გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210016001296976
# 2-910/2016
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2017 წელი ქ. ბათუმი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - ან--------- ცა---------
წარმომადგენელი - ბა----- ბე-----
მოპასუხე - ფრ------ ბა---–---
დავის საგანი: თანხის დაკისრება (ზიანის ანაზღაურება)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით 1500 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე: - 2014 წლის 06 დეკემბერს, ქ. ბათუმში, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოძრაობდა რა კუთვნილი მოტოციკლეტით ან--------- ცა---------, მას შეეჯახა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ფრ------ ბა---–---. შეჯახების შედეგად დაზიანდა ან--------- ცა---------ს კუთვნილი მოტოციკლეტი, ასევე მან მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. - მოპასუხე ფრ------ ბა---–---მ აიღო წერილობითი ვალდებულება, რომ აუნაზღაურებდა მოსარჩელეს მოტოციკლეტის დაზიანების გამო 3000 აშშ დოლარს, საიდანაც 1500 აშშ დოლარი გადახდილი აქვს, ხოლო 1500 აშშ დოლარს გადაუხდიდა 2015 წლის მაისის თვის ბოლომდე. ასევე აუნაზღაურებდა მისი გამოჯანმრთელებისათვის საჭირო მკურნალობის ხარჯებს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაიწყო გამოძიება, მოპასუხეს ესაჭიროებოდა მოსარჩელის, როგორც დაზარალებულის თანხმობა, რათა მისთვის გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება, რაც მიიღო კიდეც. - მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ მას მიაყენა ქონებრივი ზიანი, ასევე ჯანმრთელობის ზიანი, აიღო რა ვალდებულება მისი ანაზღაურების შესახებ, ბოლომდე არ შეასრულა ვალდებულება და დღემდე გადასახდელი აქვს მოტოციკლეტის დაზიანების გამო მიყენებული ქონებრივი ზიანის ნაწილი 1500 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე არ ითხოვს მისი გამოჯანმრთელებისათვის საჭირო მკურნალობის ხარჯებს, ითხოვს მხოლოდ მოტოციკლეტის დაზიანების გამო მიყენებული ქონებრივი ზიანის დარჩენილი ნაწილის - 1500 აშშ დოლარის ანაზღაურებას. (იხ. სარჩელი; დაზუსტებული სარჩელი; მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. კერძოდ:
- მოპასუხე აღიარებს, რომ მას დაზიანებული მოტოციკლეტის გამო, აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე (დაზიანებული მოტოციკლეტი დარჩა მოსარჩელეს, ასევე 3000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა მოპასუხეს), გადახდილი აქვს 1500 აშშ დოლარი, შემდეგ კვლავ გადაიხადა 950 აშშ დოლარი და გადასახდელად დარჩა მხოლოდ 550 აშშ დოლარი.
(იხ. შესაგებელი; მოპასუხის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 06 დეკემბერს, ქ. ბათუმში, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში, ან--------- ცა--------- მოძრაობდა მისი კუთვნილი მოტოციკლეტით, რა დროსაც მას შეეჯახა ავტო---ქანა, რომელსაც მართავდა ფრ------ ბა---–---. შეჯახების შედეგად დაზიანდა ან--------- ცა---------ს კუთვნილი მოტოციკლეტი, ასევე მან მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელწერილი;
3.1.2. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფრ------ ბა---–--- მოსარჩელეს აუნაზღაურებდა მოტოციკლეტის დაზიანების გამო 3000 აშშ დოლარს. აღნიშნულზე მოპასუხემ 23.02.2015წ. აიღო წერილობითი ვალდებულებაც, ნოტარიუსის მიერ 24.02.2015წ. დამოწმებული ხელწერილის საფუძველზე. მხარეებს შორის მოტოციკლეტის დაზიანების გამო მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა 3000 აშშ დოლარი მხარეებს შორის სადავო არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელწერილი;
3.1.3. მხარეებს შორის სადავო არ არის ასევე, რომ მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობიდან (3000 აშშ დოლარი) მოპასუხე ფრ------ ბა---–---ს ანაზღაურებული აქვს 1500 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელწერილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობიდან (3000 აშშ დოლარი) მოპასუხე ფრ------ ბა---–---ს დარჩენილი ანაზღაურებული 1500 აშშ დოლარიდან გადახდილი აქვს თუ არა 950 აშშ დოლარი. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 1500 აშშ დოლარი, მიოპასუხე კი მიუთითებს, რომ შემდეგში მან გადაიხადა 950 აშშ დოლარი და დარჩენილია 550 აშშ დოლარი. მოსარჩელე კი უარყოფს შემდეგში მასზე მოპასუხისაგან 950 აშშ დოლარის გადახდას.
მოპასუხე ფრ------ ბა---–--- 950 აშშ დოლარის გადახდას ამტკიცებს თავისი ახსნა-განმარტებით, ასევე მოწმე რო--- ვა--–----ის ჩვენებით.
3.2.2. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ მხარეებისათვის ზეირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი სადავოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა, მან რა თქვა, მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. როგორც განვმარტეთ, მოპასუხეს ზეპირი განმარტების და მოწმის ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულება არ აქვს.
მოპასუხე ამტკიცებს, რომ მან მოსარჩელეს, გარდა 1500 აშშ დოლარისა, გადაუხადა შემდეგში 950 აშშ დოლარი. ამ ფაქტის დადასტურება კი ობიექტურად შეუძლებელია. ზოგადად, ფაქტის არარსებობის მტკიცებულება არარსებობს. როგორც ძველი რომის სამართალშია განმარტებული, არსებობს მხოლოდ ფაქტის არსებობის მტკიცებულება. თუ ვერ დადასტურდება ფაქტის არსებობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მითითებულ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს. მოსარჩელე უარყოფს 950 აშშ დოლარის მასზე გადახდას. შესაბამისად, მას ვერ დაეკისრება მტკიცების ტვირთი, რათა ამტკიცოს, რომ მისთვის ეს თანხა არ გადაუხდიათ, ამის მტკიცების თვირთი მოპასუხეს ეკისრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების ეს პრინციპი სამართლიანია.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ ერთმანეთს უნდა ,,შეაჯიბროს“ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ასახავენ მოპასუხის მიერ მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას მოსარჩელისათვის.
მოპასუხე ფრ------ ბა---–---მ, 1500 აშშ დოლარის გარდა, სხვა თანხის - 950 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდის ფაქტი ვერ დაამტკიცა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ფრ------ ბა---–---მ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დააზიანა მისი კუთვნილი მოტოციკლეტი. მიყენებული ქონებრივი დაზიანება შეადგენს 3000 აშშ დოლარს, საიდანაც მოპასუხემ აუნაზღაურა მხოლოდ 1500 აშშ დოლარი. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, დარჩენილი 1500 აშშ დოლარი უნდა აენაზღაურებინა 2015 წლის მაისის თვის ბოლომდე, თუმცა დღემდე არ აუნაზღაურებია. მოპასუხის ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხვისი ქონების დაზიანება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ამიტომაც მათი ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.
ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).
6.3. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლით „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”.
იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ:
- მოპასუხის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;
- მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით;
- მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი;
- ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
6.4. ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად და იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.
6.5. დელიქტური ვალდებულების ერთერთი წინაპირობაა ის, რომ მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.
მოპასუხე ფრ------ ბა---–---ს სადავოდ არ გაუხდია მისი ბრალეულობა ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით.
6.6. დელიქტური ვალდებულება არ არსებობს ზიანის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ Dდელიქტური ვალდებულების არსებობისას, ზიანის არსებობა გამოიანგარიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით და ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ქონებრივი ზიანის ოდენობა და დადგენილია, რომ მოტოციკლეტის დაზიანების ღირებულებამ შეადგინა 3000 აშშ დოლარი.
6.7. საქართველოს სკ-ის 992-ე მუხლის ერთერთი პირობაა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ მათლწინააღმდეგო ქმედების და ზიანის არსებობა არაა საკმარისი დელიქტური ვალდებულებისათვის. დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალდებულებისათვის სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდეს დამდგარ ზიანს და მხოლოდ ეს ქმედება განსაზღვრავდეს და იწვევდეს ზიანის შედეგის დადგომას (მიზეზობრივი კავშირი).
დადგენილია, რომ მოსარჩელის მოტოციკლეტი დაიმტვრა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ის დაზიანდა ფრ------ ბა---–--ის მართვის ქვეშ მქონე ავტო - სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებასადავო არ არის. მოტოციკლეტის დაზიანებას, წინ უსწრებდა ბა---–--ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. კერძოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ავარია, რამაც დააზიანა მოსარჩელის მოტოციკლეტი. აღნიშნული მიუთითებს, მასზედ, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდა შედეგს და წარმოადგენდა ამ ზიანის დადგომის ერთადერთ განმაპირობებელს. ანუ ფრ------ ბა---–--ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან”. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 125 ლარს, რაც წინასწარ არის გადახდილი მოსარჩელის მიერ. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მოპასუხემ საქმის მომზადების სტადიაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი 550 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ, მოპასუხემა სარჩელი 550 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, ამიტომ ის ამ თანხის კუთვნილ ბაჟის - 40 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან. ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით უნდა განაწილდეს მხარეებს შორის.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ან--------- ცა---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეს ფრ------ ბა---–---ს დაეკისროს მოსარჩელის ან--------- ცა---------ს სასარგებლოდ 1500 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხეს ფრ------ ბა---–---ს დაეკისროს მოსარჩელის ან--------- ცა---------ს სასარგებლოდ, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (125 ლარი) 80 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე ან--------- ცა--------ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (125 ლარი) 40 ლარი (იხ. საგადასახადო დავალება #2, 21/03/2016, გადამხდელი და---- მი---------, პ/ნ 61003006---, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300693150, ბანკის კოდი TRESGE22).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე