგებლია გამოსყიდვის უფლებით, რის გამოც ყოველგვარი შეზღუდვა სადაო უძრავ ქონებაზე მოიხსნა. ამასთან საქმის მასალებით არ დასტურდება არანაირი ფაქტი იმის შესახებ, რომ სადაო ხელშეკრულება დადებულია კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების საწინააღმდეგოდ, ან იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს 54-ე და 56-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ გ----------–------–ის სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37 მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით.

 

7.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გ----------–------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს გ----------–------–ის სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე